საზოგადოება

ნინო კობერიძე: ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 26.08

ნინო კობერიძე
დაკოპირებულია

მსახიობ ნინო კობერიძის ცხოვრება დიდი წარმატებებით დაიწყო, შემდეგ იყო შედარებით პასიური პერიოდი და ემიგრაცია, სადაც დიდი გეგმებით წავიდა, თუმცა, გაჩერება დიდხანს ვერ შეძლო და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

ნინო კობერიძე: ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი და იქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ძალიან კარგი როლები მქონდა, არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა და გარემოც საოცარი იყო. კარგი როლები და პარტნიორები შემდეგში არც თეატრსა და კინოში მაკლდა, მაგრამ ბავშვობის წლები მაინც საუკეთესოდ მახსენდება.

– მაშინ როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

– შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ისეთი წარმომედგინა, როგორიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა. ძალიან წარმატებული ვიყავი კინოშიც და თეატრშიც. თეატრში 30 წელი გავატარე, მთავარი როლები მქონდა ყველა ჟანრში, სხვის მაგივრადაც მიმუშავია, მაგალითად, ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის მაგივრადაც „შემაგდეს“ სპექტაკლში, ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა.

– ვისთან პარტნიორობას გაიხსენებდით გამორჩეულად?

– რეზო ჩხიკვიშვილი, ქეთევან გეგეშიძე, ლია ქობულაძე, თამარ სხირტლაძე, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მედეა ჯაფარიძე, შოთიკო მშვენიერაძე – რომელი ერთი გავიხსენო.

– ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, რომ ძალიან ცნობილ და აღიარებულ მსახიობებთან დაიწყეთ პარტნიორობა, არ გეშინოდათ, არ ნერვიულობდით?

– სხვათა შორის, ვერიკო ანჯაფარიძეს მოვესწარი. „შემაგდეს“ პეტერბურგში გასტროლის დროს სცენაზე, სხვა მსახიობის მაგიერ, ერთ დღეში მომზადებული როლით. ისე ვითამაშე, რომ ვერიკომ სცენაზე მაკოცა. მაშინ სულ ახალბედა ვიყავი. ღმერთო ჩემო, ასეთი დიდი მსახიობისგან ასეთი შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავდა, ახლაც მახსოვს ის ემოცია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ასეთი ადამიანების გვერდით თამაში, რასაკვირველია, სანერვიულოც, მაგრამ როგორღაც გამოდიოდა, ყოველთვის კარგი შედეგი იყო. მოწოდებით მსახიობი ვარ და ალბათ, ამიტომ.

– გახსოვთ, როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?

– ძალიან პატარა ვიყავი, ხუთი წლის. ტელევიზორში ვნახე სპექტაკლი და ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი?! ამიხსნეს, რომ მსახიობები თამაშობდნენ სხვის როლებს და ეს იმდენად გასაოცარი იყო ჩემთვის, რომ მაშინვე დამაინტერესა. ყველაფერი ამ გაოცებამ განაპირობა.

– პოპულარობის დასაწყისი როგორ გახსენდებათ?

– ეს იყო ბატონი გიზო ჟორდანიას სპექტაკლი ინსტიტუტში „სამოთხის ჩიტი“. ძალიან კარგი და გახმაურებული სპექტაკლი იყო. ძალიან გვაქებდნენ. ბევრი კომპლიმენტი გვესმოდა, ბევრ საჩუქარს ვიღებდით, გვეფერებოდნენ, კარგ და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენ მიმართ. „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ – გოგი თოდაძის ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის მსვლელობისას, მოულოდნელად, გოგონამ მაყურებელთა წინა რიგებიდან ხელში შოკოლადი ჩამიდო. ასეთი სითამამე ძალიან მოულოდნელი იყო. საოცარი ბარათები მაქვს შენახული, რომელსაც მაყურებლისგან ვიღებდი. ერთმა უდიდესი ბარათი მომწერა სპექტაკლის შესახებ. სპექტაკლში ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა გაგებული, ყველა სცენას ძალიან სწორად აფასებდა.

– ყურადღების ცენტრში რომ მოექეცით, არ გაგიჭირდათ?

– ეს რთულიც არის და სასიამოვნოც. მაგალითად, ზოგჯერ პერსონაჟთან გაიგივებენ, პერსონაჟი კი ბევრნაირი შეიძლება, იყოს.

– წლების შემდეგ თეატრის დატოვება გადაწყვიტეთ. არ იქნებოდა მარტივი ნაბიჯი...

– არა, რეალურად ეს ძალიან მარტივად მოხდა. მაშინ მე აღარ ვიყავი აქტუალური, თან ჩემი სურვილი იყო გეოგრაფიის შეცვლა, ამიტომ იოლად დავემშვიდობე თეატრს. მერე საინტერესო ცხოვრება მქონდა და ნოსტალგია არ გამჩენია. მაშინ ასე იყო, თუმცა, ახლა კი მაქვს ნოსტალგია.

– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?

– მინდოდა, ჩემი პროფესიით სხვა ქვეყანაში, იტალიაში გამეგრძელებინა საქმიანობა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. 18 თვე ვცხოვრობდი იტალიაში და ვმუშაობდი. 18 თვეში 10 ოჯახი გამოვიცვალე, არ ამეწყო საქმე და ეს დიდი სტრესი იყო.

თქვენი პროფესიის შემდეგ ამ საქმიანობას ვერ ეგუებოდით?

– არა, ძალიან იოლად შევეგუე, ყველაფერს კეთილსინდისიერად ვაკეთებდი. სულ არ მეთაკილებოდა თუნდაც, ბებიებისა და ბაბუების დაბანა და მოვლა. თუმცა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგთან კონტრაქტი დავასრულე. საერთოდ, ძალიან საინტერესო ხალხია. ჟესტიკულაციაც თავისებური აქვთ. მაგალითად, საჩვენებელი თითის ტუჩთან დატრიალება გემრიელს ნიშნავს. რომ მეკითხებოდნენ, გემრიელიაო? მე ტუჩის ორივე მხარეს ვატრიალებდი თითებს (იცინის). ქართულ კერძებს ვუმზადებდი, ტორტიც გამოვაცხვე, საჩუქრები ჩამქონდა.

– წამოსვლას ასე მალე არ აპირებდით?

– არა, მაგრამ ძალიან გადავიღალე. ფსიქოლოგიურადაც ძალიან გამიჭირდა. შრომა არ მიჭირდა, უბრალოდ, ცოტა რომანტიკული ხასიათის შემოტევები იყო.

ბევრი ემიგრანტი დაქორწინებულა სხვა ეროვნების წარმომადგენელზე.

– სერიოზული შემოთავაზებები არ იყო. იქ ასე უცებ არ წყვეტენ ქორწინებას. ამას დაემატა ის, რომ გადავიღალე, სამშობლო მომენატრა. ჩემს სამუშაოს კეთილსინდისიერად ვასრულებდი. ერთ ღამეში ორჯერ ავმდგარვარ ბებოს ჩასაბანად, შემეძლო, ასე არ მოვქცეულიყავი, მაგრამ გული არ მითმენდა, შრომა არ მეზარებოდა, მაგრამ დარჩენა ვეღარ შევძელი. რომ ჩავედი, ჩემი პროფესიისკენ მიმავალი გზა მაშინვე ჩაიკეტა და სამუდამოდ დაიკარგა. საქართველოში უკან დაბრუნება რთული არ ყოფილა, პირიქით, სახლში გახარებული დავბრუნდი.

აქ სერიალები მივიღე მონაწილეობა, მათ შორის იყო „შუა ქალაქში“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და ყველა შალვოვნას და პროკურორს მეძახდა.

– რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, პირველი ურთიერთობა დაინგრა...

– ასე მოხდა. პირველი ოჯახი დაინგრა. ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ვაპატიე და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ეს საშინელი ისტორიაა. ამის მოყოლა რთულია.

– ამ ღალატის შემდეგ რთული იყო მეორედ ოჯახის შექმნა?

– მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი. შუაში სხვა ისტორია იყო, რომელიც ძალიან მტკივნეულად დამთავრდა და ამის გახსენებაც არ მინდა. მეორე ქმარმა ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქა, მეგონა, მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე მის მიმართ დიდი სიყვარული არ მქონია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ურთიერთობაც დამთავრდა. ზაზა წამალს იკეთებდა და წამალი არჩია ოჯახურ ცხოვრებას.

– სამწუხაროდ, ამ კუთხით უცნაურად განვითარდა თქვენი ცხოვრება. პირველი მეუღლეც ცნობილი მსახიობი იყო და საზოგადოებამ იცოდა, რომ იგივე პრობლემა აწუხებდა.

– კი, ასე იყო, მაგრამ ამ პრობლემის გამო მეორე მეუღლესთან გამიჭირდა. მამუკა რომ წამალდამოკიდებული იყო, მაინც მეკონტაქტებოდა და რაღაცას კიდევ ცდილობდა. დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.

– მეორე მეუღლესთან რამდენად რთული იყო ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენა?

– ძალიან მარტივად გადავწყვიტე, როდესაც შპრიცები და გათიშული ხალხი ვნახე, ძალიან მალე წამოვედი. ვიცოდი, რომ ეს პრობლემა ჰქონდა, მაგრამ თითქოს, ძალიან ჯანსაღი იყო, ძალიან ჯანმრთელი სიყვარული ჰქონდა და თვითონაც იმედოვნებდა, რომ მოერეოდა. მერე უფრო და უფრო ჩაეშვა და გარდაიცვალა.

– ორივე მეუღლე ამით გარდაიცვალა, არა?

– კი, ასე იყო.

– ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?

– ოჯახი გინდა იმისთვის, რომ შვილი გააჩინო, გაზარდო, თუ ამას ვერ გააკეთებ, რაღა აზრი აქვს. პირველი მეუღლე უშვილო იყო. მეორეს კი ჰყავდა შვილი და მეც ვმკურნალობდი, მაგრამ რვა თვეში არ გამოვიდა. მერე უკვე აღარ იყო ამის ასაკი.

– ახლა როგორ ცხოვრობთ?

– ახლა ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ და ველოდები სიახლეებს შემოქმედებითი თვალსაზრისით. დავწერე პიესა, რომელიც ბავშვობას, ანუ ოქროს ხანას ეხება, მაგრამ ეს სპექტაკლი ახალგაზრდებისთვისაა და სამწუხაროდ, თეატრში აღარ არის ახალგაზრდობა. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა