საზოგადოება

მიხეილ რამიშვილი: იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვარ, რომ ოჯახის წევრებს პატარა, შავი სასახლეც კი ჰქონიათ შეკვეთილი - გადარჩენის შანსი არ იყოო

№45

ავტორი: ეთო ხურციძე 23:00 13.11, 2023 წელი

მიხეილ რამიშვილი
დაკოპირებულია

ცნობილი ადვოკატი და მუსიკოსი მიხეილ რამიშვილი თბილისის კოლორიტის, კომპოზიტორის, პოეტისა და მომღერლის, ოთარ რამიშვილის შუათანა ვაჟია. ბატონი მიშა გახმაურებული საადვოკატო საქმეებით მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სტატიაში წაიკითხავთ მიხეილ რამიშვილის მოგონებებს მამაზე, გაეცნობით მის ხიფათებით სავსე გზასა და არაერთ საინტერესო პერიოდს მანტიის მიღმა ცხოვრებიდან.

მიხეილ რამიშვილი: მამა მასწავლიდა გიტარაზე დაკვრას. 3 წლის ვიყავი, როცა ჩემთვის სპეციალურად პატარა გიტარა გააკეთებინა. ეს სწავლების პერიოდი მახსენდება ყველაზე ლამაზ მოგონებად, რადგან ხშირი კომუნიკაცია მქონდა მასთან. ცოტა მკაცრი იყო, მაგრამ ბავშვურად მიდგებოდა. 5 წლის ასაკში პირველად გამოვედი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გიტარისტების საერთაშორისო კონკურსზე. მართალია, კონკურსში მონაწილეობას არ ვიღებდი, მაგრამ საჩვენებლად გამომიყვანეს, როგორც კლასიკური ნაწარმოებების ერთ-ერთი ყველაზე პატარა შემსრულებელი. სცენაზე გასვლის წინ მამამ მითხრა: ხომ იცი, მამა, შენ არაფერი არ უნდა შეგეშალოსო. დაკვრის პროცესში მართლაც არაფერი შემშლია და მსმენელთა დიდი ოვაციებიც გამოვიწვიე. მერე უნდა მემღერა, მაგრამ სიმღერის მეორე სტროფი დამავიწყდა და კულისებში მდგომ დედას დავუძახე: დედა, მეორე კუპლეტი როგორაა, დამავიწყდა-მეთქი (იცინის). დედა ბევრად მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ, ვიდრე მამა. მამა პატარა ბავშვივით გვეთამაშებოდა და რასაც ვთხოვდით, ყველაფერს გვისრულებდა. სამივე ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, გარდატეხის ასაკშიც არასოდეს გვქონია უთანხმოება. ვხედავდი, ჩემი მეგობრების დამოკიდებულებას მათ მშობლებთან – არ ჰქონდათ სიახლოვე. მამაჩემთან მოდიოდნენ ხოლმე საიდუმლოებების მოსაყოლად. მისი დამოკიდებულება შვილებთან ჩემთვის სამაგალითო იყო და სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით ვაგრძელებ ჩემს შვილებთან ურთიერთობას.

– მუსიკოსობიდან – იურისტობამდე... რატომ იურიდიული?

– ჯერ მუსიკოსთა ათწლედში ვსწავლობდი, ვიოლინოზე, შემდეგ კონსერვატორია დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდში ბევრი საინტერესო შემოთავაზება მქონდა. ვუკრავდი ორკესტრშიც, კვარტეტში, ტელევიზიის ორკესტრში... გარდა ამისა, სიმღერებსაც ვწერდი და დღემდე ვწერ. მუსიკას მაინც ვერ ვშორდები – ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილია. ყოველთვის უსამართლობის წინააღმდეგი ვიყავი და სულ სამართლიანობისთვის ვიბრძოდი. ეს ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რადგან გამუდმებით შარში ვეხვეოდი, თუმცა, ეს შარი ჩემგან არ გამომდინარეობდა. როცა უსამართლობას ვხედავდი, აუცილებლად ვერეოდი. სამართალი რომ უკეთ დამეცვა, ამიტომ გადავწყვიტე იურიდულზე ჩაბარება და უკვე 25 წელია, რაც ადვოკატი ვარ. ჩემთვის მუსიკა და სამართალი გაერთიანებულია. გარკვეულწილად, იურისპრუდენციაც ხელოვნება და შემოქმედებაა. როცა შენ ადამიანის დასაცავად საპაექრო სიტყვას ამბობ, ეს არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი, რუტინული ტექსტი, ეს მთელი თეატრია...

– იმ პერიოდში ვიოლინოთი ქუჩაში სიარული არ იქნებოდა მარტივი, ამის გამო პრობლემები თუ შეგქმნიათ?

– ნიჭიერთა ათწლედიდან რომ გამოვდიოდი, „კაი ბიჭები“ იდგნენ ხოლმე. ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან, ზოგიც ცოცხალი აღარაა... „სკრიპკა“ და მსგავსი წამოძახილები ჰქონდათ, რაც მერე ვაჟკაცურ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე, ბოლოს კი შერიგებით მთავრდებოდა. 90-იან წლებში, როცა ქვეყანა ძალიან აირია და ყველა ავტომატებით დარბოდა, ჩვენ კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, სადაც „კავსაძის საძმო“ არსებობდა. ამ ქუჩის გავლა მარტივი არ იყო, გამოვიდოდი თუ არა სახლიდან, მაშინვე პოლიციის ალყაში ვხვდებოდი, რატომღაც ეგონათ, რომ ვიოლინოს ფუტლარით ავტომატი მიმქონდა. რომ ვეუბნებოდი, ინსტრუმენტი იყო და არა ავტომატი, არ სჯეროდათ. რომ გახსნიდნენ, გიჟდებოდნენ, რად გინდა ეს ინსტრუმენტი, შენ რა, უკრავო? ისეთ სიტუაციებში მნახულობდნენ, უკვირდათ. მერე დაკვრას მთხოვდნენ და ვპასუხობდი: მე თუ დავუკრავ, თქვენ იცეკვებთ-მეთქი. საბოლოოდ, როცა დარწმუნდებოდნენ, მართლა კონსერვატორიაში ვსწავლობდი, თავს მანებებდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადვოკატობა გადავწყვიტე.

– რა სიტუაციებში გნახულობდნენ ხოლმე, ქუჩურ გარჩევებში იღებდით მონაწილეობას?

– კი ბატონო, იყო ეგ პერიოდიც (იცინის). მამას აქვს ერთი კარგი ლექსი: „ყველა თავის საფიქრალით ტკეპნის გზას და ტკეპნის შარას/ და მათ შორის ბედგამწყრალი საიდუმლოს გულში მალავს./ ზოგი ჟინით, ზოგ სევდით მიუყვება ნაცნობ ქუჩებს,/ ეს ქუჩაა ჩვენი ბედი, ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუჭებს“. ამ ქუჩაში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. იყო სერიოზული სიტუაციები, სადაც ვჩანდი და პოლიცლები მაგიტომ ვერ იგებდნენ, ვინ ვიყავი, კონსერვატორიას და ქუჩას ვერ აკავშირებდნენ ერთმანეთს. ქუჩაში ბევრი ადამიანი გხვდება, ყველას თავის ენაზე უნდა ესაუბრო, რადგან ინდივიდები არიან. ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა რომ მიწევდა, იმდენი ადამიანი მხვდებოდა და ისეთი კომუნიკაცია იყო, ამას, რომ იტყვიან, თავისებური „აკადემიური“ მიდგომა სჭირდებოდა და ეს არ არის „ძველი ბიჭობა“ ან „ქუჩის ბიჭობა“. მთავარია, წესიერი ადამიანი იყო და რა სახელს დაგარქმევენ, შენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

– საკმაოდ ხიფათიანი ადამიანი ხართ, ჯანმრთელობის პრობლემებიც ხშირად გქონიათ...

– ნამდვილად ასეა. პირველი ჩემი პრობლემა, რომელიც სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული მაშინ გაჩნდა, როცა 9 თვის ვიყავი – პარაგრიპი შემეყარა. იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვარ, რომ ოჯახის წევრებს პატარა შავი სასახლეც კი ჰქონიათ შეკვეთილი – გადარჩენის შანსი არ იყოო. ღმერთის ნებით, გადავრჩი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მერე სულ სხვა სირთულეები დაიწყო. თუ შარში ვეხვეოდი, ეს, უმეტესწილად, სხვების გამო იყო, რადგან ყოველთვის ყველას დაცვას ვცდილობდი, თან, არასოდეს მომწონდა „კუტოკებად მიდგომა“. როცა ადამიანს თავისი საქმე აქვს გადასაწყვეტი, მას არ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს მიყვანა, თუ ტყვია მაქვს მოსახვედრი, მირჩევნია, მე მომხვდეს, ვიდრე რომელიმე ჩემს მეგობარს და მერე მთელი ცხოვრება ვინანო. ამიტომ ყოველთვის მარტო დავდიოდი და ჩემი მეგობრების საქმეების მოგვარებასაც მარტო ვცდილობდი. პრინციპული ხასიათი მქონდა და დაპირისპირებაც ხშირად მომხდარა, რამდენჯერმე დამჭრეს კიდეც, მესროლეს, ვესროლე და ასე შემდეგ. 90-იან წლებში თავსა და მუცელში ძალიან რთული ჭრილობა მივიღე – ღვიძლი იყო გახლეჩილი, თავში კი ტყვია თავის ქალას ჰქონდა ასხლეტილი. მძიმე მდგომარეობაში გადამაფრინეს მოსკოვში, სადაც აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის მილი ყოფილა გადაკეცილი და ტვინი თითქმის მკვდარი იყო. არავის ჰქონდა იმედი, თუ დავილაპარაკებდი. გონზე რომ მოვედი და კითხვებს პასუხს სწორად ვცემდი, გაოცებულები მიყურებდნენ, შენ თუ მეხსიერება დაგიბრუნდებოდა, ვერც ვიფიქრებდითო. თავში მოყენებული ჭრილობის შედეგად მარჯვენა თავის ქალის მხარე დალეწილი მქონდა და ხელოვნური მასალა მაქვს ჩადგმული. ეს ჩემი ყველაზე რთული ტრავმა იყო. სამი თვე კომაში ვიყავი. გარდა ამისა, თირკმლის ინფარქტიც მივიღე, ნაღვლის ბუშტიც ამოჭრილი მაქვს. ერთი გულს არ ვეკარებოდი და ახლახან გულზეც აორტის ანევრიზმა აღმომაჩნდა. სასწრაფო საოპერაციო ვარ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი რამ გადავიტანე, თუმცა, ყველაფერს თავისი სამართლიანი შეფასება ჰქონდა ღმერთისგან.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც მოსკოვიდან დავბრუნდი, პატრიარქს სურდა ჩემი ნახვა და ჩემს ბიძაშვილთან, მარიკა რამიშვილთან ერთად ვესტუმრე. პატრიარქსაც კი არ ვუთხარი ამ ამბის შესახებ, რაც რეალურად მოხდა და მაშინ მითხრა, რომ შენ ღმერთი კიდევ ბევრ განსაცდელს მოგივლენს, მაგრამ უნდა დაძლიო, რადგან ისეთი რაღაც უნდა შექმნა, რომელსაც მსოფლიო ტაშს დაუკრავსო. რომ გამოვედით, მარიკას ვეკითხები: ნეტა, ასეთი მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი და წლების შემდეგ დაიბადა ჩემი ლიზა რამიშვილი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია და მართლაც უკრავენ ტაშს მსოფლიო მასშტაბით. ასევე, ჩემი ბიჭი, ლუკა, 8-გზის ჩემპიონია ფარიკაობაში. ალბათ, ღმერთმა ამათ გამო დამტოვა და როცა ამოვწურავ ამ ყველაფერს, წამიყვანს თავისთან.

– მართალია, რომ კლინიკური სიკვდილი გქონდათ?

– ამ საკითხზე მეცნიერებსაც და მედიკოსებსაც აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, მაგრამ მე ერთი რამის თქმა შემიძლია: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული მდგომარეობა მქონდა, ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი ჩემი თვალით დედაჩემს და მამაჩემს, როცა განიცდიდნენ ამ ამბავს, როგორ გადამიყვანეს აეროპორტის გზაზე, ანუ, ყველაფერს ვხედავდი, რაც ხდებოდა. პალატაში გადაყვანის შემდეგ, მამაჩემმა როცა მკითხა – ვიცოდი თუ არა, სად ვიყავი, მაშინვე სწრაფად ვუპასუხე. ჩემი ტვინი არაადეკვატურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა, ყველაფერს დეტალურად ვპასუხობდი. იმ პერიოდში, როცა გათიშული ვიყავი, ჩემ გვერდით ვხედავდი თეთრებში ჩაცმულ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, არ მომშორებია. როგორც მერე სასულიერო პირებმა მითხრეს, ეს არსება ჩემი მფარველი ანგელოზია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული