მიშიკო რამიშვილი:ყოველთვის ხისტად ვმოქმედებ, ჩემი თავის საზიანოდ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.05
მიშიკო რამიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის მიშიკო რამიშვილი?
მიშიკო რამიშვილი: საქართველოს მოქალაქე, ადვოკატი და მუსიკოსი. რაც მთავარია, ოთარ რამიშვილის შვილი და კარგი ოჯახის მამა.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, როგორიც იყო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს, მთლიანი, თავისუფალი და ბედნიერი, კარგი სოციალური მდგომარეობით.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ალბათ, ვარ. როგორ არა, ადამიანი ამის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი კუპლეტი მაქვს: „სულით გიჟი ვარ, გულით – ველური, მშვიდი ვარ, მაგრამ გადარეული“. რაც შეეხება გულჩვილობას, ცრემლი მადგება თვალს, როცა ვხედავ, როგორ ანიჭებს დიდ ბედნიერებას ერთი ადამიანი მეორეს. როცა ადამიანს, ერთი შეხედვით, აუხდენელი ოცნება აუხდება და მის ემოციებს უყურებ, როგორ გინდა, ცრემლი შეიკავო?!
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ყველაზე მეტი ცრემლი და ყველაზე დიდი ტკივილი ჩემში მამაჩემის გარდაცვალებამ გამოიწვია.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარული ადამიანი იყოთ?
– ეს მიზნად არასდროს მქონია. ცნობადობა გენეტიკურად მომყვება, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე სასიამოვნო სურვილი. ისეთ რეზონანსულ საქმეებში მიმიღია მონაწილეობა, რომ გარკვეულწილად, ჩემს წრეებში, ახალგაზრდობამ, ვინც იურისპრუდენციაში მუშაობს, უცხოეთშიც კი იციან ჩემ შესახებ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?
– ჩემს ყველაზე უარყოფით თვისებად მიმაჩნია ხისტი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. მე არასდროს მიფიქრია, ხომ არ დამაზარალებდა ესა თუ ის ქმედება პირადად მე. ყოველთვის ვფიქრობ და ვზრუნავ იმაზე, რომ სხვა არ დაზარალდეს, მაგრამ არასდროს საკუთარ თავზე. ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ დიდი საშიშროების წინაშე, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად არასდროს მიმოქმედია. პირიქით, ყოველთვის ხისტად ვმოქმედებდი ჩემი თავის საზიანოდ.
– არ დაგიზიანებიათ თავი ამის გამო?
– ძალიან ბევრჯერ. არაფერი დარჩენილა, რაც მე არ გადამხდენია თავს, იქნება ტრავმები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, მაგრამ მე მაინც ასეთი ვარ. ადამიანებთან საერთო ენას ყოველთვის ვპოულობ, მაგრამ სისტემასთან შეჯახებები ხშირად მქონია და ამით მუდმივი დაძაბულობა სდევს ჩემს ცხოვრებას. ყოველთვის საფრთხის წინაშე ვიყავი. თუმცა, უკან დახევა არ მახასიათებს. ვიცი, რომ კონკრეტულმა ნაბიჯმა პირადად მე და ჩემს ჯანმრთელობას, შეიძლება, ძალიან დიდი ზიანი და უბედურება მოგვიტანოს, მაგრამ თუ ამით კარგი საქმე კეთდება, მე სიცოცხლეს დავთმობ. მე ასეთი დავიბადე და ასეთი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– შემრცხვენია, გავწითლებულვარ და ასე შემდეგ? – ასეთ რამეს ვერ გავიხსენებ, რადგან ყველაფერს, რასაც მე ვახორციელებ, იქნება ეს საუბარი, ქმედება თუ სხვა, ყველაფერი ღირსების ფარგლებშია. ჩემს სახელს ძალიან ვუფრთხილდები. უსამართლოდ ბევრჯერ დაუბრალებიათ რაღაც-რაღაცები. ეს ახასიათებს ადამიანების გარკვეულ კატეგორიას. პირში ვერა, მაგრამ ზურგს უკან რაღაცებს ლაპარაკობენ შენ შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაც ჩემს ღირსებას ცუდად შეეხება, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ ჩამიდენია. თუ ოდესმე საკუთარი თავის შემრცხვება, შეიძლება, ძალიან ცუდი განაჩენი გამოვუტანო მას. ჩემთვის არსებობს საპატიებელი და უპატიებელი შეცდომები. საპატიებელს ხშირად ვუშვებ, უპატიებლისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ასეთის ჩადენის შემთხვევაში, ჩემს თავს საშინელ განაჩენს გამოვუტან.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– კი, მომიპარავს (იცინის). ყოფილა რაღაც სიტუაციები, მაგრამ არასდროს ჩემთვის. მომხდარა ისე, რომ ადამიანს ძალიან უჭირდა, ძალიან სჭირდებოდა და არ მქონდა შესაძლებლობა, სხვა გზით დავხმარებოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, რომ რაღაც მომეპარა და დავხმარებოდი. მე ასე ვცხოვრობ. ვმსხდარვართ და გვიფიქრია, რით დავეხმაროთ ამ ადამიანს? ამ დროს არავის არაფერი გაგვაჩნდა. არაფერი მითქვამს, არ მიყვარს იმის აფიშირება, რასაც ვაკეთებ. წავედი, შევასრულე და კონკრეტულ ადამიანს ხელი გავუმართე. მაგრამ ასეთი პრინციპი მაქვს – სხვისი ბედნიერებისთვის არავის გავაუბედურებ. უბრალოდ, არიან ადამიანები, ვისაც ყველაფერი ძალიან ზედმეტი აქვთ (იცინის).
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– რასაც ვერ ვიტან და რასაც არასდროს შევეგუები, ეს არის ტყუილი და მატყუარა ადამიანები. მეზიზღებიან ასეთები. არ მომატყუო, თორემ შეიძლება, ძალიან ცუდად მოვიქცე. როცა ვგრძნობ, ვინმე მატყუებს, პირდაპირ ვეუბნები, მოდი რა, ცხოვრებაში ყველაფერი ალალად ჯობს... ჩემი მოტყუება ძალიან ძნელია.
– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?
– მაგის მეტი რა ყოფილა. ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, ჩვენს შორის დიდი გრძნობები გაჩნდა, მაგრამ მის მშობლებს სხვა ადამიანზე ჰქონდათ სწორება. ჩემი მეუღლე დედისერთაა და ძალიან მკაცრი სასიდედრო მყავდა. ისე რომ, არც მიფიქრია პირდაპირ ავედი მათთან სახლში, ტორტი ავუტანე და ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემი სასიდედროსთვის, ყველაფერი ისე ლამაზი და სახალისო გამოვიდა, რომ ლამის თავის ხელით გადმომილოცა საკუთარი შვილი. რომ შევედი და შემომხედა, პირდაპირ მითხრა, შენ მაგარი ნაგლი ვიღაც ხარ, ასეთიც არ მეგონეო (იცინის). მერე, როცა გავიპარეთ, ჩვენთან ჩამოვიდა და მითხრა, ჯერ კიდევ როდის გითხარი, რომ მაგარი ნაგლი იყავიო. რას ვიზამთ, მე კარგ ადამიანს გვერდიდან არ ვიშორებ-მეთქი, ვუპასუხე (იცინის).
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– არაერთხელ, მაგრამ ვერიდები ამ თემაზე საუბარს. ამ მდგომარეობამდე მხოლოდ ერთ რამეს მივყავარ – ადამიანმა ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს, რომლითაც მორალს, ზნეობას, კაცობას და ვაჟკაცობას ანადგურებს. ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ადამიანის სახე გაანადგურო. თუ ასეთ რამეს წავაწყდი, მერე დაუნდობელი კი არა, ჩემს თავს ვეღარ ვმართავ. პირობითად, როცა საქმე ეხება გაუპატიურებას, არასრულწლოვანთან ამორალური დანაშაულების ჩადენას, ადამიანურობის ფარგლებს რაც სცდება, ასეთ შემთხვევაში მართლა ძალიან სასტიკი ვარ.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სახაზინო წესით, შეიძლება, ისეთი ადამიანის დაცვა დაგევალოს, როგორიც ვახსენე, მაგრამ არის დანაშაულების კატეგორიები, რომლის ჩამდენს არათუ დავიცავ, პირიქით, შეიძლება, ჩემგან გახდეს დასაცავი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ძალიან კარგი შვილები მყავს – ქალიშვილი, ლიზა რამიშვილი, რომელიც მსოფლიოში წარმატებული მუსიკოსია. ვაჟი, ლუკა რამიშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონია ფარიკაობაში. კარგად მღერის და კარგად უკრავს. ჩემი გვარი და ოჯახი – ამაზე მეტი გამარჯვება მე არ ვიცი.
რაც შეეხება მარცხს, საქართველოში ყველა კარგად უნდა იყოს, ყველას უნდა ემღერებოდეს, დილას ყველა ღიმილით უნდა იწყებდეს, სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ იმას, რომ ამისთვის ყველას შესაბამისი პირობები შევუქმნა და ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ მარცხად.
– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი?
– ადამიანი რომ გაგიღიმებს და შენდამი პატივისცემას გამოხატავს, ეს ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაზე დიდი შემფასებელი და დამფასებელი სამართლიანი ადამიანია, რომელსაც დათვური სამსახურის ნაცვლად პირდაპირ შეუძლია გითხრას, როგორც კარგი, ისე გამოსასწორებელიც. რაც შეეხება ნეგატივს, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ესეც არასდროს დამკლებია. ძალიან ბევრჯერ გულიც მტკენია. იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, ციანიდის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და მთელი ინსტიტუტები მუშაობდნენ ჩემს დისკრედიტაციაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ვისაც მივწვდი, პასუხის გარეშე არ დამიტოვებია. ჩემთვის არ არის სულერთი ასეთი რამეები. საყვედურს ყოველთვის მივიღებ, თუ კი ის მეკუთვნის. შენიშვნასაც ვიღებ. მაგრამ როცა უმიზეზოდ მლანძღავდნენ, არ ვმალავ, ამ ადამიანებს მე პირდაპირ ვუკავშირდებოდი. მერე ფირფიტას ცვლიდნენ, უიმე, მე არ ვყოფილვარ, სხვამ გამოიყენა ჩემი ტელეფონი, უი, არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი და ასე შემდეგ. ვისაც მე ვერ მივწვდი, ვუთხარი, აგერ არის ჩემი ნომერი, ჩემი მისამართი, ჩემს ნახვას წინ არაფერი უდგას და თუ ვინმეს რამე გაქვთ სათქმელი, პირდაპირ მნახეთ და მითხრით, თუ ჩემთვის კარგის გაკეთება გინდათ. ტყუილად მლანძღო, ამას ნამდვილად არავის ვაპატიებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან