საზოგადოება

ნანა ცინცაძე: მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა ჩემს ფეხქვეშ უნდა გაგებულიყო და ის არ გამეგო

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 12.09, 2022 წელი

ნანა ცინცაძე
დაკოპირებულია

უნიჭიერესი და უსაყვარლესი ნანა ცინცაძე თავისი ცხოვრების ყველაზე ემოციურ ამბებს, სიყვარულის ისტორიებს გვიზიარებს, რაც ალბათ, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფას და სასიამოვნო მოგონებად რჩება.

ნანა ცინცაძე: ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობის შთაბეჭდილებები ჩვენზე ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც არასდროს იშლება. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, ვიდრე ახლა აქვთ, რადგან ჩვენ „ეზოს ბავშვები“ ვიყავით, მთელი თავისი ხიბლითა და რაც მთავარია, ძალიან დიდი სიყვარულით. ბავშვში სქესის გამოღვიძება რვა წლის ასაკიდან ხდება, მაგრამ მანამდეც გრძნობ, რომ გოგო ხარ და სურვილი გაქვს, გაიპრანჭო. ქალური მომენტები, ჩვენში ალბათ, დაბადებიდან დევს და მალევე იჩენს თავს. გინდა, იყო ლამაზი, გინდა, გაიპრანჭო. საბავშვო ბაღში მამას დავყავდი და დღემდე მახსოვს, როგორი სიხარულით გავდიოდი იმ გზას, იმიტომ, რომ იქ დამხვდებოდა გია, რომელსაც ვუყვარდი და არაჩვეულებრივად მასრიალებდა იატაკზე. ეს იყო ჩემი პირველი სასიყვარულო ისტორია (იცინის). იატაკიც ძალიან კარგად იყო მოპრიალებული, გიაც ძალიან მოხერხებული იყო და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ რიტუალით (იცინის). ასეთი სასიამოვნო შეგრძნებები არასდროს მიდის ადამიანის ცხოვრებიდან და მეც დიდი სიხარულით ვინახავ ამ მოგონებებს.

– თქვენ არ გქონდათ გრძნობები გიას მიმართ?

– არა, მაგრამ ის პრანჭვაც სიამოვნებას მანიჭებდა. რა ბედნიერება იყო, რომ მელოდა იმისთვის, რომ ვესრიალებინე.

მოწონებები და სიყვარული გენიალური თემაა. იცით, როდის ბერდები ადამიანი? როდესაც შენი გონება ბერდება, თორემ ვიზუალით ყველა იცვლება. როცა სურვილი გიქრება, კარგად გამოიყურებოდე, როცა არაფრის სურვილი აღარ გაქვს, როცა მენტალურ დონეზე გეცვლება რაღაც, მაშინ ბერდები. თორემ ახლა, როგორც კი ლამაზ ადამიანს ვხედავ, იმწუთას ვკეკლუცდები და ვცდილობ, მეც სხვანაირად ლამაზად გამოვიყურებოდე. ვაი იმ დღეს, როცა ეს მომენტი აღარ მექნება.

– როგორც ვიცი, ძალიან თავზეხელაღებული თაყვანისმცემელიც გყოლიათ.

– კი, კი, იყო ასეთიც (იცინის). ჩემი სახელი ამოიკაწრა ბრიტვით. ერთხელ, მოუნდა სკოლასთან დამხვედროდა. მე კიდევ მთელი ცხოვრება დედაჩემსა და ბებიაჩემს დავყავდი სკოლაში, წარმოგიდგენიათ? თითქმის სკოლის დამთავრებამდე. დამხვდა ეს ბიჭი სკოლასთან და დავუძახე, მოდი-მეთქი. დედაჩემიც იქ იყო. მოვიდა და ვეუბნები, დედაჩემს აჩვენე, ჩემი სახელი როგორ ამოიკაწრე-მეთქი. ამ გადასახედიდან, ვხვდები, რომ ჩემი საქციელი თავხედობა იყო, მეტი ამას რა ჰქვია, მაგრამ ეტყობა, მაშინ ძალიან მომეწონა, ეს რომ გააკეთა. ძალიან ნასიამოვნები ვიყავი. მეტი რა არის ცხოვრება, მსგავსი ფრაგმენტები გრჩება. სიყვარული არ არის აუცილებელი, უფრო მეტიც, მაშინ გაცნობიერებულიც არ მქონდა სიყვარულის მნიშვნელობა, ჩემთან ეს ყველაფერი გვიან მოვიდა, მაგრამ მოწონება სხვა რამ არის. ძალიან მსიამოვნებდა, ვინმეს რომ მოვწონდი, მაგრამ სიყვარულის მაძიებელი არ ვყოფილვარ. მინახავს ქალბატონები, როგორ იწვევენ საუბრის მანერით თუ სხვა რამით მოპირდაპირე სქესს და ამაზე დღესაც მეცინება. ასეთი რამ ჩემგან ძალიან შორს არის, მაგრამ თუ ვინმეს მოვეწონებოდი, ეს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა და კეკლუცობაც ყველა ქალშია, არავინ თქვას, რომ ასე არ არის, მაშინ ქალი არ ყოფილხარ.

– თუმცა, სიყვარულის მაძიებელი არ ყოფილხართ.

– არა, ალბათ, მინდოდა, მე ვყოფილიყავი საინტერესო, ჩემზე ყოფილიყვნენ შეყვარებულები (იცინის). მოიპოვოს მამაკაცმა ქალი – რატომაც არა?! დარწმუნებული ვარ, ყველა ქალს უხარია, როდესაც მას ყურადღებას აქცევენ. სხვანაირად ზოგჯერ თავმოყვარეობის შელახვაც არის, იცით, რამდენი მამაკაცისგან მომისმენია ქალზე „აუ, არ გააწყალა გული?!“. რომ წარმოვიდგინო, იგივე ჩემზე თქვას ვინმემ, ხომ გავგიჟდები?! კარგად იყოს ასი წელი (იცინის). ეს თავმოყვარეობა კი არა, ალბათ, უფრო პატივმოყვარეობის ამბავია. თუმცა ის, რომ მოსწონდე, გინდა.

სიმართლე გითხრათ, როცა ურთიერთობა იწყებოდა და ადამიანი იშიფრებოდა, მე მისგან განხიბვლა მეწყებოდა. მბეზრდებოდა, ეტყობა, არ იყო საინტერესო ჩემთვის. ზარზე პასუხის გაცემა არ მინდოდა, მასთან ურთიერთობას უკვე თავს ვარიდებდი. ამ დროს მკითხავდა ხოლმე დედაჩემი – „მოიმწვანილე?“ (იცინის).

– თქვენმა მეუღლემ რა გააკეთა ისეთი, რომ თქვენი ეს დამოკიდებულებები გააქარწყლა?

– მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა ჩემს ფეხქვეშ უნდა გაგებულიყო და ის არ გამეგო. ჩემი მეუღლე ფიზიკურად ძალიან კარგი იყო. მერე ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ის ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო გახდა, მაგრამ მე ვერასდროს გავხდი მისთვის უინტერესო. ეს ყველამ იცის და ჭეშმარიტება რომ არ იყოს, არ ვიტყოდი, ძალიან სასაცილო გამოვიდოდი, მაგრამ მოგონება არაფერში მჭირდება. ეს არ მახასიათებს, ვამბობ იმიტომ, რომ სიმართლეა. მერე კი გახდა უინტერესო, მაგრამ თავიდან სწორი ტაქტიკა აირჩია. ალბათ, გარეგნობამაც დიდი როლი ითამაშა. მე დღესაც კი, ამ ასაკშიც, ძალიან მომწონს ლამაზი ხალხი.

– ის რომ ფეხქვეშ არ გაგეგოთ, თქვენ როგორ იქცეოდით?

– ისე, როგორც ყოველთვის. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მეუღლე ჩემზე წლით და ხუთი თვით პატარა იყო. მე ხომ კლასიკური ხუთოსანი ვიყავი და ჩვენი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც მე მას გამოცდებისთვის ვამეცადინებდი. იმ წელს ჩააბარა კიდეც და ანუ, მე ძალიან „კაი ტიპი“ ვიყავი, მაგარი რამ გავაკეთე (იცინის). როდესაც მისმა დედამ პირველად მნახა, გარეგნულად ძალიან მოვეწონე. გარდა იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, როგორც ამბობენ, მახინჯიც არ ვყოფილვარ (იცინის). ძალიან ლამაზი წყვილი ვიყავით, ამას ყველა აღნიშნავდა. ერთად ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მერე იყო რაღაც ფაქტორები ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც დავშორდით. თუმცა, ეს რომ არა, შეიძლებოდა, მაინც დავშორებულიყავით, იმიტომ, რომ სხვადასხვა მიმართულებით წავედით, სხვადასხვანაირად განვვითარდით, მე ყოველთვის ინტელექტსა და სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. თუმცა, ურთიერთობაში სხვა რომ ერევა და ამიტომ შორდებით, ეს კიდევ სხვა არის. როგორც გითხარი, ძალიან კარგი იყო ფიზიკურად და რომ არ მოვიტყუო, ქალებიც არ ასვენებდნენ. მე ახლაც კი ვერაფრით შევხედავ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არ მომეწონება, მაგრამ მარტო ვიზუალზე არ არის ყველაფერი აწყობილი.

– გულწრფელად მჯერა, რომ არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა მეორედ აღარ დაქორწინდით. რატომ?

– რა პრობლემა, მაშინ კი არა, ეს ახლა არ იქნება პრობლემა. ადამიანი თუ ეძებ, რაღაცას ყოველთვის იპოვი. მაგრამ ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ჩემს ჯანმრთელობასთან იყო კავშირში. ერთი შვილი მყავდა და მეტი აღარ მეყოლებოდა. ისედაც შეიძლებოდა გავცილებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ ამ მიზეზით მისი ოჯახის ხელშეწყობით გაცილება კიდევ სხვა არის. ამიტომ კომპლექსი გამიჩნდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და თაყვანისმცემლებიც იყვნენ ჩემ გარშემო, ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ მე ეს აზრი ხელს მიშლიდა. გარშემო, თურმე, ბევრს ვუყვარდი, მათ შორის იყო ერთი ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად, მეორე ნაკადში სწავლობდა, თუმცა ვერ მეუბნებოდა თავისი გრძნობის შესახებ. მერე, როცა უკვე ქმარს გაცილებული ვიყავი, ათი დღე მეხვეწებოდა ცოლად გამომყევიო. ნამდვილად კარგი ბიჭი იყო, ცნობილი ექიმი გახდა. არ მაინტერესებს გყავს და გეყოლება თუ არა შვილი, არ მაინტერესებს არაფერიო, მაგრამ მე უარზე ვიყავი. მერე, როცა ჩემთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონდა, მივხვდი, რომ დამაკლდა და ვუთხარი. მინდოდა, თუნდაც მეგობრობა გაგვეგრძელებინა-მეთქი. იცი რა მითხრა – არაფერს აღარ აქვს აზრი. რისი თქმაც შეიძლებოდა, ყველაფერი ათი დღის განმავლობაში გითხარი და ვერ გაიგე. ახლა რა უნდა გაიგოო?! მართალიც იყო, ისეთი არანორმალური სიგიჟით ვუმტკიცებდი, შენ შვილები უნდა გყავდეს და მე რა შუაში ვარ-მეთქი, მართალი იყო. ასე კრახით დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. არა მხოლოდ კაცისა და ქალის, მეგობრობაც, თუმცა დარჩა პატივისცემა. ერთი შემიძლია, ვთქვა, მიყვარდა ინტელექტუალური საკითხები, სწავლა და ეს მიტაცებდა. თუმცა, რომ გითხრათ, კარგი კაცი არ მომწონდა-მეთქი, მოგატყუებ. დღესაც არ გამომრჩება კარგი კაცი მხედველობის არიდან. ახლა მეგობარს შევხვდი, რომელსაც ძალიან სიმპათიური ქმარი ჰყავს. მათ ფოტოებს რომ ვნახულობ, ჯერ ქმარს ვუყურებ და მერე ცოლს (იცინის).

– არსებობდა თქვენზე შეყვარებული მამაკაცი, რომელიც აგრესიულად ცდილობდა თქვენგან საპასუხო გრძნობის მიღებას..

– დედამისი და მე ერთად ვმუშაობდით, ისიც ექიმი იყო, გერმანელი. მამა ქართველი ჰყავდა და წარმოიდგინეთ, როგორი კარგი ნაჯვარი იქნებოდა. უკრავდა, მღეროდა, ფსიქოლოგი იყო, საინტერესო პიროვნება. ისიც – ჩემზე პატარა. მგონი, ამ ჩემი მეგობრის ქმარიც ჩემზე პატარაა (იცინის). ძალიან თავისებური ადამიანი იყო. მერე ტრაგედია შეემთხვა. აფხაზეთის ომში ძმა დაეღუპა. ამის შემდეგ ცოტა არეული ჰქონდა ტვინი. მე მას არ ვნახულობდი, მაგრამ ადამიანური ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ, სახლში საკმაოდ ბევრი სტუმარი მყავდა. 25 დეკემბერი იყო, თოვლი. მოვიდა კალაშნიკოვით და ჩემს ფანჯრებთან დაცალა. ერთი სტუმარი აღარ დარჩა სახლში (იცინის). რომ ვკითხე, რატომ შეაშინე ეს ხალხი-მეთქი, მითხრა, ახლა გაჩვენებ, რა არის შიშიო. არ შევიმჩნიე და ვუთხარი, მე ხომ არც გნახულობ-მეთქი. მერე რა, რომ არ მნახულობ, არ არის არცერთი წამი, როცა მე შენ ვერ გხედავ და არ არის არცერთი წუთი, როცა შენ ჩემზე ზეწოლას არ ახდენ, მე ამისგან უნდა გავთავისუფლდეო. ამის მოსმენა, შიშთან ერთად, რა ბედნიერება იყო ჩემთვის, წარმოიდგინეთ. მეუბნება, დადექი კედელთანო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ჩემიც და მეზობლის კარიც, ღია იყო და ამან გადამარჩინა. ჩემი მეზობლები, ჩემი საყვარელი მეგობრები, დღესაც მეუბნებიან, მაშინ რომ შემოგხედეთ, პირველად დავინახეთ ფეხზე ამდგარი მკვდარიო. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მერე ის სახლი გავყიდე, შიშის ფაქტორის გამო. ამ ამბიდან 15 წელი იქნებოდა გასული, დოლიძეზე მოვდივარ და ვიღაც მომმართავს „ნან“ და ვხედავ, ჭაღარაშერეული ულამაზესი კაცი დგას ჩემ წინ, უცებ ვერ აღვიქვი ვინ იყო. ჩამეხუტა და იმეორებს „როგორ მიყვარხარ, როგორ გეძებდი“. მითხრა, კიდევ გნახავო, მაგრამ მე ის შიში მქონდა გამოყოლილი, თან ლაპარაკით მივხვდი, რომ ბოლომდე ჩვენკენ არ იყო და მარტო იმიტომ მიწერია მისი ნომერი, რომ ვიცოდე და არ ვუპასუხო. ისე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, რომ მირჩევნია, ასე მოვიქცე.

– გყოლიათ სხვა თაყვანისმცემელი, ისეთი, უარს რომ ვერ აგებინებთ?

– მე ამას ამოჩემებას ვეძახი. დღემდე არსებობს ასეთი ადამიანი, კაცი რომელიც ვერ ხვდება, რომ შეიძლება, დაბადების დღეზე ქალს ყვავილი მიართვა და ახალ წელს – ტკბილეული, თუნდაც ერთი ცალი შოკოლადი. თუ ადამიანს თავმოყვარეობა გაქვს, შანსი არ არის ასეთი ადამიანის მიმართ რამე გრძნობა გაგიჩნდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი