საზოგადოება

ნუგზარ რუხაძე:  სიმდიდრე არ მაინტერესებდა, არც ბინები და საოცარი მანქანები

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.05, 2023 წელი

ნუგზარ რუხაძე
დაკოპირებულია

ნუგზარ რუხაძის ,,უცნობი მხარე" 👇

– ვინ არის ნუგზარ რუხაძე?

ნუგზარ რუხაძე: უპირველეს ყოვლისა, ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ცხოვრება და ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სიკეთის კეთება. რაც შეეხება ხელობას, რამდენიმე სპეციალობით შემიძლია თავი შევინახო. ეს არის ინგლისური ენის მასწავლებლობა, ჟურნალისტობა და აგრეთვე, პროფესიით რანგირებული დიპლომატი ვარ.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ეს არ უკავშირდება სიმდიდრეს. ჩემთვის საოცნებოა ისეთი ცხოვრება, რომელიც ბედნიერების მუდმივ შეგრძნებას მაძლევს. ასეთი შეგრძნების მოცემა ბევრ რამეს შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის უნდა ვიყო ჯანმრთელი, უნდა შემეძლოს მოგზაურობა, კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი და კარგი ძაღლი მყოლოდა და მათთან ერთად სადმე მესეირნა. ბავშვობიდან ვოცნებობდი კინომსახიობობაზე, რასაც ვერ მივაღწიე. ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სხვა გზას გავყევი, მაგრამ რამდენიმე ფილმში მონაწილეობით ოდნავ მაინც შევისრულე ეს ოცნება.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– არა. არასოდეს გამიკეთებია ის, რისი გაკეთებაც არ მინდოდა. ჩემმა ცხოვრებამ ისე გაიარა, რომ ყოველთვის ისეთი სამუშაოთი ვაკეთებდი ფულს, რომელიც მეამაყებოდა და სიამოვნებას მანიჭებდა.

– გულჩვილი ხართ?

– საშინლად გულჩვილი ვარ. სიხარულზეც ცრემლი მომდის და სინანულის დროსაც. ეს თვისება მოგვდგამს რუხაძეების გვარს. მამაჩემიც ასეთი იყო და პაპაჩემიც.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– არ მაქვს ისეთი განსაკუთრებული ოცნება, რომელიც არ ამხდენია, სიმდიდრე არ მაინტერესებდა, არც ბინები და საოცარი მანქანები. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, რაღაც მცირეს დავიტოვებდი და დანარჩენს მოვახმარდი მას, ვისაც უჭირს. ზოგს სახლს ავუშენებდი, ზოგს მანქანას ვუყიდდი, ზოგს ავადმყოფობას შევუმსუბუქებდი. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი სიამოვნება.

– გინდათ, რომ მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– რატომაც არა, ვის არ უნდა? სიმართლე გითხრა, 40 წლის ასაკში ამერიკაში რომ წავედი, მაშინ ძალიან ბევრმა გაიგო ჩემი სახელი აქაც და სხვაგანაც. ამერიკაში 24 საათის განმავლობაში გავხდი ცნობილი სახე. მსოფლიო მასშტაბისას ვერ მივაღწიე, თუმცა, ინგლისურ ენაზე დაახლოებით 1 500 სტატია მაქვს გამოქვეყნებული, რომელთაც ძალიან ბევრი კითხულობს მსოფლიოში. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბის ცნობადობას, სიამოვნებით ვიქნებოდით ამ რანგში, მაგრამ არ მოხდა ასეთი რამ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?

– მე რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი. ეს ჩემი სისუსტეა. ეს არ არის იმის ბრალი, რომ მე კეთილი კაცი არ ვარ ან რამე მსგავსი, მაგრამ არ გამომივიდა კლასიკური, ეროვნული ქართული ოჯახის აშენება, რომელიც სავსე იქნებოდა ერთი დედის მიერ ნაშობი შვილებით და ჩვენებური კლასიკა მექნებოდა. ისე მოხდა, რომ მე ვერ გავწიე სათანადო ადამიანობა და ქართველობა ამ საქმეში, ამის გამო გული მწყდება.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ, არის...

– ბევრი რამ მომხდარა ასეთი. ერთხელ, ახალგაზრდობაში ერთ ადგილას ვიყავი წასული. გაგვიმასპინძლდნენ, უაზროდ ბევრი დავლიე და დავთვერი. სადღაც წავედი, ვიარე, ვიარე, ვიარე და ვეღარ მომნახეს. ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც როგორც მერე მითხრეს, ადამიანებს იმის გამო შეიძლება მოვეკალი, რამე უხეში ან არასწორიც რომ წამომცდენოდა. რაღაც ფაეტონი დამხვდა ცხენებით, დავჯექი ზედ და უშნოდ ვლაპარაკობდი რაღაცებს, მაგრამ თურმე, გავარდა ხმა, ნუგზარ რუხაძე დაიკარგაო და პოლიციამ მომაგნო. პრინციპში, გადმარჩინა კიდეც, იღბლიანი აღმოვჩნდი. ჩამსვეს პოლიციის მანქანაში და გამომიყვანეს. ამაზე უხერხული და საშინელი სიტუაცია არ მახსენდება. თუმცა, ერთხელ ერთ ქვეყანაშიც არ შემემთხვა კარგი ამბავი: ქუჩაში მოვდივარ, ხელფასი მაქვს ახალი აღებული და ვხედავ კარტს თამაშობენ. დავიწყე მეც თამაში და გამატყავეს. იმ დღეს აღებული ხელფასი მთლიანად დავკარგე და იმ თვეში კინაღამ შიმშილით მოვკვდით მე და ჩემი ოჯახი.

– მოგიპარავთ რამე?

– ბიჭები მივდიოდით ფუნიკულიორზე, კაპიკი ფული არ გვქონდა. დავინახე, ვიღაცას თუმნიანი გადმოუვარდა ჯიბიდან. ავიღე მაშინვე და ბიჭებს ვაჩვენებ. წარბიც არ დაუხამხამებია არცერთს. წავედით და ვჭამეთ რაღაც (იცინის). დღემდე ძაღლის ნაკბენივით მახსოვს ეს ამბავი. სულ ბაბუაჩემი მახსენება და ძალიან მრცხვენია. ასეთი ამბავი ვიცი ბაბუაზე: თურმე, გზაში მიდიოდა და მის წინ მიმავალ ქალს ქისა დავარდნია, ოქროთი სავსე ქისა. აუღია ბაბუას, გაჰკიდებია და მიუცია პატრონისთვის. რამდენად ამორალური ვარ ბაბუაჩემთან შედარებით – ამაზე ფიქრის დროს დღესაც ვწითლდები ხოლმე.

– ტყუილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ვიტყუებოდი ხოლმე, განსაკუთრებით ხშირად – ცოლებთან. თუმცა, მავნე ტყუილების მთქმელი კაცი არ ვარ. ახლა, ძალიან რომ დავღვინდი, ტყუილები აღარ მჭირდება. მის გარეშე უკეთ გავდივარ.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

– უიმე, ისეთი ისტორიაა, მიჭირს მოყოლა (იცინის). 17-18 წლისები რომ ვიყავით, ბინები ჩვენ არ გვქონდა, რომ გოგო წაგვეყვანა და სხვა გზებს ვეძებდით. ერთი კაი გოგო „დავითრიე“ და პარკში მოვახერხეთ რაღაც. ჰოდა, მილიცია არ დამადგა თავზე?! ბიჭოო, გავუბედურდი, ჩემზე საშინელ დღეში მაშინ არავინ იყო. ბოლო-ბოლო გამიშვეს, გადავრჩი. ისე კი კარგად ჩამცეცხლეს თავში, რას აკეთებ აქ შე ყურუმსაღოო. ისე შემრცხვა დავიწვი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სისასტიკე არ მახასიათებს, მაგრამ ალბათ, ყველაზე სასტიკი მაშინ ვიყავი, როცა სოფელში ჩავდიოდი და ბებია ქათამს მაკვლევინებდა ხოლმე. ერთხელ ღორიც დავკალი. ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები, როგორ ვაკეთებდი ამას, მაგრამ ვაკეთებდი.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– გამარჯვება არის ის, რომ მე, პროფესიით არაჟურნალისტმა მოვიპოვე, პროფესიული გამარჯვება ჟურნალისტიკაში, როდესაც ამერიკაში ჩავედი და ამან საქართველოშიც ამოიყვანა ჩემი პროფესიული მზე. მარცხის მეტი რა იყო, მაგრამ ყველაზე მეტად გული ერთ რამეზე მწყდება. არის ასეთი ამერიკელი მწერალი ბელ კაუფმანი, რომლის ნაწარმოებიც ვთარგმნე, როდესაც 24 წლის ვიყავი. დედაჩემმა სამსახურში დამიბეჭდა საკუთარი ხელით და რატომღაც ვერ გამოვაქვეყნე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სახლში ვეღარ ვპოულობ ამ ხელნაწერს. არ ვიცი, სად გაქრა. არადა, რაც იმაში სისხლი და ოფლი ჩავანთხიე, რაც დედაჩემი ვაწვალე ამ საქმისთვის. ამდენი იშრომო და მერე ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს, ეს საშინელი მარცხია.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– 6-7 წლის ვიქნებოდი, სოფელში ვიყავი. ღამე იყო და გარეთ გავედი. გავედი თუ არა მეტაკა ვეებერთელა, შავი ძაღლი. მგელივით ძაღლი იყო და შიშით კინაღამ მოვკვდი. საბედნიეროდ, არ უკბენია, მაგრამ ის შიში რომ მახსენდება, დღემდე მზარავს. მახსოვს, ბებიაჩემმა რომ შემილოცა და ახლაც მესმის მისი ჩურჩული ყურებში – „გულო მოდი საგულესა, გულო მოდი საგულესა...“.

კიდევ მეორე მომენტი მახსენდება, ჯუნგლებში ვიყავი, სადღაც ტყეში. თუ სწორად მახსოვს, ინდოეთში. ვიარე ძალიან ბევრი და უცებ უკან რომ მოვიხედე, აღავინ ჩანდა. ბევრი ვიყავით ერთად წასულები, მაგრამ უცებ მარტო აღმოვჩნდი. გზაში გველის ტყავი ვნახეთ დაგდებული, კისერზე „გალსტუკივით“ მოვიჭირე და მივდივარ არხეინად, მაგრამ უცებ მარტო რომ აღმოვჩნდი, შევშინდი. არც კომპასი მქონდა, არც ის ვიცოდი საით უნდა სავსულიყავი და ღამე რომ აქ დავრჩე, ხომ შემჭამს რაღაც-მეთქი, ავნერვიულდი. ბოლოს, როგორც იქნა, იქაურმა მცველებმა მომაგნეს. კარგა ხანი ვიარეთ, სანამ სამშვიდობოს გავიდოდით. მანამდე ვფიქრობდი, ამ უცხო ქვეყანაში თუ მოვკვდი, აქ თუ შემჭამა რამემ-მეთქი, მაგრამ გადავრჩი.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის...

– ისეთი არაფერი მაქვს გაკეთებული, რომ ძალიან მაგრად ვიამაყო და ეს იყოს ჩემი ცხოვრების ძირითადი ნიშანი. თუმცა, მე მივაღწიე იმას, რომ ისე ვისწავლე ინგლისური ენა, შემიძლია, ამ ენაზე ვწერო სტატიები და ის ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნოს. მე ეს მეამაყება. ეს ხომ უცხო ენაა და მე ის ისე ვიცი, რომ შემიძლია, ვწერო ისე, როგორც ქართულად. თუმცა აბსოლუტური ტრილინგვისტი ვარ – ქართული, რუსული და ინგლისური სრულყოფილად ვიცი. მეორე, რითაც ძალიან ვამაყობ, ისაა, რომ მე და ჩემმა ახალგაზრდების ჯგუფმა, ორი თვის წინ ინტერნეტში დავდეთ ინგლისური ენის სწავლების პროგრამა სახელწოდებით „ენბიარ“ (NBR) დამწყებთათვის, რომელიც ძალიან ბევრს მიაჩნია აბსოლუტურად უნიკალურ პროგრამად. ჩვენც ყველაფერი გადავქექეთ და ვფიქრობთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ინტერნეტში ასეთი პროგრამა არ არსებობს. ისეთ აღფრთოვანებულ წერილებს ვიღებთ, რომ ჩანს, სხვებიც იზიარებენ ამ აზრს, რაც ნამდვილად მიხარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა