საზოგადოება

ნანა შონია: მსახიობის ქმარმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება, ცოლი ღამე სახლში არ მოვიდეს

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:17 30.11

ქართველი მსახიობი ნანა
შონია
დაკოპირებულია

ბავშვობაში იმდენად მორცხვი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ პროფესიად მსახიობობას აირჩევდა და საკუთარ შესაძლებლობებს საჯაროდ გამოიტანდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მან ამ ნაბიჯის გადადგმა შეძლო და მაყურებელთა დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. 


ნანა შონია: ბავშვობიდან ბალერინობაზე ვოცნებობდი. ეს ურთულესი პროფესიაა, რომელიც ადრეულ ასაკში სრულდება და მას მძიმე შრომა უკავშირდება, ამიტომ, ფაქტობრივად, გადავრჩი (იცინის). თუმცა, შეიძლება, არც გავმხდარიყავი ბალერინა, საკმაოდ ფუმფულა ბავშვი ვიყავი და არ შემიყვანეს ბალეტზე. მერე ვფიქრობდი, გოგო შვილი რომ მეყოლება, აუცილებლად ვასწავლი-მეთქი, მაგრამ ბიჭები მყავს. ასე რომ, ამ პროფესიამ გვერდით ჩაგვიარა (იცინის). მაგრამ დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს. პირველი წიგნი, რომელიც ინტერესით გადავფურცლე, ბალეტზე იყო. ორი წლის ვიყავი, სტუმრად წამიყვანეს და ეს წიგნი მასპინძლის სახლში ვნახე. მათთან ხშირად დავდიოდით და იმდენად ხშირად ვათვალიერებდი, რომ ფურცლები გავცვითე და ბოლოს მაჩუქეს. სახლში წამოვიღე და ღამე ამ წიგნთან ერთად ვიძინებდი. ეს ჩემი ჯადოსნური სამყარო იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა.

– მერე პროფესიად მსახიობობა აირჩიეთ და ამით ყველა გააკვირვეთ.

– იმიტომ, რომ ძალიან მორცხვი ვიყავი. მაგრამ ოჯახის წევრებს არ გაჰკვირვებიათ, მათ იცოდნენ ჩემი სურვილების შესახებ. სახლში გაუთავებლად წარმოდგენებს ვაწყობდი, თუმცა მაშინ არც ვიცოდი ეს რა იყო. მინდოდა, ოთახში ჩავკეტილიყავი და სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილს მეთამაშა. არ ვიცოდი, ამას რა ერქვა, თეატრშიც კი არ ვიყავი ნამყოფი. რომ წამოვიზარდე, მაშინ ვნახე თეატრში სპექტაკლი და მივხვდი, რომ მინდოდა, ეს ყველაფერი იქ, სცენაზე მეკეთებინა, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ამას ოდესმე შევძლებდი. ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდან იყო.

– მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა შეძელით.

– სკოლის დამთავრების დროს მივხვდი, რომ ჩემი სურვილი ხმამაღლა უნდა გამეჟღერებინა. ოჯახის წევრებმა ხომ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ისინიც არ ელოდნენ, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მერაბ ნინიძე იყო ჩემი კლასელი, მას უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა მსახიობობა და რომ გაიგო, მეც ეს მინდოდა, ყველაზე მეტად მედგა მხარში, ის იყო ჩემი მესაიდუმლე. ერთად დავდიოდით კონსულტაციებზე, ერთად შევედით გამოცდებზე ჩვენს კლასელ ქეთი ჩხეიძესთან ერთად. სამივე მოვეწყვეთ და ერთ ჯგუფში მოვხვდით. ვიცოდი, რომ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა შემხვდებოდა. ნათესავიც კი არ გვყავდა ხელოვნებასთან კავშირში, მაგრამ როგორღაც მოვდრიკე მამა. როდესაც გამოცდა ხუთიანზე ჩავაბარე, მიხვდა, რომ რაღაც მონაცემი მართლა მქონდა და ამის შემდეგ, უკვე ძალიან მეხმარებოდა.

– როგორი აღმოჩნდა ეს სამყარო რეალურად?

– ნელ-ნელა შევეგუე. ინსტიტუტში არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ იქ კლასელებთან ერთად შევაბიჯე. ძალიან კარგი ჯგუფი გვყავდა. მერე ყველა ერთად წავედით თეატრში, ყველაფერი ხავერდოვნად მოხდა. ამ პროფესიაში ბევრი წინააღმდეგობა, სტრესი და ტკივილია, მაგრამ ეს ასეა ყველა ქვეყანაში: კონკურენცია, დაპირისპირება, სიყვარული, მეგობრობა, შური, ვერაგობა – ყველაფერი გვხვდება გზად, ამას უნდა შეეჩვიო. მიღებული გამოცდილება კარგად აისახება მსახიობის ჩამოყალიბების პროცესზე, უკეთ გრძნობ საკუთარი პერსონაჟის განცდებს. გადახედეთ ცნობილი მსახიობების ბიოგრაფიას, რაც უფრო კარგია მსახიობი, მით მეტი სირთულე აქვს ცხოვრებაში გამოვლილი.

– ძალიან ემოციური ყოფილხართ, ოჯახის წევრები ბევრ რამეს მიმალავენო, ნათქვამი გაქვთ.

– ძალიან ემოციური ვარ, მარტო საკუთარი თავისა და ახლობლების გამო არა. შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანის შესახებ გავიგო რაღაც არასასიამოვნო და ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდეს. ხანდახან სულაც არ მინდა, რომ განვიცადო, მინდა ხოლმე, თავს სტრესი ავარიდო, მაგრამ ეს ჩემდაუნებურად ხდება. ყველა ადამიანისთვის ნაცნობია შური, ეს ყველა პროფესიაში ხდება, მაგრამ მთავარია, ის შენში არ გააჩერო. მე მამაჩემის კარგი მაგალითი მაქვს. მას არასდროს უთქვამს ცუდი მათზეც კი, ვინც ვიცი, რომ ტკივილი მიაყენა. შური მისგან ძალიან შორს იყო. მამა ჩემთვის კეთილშობილების მაგალითია. მისი ჯიშის რომ ვარ, ეტყობა, ამიტომაც ვარ ასეთი ემოციური და ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. მამას გარდაცვალების შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი არსება სამ შვილში გაიშალა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის არსებობა არ წყდება. ის მხოლოდ ფიზიკურად აღარაა ჩვენ გვერდით, თორემ არსებობას ჩვენში აგრძელებს.

– ტრაგედიები, შური, ინტრიგა – ბევრ არასასიამოვნო რამესთან გვიწევს გამკლავება ყოველდღიურად. თქვენსავით ემოციურ ადამიანს რა ეხმარება ბალანსის შენარჩუნებაში?

– ლოცვა, ტაძარში სიარული. ტაძარში ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და მთავარი სიყვარულია. ტაძარში სიარულმა ძალიან შემცვალა, ბევრ რამეს მივხვდი. ადრე შეიძლება, ტაძარში არ დავდიოდი, მაგრამ როდესაც ძალიან მიჭირდა, უფალს ვუხმობდი და ყოველთვის ვგრძნობდი მის შემწეობას. მე ბუნებრივად მოვედი აქამდე, ეს არავის დაუძალებია. ყველა ადამიანი ხვდება, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ შენ ეს აზრი თავს არავის უნდა მოახვიო, ყველა თავისი გზით მივა ამ აზრამდე. ეს ერთადერთია, რაც გადაგარჩენს. მხურვალე ლოცვამ ძალიან მძიმე მომენტებში მიხსნა. როდესაც გულით შესთხოვ, უფალი აუცილებლად შენთან იქნება. ეს ძალიან ბევრს განუცდია საკუთარ თავზე, ბევრი იმასაც იფიქრებს: უი, ეს რა ბნელი ყოფილაო. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციაა, მაგრამ მე ვინ ვარ, რომ ეს ადამიანები განვიკითხო?! მათაც თავის გზა აქვთ აქამდე.

– ახლა თქვენი ცხოვრების ისტორიაზე ვისაუბროთ, მაგრამ სანამ მთავარი ამბავი დაიწყებოდა, თურმე მოტაცებებიც ყოფილა.

– კი, რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება, მაგრამ მე ყოველთვის ხმალამოღებული ვიბრძოდი (იცინის). არ მესმის, როდესაც ადამიანს წესიერად არ იცნობ ან, შეიძლება, იცნობ, მაგრამ მისდამი გრძნობა არ გაქვს, მასთან ოჯახი როგორ უნდა შექმნა?! ზოგი მიხვდა, რომ ჩემთან არაფერი გამოვიდოდა, ზოგმა გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ ძალით არაფერი გამოვა და მით უმეტეს, ოჯახის შექმნა. მაშინ ადრეულ ასაკში ქორწინება და მოტაცებები მიღებულივით იყო. ამაზე მეცინებოდა ხოლმე და მეც რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაშინაც გამეცინა, მაგრამ გადავრჩი. მაშინ პატარა ვიყავი, ისე მოვაგვარე ეს ამბავი, ჩემმა ოჯახმა ვერც გაიგო, მხოლოდ ერთხელ მივიდა მათ ყურამდე. მამას ეს რომ გაეგო, ძალიან ინერვიულებდა, საოცრად ემოციური იყო. სულ კონტროლში ვყავდით, ათ საათზე აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავით და გამონაკლისი მხოლოდ ჩემი ლექციები იყო, რასაც ძლივს შეეგუა (იცინის). ისიც იმიტომ, რომ ინსტიტუტთან ახლოს ვცხოვრობდი და სახლში მერაბი მაცილებდა. თან მაშინ მშვიდობიანი დრო იყო.

– მთავარი ამბავი როდის დაიწყო?

– მე და შოთა ერთმანეთს თეატრში შევხვდით, ის სპექტაკლს აფორმებდა. დიდხანს ვმეგობრობდით და ეს ურთიერთობა თავისთავად გადაიზარდა სიყვარულში. სხვათა შორის, ჩემ გარდა ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩემი მეგობარი იყო. როცა კარტები გაიშალა, აღმოჩნდა, რომ ეს გრძნობა ჩემშიც იყო. მანამდე ყველა მეუბნებოდა, შენზე შეყვარებულიაო, მაგრამ მეგონა, რომ მაინც თავს შეიკავებდა და ჩვენი მეგობრობის გამო ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუმცა, ხომ იცით როგორი გრძნობაა სიყვარული, არ მოგასვენებს. როცა გამომიტყდა, ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მეც ჩავეშვი ამ მდინარეში. თან, ჩვენ უკვე პატარები აღარ ვიყავით, ეს გაცნობიერებული გრძნობა იყო. თითქმის ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და 29 წლის ვხვდებოდი, როცა დავქორწინდით. უშუქობა, უკუნეთი, გამყინვარება – ძალიან ცუდი დრო იყო, მაგრამ სიყვარულმა გაანათა ჩვენი ცხოვრება და ის საშინელი პერიოდი ამ ურთიერთობამ გადაგვატანინა.

როდესაც ცოლ-ქმარი ერთ საქმეშია, ეს ძალიან ეხმარება ურთიერთობას. ჩვენ ჯერ რუსთაველის თეატრში ვიყავით ერთად, შემდეგ – თეატრალურ სარდაფში, ახლა – თუმანიშვილში. ერთმანეთის არაჩვეულებრივად გვესმის და ერთმანეთისთვის პირველი შემფასებლები ვართ.
როცა მსახიობის ქმარი ხარ, უნდა იცოდე, რომ შეიძლება, შენი ცოლი ღამე სახლში არ მოვიდეს გადაღებების გამო და შოთა შეგუებულია იმ აზრს, რომ ზოგჯერ დილამდე ვმუშაობ. მის ადგილას სხვას, ალბათ, გაუჭირდებოდა. ოჯახური ცხოვრება პრობლემებითა და სირთულეებითაა სავსე, მაგრამ თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მეგობარია, ყველაფერი დალაგდება. კამათიცაა, ჩხუბიც და გაუგებრობაც, მაგრამ დიდი კრიზისები არ გვქონია. ალბათ, იმიტომ, რომ ზრდასრულ ასაკში გადავდგით ეს ნაბიჯი.

– რომანტიზმი შეინარჩუნეთ?

– ცხოვრება ისეთი რთულია, რომ რომანტიზმის შენარჩუნება ვერ ხერხდება. მით უმეტეს, როცა მატერიალური პრობლემები გაქვს, ჩვენს პროფესიაში კი მუდმივად გამოუვალი მდგომარეობაა. ვერ დავიჯერებ, რომ ურთიერთობიდან 30 წლის შემდეგ რომელიმე წყვილს რომანტიკულობა აქვს შენარჩუნებული. ფრაგმენტულად – კი ბატონო, შეიძლება, ფილმს ვუყუროთ და ერთად ვიტიროთ. მე ვარ რომატიკული, ჩემი ქმარი – არა, კაცები, საერთოდ, ნაკლებად არიან ასეთები. უბრალოდ, იმას მოსწონს, მე რომ რომანტიკული ვარ. ამით საშინლად ერთობა (იცინის).

– ოჯახურ ამბებში როგორი ხართ, დიასახლისობა კარგად გამოგდით?

– იძულებული ვარ (იცინის). ძალიან რთულია სამ მამაკაცთან გამკლავება. რას იზამ, სხვა გზა რომ არაა?! (იცინის). ღმერთმა ქნას, მშვიდობა იყოს და ეს მისიაც არაა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ცხოვრება მარტო პროფესია არაა. საერთოდ სახლში ყოფნა და ფუსფუსი ძალიან მიყვარს. ბევრი ფუსფუსი დამღლელია, მაგრამ მივეჩვიე, საჭმელსაც ვამზადებ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა. დამხმარეებით განებივრებული არ ვარ. სასურველია, რომ ამის კეთება არ მიხდებოდეს, მაგრამ ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ჩვენი სფერო ძალიან დაბალანაზღაურებადია.

– როგორი დედამთილი ხართ?

– ჩემგან დედამთილი არ გამოვიდა. ვერც რძალი აღმიქვამს დედამთილად და ვერც მე აღვიქვამ მას რძლად. ის ჩემი მესამე შვილია. ყოველთვის მინდოდა, გოგო მყოლოდა და ასეც მოხდა. სულ მიხარია მათი სტუმრობა, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ეს რძალდედამთილობის ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში არასასიამოვნოდ აღიქმება, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ძალიან გულისხმიერია, მშრომელი. ის და ჩემი შვილი ერთ საქმეს აკეთებენ, ერთმანეთი შეავსეს. გახარებული ვუყურებ მათ ურთიერთობას. არანაირი შენიშვნა არ მაქვს და არ ვეჭვიანობ. რაც შემეძლო, ყველაფერი მივეცი, ახლა უკვე საკმაოდ დამოუკიდებლები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...