საზოგადოება

ნუგზარ ნოვიკოფფი - ქართველი ხელოვანი, რომელსაც მხატვრობაში ახალი მიმართულების შემომტანად მიიჩნევენ

№50

ავტორი: ნათია უტიაშვილი 18:07 18.12, 2022 წელი

ნუგზარ ნოვიკოფი
დაკოპირებულია

ნუგზარ ნოვიკოფფი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წლებია, ევროპაში ცხოვრობს და საოცარ ნახატებს ქმნის. მას ამ კუთხით არაერთი წარმატება ჰქონდა. რაც მთავარია, მისი ნახატების შეფასებისას ყოველთვის ხაზს უსვამენ ავტორის განსაკუთრებულ ხელწერას, თავისუფლებას, სილაღეს. რომ მისი ნახატები თითქოს სუნთქავენ, მოძრაობენ და რომ მათში სულიერება და განსაკუთრებული აურა იგრძნობა. ამ საქმის პროფესიონალები ნუგზარს ახალ მიმდინარეობის შემომტანადაც მიიჩნევენ.

ნუგზარ ნოვიკოფფი: ბავშვობიდან ვხატავ, თან საკმაოდ კარგად. თუმცა ხატვა მაინც 2016 წელს დავიწყე. მანამდე საქართველოში სულ სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. ჩემი კომპანია მქონდა, სტიკერებს ვბეჭდავდით, ფოტოებს მაისურებზე. იმ პერიოდში საქართველოში ამერიკელები და ქართველები ჰორორის თემატიკაზე იღებდნენ ფილმს. სასწრაფოდ სჭირდებოდათ მანქანის გაფორმება ამერიკული პოლიციის მანქანის სტილში. ერთი დღე გვქონდა და მოვასწარით გაკეთება. ჩვენი გაკეთებული მანქანა გადაიღეს ფილმში. ბევრ საინტერესო შეკვეთაზე ვიმუშავეთ, შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი და სხვა სფეროში გავაგრძელე საქმიანობა. ხატვაც უკვე აქტიურად დავიწყე. კარგად მახსოვს, პირველად როგორ გაიყიდა ჩემი ნახატი, რომელზეც ჩემებურად დანახული ფრანკფურტი მქონდა დახატული და ამან დიდი სტიმული მომცა.

ქალაქი ანტიბი - ხელოვნების სამოთხე

2019 წელს საფრანგეთში ქალაქ ანტიბში დამპატიჟეს გამოფენა-გაყიდვაზე. გამოფენას ესწებოდნენ ქალაქ ანტიბის კულტურის წარმომადგენლები, კულტურის ატაშე, მერი. ჩემი ნახატები ქალაქის თემატიკაზე იყო. ამ ქალაქში პირველად შემთხვევით მოვხვდი: რუკაზე დავადე ხელი და ანტიბი აღმოჩნდა. ისე მომეწონა იქაურობა, რამდენჯერმე კიდევ ჩავედი, ნახატებიც შევქმენი, რომელიც ამ გამოფენაზე გამოიფინა. საბოლოოდ ისე მოეწონათ ჩემი ნახატები, რომ დამპატიჟეს ქალაქის სამხატვრო რეზიდენციაში, სადაც ერთი თვე უნდა მეცხოვრა და დამეხატა. წელს ივლისში ერთი თვით ვიცხოვრე ამ საოცარ ადგილას. ანტიბი საკმაოდ ცნობილი ქალაქია, დიდი ისტორიით. საუკუნეების განმავლობაში ბევრი მხატვარი რჩებოდა ამ ქალაქში დასახატად. მაგალითად, პიკასო, რომელმაც თავისი არაერთი ცნობილი ნახატი სწორედ ანტიბში შექმნა, მისი მუზეუმიც არის ქალაქში. ასევე ნიკოლა დე შტალი ცხოვრობდა, ნიკოლას კაზანძაკისი, ფიცჯერალდი. ამ ქალაქში ტარდება ცნობილო ჯაზ-ფესტივალები. რეზიდენციაში, სადაც ცნობილი მხატვრები რჩებოდნენ და ხატავდნენ, ცხოვრება და მუშაობა ზღაპარში ყოფნას ჰგავდა. თვითონ რეზიდენცია ძალიან ძველია, საუკუნეების განმავლობაში ეს კლდეზე აშენებული სახლი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა და მხატვრების, მწერლების, მომღერლების შეკრების ადგილი იყო. ქალბატონმა, რომელიც ამ ოჯახის ბოლო წარმომადგენელი იყო, სახლი ქალაქს იმ პირობით აჩუქა, რომ იქ მუდამ იცხოვრებდა ხელოვანი ხალხი.

თავად რეზიდენცია საკმაოდ ძველია, საოცარი აურით. ფანჯარას რომ ვაღებდი, ხედი მქონდა ზღვაზე, პლუს ულამაზესი ყვავილები, სურნელი: დღეს ბედნიერი შეგრძნებით ვიწყებდი. ამ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვხატავდი. სრული თავისუფლება მქონდა, მარტო ვცხოვრობდი. ერთი თვის შემდეგ ქალაქის კულტურის წარმომადგენლები მოვიდნენ ნახატების სანახავად. ძალიან მოეწონათ, თემატიკა იყო ქალაქი, სხვადასხვა სიუჟეტი. ნახატები კულტურის დეპარტამენტის შენობაში გამოფინეს, სადაც სხვა ცნობილი მხატვრების ნახატებიც არის გამოფენილი და პარალელურად, ეს ნახატები მოგზაურობენ ხოლმე.

ახალი მიმართულება მხატვრობაში

რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ამ სფეროში მოღვაწე რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ რადგან თვითნასწავლი ვარ, არ ვიცავ წესებს, ჩარჩოებში არ ვჯდები, ჩემს ნახატებში რეალიზმი გადადის ფოტორეალიზმსა და ზღაპრულ რეალიზმში. მათვე აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება ახალი მიმართულება იყოს მხატვრობაშიო. ვინც ნახატების ფოტოებს ნახავს, ფოტოკოლაჟი ჰგონია და შემდეგ, რომ იგებენ ხელით არის დახატული, უკვირთ: რეალიზმია, თან ზღაპარში გადასულიო, ზღაპრული ფოტორეალიზმიო. საფრანგეთში გამოფენაზე მითხრეს: შენს ნახატებს განსაკუთრებული აურა, სული აქვს, ქალაქებიც კი თითქოს სუნთქავს და ცოცხალიაო.

ხალხის ჯილდო

2021 წელს ამერიკაში ვიყავი ფესტივალზე მიჩიგანში. მთელი ქალაქი მუზეუმად გადაქცეულიყო: ყველგან ნახატები, ქანდაკებები იყო გამოფენილი. მეც მქონდა საკმაოდ დიდი ზომის ნახატი, რომელზეც ცხენები იყო დახატული. ხალხი დადიოდა, ათვალიერებდნენ. ყველა ნამუშევარს შტრიხკოდი ჰქონდა და ხალხი იქვე აძლევდა ხმას. მე მოვიგე ჯილდო, როგორც ხალხის რჩეული ნახატი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

ასევე, გერმანიაშიც მქონდა გამოფენა, კულტურის სამინისტრომ აირჩია რამდენიმე ნახატი და ერთ-ერთი იყო ჩემი, რომელზეც გერმანელმა კრიტიკოსმა პრესაში ძალიან საინტერესო შეფასება დაწერა. რაც შეეხება, ვინ არიან ჩემი ნახატების მფლობელები, ბევრი კოლექციონერის კოლექციაში ინახება, ასევე მაქვს შეკვეთები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ონლაინაც ვყიდი.

სამომავლო გეგმები

საქართველოს თემატიკაზე მსურს მუშაობის დაწყება. ამერიკაში არსებობს რეალიზმის მხატვართა საერთაშორისო გილდია, რომლის წევრიც გავხდი და მათთან ერთად იგეგმება გამოფენები. გაზაფხულზე მივდივარ ამერიკაში გამოფენაზე - ადგილზე უნდა დახატო და იქვე შეგაფასებს ჟიური. საფრანგეთშიც მაქვს გამოფენები დაგეგმილი, მოკლედ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა