ოჯახური ბრენდი ქირურგიაში - მამა-შვილი ალფაიძეები
ავტორი: „თბილისელები“ 16:10
ექიმი არ კურნავს მხოლოდ სხეულს, ის ადამიანში სიცოცხლის რწმენას აღვიძებს. ვისზეც სტატიაში უნდა გესაუბროთ, ისინი სწორედ ამდაგვარ პროფესიონალებს მიეკუთვნებიან. მამა-შვილი ალფაიძეები, არა მხოლოდ იმერეთში , არამედ სრულიად საქართველოში მაღალი კლასის ექიმებად სახელდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გულისხმიერ ადამიანებად! ეს კი ,თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნებების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსებაა
ოჯახი, რომელსაც წადგენა არ სჭირდება, მათი გვარი ერთგვარი „ბრენდია“ ქართულ სამედიცინო სივრცეში, რაც ინოვაციურ ქირურგიულ მიღწევებსა და განსაკუთრებული სამედიცინო კულტურის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
„ექიმობა არ ისწავლება, ექიმად უნდა დაიბადო“ – ეს ბადრი ალფაიძის სიტყვებია, რომელსაც ექიმობა მისი ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ კრედოდ მიაჩნია.
მედიცინის დოქტორი და ქირურგი, ასოცირებული პროფესორი, მრავალი თაობის მასწავლებელი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი პირველია, ვინც ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით დანერგა. უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დღემდე მიიჩნევს, რომ ქირურგია მისი ცხოვრებისეული მოწოდებაა და მისი შვილების პროფესიული გზაც მედიცინასთან ბმაშია.
ილია ალფაიძისთვის კი მამა არა მხოლოდ მისაბაძი ადამიანი და მშობელია, არამედ-მთავარი მასწავლებელი და ოპონენტიც კი. თვითონ ახალგაზრდა წარმატებული ქირურგი კი თანამედროვე სამედიცინო თაობის წარმომადგენელია – ახალი ტექნოლოგიებით, საერთაშორისო მიდგომებით, ინოვაციური პრაქტიკითა და ოჯახური მემკვიდრეობით. ილია გახლავთ ზოგადი და ონკოქირურგი, თუმცა მისი პროფესიული სპექტრი გაცილებით ფართოა. იგი წარმატებით აკეთებს ბარიატრიულ, მეტაბოლურ და ენდოკრინულ ოპერაციებს – თანამედროვე ლაპაროსკოპიული მეთოდებით,
ილია ალფაიძე: ,,ქირურგია ხელოვნებაა. ამ ხელოვნებაში კი მთავარი ინსტრუმენტი პროფესიული ოსტატობაა, სიფრთხილე და ის უხილავი შინაგანი რწმენაა, რომელიც კლინიკურ ცოდნასა და ადამიანურ თანაგრძნობას შორის გადის. მამა ჩემთვის მთავარი სტიმულია, პროფესიული კულტურის დიდ ნაწილს სწორედ მისი თაოსნობით ვეზიარე. მთავარი ოპონენტიც ის გახლავთ, თუმცა ახლა უკვე სხვა ახალგაზრდებს ვუზიარებ დაგროვილ გამოცდილებას“
ილიას სამედიცინო პრაქტიკა მხოლოდ საოპერაციო ოთახით არ მთავრდება. მისთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტთან ყოველი შეხება – ეს ყველაფერი პროფესიული კულტურის ნაწილია.
ილია ალფაიძის ბიოგრაფიაში მედიცინას სულ სხვა, როგორც იტყვიან, გენეტიკური დატვირთვა აქვს: დედა, ნინო დოლიძე, გამოცდილი ექიმი-ენდოკრინოლოგი; ტყუპისცალი – რევაზ ალფაიძე – რადიოლოგი; უფროსი ძმა ნოე – თერაპევტი, რომელიც პოლონეთში მოღვაწეობს; და ბადრი – ფინანსისტი. ექიმების პროფესია ოჯახისთვის ტრადიციაა, ექიმები გახლდათ ასევე, დედის მხრიდან ბებია და ბაბუა, მამიდა – მანანა ალფაიძე – ენდოსკოპისტი, დარგის ნოვატორი, მამიდაშვილი ერეკლე ტყაბლაძე – ზოგადი ქირურგი, დეიდა – თინიკო დოლიძე და მისი მეუღლე – გია ჩალათაშვილი ცნობილი ექიმები არიან. განათლება, დისციპლინა და პაციენტთან ურთიერთობა ამ დიდი ოჯახის მთავარი მემკვიდრეობა და ღირსებაა. ამ პლეადას კი ბადრი ალფაიძის სახელი წინამძღოლობს.
ალფაიძეების ექიმთა დიდი ოჯახი დღეს ქმნის იმ სინთეზს, რაც მომავალ ქართულ მედიცინას სჭირდება – ტექნიკური სიზუსტე, გამოცდილება და ღირებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური პრაქტიკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





