ნატალია ჩებანოვა: როცა შენს ცხოვრებაში რეალური სირთულეა, ირჩევ: გახდე მსხვერპლი, ან – მაგალითი, მე მეორე ავირჩიე
ავტორი: „თბილისელები“ 23:59 23.03
ნატალია ჩებანოვასთვის ფინანსები მხოლოდ ციფრები არასდროს ყოფილა, ეს იყო გზა გაურკვევლობაზე კონტროლის დასამყარებლად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და საკუთარი სისტემის შესაქმნელად. რთული ბავშვობა, პროფესიული უნარები და გარდამტეხი იმედგაცრუება მან წარმატების მთავარ იარაღად გარდაქმნა და მის მაგალითზე დაიჯერებთ რომ ცოდნას, შეუპოვრობას და ძლიერ ხასიათს ცხოვრების პატარა თუ დიდი ბარიერები ვერ დააბრკოლებს.

–როგორ აირჩიეთ პროფესია და თქვენი პირველი წარმატებული ნაბიჯები რომ გაიხსენოთ
–ფინანსები ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ პროფესიული არჩევანი — ეს იყო ბუნებრივი გაგრძელება ჩემი ხასიათის. ბავშვობიდან მაინტერესებდა ლოგიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მათემატიკა, როცა სხვა ადამიანები შედეგს ხედავდნენ, მე მაინტერესებდა, რა იდგა მის უკან. რატომ იღებენ ადამიანები გარკვეულ გადაწყვეტილებებს?
რაოდენობრივი ფინანსების მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ზედაპირული პასუხები არასდროს მაკმაყოფილებდა. მინდოდა მესწავლა არა მხოლოდ „რა ხდება“, არამედ „რატომ ხდება“ და „რა მოხდება მომავალში“. რისკების ანალიზი, პროგნოზირება, ინვესტიციების შეფასება — ეს ჩემთვის იყო ძალაუფლება არა ადამიანებზე, არამედ გაურკვევლობაზე.
პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო პირველი ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა, პრაქტიკის გარეშე კარიერის დაწყება ძალიან რთული აღმოჩნდა. ბევრ უარი მივიღე. ბევრჯერ ვიგრძენი, რომ მხოლოდ იმიტომ არ მაძლევდნენ შანსს, რომ „გამოცდილება არ მქონდა“.
მაგრამ როცა საბოლოოდ ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიაში მომეცა შესაძლებლობა, პირველი წარმატება იყო არა ხელფასი ან პოზიცია, არამედ ის მომენტი, როცა მივხვდი — მე ნამდვილად შემიძლია ღირებულების შექმნა.

– გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში, რამაც შეცვალა თქვენი კარიერული გზა
– ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი ერთ კონკრეტულ დღეზე არ მოდის — ის რამდენიმე ფაზად გაიშალა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მთლიანად შეცვალა ჩემი პროფესიული და პიროვნული მიმართულება.
პირველი გარდამტეხი ეტაპი იყო მენტორის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. მანამდე ჩემი გზა იყო მუდმივი მტკიცება — რომ მიუხედავად ასაკისა, გამოცდილების არქონისა და გარეგნული შეფასებებისა, შემეძლო ბევრად მეტი. მაგრამ როცა ჩემს პირველ კომპანიაში შევხვდი ფინანსურ დირექტორს, რომელმაც დამიჯერა, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილი პროფესიული აღიარება.
მან დამანახვა, რომ ფინანსები მხოლოდ ციფრები არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების ხელფასებზე, კომპანიის მომავალზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. მასწავლა ფიქრი სისტემურად. მასწავლა, რომ ფინანსისტი არის ის, ვინც ხედავს რისკს იქ, სადაც სხვები მხოლოდ შესაძლებლობას ხედავენ. და ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები უკვე დანებებულები არიან.
ყოველთვის მეუბნებოდა სიტყვა “მგონია” დაივიწყე და თქვი “მე ვიცი ან თუ არ ვიცი გავიგებ”. მთავარი რაც მასწავლა ფინანსები არ იყო. იყო ადამიანობა.
თუნდაც ამჟამად ჩემთან არ არის, უზომოდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და ყველა წარმატებას, რაც პროფესიულ ცხოვრებაში მექნება, მას მივუძღვნი. მის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და, იმედია, თუ წაიკითხავს ამ სტრიქონებს, გაეღემიბა.
ეს იყო პირველი მომენტი, როცა საკუთარი თავის მიმართ ეჭვი რწმენამ ჩაანაცვლა.
მაგრამ ცხოვრების მეორე გარდამტეხი ეტაპი ბევრად მტკივნეული იყო.
საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სადაც პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ პროცესები, კლიენტური ბაზა და სისტემები — ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ პროფესიული ერთგულება ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობას. ძალიან დიდი წვლილი შევიტანე კომპანიის განვითარებაში, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ სისტემაში, რომელიც სხვას ეკუთვნის, შენ შეიძლება უბრალოდ დროებითი ნაწილი იყო.
სამსახურიდან გათავისუფლება ჩემთვის მხოლოდ კარიერული დარტყმა არ ყოფილა. ეს იყო შინაგანი კრიზისი. იყო კითხვა საკუთარ თავთან: „ღირდა ამდენი შრომა?”
იმ დღეს, როცა მივხვდი, რომ აღარ ვიყავი სხვისი კომპანიის ნაწილი, პირველად გავაცნობიერე, რომ შემეძლო ვყოფილიყავი საკუთარი სისტემის არქიტექტორი. იმედგაცრუება გახდა თავისუფლების დასაწყისი.
კიდევ ერთი გარდამტეხი ფენა ჩემს ცხოვრებაში იყო პირადი პასუხისმგებლობის განცდა ძალიან ადრეულ ასაკში. მამა 16 წლის ასაკში დავკარგე. ეს იყო მომენტი, როცა ბავშვობა სწრაფად დასრულდა. როცა ფინანსური და ემოციური სტაბილურობა მოულოდნელად შენი პასუხისმგებლობა ხდება, სწავლობ გადაწყვეტილებების მიღებას შიშის მიუხედავად. სწავლობ გამძლეობას.
ამ ყველაფერმა ერთად შეცვალა ჩემი კარიერული გზა. მე აღარ ვიყავი ადამიანი, რომელიც უბრალოდ კარგ პოზიციას ეძებდა. გავხდი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მისია — პროფესიის შეცვლა ქვეყანაში, სტერეოტიპების დამსხვრევა და საკუთარი სისტემის შექმნა.
თუ მოკლედ ვიტყვი — ჩემი კარიერული გზა შეცვალა არა წარმატებამ, არამედ სამმა ფაქტორმა:
რწმენამ, იმედგაცრუებამ და პასუხისმგებლობამ.
რწმენამ მასწავლა, რომ შემიძლია.
იმედგაცრუებამ მასწავლა, რომ დამოუკიდებლობა აუცილებელია.
პასუხისმგებლობამ მასწავლა, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი.
და დღეს როცა უკან ვიხედები, ვხედავ — არცერთი მტკივნეული ეტაპი არ ყოფილა შეცდომა. ყველა მათგანი იყო მომზადება იმისთვის, რომ საკუთარ გზაზე დავმდგარიყავი.
– რთული გზით მიხვედით წარმატებამდე და მუდმივად გიწევდათ სტერეოტიპების მსხვრება, შეუპოვრობა თქვენი ხასიათის ნაწილია?
– დიახ. მაგრამ ეს შეუპოვრობა არ არის ხმამაღალი, აგრესიული ან დეკლარაციული. ეს არის მშვიდი, სისტემური და გააზრებული ძალა.
შშმ პირი ვარ. და ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ძალიან ადრე მივხვდი — სამყარო ყოველთვის არ არის სამართლიანი. ბევრჯერ შემაფასეს მანამ, სანამ სიტყვას ვიტყოდი. ბევრჯერ დავინახე თვალებში ეჭვი. და ეს ეჭვი არასდროს იყო ჩემი ცოდნის მიმართ — ეს იყო ჩემი გარეგნობის მიმართ.
ფინანსებში კი არსებობს კიდევ ერთი უხილავი სტერეოტიპი — „ფინანსები კაცების საქმეა“. როცა ვამბობდი, რომ ფინანსური ანალიტიკოსი ვარ, ხშირად მესმოდა: „ა, ბუღალტერი ბრძანდებით?“ თითქოს ქალი ავტომატურად არ შეიძლება იყოს რისკ-მენეჯმენტის, ინვესტიციური სტრატეგიის ან ფინანსური ინჟინერიის სპეციალისტი.
ამ ყველაფერმა მასწავლა ერთი რამ — ემოციური რეაქცია არაფერს ცვლის. კომპეტენცია ცვლის.
როცა იწყებ ციფრებით საუბარს. როცა ახსნი რისკის დივერსიფიკაციას. როცა ააგებ ფინანსურ მოდელს, რომელიც რეალურად ზრდი ბიზნესის მომგებიანობას. როცა ხედავენ, რომ შენ წინასწარ დაინახე ის, რაც მათ ვერ დაინახეს — სტერეოტიპი ნელ-ნელა ინგრევა.
შეუპოვრობა ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ შრომას მაშინაც კი, როცა არავინ ხედავს. ნიშნავს იმას, რომ უარის შემდეგაც მიდიხარ შემდეგ გასაუბრებაზე. ნიშნავს იმას, რომ 100 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 101-ეს ელოდები იგივე სიმტკიცით.
მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიღაცას რამე დავუმტკიცო. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი არსებობა არ იყოს დამოკიდებული სხვის აღქმაზე.
და კიდევ ერთი რამ — როცა შენს ცხოვრებაში არის რეალური სირთულე, ირჩევ: ან გახდები მსხვერპლი, ან გახდები მაგალითი. მე ავირჩიე მეორე.
– როგორ დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი და რა განვითარების ეტაპები გაიარა ამ საქმემ?
– საკუთარი ბიზნესი არ დამიწყია იმიტომ, რომ მინდოდა „დამფუძნებელი“ მრქმეოდა. დავიწყე იმიტომ, რომ დავინახე პრობლემა.
საქართველოში ფინანსები ხშირად აღიქმება როგორც ბუღალტრული აღრიცხვა. IFRS-ის შესრულება არ ნიშნავს ფინანსურ სტრატეგიას. ბიზნესების დიდი ნაწილი არ მართავს რისკებს, არ აანალიზებს კაპიტალის ღირებულებას, არ იყენებს პროგნოზირების ინსტრუმენტებს.
შპს „ფენიქს ფინანს რევოლიუშენი“ დავაფუძნე იმ იდეით, რომ ფინანსები უნდა გახდეს ბიზნესის სტრატეგიული ბირთვი.
პირველი ეტაპი იყო ნდობის მოპოვება. შემდეგ — სისტემების შექმნა. დღეს უკვე 100-ზე მეტ კლიენტს ვემსახურები თვეში. პარალელურად ვქმნი ფინანსისტების პროფესიულ კავშირს — მინდა არსებობდეს სივრცე, სადაც პროფესია იქნება დაცული და განვითარებული.
– არაერთი ადამიანის სტიმული ხართ, თქვენთვის რა იყო სტიმულისმომცემი რთულ სიტუაციებში?
– პასუხისმგებლობა. ოჯახი. დედა.
მამა 16 წლის ასაკში დავკარგე. ძალიან ადრე გავიგე, რას ნიშნავს ფინანსური და ემოციური სიმძიმე. ჩემი მიზანია დედას ჰქონდეს მშვიდი და უდარდელი სიბერე. ეს ჩემთვის მხოლოდ მიზანი არ არის — ეს ვალდებულებაა.
ასევე სტიმული იყო მენტორის რწმენა. როცა ერთხელ მაინც გეუბნებიან „შენ შეგიძლია“, ეს სიტყვები რთულ მომენტებში ძალად გიბრუნდება.
შეიძლება რომანტიკულად არ ჟღერს, მაგრამ მე რეალისტი ვარ.
– რა გამოწვევები არსებობს დღეს ფინანსების კუთხით საქართველოში?
– მთავარი გამოწვევა არის პროფესიის არასწორი აღქმა. ფინანსები აიგივებენ ბუღალტერიასთან, რაც ჩემი აზრით სრულიად არასწორია. ფინანსები არის და ხედვა და მომავალი, როდესაც ბუღალტერია წარსულზე ორიენტირებულია. ტატა ბერიძეს, ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტის, ცნობილი გამონათქვამის “ყოველი ბიზნესის უკან დგას პროფესიონალი ბუღალტერი” ანალოგიად ფინანსებში შეიძლება ითქვას “ყოველი მომავალზე ორიენტირებულ და მომგებიან ბიზნესს წინ უძღვნის პროფესიონალი ფინანსისტი”. სტრატეგიული ფინანსური აზროვნება ნაკლებად არის განვითარებული კომპანიების დირექტორების შორის.
ასევე პრობლემაა კადრების პრაქტიკული მომზადება და კიდევაც არასწორი მიდგომა გასაუბრებების დროს, როდესაც გასაუბრებას არ ესწრება არც ერთი თანამშრომელი ფინანსური სამმართველოდან. შეუძლებელია ამ დროს სწორად შეფასდეს კანდიდატის უნარები პირველივე სკრინინგზე.
და მენტორობის დეფიციტი - რა თქმა უნდა. როდესაც ნამდვილად ნიჭიერ ახალგაზრდებს არ აქვთ შანსი თავის გამოჩენის პრაქტიკული გამოცდილების გარეშე.
კიდე ერთი უხილავი გამოწვევა - ხელოვნური ინტელექტის აქტიური განვითარება. ჩვენი მიზანია ვისწავლოთ AI-ს სწორი გამოყენება და ჩავნერგოთ ის პრაქტიკაში რუტინული საქმის გაკეთებისთვის, რომ მეტი დრო დაგვრჩეს სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.
ჩემი მიზანია ყველა ამ დისბალანსის შეცვლა — განათლებით, პროფესიული კავშირით და პროფესიაში ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებით.
– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– უახლოეს პერიოდში ვგეგმავ გუნდის გაფართოებას, პროფესიული კურსების შექმნას, ფინანსისტების კლუბ-ფორუმის დაფუძნებას ყველა სოც-ქსელში და კონფერენციის ორგანიზებას ჩემი აიპ-ს იგიდიდ მხოლოდ ფინანსების განხრით. პირად გეგმებში მაქვს ანტიუტოპიის დაწერა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




