საზოგადოება

მსოფლიოს მრავალრიცხოვანი ხალხები, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფო არ გააჩნიათ

№20

ავტორი: რევაზ ტომარაძე 11:58 24.05, 2024 წელი

ხალხები
დაკოპირებულია

მსოფლიოში ბევრი განსხვავებული ეთნოსი არსებობს, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა არ გააჩნიათ. ზოგიერთი ხალხი არაერთხელ ცდილობდა, შეექმნა თავისი სახელმწიფო, სხვებს კი დღემდე არ ცნობს მსოფლიო საზოგადოებრიობა.

ბასკები

ბასკები რამდენიმე ათასი წლის წინ დაფუძნდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს უკავიათ: პირენეის ნახევარკუნძულზე, საფრანგეთში, სამხრეთ ბელგიაში, ესპანეთში, ბისკაის ყურეში.

ბასკურ დიასპორებს რამდენიმე მილიონი ადამიანი შეადგენს და ევროპის გარდა, ბინადრობენ ჩილეში, არგენტინაში, ბრაზილიაში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში. მოცემული ეთნოსის ზუსტი წარმომავლობა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. დღეისთვის უშუალოდ ავტონომიურ საზოგადოებაში, რომელსაც ბასკთა ქვეყანა ეწოდება და ესპანეთის ჩრდილოეთში მდებარეობს, ამ ეთნოსის 3,7 მილიონამდე წარმომადგენელი ცხოვრობს.

ბასკებს ისე უნდოდათ შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო, რომ 1959 წელს ტერორისტული ორგანიზაცია „ეტა“ დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანი იყო, დამოუკიდებლობა მიეღოთ საფრანგეთისა და ესპანეთისგან. „ეტამ“ მრავალი ტერაქტი ჩაატარა და საბოლოოდ, განიარაღების სანაცვლოდ განსაზღვრული ავტონომია მიიღო. დღესდღეობით ბასკები ბევრად უფრო მშვიდობიანად ცხოვრობენ, მაგრამ დროდადრო იწყებენ მცდელობას, სრულ დამოუკიდებლობას მიაღწიონ.

ბოშები

ეს ხალხი, რომელიც 10 მილიონამდე (სხვა მონაცემებით 18 მილიონამდე) ადამიანს ითვლის, ჩრდილოეთ ინდოეთში წარმოიშვა. საერთაშორისო საზოგადოებაში მიღებულია, ბოშებს ეწოდოთ „რომა“. მოცემული ეთნოსის წარმომადგენლები ამჟამად ცხოვრობენ ევროპაში (ყველაზე მეტი), ბრაზილიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილო აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაშიც კი. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, თავდაპირველად, დაახლოებით, 1 000-მდე ბოშა გამოვიდა ინდოეთიდან და დაიწყო მოგზაურობა. რუსეთში ბოშების შესახებ მეთვრამეტე საუკუნეში გაიგეს, ხოლო მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან ისინი უკვე ყველა კონტინენტის მოსახლე გახდნენ.

1971 წელს ლონდონში ჩაატარეს ბოშათა მსოფლიო კონგრესი, სადაც ჩამოყალიბდა ბოშათა საერთაშორისო კავშირი. ბოშებმა მაშინ საკუთარი თავი აღიარეს ერთიან, მაგრამ არატერიტორიულ ერად. სწორედ „არატერიტორიულობის“ მიზეზის გამო დღესდღეობით ბოშებს არა აქვთ შანსი, მიიღონ ტერიტორია საკუთარი ქვეყნის შესაქმნელად.

უიგურები

უიგურები აღმოსავლეთ თურქესტანის ხალხია, რომელიც 11-13 მილიონ ადამიანს ითვლის. დღეისათვის ეს მაჰმადიანი სუნიტები უპირატესად ჩინეთის დასავლეთში, სინცძიანის რეგიონში ბინადრობენ. ამ ხალხის დიასპორა, ასევე, არის თურქეთში, რუსეთში, ყაზახეთში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში. უიგურებს აკუთვნებენ თურქულენოვან ჯგუფს. ისტორიულ წყაროებში ისინი იხსენებიან ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან. სხვადასხვა დროს უიგურებს ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოები: უიგურული კახანატი, უიგურთა სახელმწიფო, ხოჯების თეოკრატიული სახელმწიფო, კუმულთა საყაენო, ტურფანთა საყაენო, იეტტიშარი, ილიის სასულთნო, აღმოსავლეთ თურქესტანის რევოლუციური რესპუბლიკა და სხვა. ამ სახელმწიფოების უმეტესობა 1949 წელს ნებაყოფლობით შეუერთდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. 1955 წლიდან უიგურთა უმეტესობა მოსახლეობს სინცძიან-უიგურულ ავტონომიურ რაიონში, რომელიც ჩინეთის ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენს.

სიკხები

ამ ხალხს, რომლის რიცხოვნობა 25 მილიონს აღწევს, ასევე, აქვთ საკუთარი რელიგია და ენა – პანჯაბი. სიკხები ცალკეულ ეთნოკონფესიურ ჯგუფად 1600-იან წლებში ჩამოყალიბდნენ. 1830-იან წლებში სიკხების იმპერია გადაჭიმული იყო ინდოეთის არა მარტო რამდენიმე რეგიონის ტერიტორიებზე, არამედ პაკისტანისა და ავღანეთის ნაწილზეც. დღეს ინდოეთში 20 მილიონამდე სიკხი ბინადრობს, რომლებიც ისწრაფვიან, შექმნან საკუთარი სახელმწიფო.

1980-იან წლებში სიკხიზმის მიმდევრებმა, მართალია, არა სრულად კანონიერი სეპარატისტული მეთოდებით, თითქმის შეძლეს, შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო – ჰალისტანი. მაგრამ, ინდოეთის მთავრობას არ მოეწონა ასეთი იდეა – ინდოეთის ხელისუფლებამ მხოლოდ რელიგიური ავტონომიის უფლება მისცა მათ. საკუთარი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა სიკხებისთვის, ალბათ, შეუძლებელი იქნება.

ქურთები

ქურთების რაოდენობა მსოფლიოში 38 მილიონს (სხვა მონაცემებით – 53 მილიონს) აღწევს. მათი უმეტესობა მოსახლეობს ქურთისტანის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ოლქში, რომელიც მდებარეობს თურქეთის, ირანის, სირიის, ერაყის ტერიტორიებზე. ქურთული დიასპორები, ასევე, არის გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ავღანეთის, ისრაელის, ლიბანის, რუსეთის, ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.

ქურთები მეოცე საუკუნის პირველივე წლებიდან იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათ თურქეთმა შეუშალა ხელი, შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო, მოგვიანებით კი ომებმა სირიასა და ერაყში. ოფიციალურად ქურთისტანი ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევა 1920 წლიდან. ასე გადაწყვიტა მსოფლიო არბიტრაჟმა, მაგრამ, ქურთისტანის სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ფაქტობრივად, „ქურთების ქვეყანა“ ოთხ ქვეყანაშია განლაგებული: „დიდი ქურთისტანის“ შესაქმნელად ქურთებს მოუწევთ პრეტენზია წაუყენონ ერთბაშად სირიასაც, ირანსაც, თურქეთსაც და ერაყსაც. რასაკვირველია, ეს ქვეყნები, სეჭვოა, რომ ნებაყოფლობით დაეთანხმონ ქურთებს საკუთარი ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე. ამიტომაა, რომ ეს ხალხი ჯერჯერობით მხოლოდ კულტურული ავტონომიით კმაყოფილდება.

ტიბეტელები

ტიბეტელებმა დამოუკიდებლობა 1949 წელს დაკარგეს: მაშინ ტიბეტის თეოკრატიული სახელმწიფო ჩინელებმა მიიტაცეს. დღეს ტიბეტი ისტორიული ადგილია, სადაც ყველა ტიბეტელი ცხოვრობდა. ის წარმოადგენს ჩინეთის ნაწილს და ქმნის ტიბეტის ავტონომიურ რაიონს. ტიბეტელების რიცხოვნობა ჩინეთში, სხვადასხვა მონაცემით, 5,4 მილიონიდან 6,4 მილიონამდეა. ტიბეტელები ასევე, მოსახლეობენ ბუტანში, ნეპალში, ინდოეთის ჩრდილოეთში, დასავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ჩრდილო ამერიკაში.

პირველად ტიბეტური ტომები მეექვსე საუკუნეში გაერთიანდნენ. ტიბეტის იმპერია ცნობილი იყო მეშვიდე საუკუნიდან. 1959 წლიდან მთელი ტიბეტი ოფიციალურად შედის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, ხოლო მისი მთავრობა, სულიერი ლიდერის მეთოთხმეტე დალაი-ლამა ტენზინ გიაცოს სახით დევნილობაში იმყოფება ინდოეთში. ჩინეთს არ სურს, ავტონომია მისცეს ტიბეტელებს, მიუხედავად იმისა, ამ ერს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იწყება, აქვს თავისი ენა, რელიგია (ბუდიზმი) და კულტურა.

აღსანიშნავია, რომ ბუდიზმი ზოგ დასავლეთის ქვეყანაშიცაა გავრცელებული, ტიბეტური მედიცინა კი ბევრგანაა პოპულარული. სწორედ ამიტომ გაქცეულმა დალაი-ლამამ დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო და აქედან გამომდინარე, ტიბეტის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხები ხშირად ისმება მსოფლიო საზოგადოებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა