საზოგადოება

ორგზის სიკვდილმისჯილი და ორგზის ნობელის პრემიაზე წარდგენილი ქართველი მწერალი - ჯაბუა ამირეჯიბე

№25

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ჭაბუა ამირეჯიბი
დაკოპირებულია

„პატიმრობაში უფრო უყვართ და აფასებენ, და უფრო მეტად უფრთხილდებიან სიცოცხლეს, ვიდრე თავისუფლებაში“... ამბობდა იგი. მისი ცხოვრების მეოთხედი ნაწილი ციხეებსა და ბანაკებში გავიდა. სამგზის გაიქცა, 2-ჯერ დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და მაინც არ დანებდა. შექმნა და ქვეყანას დაუტოვა ძლიერი ლიტერატურა. ჯაბუა ამირეჯიბე სამწერლო მოღვაწეობას 1960 წლის დასაწყისში შეუდგა, პატიმრობიდან დაბრუნებისთანავე. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია მსოფლიოს მრავალ ენაზე. იგი საქართველოს სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატია. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. მისი ბიოგრაფია შეტანილია მრავალი ქვეყნის ენციკლოპედიებსა და ცნობარებში. ამ ლაკონიური მშრალი ანკეტური მონახაზის მიღმა ბობოქარი, თვითმყოფადი, მრავალფეროვანი, არაჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაა, რომელიც საოცარი აღმაფრენითა თუ დაცემით, სიყვარულითა თუ სიძულვილით, შემოქმედებითი მიღწევებითა და რწმენით, დაუმორჩილებელი ქართული გენის, ქართული სულის ხორციელ სახიერებას წარმოადგენს. ჭაბუა ამირეჯიბისა და მისი გმირების ტრაგიკული ბედი თითქოს ერთნაირად, ზიგზაგებით მრავალ მერიდიანზე გადიოდა... ტანადი , სიმპათიური, არაორდინარული ჭაბუა ამირეჯიბი მუდამ მაღალი ქართული საზოგადოების ეპიცენტრში იყო. „დათა თუთაშხიას” დაბეჭდვისა და რომანის ეკრანიზაციის შემდეგ ბატონ ჭაბუას პოპულარობა მეგა-ვარსკვლავებისას უტოლდებოდა... მას სწერდნენ წერილებს რუსეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან... დღეს კი ჩვენ ვწერთ მასზე, როგორც ჩვენი დროის უდიდეს პიროვნებაზე, როგორც ნობელიანტზე, როგორც თავისი ბიოგრაფიის შემქნნელზე, რომელიც ენციკლოპედიაში შევიდა.

ღამღამობით მოწმენდილ ცაში

„სულიერი მისია, იმთავითვე ერის ფიზიკური არსებობისა და შემდგომი განვითარების ფუძედ და საძირკვლად მიმაჩნდა. ასეა დღესაც, სულიერება კარნახობს, განაპირობებს ჩემი ერის არსებობას, წინსვლასა და მის მომავალ არსს. ასე შთამაგონეს ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჩემმა ბებიამ – სოფიო მაღალაშვილ-ამირეჯიბისამ და ჩემი ადრეული გონებრივი განვითარების სულის ჩამდგმელმა და ავტორმა, ქალბატონმა მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანისამ, ვისთანაც 6 წლიდან 9 წლამდე ვიცხოვრე. რა ხერხებით მაზიარა ბებიამ ღმრთისა და მართლმადიდებლობის რწმენას, იმით, რომ ეკლესიაში ლამის ფეხის ადგმისთანავე დავყავდი თუ იმიტომ, რომ ღამღამობით მოწმენდილ ცაში ამახედებდა – „ხედავ, რამდენი ვარსკვლავია – ეს ადამიანს არასოდეს სცოდნია, ვერც როდესმე დაითვლის! ღმერთმა კი არა მარტო ცა-ვარსკვლავედი შექმნა, არამედ კიდევაც იცის პასუხი ამ კითხვისა, რადგანაც მისი შექმნილია იგი, დედამიწა და ჩვენც ამ ცდომილზე მცხოვრები სულიერნი – სხვადასხვა ჯიშის, რასისა და მოდგმის ცოცხალი არსებანი”. ქალბატონმა მელანიამ კი სიცოცხლე და ბუნება ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით განმიმარტა და იმის რწმენა შემძინა, რომ სამყაროში და დედამიწაზე ყველაფერი ღმრთისგან არის; ამასთან ერთად ბიბლიისა და ოთხთავის არსის ცოდნაც შემძინა. ასე ჩამოყალიბდა ღმრთის მორწმუნე მართლმადიდებელი მამაკაცი ჭაბუა ამირეჯიბი, დღეს – ბერი დავითი, ვინც ქართველ ერს ერთგულ მსახურად მოევლინა“.

მრავალწიგნოვანი ბიბლიოთეკები ბანაკებში

„...უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი დიდ მწერლად არ მიმაჩნია. მწერალი ვარ და ესეც კმარა „სატრაბახოდ“. ახლა კი არსებითი პასუხი ვთქვათ.

ჩემს არქივში არის ფურცელი, რომელზეც ორსტროფიანი ლექსი სწერია ბებიაჩემის, ქალბატონ სოფიო დადიან-ნაკაშიძის მინაწერითა და თარიღით: „ეს ლექსი ჭაბუკამ 8 წლისამ დაწერა“. ეს იმისათვის გავიხსენე, რომ აღვნიშნო – თხზვა დაბადებიდანვე გამომყვა. შემდგომშიც მქონდა ცდები პოეზიის გზას გავყოლოდი – არაფერი გამომივიდა... მცირე მინაწერი: ასე, 13-14 წლისა თუ ვიქნებოდი. ნინოშვილის ქუჩაზე გვქონდა საკუთარი სახლი და ერთი დიდი კაკლის ხე – ეზოში. ერთხელ, როდესაც სახლში დავბრუნდი, დავინახე ჩემი უფროსი და როდამი ივანე ჯავახიშვილის ძესთან, ლალისთან ერთად კაკლის ქვეშ, სკამ-მაგიდას უსხდნენ და რაღაცას კითხულობდნენ. დამიძახეს, მივედი და დავინახე ჩემი ნაწერი ფურცლები ედოთ და კითხულობდნენ. ლალიმ მითხრა: „მწერალი ხარ უკვე, ამ საქმეს თავი არ დაანებო!”. რაღაც მოთხრობის მაგვარი იყო. მწერლობის მცდელობას თავი არ დავანებე და შემდგომშიც ვლამობდი რაიმე ღირებულის დაწერას. იმდროინდელი ნაწერი აღარაფერი შემრჩა. 1943 წლის გვიან შემოდგომაზე ჩეკისტებმა 25 წლით „გულაგში“ გამისტუმრეს. 6-ჯერ გავიქეცი, მათ შორის 3-ჯერ ერთ დღეს – 1945 წლის 20 სექტემბერს. 1949 წლის დეკემბერში კვლავ დამიჭირეს, ახლა უკვე ბელორუსიაში, სატყეო კომბინატის დირექტორის რანგში და ისევ 25 წლით მიკრეს თავი ჯერ შუა აზიისა და შემდეგ ციმბირის ბანაკებში. ბოლო 3 გაქცევის შემდეგ შევისრულე 83 წლის პატიმრობა 2 დახვრეტის განაჩენით და მოვეშვი გაქცევებს, რადგან დრო შეიცვალა და კანონიერი გათავისუფლების პერსპექტივაც დაისახა. ახლა უკვე პოლიტიკურ ბანაკებში ბიბლიოთეკებიც დაარსდა. ჩემი ცხოვრების ამ პერიოდიდან ვთვლი თავს მწერლად. ვწერდი – ჩეკისტები მართმევდნენ, მაგრამ ორიოდე თხზულების შინ გამოგზავნა და წლების შემდეგ, 7-ტომეულში ჩართვაც შევძელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ბედმა 2-3 წელიწადში მარგუნა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკის წაკითხვა. შევძელი ბანაკის ბიბლიოთეკის წიგნების წაკითხვაც და ლიტერატურისა, რომელიც იყო გამოგზავნილი პატიმრებისათვის. პატიმარი, ვინც შინიდან წიგნს მიიღებდა, ვალდებული იყო, წაკითხვის შემდეგ ეს წიგნი ბანაკის ბიბლიოთეკაში ჩაებარებინა. ასე შედგა საკმაოდ მრავალწიგნოვანი ბიბლიოთეკები ბანაკებში... ასე გავეცანი მრავალი მწერლის სტილს, მანერას და მიზნად დავისახე, არც ერთ მათგანს არ დავმსგავსებოდი შემოქმედებაში, რასაც, მგონია, მივაღწიე კიდევაც! რაც შეეხება შეგირდებს, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემთან ამგვარი აღსარებით არავინ მოსულა... რა მოხდა მწერალთა კავშირში? ამაზე მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ იქაურ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1965 წლიდან ვარ. საერთოდ, მგონია, ყოველგვარი უწესრიგობა და უხამსობა გაჭირვებამ მოიტანა. აქ თავს უფლებას მივცემ, მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტი თუ ნებისმიერი მოქალაქე უნდა ფასდებოდეს არა იმით, თუ რა გააკეთა და ტრაბახით გააყრუოს მსმენელი, არამედ იმით, თუ რა საკეთებელს ვერ მოერია, მით უმეტეს, თუ რა გააფუჭა. ჩვენმა მორბენალმა პრეზიდენტმა მოსვლისთანავე წაართვა მწერლებს მწერალთა სახლი და საერთოდ „კუკუ ჰკრა“ ლიტერატურას, რადგან ეს ფენომენი კრიტიკას შეიცავს...“

განხორციელდა ამირეჯიბთა განადგურება

„ჩემი აფხაზეთში დაღუპული შვილი – ირაკლი ამირეჯიბი, მართლაც საკვირველად ლამაზი და ამასთან ერთად თავდადებული ქართველი იყო. დღემდე ვერ შევრიგებივარ მის სიკვდილს. იმ დროს პარლამენტის წევრი ვიყავი და სამძიმარზე ასეთი რეაგირება მქონდა – მადლობელი ვარ თანაგრძნობისათვის, მაგრამ მგონია, რომ ღმერთმა ირაკლის ამირეჯიბთა წინაპრების ხვედრი არგუნა. ჩვენი წინაპრები მეომრები ან დიპლომატები იყვნენ, ერთმა მათგანმა, სახელად ქურციკმა, ერთ-ერთი ბრძოლის ველიდან ჯალალ-ედ-დინს, რომელმაც გაქცევა არჩია, თაჯი დააგდებინა შუბით და ბერად შედგა, რადგან ღმრთის ნება იყო, რომ ვერ განგმირა. მონღოლებმა მოსალაპარაკებლად დაბარებული 63 ამირეჯიბი მოკლეს. მათზე ადრე ამავე მისიით ფალავანდიშვილები ჩავიდნენ, მაგრამ უვნებლად დაბრუნდნენ. ისტორიისათვის დღემდე უცნობია, თუ რა მიზეზით განხორციელდა ამირეჯიბთა განადგურება. მრავალი თავდადებული ქართველი ეწირებოდა სამშობლოს. გამოჩნდებიან დღესაც! ჩვენ ველით მათ. სხვა რა გითხრათ.... „

ბედისწერით კმაყოფილი

„როგორც უკვე გითხარით, მოვიდა დრო, როცა მეც გამოვიცვალე, მოვეშვი გაქცევებს, რეაბილიტაციას დავუწყე ლოდინი. ეს დღეც მოვიდა. დავუტოვე „ნაჩალნიკს“ სხვადასხვა განაჩენებით მოსჯილი ორი დახვრეტა, ოთხმოცდასამი წლის მოუხდელი პატიმრობა და დავბრუნდი სამშობლოში წყეული წარწერით მსჯავრდებულის ფორმულარზე მსხვილად, წითელი ფანქრით – „Беглец склонен к бегству“…

იმ დრომ დამიტოვა დახვრეტილი მამა, ათწელიწადმოხდილი მოხუცი დედა, უმცროსი და – ნათია, უფროსი და – როდამი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, იყო ჩინებული ადამიანის, დიდი პოეტის, მიხეილ სვეტლოვის მეუღლე. მისი გარდაცვალებიდან ორი თუ სამი წლის შემდეგ – მეუღლე არანაკლებ ჩინებული ადამიანისა და დიდი ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოსი. ამის გარდაცვალების შემდეგ როდამი გადმოსახლდა თბილისში და აღესრულა აქვე 1995 წელს. სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში. როდამმა არჩინა დედაჩვენი ათი წლის პატიმრობის განმავლობაში და თქვენი მორჩილი მონაც, როცა მეჯდომებოდა. ვგულისხმობ ჯდომას გაქცევების დროის გამოკლებით. ძირითადად, როდამმავე არჩინა ჩვენი უმცროსი და ნათია, რომელიც დეიდა-მამიდებთან იზრდებოდა... მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი. ეს „უკეთესი“ როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა არიან „ყარამანები“. პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და მყავს ერთგული მეგობრები. დავწერე და ვწერ, რაც შევძელი. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება, ახალს არაფერს ვიზამ – ვცხოვრობ, როგორც ვიცხოვრე“.

შეძენილი

გამოცდილება

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველა ის მოთხრობა, რომელიც დავწერე, უფრო სასწავლო პროცესი იყო. ამ მოთხრობების წერამ დამანახვა, თუ როგორ უნდა მეწერა, წერასაც სწავლა უნდა. ახლა ხშირად მეუბნებიან, ეს რანაირად არის დაწერილიო, ანუ ასე ზუსტად როგორ გამოძებნე ამ თემის გადაწყვეტაო. არაფერიც არ მიძებნია, უბრალოდ, წერა ვისწავლე და ახალგაზრდა მწერლებსაც მინდა, ვუთხრა, რომ მხოლოდ შრომა აყალიბებს ადამიანში ოსტატს. რაც შეეხება „დათა თუთაშხიას“, ესაა ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება. ვერ გეტყვით, რამდენი ხანი ვიმუშავე ამ ნაწარმოებზე, მაგრამ მანამდე ვიცხოვრე რთული, სტრესული მოვლენებით აღსავსე ცხოვრებით. პროზა, მით უმეტეს, რომანი, გამოცდილების გარეშე ვერ წარმომიდგენია, მე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვგულისხმობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი, გამოცდილება ბევრს აქვს, მაგრამ იგი წიგნად ცოტამ თუ აქცია, მით უმეტეს, კარგ წიგნად. მე პროზაში მოვედი ორმოცი წლის ასაკში, ოცდათვრამეტისამ დავწერე პირველი მოთხრობა. უნდა ითქვას, რომ ადრეც რაღაცებს ვწერდი ბანაკებსა და ციხეებში, მაგრამ იქ ვინ რას შეგარჩენდა, წამართმევდნენ, წაიღებდნენ… მე ვცდილობდი, ანტისაბჭოთა არაფერი ყოფილიყო, რადგან ახალ ვადას დამიმატებდნენ... ვწერდი რაღაც ნაწყვეტებს, ერთი-ორი მოთხრობა კი შემომრჩა მაშინდელი. რა თქმა უნდა, ისიც უსუსური, ასე ვთქვათ, სწავლის პროცესის ამსახველი ნაწარმოები... აი, დაახლოებით, ასე ყალიბდებოდა ის, რასაც „დათა თუთაშხია“ ჰქვია… მე განწყობის მწერალი ვარ, ვწერ ნაწყვეტებს. მაგალითად, 1967 წელს უკვე დაწერილი მქონდა „დათა თუთაშხიას“ ფინალი და როცა წიგნი უკვე გამზადებული იყო, ვიგრძენი, რომ რაღაც აკლდა. რეზო თვარაძეს და რევაზ თარხან-მოურავს ვუთხარი: „რაღაც აკლია ამ წიგნს-მეთქი“. არაფერი აკლია, დაანებე თავიო, მიპასუხეს. დროთა ვითარებაში, ორი-სამი თვის შემდეგ, მივაგენი, რომ აკლდა პროლოგი, რომანის ეპიგრაფი. მახსოვს, დავწერე ორი ეპიგრაფი და მივედი რევაზ თარხან-მოურავთან, მერე წავედი წავკისში რეზო თვარაძესთან, წავუკითხე და მითხრეს: „მართალი ხარ, დაწერე დანარჩენიო“ – აი, ასე იწერებოდა ეს წიგნი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვწერ. „დათა თუთაშხიას“ შემდეგ ისტორიული რომანის წერა დავიწყე. „გიორგი ბრწყინვალე“, დაახლოებით, ერთი მესამედი მაქვს დაწერილი, მაგრამ მომისწრო ამ დემონსტრაციებმა, არეულობებმა და გამიტაცა სხვა თემატიკამ.

ასე რომ, ეს რომანი გადადებული მაქვს. ღმერთმა თუ ჯანი მომცა, გავამთავრებ... „გორა მბორგალსა“... იმისთვის, რომ რომანში ეპოქა დაიხატოს, უნდა დაიწეროს, თუ რა ვითარებაში ყალიბდებოდა ადამიანის ხასიათი და კიდევ ბევრი რამ. ამ რომანს ასეთი ქვესათაური აქვს: „წვართანი ყოფნათა აღსრულებათა და მოქცევათათვის“, იმიტომ, რომ ადამიანის ბიოგრაფია, ადამიანის სიცოცხლე სამი რამისგან შედგება: ადამიანი ჯერ სწავლობს ცისა ქვეშე ყოფნას; მერე დგება აღსრულებათა პერიოდი, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს სხვადასხვა საკითხებს – ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ადამიანის სიცოცხლეში, მერე იწყება ადამიანის მიქცევის პერიოდი, ანუ პერიოდი ამ ქვეყნიდან წასვლისა. მიქცევის პერიოდი შეიცავს აგრეთვე აღსრულებათა ფენომენს: შეიძლება, ადამიანი ემზადებოდეს სიკვდილისათვის შინაგანად, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს. მთავარია, შინაგანად იყოს მზად სიკვდილისათვის, წასვლისათვის, რამეთუ, ჯერ ერთი, უნდა განსაზღვროს, რისი გაკეთება შეძლო და რა დარჩა გასაკეთებელი, რამდენი დრო დარჩა და რა უნდა გააკეთოს ამ დროის განმავლობაში; მეორეც, უდარდელად უნდა წავიდეს, არ ატეხოს ქვითინი და მოთქმა; არც მის გარშემო მყოფ ადამიანებს მოუხდეთ მისი გამოტირება. უნდა წახვიდე ისე, რომ შენი მისია აღსრულებულად ჩათვალო. ან თუ იმდენად თავმდაბალი ხარ, რომ არ თვლი შენს მისიას აღსრულებულად, მაინც არ უნდა გაეტირო იმას, რაც ვერ აღასრულე, რადგან ეს აღარ შედის სიცოცხლის იმ საზღვრებში, რომელიც შენ გაიარე. ეს ახალი წიგნიც სწორედ ამაზეა. კაცი „მარბენალი“ უკვე მეექვსედ გამოიქცა შორეული ჩრდილოეთიდან და უცებ დასვა თავის წინაშე კითხვა: „რა მარბენინებს? მთელი ჩემი სიცოცხლეა გავრბივარ, რატომ გავრბივარ? რა არის ეს: სიბერის უარყოფის მტკიცება, თავის დამკვიდრება თუ სხვა რამ? მოდი, განვიხილავ ყველაფერს, რაც გადამხდა და იქნებ ამაში ვიპოვო პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ გავრბივარ, ანუ რატომ ჩამოვყალიბდი ასეთი ხასიათის კაცადო. ამ შეკითხვებზეა გაცემული პასუხი ჩემს ახალ წიგნში... შიში იმის, რომ ჩემი ახალი რომანები ნაკლებღირებული იქნება, არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერავინ დაწერს ორ ერთნაირი ღირებულების წიგნს. ეს შეიძლება, მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთს აქვს დიდი ღირებულება და არც – მეორეს. არანაირი შიში არ მაქვს. არის ასეთი ლათინური გამონათქვამი: Feci, quod potui, faciant meliora potentes – „ვქმენ, რაც შევიძელ, ქმნან უკეთ ძალამოსილებმა” – მორჩა და გათავდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა