საზოგადოება

მოემზადე სადღესასწაულო სეზონისთვის - რჩევები, როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე

ავტორი: „თბილისელები“ 13:58

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე
დაკოპირებულია

ნაძვის ხის მორთვა, ერთი შეხედვით, რთული სულაც არ არის. ტოტები კარგად უნდა გაშალო, ზედ ფერადი სათამაშოები დაკიდო და განათება შემოახვიო. ამას ხომ ბავშვობიდან ყოველ წელს ვაკეთებთ? მაგრამ თუ შენთვის ესთეტიკა მნიშვნელოვანია და ამ საქმეს სერიოზულად უდგები, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევს.

ალბათ, სოციალურ ქსელებში შენც გხვდება ულამაზესი, დიდი და ფუმფულა ნაძვის ხეები, რომლებიც მნახველს წამსვე სადღესასწაულო განწყობაზე დააყენებს. თუ გსურს, შენს ინტერიერშიც მსგავსი ეფექტი შექმნა, მაშინ მიჰყევი რჩევებს, როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე.

დავიწყოთ ნაძვის ხით

სანამ მორთვაზე გადავალთ, პირველ რიგში, თავად ნაძვის ხე უნდა მოვამზადოთ. შენ რომელს ანიჭებ უპირატესობა - ბუნებრივი გირჩევნია, თუ ხელოვნური? სხვათა შორის, ამ წელს საკმაოდ აქტუალურია ბუნებრივი ნაძვის ხე, რომელიც შემდგომ ქოთანში შეგიძლია გადარგა და გაახარო. ორივე ვარიანტს თავისი უპირატესობები აქვს. ხელოვნური ნაძვის ხე გაცილებით მარტივი მოსავლელია, ამასთან მისი გამოყენება მრავალჯერადად შეგიძლია წლების განმავლობაში. ბუნებრივი ნაძვის ხე, იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ხეს გაახარებ, უფრო ეკომეგობრული გადაწყვეტილებაა. ასევე ბევრს ხელოვნური ნაძვის ყურებას, ურჩევნია, ცოცხალ ხეს უყუროს, მაშინაც კი, როცა ნაძვის ხე რეალისტურია და ბუნებრივისგან რთული გასარჩევია.

თუ ბუნებრივი ნაძვის ხის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რამდენად ჯანმრთელ ხეს აარჩევ, ხელოვნურ ხეს წიწვების გაშლა სჭირდება. დარწმუნდი, რომ ყველა ტოტი სათანადოდ არის გაშლილი და ერთიანობაში ხე შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს ქმნის.

შემდეგი ნაბიჯი - განათება

სანამ სათამაშოებს დაკიდებ, შემდეგი ნაბიჯი განათებაა. ნუ დაუშვებ გავრცელებულ შეცდომას. გახსოვდეს, პირველ რიგში, ხეს ნათურები უნდა შემოახვიო. წინააღმდეგ შემთხვხევაში, გაცილებით გაგიჭირდება მოსართავებზე ზემოდან განათების გაკეთება და ვიზუალურადაც უშნო გამოვა. ასევე, სასურველია, წინასწარ შეამოწმო, რომელიმე ნათურა გადამწვარი ხომ არაა. თუ მორთვის დასრულების შემდეგ აღმოაჩენ, რომ განათება კარგად არ მუშაობს, მისი შეცვლა გართულდება, რადგან მთელი ნაძვის ხის დაშლა მოგიწევს. განათება ტოტებს არამარტო გარედან, შიგნითაც უნდა გადაატარო. ეს ტექნიკა ხეს უფრო ლამაზად გამოაჩენს და მოცულობას შესძენს.

რის მიხედვით ვარჩევთ სათამაშოებს

კარგი იქნება, თუ ხეზე სათამაშოებს თემატურად დაკიდებ. შეგიძლია, აარჩიო რამდენიმე ფერი და დეკორაციებში მხოლოდ ამ ფერის სათამაშოები გამოიყენო. მაგალითად, ამ წელს პოპლუარულია - წითელი, ბორდოსფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი. შეგიძლია, ამ ტენდენციას მიჰყვე და შენი ინტერიერიც ამ ფერებში მორთო. თუ ნაკლებად მკვეთრი ფერები გირჩევნია, ლურჯი, თეთრი და ვერცხლისფერი - კლასიკური საახალწლო კომბინაციაა, ისევე, როგორც მწვანე, წითელი და ოქროსფერი. გადაწყვეტილების მიღებაში შენი ინტერიერიც დაგეხმარება. დააკვირდი, როგორი ტონები ჭარბობს - ცივი, თუ თბილი. საახალწლო დეკორაციებიც ამის მიხედვით შეუხამე. კარგი იქნება, თუ სხვა სათამაშოებთან ერთად ბაფთებს ან წვიმებს გამოიყენებ. მასიური ფორმები ნაძვის ხეს უკეთ ავსებს და უფრო თვალისმომჭრელი ეფექტი აქვს. დაბოლოს, არ დაგავიწყდეს კენწეროში ვარსკვლავის ან საშობაო ყვავილის დასმა.

როგორ გადავანაწილოთ სათამაშოები ნაძვის ხეზე

სათამაშოების დაკიდებისას ეცადე, შედარებით დიდი ბურთები შიგნით დაკიდო. ეს ცარიელ სივრცეს შეავსებს და ასევე არეკლილი განათება უფრო ლამაზად გამოჩნდება. შენი საყვარელი სათამაშოები გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდე, რომ თვალში ადვილად მოსახვედრი იყოს. კარგი იქნება, თუ ერთი ფერის სათამაშოებს ერთად არ მოახვედრებ. აჯობებს, ზიგზაგისებურად გადაანაწილო. პერიოდულად გვერდიდან შეხედე ნაძვის ხეს და ამოწმე, როგორ აღიქმება დეკორაციები უცხო თვალისთვის.

შეჯამება

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, აუცილებლად შეძლებ სიმეტრიული, თვალშისაცემი, შთამბეჭდავი დიზაინის შექმნას. შეგიძლია, დასრულებული პროექტი შენც გაუზიარო აუდიტორიას სოციალური მედიის საშუალებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი