საზოგადოება

მხატვარმა გელა პატიაშვილმა თბილისში მიუსაფარი ძაღლების ქანდაკებების დადგმა გადაწყვიტა

№29

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 27.07, 2022 წელი

გელა პატიაშვილი
დაკოპირებულია

მალე თბილისში მიუსაფარი ძაღლების ქანდაკებები დაიდგმება, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ეგრეთ წოდებული, „საყურეებიანი ცუგების“ სკულპტურები განთავსდება. იდეის ავტორი მხატვარი გელა პატიაშვილია, რომლის შემოქმედებაშიც ცხოველები და მით უმეტეს ძაღლები, ჭარბობს. შეიძლება, ისიც ითქვას, რომ ბატონი გელა ქართველი მხატვარ-ანიმალისტია, რაზედაც გავლენა, ბავშვობიდან მოყოლებული, ცხოველების დიდმა სიყვარულმა მოახდინა. უფრო კონკრეტულად, სად განთავსდება სკულპტურები ინტერვიუდან შეიტყობთ.

გელა პატიაშვილი: უცხოეთის არაერთ ქვეყანაში არსებობს ძაღლების სკულპტურა, მაგრამ არც ერთი არ არის მიუსაფარი ცუგების. ძიების შედეგად, ერთადერთი, რასაც მივაგენი, თურქეთში ერთ მიუსაფარ კატას დაუდგეს ძეგლი და სულ ესაა. ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვა მიდგომებია მიუსაფარი ძაღლების მიმართ. ამ ცხოველების გარჩევა ქუჩაში ყველასთვის მარტივია, მათ, ძირითადად, ყვითელი „საყურეები“ უკეთიათ. სწორედ მათი ანალოგი ექნებათ სკულპტურებს.

– ბატონო გელა, როდის გაჩნდა იდეა?

– წელიწად-ნახევრის წინ მოეწყო გამოფენა, რომელსაც ერქვა „სად არის ჩვენი აწმყო“. გამოფენის ძირითადი პერსონაჟები ძაღლები იყვნენ, მითოლოგიურ თემატიკას ეხებოდა და ხელოვანებს ადამიანური სცენები ცუგებით ჰქონდათ ჩანაცვლებული. იმდენად მოვიხიბლე ამ ყოველივეთი, სკულპტურების შექმნა და ქალაქის ქუჩებში განთავსება აღნიშნული გამოფენის მეორე ნაწილად ვაქციე. ჩემი მიზანია, მიუსაფარი ძაღლები გადაიკვეთონ თავიანთ სკულპტურებთან. ნამდვილად საინტერესო და უჩვეულო იდეაა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში, თურმე, არაერთი ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს იცავენ. სოციალურ ქსელშიც საკმაოდ დიდი ჯგუფია ამ მიზნისთვის შექმნილი. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ახალგაზრდა თაობის ცნობიერება შევცვალოთ. უნდა გავათვითცნობიერეთ, რომ მიუსაფარი ცხოველები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათაც აქვთ ემოციები, სოციალური ცხოვრება და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერა, სიყვარული და მოფრთხილება სჭირდებათ. გამოფენაზე, ანა კორძაია-სამადაშვილმა დაწერა მხარდასაჭერი ტექსტი. უკვე სკულპტურების თემაზე შემოგვთავაზა აკა მორჩილაძის წიგნი – „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, სადაც აღწერილია მათი სოციალური ცხოვრება და ყოფა. ამ ცხოველებს თავიანთი სისტემა აქვთ, მართალია, ეს ლიტერატურული ნამუშევარია, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მიუსაფარი ძაღლები ბევრად უფრო სოციალურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც სახლში ჰყავთ გამოკეტილი.

– სად განთავსდება ტერიტორიულად ეს ქანდაკებები?

– პირველი შემოთავაზება, რომ ფალიაშვილზე დაგვედგა, ზემოთ ნახსენები ნაწარმოების გამოძახილი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ტერიტორია ინსტალაციას არ უხდება – მეტი თავისუფალი სივრცეა საჭირო. შემდეგ დავიწყეთ მსჯელობა, თუ სად შეიძლებოდა მათი განთავსება და რამდენიმე ლოკაცია შეირჩა, მათ შორის ერთ-ერთია „ვაკის პარკის“ შესასვლელი, ჭავჭავაძის მხრიდან. ველოდებით ნებართვას და სექტემბრის თვეში დიდი ივენთით დავაგვირგვინებთ ამ საქმეს.

– უკვე მზად გაქვთ სკულპტურები? თავად შექმენით?

– დიახ, ყველაფერი მზადაა. უბრალოდ, რაღაც საკითხების გამო გაიწელა მათი დადგმა, თან ზაფხულის ცხელი დღეებია, მოქალაქეებიც ქალაქგარეთ არიან გასულები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, სექტემბრისთვის გადაგვედო. თავად შევქმენი და იდეაც ჩემია. სხვათა შორის, ეს გახლავთ პირველი ჩემი სერიოზული ნამუშევარი ქანდაკებაში, რომელმაც სამომავლოდ უამრავი იდეა მომცა განსახორციელებლად. ასევე, მიხარია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში უამრავ პროფესიონალს გადავეკვეთე და რომ არა ეს ყოველივე, ალბათ, მათი გაცნობის საშუალება, არ მექნებოდა.

– როგორც აღნიშნეთ, პროექტის მიმართ დაინტერესება დიდია. იყო შემოთავაზება, რომ მიუსაფარი ცხოველების ნაცვლად, ჯიშიანი ძაღლების ქანდაკებები დაგედგათ?

– დიახ, ნამდვილად იყო მსგავსი შემოთავაზება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჯიში არ იყო ის კრიტერიუმი, რითაც ვხელმძღვანელობდი. სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლა ბევრი ჯიშიანი ძაღლი დადის ქუჩაში, თუმცა ეს აცდენა იყო ჩემს იდეასთან. ძაღლების მიმართ, მით უმეტეს, ქუჩის ძაღლების მიმართ სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ამ პროექტით არ ვახდენ მათ დისკრიმინაციას და არ ვაქცევთ ყურადღებას მათ ჯიშს. ეს ყოველივე ერთგვარი სიყვარულისა და მოთმინების მანიფესტია, რადგან სიყვარული მოთმინების გარეშე არ არსებობს. მატერიალური ღირებულება ვერასოდეს ჩაანაცვლებს ამ ყოველივეს.

– ზოგადად, თქვენს შემოქმედებაში ცხოველები მრავლად არიან. როდიდან გაქვთ მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება?

– დიახ, ხშირად ვხატავ ცხოველებს და ალბათ, ანიმალისტი ვარ. არ ვიცი, საქართველოში რამდენი მხატვარ-ანიმალისტია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მე გახლავართ. მათ მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდან დაიწყო. ცხოველი სულ გვყავდა სახლში, განსაკუთრებით, ძაღლები. კატებთან ისე ვერ ავაწყვე ურთიერთობა, როგორც ძაღლებთან. გამორიცხული ისიც არ არის, რომ წინა ცხოვრებაში ძაღლი ვყოფილიყავი, რადგან მართლა კარგად მესმის მათი. ისევე მიყვარს ძაღლები, როგორც ადამიანები. ზოგი კარგია, ზოგი – მეტ-ნაკლებად და მომწონს მათ გარემოში ყოფნა. მართალია, ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, მესმის მათი თითოეული გამოხედვის და ყოველთვის ვხვდები, რა უნდათ. თავად კი ყველაფერს ხვდებიან და ესმით, ხანდახან ადამიანებზე უკეთესადაც კი. გამონათქვამიც არსებობს: რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარს ძაღლები. ეს სიტყვები ხშირ შემთხვევაში სიმართლეს შეესაბამება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი