საზოგადოება

ნინო ზამბახიძე: ჩემმა ქმარმაც კარგი ქნა, რომ გამშორდა

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 19.07, 2021 წელი

ნინო ზამბახიძე
დაკოპირებულია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მსოფლიო ქალთა ეკონომიკური ფორუმის მიერ დაფუძნებული G-100 თავმჯდომარედ შეირჩა აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ნინო ზამბახიძე: ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ. დილის შვიდი საათი იყო შეტყობინება რომ მივიღე და მართლა წარმოუდგენელი სიხარული ვიგრძენი, მაგრამ თან საოცრად დამაფიქრებელი მომენტი იყო, რადგან საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მომიწია. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი კი არა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. 2025 წლამდე უნდა ვიყო ფერმერული მეურნეობების განვითარების და იმავდროულად აგროტურიზმის მიმართულების თავმჯდომარე, არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ გლობალურად.

თვითონ ეს ორგანიზაცია – G-100 არის მსოფლიოს ასი გავლენიანი ქალის პლატფორმა. პირველ რიგში, ემოციებით რაც მავსებს, ის არის, რომ მეც ჩავითვალე იმ ას გავლენიან ქალში. თითო ქვეყანას თითო ქალი წარმოადგენს საკუთარი სექტორით. სულ ასი სექტორია წარმოდგენილი და ეს G-100 არის G-7-ისა და G-20-ის ანალოგი, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი სამთავრობათშორისო პლატფორმებია, სადაც ყველა გლობალური გადაწყვეტილება მიიღება. წარმოიდგინეთ, ახლა რამდენი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ?! აგროტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ნიშურია, მართლა უნიკალური ქვეყანა გვაქვს, ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა ისეთი პრეცედენტი, როგორიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტურისტზე თავდასხმას, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და იმედია, ამას როგორმე გამოვასწორებთ.

როდესაც ეს შემატყობინეს, პირველი მეილი, რაც მივწერე იყო: ხომ მაძლევთ პირობას, რომ ასეთი ფორუმი საქართველოშიც მოეწყობა-მეთქი?! ჯერ მოლოცვილი არ ჰქონდათ (იცინის). იმდენად მინდა, საქართველო სხვა თვალით დავანახვო და პატივი, რომელიც წილად მერგო, ძალიან ღირსეულად შევასრულო, რომ საოცრად დიდ ემოციებში ვარ. ასეთი განცდები პირველად მაშინ მქონდა, ტრამპთან რომ ვიყავი ოვალურ კაბინეტში. იქ სიტყვით გამოსვლისას ვფიქრობდი, ოღონდ ახლა გული არ წამივიდეს-მეთქი და მეორედ ახლა – ემოციებისგან საწოლიდან ვერ ავდექი.

– ტრამპთან შეხვედრა ძალიან მოულოდნელი იყო. ამ წარმატებას რა წინაპირობა ჰქონდა?

– არანაირი წინაპირობა, წარმოდგენაც კი არ მქონდა ამის შესახებ. ასეთი მოდელი ყოფილა – იქ შეკრებილები არიან მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები: სახელმწიფოს მაღალჩინოსნები, ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები, მოქმედი მინისტრები. მათგან ერთ-ერთი ასახელებს შენს კანდიდატურას, მაგრამ ვინ – ამას არ გეუბნებიან. შემდეგ მიდის მსჯელობა, ეცნობიან შენს პროფილს, საქმიანობას და ხედვას. როგორც ამიხსნეს, ძალიან მკაცრი კრიტერიუმები აქვთ. აუცილებლად უნდა იყო ფართო მსოფლმხედველობის მატარებელი და რევოლუციონერი ქალი. გარდატეხისკენ უნდა ისწრაფვოდე და ცდილობდე, ქვეყანა ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, როგორშიც ისურვებდი ცხოვრებას. ჩვენ გვითხრეს, რომ სოფლის მეურნეობის რევოლუციონერი ხარ, რომ შენს სახელს ძალიან ბევრი წარმატება უკავშირდება სოფლის მეურნეობაში და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნებოდა, ეს პასუხისმგებლობა შენთვის ჩაგვებარებინაო, – ასე ამიხსნეს.

მე დამთხვევებს ვეძახი ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება. საქმე ისაა, რომ ზუსტად ერთი თვის წინ დავაანონსეთ უნიკალური პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელიც აგროტურიზმის ობიექტებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. თავიდან ვაკეთებთ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანის მასშტაბით და სამომავლოდ ვგეგმავდი, სილიკონის ველზე წამეღო. ძალიან მეცინება ამას რომ ვამბობ, მაგრამ უკვე მითხრეს, რომ ქალთა ეკონომიკური ფორუმის შემდეგი შეხვედრა, სწორედ, სილიკონ ველზე გაიმართება. ნამდვილად ღმერთი მეხმარება და ჩემი ასეთი არაადეკვატური ოცნებები ხდება, ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია.

– მცირე ექსკურსი ჩავატაროთ ჩვენი მკითხველისთვის, როგორ გახდით სოფლის მეურნეობის რევოლუციონერი? ბოლო დროს სოფლისადმი ინტერესი გაიზარდა, მაგრამ როცა თქვენ დაიწყეთ, სოფელი და სოფლის მეურნეობა მოდაში ნამდვილად არ იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას...

– როდესაც მე სოფლის მეურნეობაში დავიწყე მუშაობა, ეს სირცხვილადაც კი ითვლებოდა. სერიოზულად მიიჩნევდნენ, რომ გლეხობა სირცხვილი იყო, მაშინ ფერმერად არავინ მოგიაზრებდა. ჩემი ამოცანა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება იყო. ეს იყო 2008 წელს. შინაგანად ისეთი ადამიანი ვარ, რამე ახალს რომ ვიწყებ, იმდენად ჩაფლული ვარ საქმეებში, შემიძლია, მთელი ქვეყანა გადავდგა. ასე იყო მაშინაც, მაგრამ ერთ საღამოს ჩემი იქაური მეზობელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მეუბნება: ერთ დღესაც, შენს შვილებს რომ შერცხვებათ იმის, რასაც აკეთებ, მერე რას უზამ ამხელა ენერგიას, რომელიც ამ საქმეში ჩადეო?! ვერ მივხვდი და ვკითხე, სასირცხვილოს რას ვაკეთებ-მეთქი? რა ვიცი, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან რცხვენიათ, რომ გლეხები ვართ და მალავენო, მიპასუხა. მდუღარე წყალს რომ გადაგასხამენ, ისეთი რეაქცია მქონდა. წარმოვიდგინე, რომ გადმოვედი ახალციხეში საცხოვრებლად, ამდენ რამეს ვაკეთებ და შეიძლება, ამის გამო ჩემს შვილებს შერცხვეთ. ამას ისიც დაემთხვა, რომ ქმარს დავშორდი. მიზეზიც ეს იყო, ჩემი ძალიან დიდი დრო რეგიონს ხმარდებოდა. საქმის კეთება სხვანაირად არ გამოდის. მომიწია თვეობით იქ გადასვლა, ამან გამოიწვია ურთიერთობის გაცივება და დავიშალეთ. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ქალისთვის, ოჯახის დანგრევა. კარგი, დასანგრევი მერეც დაინგრეოდა, მაგრამ ამ დროს შეჭიდებული ხარ დარგს, რომელსაც არ იცნობ და ყველა გეუბნება, რა მიქარე, რომ თბილისიდან სოფელში წამოხვედი საცხოვრებლად და იკვლევენ მიზეზებს – საყვარელი ხომ არ გყავს, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი? ცალკეა ჩაძახილები, რომ ქალი ხარ და არაფერი გამოგივა, ეს რა მოიგონე, ეს კაცური დარგია და შენი საქმე არ არისო და ამას დაემატა ჩემი მეზობლის სიტყვები. ძალიან მტკივნეული იყო ფიქრი, რომ შესაძლოა, შვილებს შერცხვენოდათ იმის, რასაც მე ვაკეთებდი. მაშინ ვთქვი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის განცდა და ჩემი იმღამინდელი ცრემლები სხვას აღარ გამოეცადა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი და სოფლის მეურნეობას პრესტიჟულს გავხდიდი. ბევრი არა, სულ ხუთი თანამოაზრე მყავდა. ხომ ყველამ ვიცით გამონათქვამი – „ცხრა ნომერი გლეხი“ და ისიც ვიცით, რომ ეს დაცინვასა და ადამიანის ავტორიტეტის განადგურების მცდელობას ნიშნავს? გადავწყვიტე ეს სტერეოტიპი დამენგრია. პირველ წელს სამი ათას ოთხასი სოფელი მოვიარე და გავაკეთეთ კამპანია „ფერმერი პატრიოტია“. მივდიოდი თითოეულ ფერმერთან და ვეკითხებოდი – რა მოხდება, შენ რომ წარმოება შეწყვიტო-მეთქი? მპასუხობდნენ, ხალხი შიმშილით მოკვდებაო. მაშინ, ვინ უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში, პრეზიდენტი და პრემიერი თუ შენ-მეთქი და მპასუხობდნენ, რომ ფერმერი. მაშინვე ბანერს ვაჭერინებდი ხელში წარწერით, პირობითად, „მე ვარ ნინო, ვაწარმოებ კარტოფილს და ვარ ამაყი. იმიტომ, რომ ფერმერი პატრიოტია!“ ნელ-ნელა უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა. პირველად 50 ადამიანი რომ გვყავდა ფერმერთა ასოციაციაში, გადარეული ვიყავი სიხარულით, დღეს ხუთი ათასი გვყავს.

მერე იყო მომენტები, როცა მეუბნებოდნენ ხოლმე, შენ ფერმერს არ ჰგავხარო და კითხვითვე ვპასუხობდი: თქვენი გაგებით, როგორი უნდა იყოს ფერმერი-მეთქი. ქუსლზე თუ მეცვა და გამოკვანწული გამოვდიოდი სიტყვით, ეს ნიშნავდა, რომ ფერმერს არ ვგავდი? აუცილებლად მოუვლელი ან ცუდად ჩაცმული უნდა ვყოფილიყავი? იმდენად სტერეოტიპულ გარემოში მიწევდა ყოფნა, მივხვდი, რომ ძალიან სწრაფად უნდა მიგვეღწია შედეგისთვის. პროექტს პროექტზე ვაკეთებდით, წარმატებას წარმატება მოჰყვა, ჟურნალისტობა დავიწყე ფერმერების წარმოსაჩენად და დღეს რომ ერთი ბიზნესმენიც არ არის საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობაში ფულს არ დებს და დამოკიდებულებაც ძალიან შეიცვალა, ვფიქრობ, ეს ამ შრომის დამსახურებაა.

– ამასობაში, შვილებიც გაიზარდნენ. დღეს რას ამბობენ?

– ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი: შეიძლება, ვერ გამოგიცხოთ ხაჭაპური, მაგრამ გამოგიცხობთ კარგ მაგალითს, როგორ უნდა იცხოვროთ და იზრუნოთ სხვებზე-მეთქი. თვითონ მეუბნებიან, დიდწილად ჩვენი დამსახურება არის შენი წარმატებაო. რომ ვკითხე, რატომ ფიქრობთ ასე-მეთქი, მიპასუხეს, ჩვენ რომ გაგვეპროტესტებინა შენი დანაკლისი, შენ ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდიო. ასი პროცენტით ვეთანხმები. ყველაფერში მომყვებოდნენ და მეხმარებოდნენ. დედის დანაკლისს გარკვეულწილად ჩემი წარმატება ანაზღაურებს, ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ძალიან უხარიათ და მეც მიხარია. ეს ყველაფერი ხომ მათთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის კეთდება?!

– დღეს რას ამბობს ის მეზობელი, რომლის სიტყვების გავლენაც დიდია თქვენს წინსვლაში?

– მე რომ შენთვის ეს ყველაფერი არ მეთქვა, ასეთი მოტივირებული არ იქნებოდი ამ სტერეოპტიპის დასანგრევადო. ასე რომ, მართლა კარგი ქნა იმ ადამიანმა ეს რომ მითხრა და ჩემმა ქმარმაც კარგი ქნა, რომ გამშორდა (იცინის).

– ხომ ამბობენ ხოლმე ადამიანებზე, „ციბრუტივით ტრიალებსო“ მგონია, რომ ზუსტად ასეთია თქვენი ცხოვრების ტემპი.

– ნამდვილად ასე ვცხოვრობ და ყველგან ვარ. არავის ველოდები, როდესაც გამოწვევას ვხედავ, იმწუთას ვრეაგირებ. იმდენად ყველგან ვარ, ხალხმა ვეღარ გაიგო, ვინ ვარ და რა პროფესიის. როდესაც რამის გაკეთების შესაძლებლობას ვხედავ და ვაცნობიერებ, რომ არავინ არაფერს აკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს ნიშა აუცილებლად უნდა ავითვისო. დიდ ბედნიერებას მანიჭებს სხვა ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. არ შემიძლია, დავისვენო და ფეხი ფეხზე გადავიდო. ყველას ვეუბნები, არ მითხრათ, კარგი იდეის განხორციელებას რამე პრობლემა უშლის ხელსო, თორემ აუცილებლად დავიწყებ ტვინში ამ პრობლემის გადაჭრის ალგორითმის ძიებას-მეთქი. ეს ავტომატურად ხდება. იმდენად მიყვარს ის შეგრძნება, როცა რაღაც გამოდის, მგონია, რომ ამ პროექტების სახით ძალიან ბევრი შვილი მყავს გაჩენილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა