ნინო კობერიძე: ლენა ყიფშიძემ თქვა ჩემზე, რა ბეთვერააო, ანუ რა საწყალიაო. რატომღაც ასეთი დასკვნა გამოიტანა და შინაგანად მეც დავეთანხმე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00
ნინო კობერიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნინო კობერიძე?
ნინო კობერიძე: ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. ვფიქრობ, რომ კეთილი, სამართლიანი და ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ჯერაც არ ვიცი, რა არის მთავარი და შეიძლება ითქვას, რომ კვლავ შეცნობის პროცესში ვარ.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– არ ვოცნებობ, ოცნებები არ მაქვს (იცინის). საერთოდ, მეოცნებე ადამიანი არ ვარ. ალბათ, ბავშვობაში ვიყავი, მას შემდეგ – აღარ. პატარაობისას ვოცნებობდი იმაზე, თუ ვინ ვიქნებოდი, როცა გავიზრდებოდი, როგორი ცხოვრება მექნებოდა. ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა და ეს ოცნება ამიხდა. ისე მოხდა, რომ მას შემდეგ აღარ მიოცნებია.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– ერთი სპექტაკლი მეზიზღებოდა და იმის თამაშის დროს ნამდვილად არ ვგრძნობდი დიდ სიყვარულს (იცინის). სხვა არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მიკეთებია საქმე, რომელიც არ მიყვარდა.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ამას ყოველდღიურობაში არ გამოვხატავ. გულჩვილიც ვარ. მაგალითად, ფილმების ყურებისას მიჭირს ემოციების შეკავება. „ჯარისკაცის მამაზე“ ყოველთვის ვტირი. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ჩემი ემოცია არ იცვლება. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, თუ სატირალია, ვტირი, თუ რამე სასაცილო ხდება, ვიცინი, ალბათ, როგორც ყველა ადამიანი.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?
– სამოგზაუროდ წავიდოდი და დადებითი ემოციებით ავივსებოდი.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი ყოფილიყავით?
– არა, ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია (იცინის). ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ცნობადობაზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ მსოფლიო მასშტაბი კიდევ სხვა არის, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ცოტა ძნელია.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– მცდარ ნაბიჯად ჩემს ქორწინებას ვთვლი. მცდარი იყო იმიტომ, რომ ცუდად დამთავრდა. დაქორწინებული ორჯერ ვიყავი და პირველ ქორწინებას ვგულისხმობ. სინანულით თავი არ მომიკლავს, მაგრამ კარგი იყო, საერთოდ არ გადამედგა ეს ნაბიჯი.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– ბავშვობაში მომიპარავს (იცინის). თმის სარჭი მოვიპარე მაღაზიაში. ვერავინ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მახსოვს, მაღაზიიდან რომ გამოვედი, გული მქონდა ამოვარდნაზე და რაც შემეძლო, ჩქარა გავრბოდი სახლისკენ (იცინის). საკმაოდ პატარა ვიყავი, ლამაზი თმისსარჭი იყო და თვალი მომტაცა (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ ახერხებთ მის გარეშე ცხოვრებას?
– ტყუილი ძალიან არ მიყვარს. სამწუხაროდ, მიუხედავად ცხოვრებისეული გამოცდილებისა, მატყუარა ადამიანებს დღემდე ვერ ვცნობ. თუმცა, თუ ვხვდები, რომ ადამიანი ტყუის, მაშინვე ვამხელ, მირჩევნია, სიმართლე ვთქვა, ვიდრე თავი შევიკავო. საბედნიეროდ, მე თვითონ ნამდვილად ვახერხებ ცხოვრებას ისე, რომ ტყუილები არ ვთქვა. მოუტყუებიათ ჩემთვის და ვიცი, რამდენად რთულია ეს, ამიტომ მე თვითონ იმავეს არასდროს გავაკეთებ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება, ალბათ, დარეჯანის როლის თამაში იყო გოგი თოდაძის სპექტაკლში –„ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“. დამარცხებას დავარქმევ დოიაშვილის სპექტაკლში თამაშს „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“. ძალიან უსახური გამოვიდა, ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ.
რაც შეეხება ცხოვრებას, ალბათ, ჩემი მარცხია ის, რომ დედობა ვერ შევძელი. გამარჯვება კი, არ ვიცი, არ მახსენდება ასეთი, არ ყოფილა.
– თუნდაც ის, რომ წარმატებული მსახიობი ხართ, გაღიარეს, შეგიყვარეს?!
– ალბათ, კი. ეს წარმატებაა. არ მინდა, უმადური გამოვჩნდე.
– რა გსმენიათ საკუთარი თავზე – კარგიც და ცუდიც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?
– ერთხელ ლენა ყიფშიძემ თქვა ჩემზე, რა ბეთვერააო. ანუ, რა საწყალიაო (იცინის). რატომღაც ასეთი დასკვნა გამოიტანა და შინაგანად მეც დავეთანხმე. ალბათ, ასეთი ვარ. არასდროს ვყოფილვარ მებრძოლი და აქტიური, რომ საწინააღმდეგო დამემტკიცებინა ან სხვანაირი გავმხდარიყავი.
კარგს რაც შეეხება, ძალიან ბევრი სასიამოვნო შეფასება მიმიღია ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. შადიმან შამანაძის მამის შეფასება მახსოვს გამორჩეულად, ასევე, პანტონიმის სომეხი მსახიობის. ორივემ ვრცელი ბარათი მომწერა. შამანაძე მწერდა, შვილებში არ გამომერჩევიო. სომეხი მსახიობის წერილი ძალიან ვრცელი იყო, ამის გახსენება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან მაქებდა, ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ (იცინის).
– ყოველდღიურობაში რისი კეთება გიყვართ?
– ძალიან მიყვარს ჭამა, გურმანი ვარ (იცინის). ხინკალი, საცივი, სალათები, მოკლედ, ხორცეულიც მიყვარს და მცენარეული საკვებიც. სხვათა შორის, კარგი მზარეული ვარ. სხვებიც აქებენ ჩემს მომზადებულ კერძებს, განსაკუთრებით სალათებს. შეიძლება ძალიან ხშირად არა, მაგრამ როცა ვამზადებ, მოსწონთ.
კიდევ ძალიან მიყვარს ტელევიზორთან კომფორტულად მოკალათება და დასვენება (იცინის).
– რისი კეთება არ გიყვართ რუტინული საქმეებიდან?
– სახლის დალაგება არ მიყვარს.
– როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
– პენსიონერივით ვცხოვრობ. ანუ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ მე თვითონ ვაქტიურობ. სულ რაღაცას ველოდები, მაგრამ რას, არ ვიცი. მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვარ.
– რომელ დროსა და ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?
– საინტერესოა, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება 50 წლის შემდეგ, რა შეიცვლება, რა არა და ამიტომ მომავალში ცხოვრებას ვისურვებდი.
– როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრების დასრულება, თუ გიფიქრიათ ამაზე?
– კი, როგორ არ მიფიქრია და ალბათ, კარგი იქნებოდა, ძილში გარდავცვლილიყავი, წვალების გარეშე.
– ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?
– ახლა არაფრის შიში არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში მქონდა დიდი შიში, რატომღაც ვფიქრობდი, რომ მალე მოვკვდებოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





