საზოგადოება

ნაზი შამანაური - „სიმართლისთვის წამებული“

№26

ავტორი: „თბილისელები“ 13:55 05.07

ნაზი შამანაური
დაკოპირებულია

ნაზი შამანაურის სახელი და გვარი დიდხანს იყო ტაბუდადებული. სახელოვანი ჟურნალისტი სიმართლისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სასტიკად აწამეს.

მისი დღიურები დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, თუმცა საბოლოოდ ნაზის ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა და მკითხველმა სრულად დაინახა ის სისასტიკე, რომელიც მაშინდელმა ტირანულმა რეჟიმმა განახორციელა.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1965 წელს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ, ნაზი თბილისიდან დუშეთში დაბრუნდა და იქ გამეფებულ უსამართლობას დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებით დაუპირისპირდა. მან მოაგროვა ყველანაირი ფოტო, თუ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დუშეთის რაიონში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ადგილობრივებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე არავინ ზრუნავდა. ნაზი შამანაურმა ბევრჯერ სცადა თავისი სათქმელი ფართო მსმენელამდე მიეტანა, მაგრამ მისთვის ყველა კარი დაიხურა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში გამართული ვაჟაობის დღესასწაული კი, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ნაზიმ სიტყვა ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. როგორც იქნა ტრიბუნამდე მიაღწია, მიკროფონს ხელი სტაცა და დაიყვირა: „ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება.”

ნაზი შამანაურს დედასთან ერთად თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს და დაიწყო ჟურნალისტის ხუთთვიანი სასტიკი წამება:

„გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… მუცელში მცემდნენ. თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო… კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა… ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს… ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ… ვიხრჩობოდი… იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა… პირსახოცი სისხლიანი იყო…” – წერდა ნაზი შამანაური თავის დღიურებში.

დღიურებს კი იგი ჩუმად წერდა, რათა ფსიქიატრიულის თანამშრომლებს არ წაერთმიათ:

„რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ – 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერ-კალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია…

უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…”

* * *

„...ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც... დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა, საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ.კპ ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა ვიქტორია სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და მითხრა, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო, მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს... რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო-რედაქციამ (ამხ. პ. შამათავა) პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითხრეს, ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო. ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო!.. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისთვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში!.. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება? თუკი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ, რაშია საქმე?! ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი, შეურყვნელი, წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე? თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ გვძალუძს, მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?”

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე ტკივილებისგან დატანჯული, დაწყლულებული თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს:

„ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი… მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ… ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია…”

1983 წლის 20 იანვარს ნაზი რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი გარადაცვალების ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა.

ეროვნული ძალების მოსვლის შემდეგ ნაზი შამანაური გმირად გამოცხადდა, ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელი ეწოდა, შენობა კი, სახლ-მუზეუმად გადაკეთდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა