მიხეილ კალატოზიშვილი - ერთადერთი საბჭოთა კინორეჟისორი, ვინც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 08.04

ეროვნულ საქმეს ბევრმა შეალია თავისი შეგნებული ცხოვრება. მე მაინც ისეთი პროფესიის ადამიანებს გამოვყოფდი, ვინც ფირზე დატოვეს თავიანთი კვალი. ესენი არიან, რეჟისორები, ოპერატორები და მსახიობები. საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით მაინც ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი – მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. არადა, რუსული კინოს ვერც ერთ კლასიკოსს, ვერც ტარკოვსკის, ვერც მიხალკოვს, ვერც ქართული კინოს ლიდერებს ვერა და ვერ ეღირსათ „ოქროს პალმის რტო“. საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილის ბებია, მაკრინე ავალიშვილი, სწორედ ის ქალია, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე, არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარი – რატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდა მიხეილ კალატოზოვი. ყველაფერს ახლა გიამბობთ:
კალატოზიშვილი – სტალინური ეპოქის კინოჩინოვნიკი
მიხეილ კალატოზიშვილის საქართველოში მოღვაწეობა ხანგრძლივი არ ყოფილა. 20-იან წლებში „სახკინმრეწვში“ თანამშრომლობდა ივანე პერესტიანთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან. მუშაობდა, როგორც ოპერატორი ფილმებზე: „გიული“, „ბოშური სისხლი”. დამოუკიდებლად გადაიღო ამჟამად დაკარგული „მათი სამეფო“. 20-იანი წლების მიწურულს ცენზურამ „დააკონსერვა“ კალატოზიშვილის „უსინათლო”, ცოტა ხანში კი რეჟისორს ფორმალიზმში დასდო ბრალი და ფირი გაანდაგურა. „ფორმალიზმი“ – ეს იყო ბრალდება, რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილს განუწყვეტლივ უყენებდნენ ხოლმე. ამ ბრალდებით მოიხსნა ეკრანებიდან კალატოზიშვილის 60-იან წლებში გადაღებული ფილმები – „დაუმთავრებელი წერილი” და „მე – კუბა”, სწორედ ასეთი ბრალდებით გამოუცხადეს ბრძოლა მიხეილ კალატოზიშვილის „ქართულ შედევრს“ – „ჯიმ შვანთეს”, რასაც 30-იან წლებში კალატოზიშვილის ახალი ფილმის –„ლურსმანი ჩექმაში” აკრძალვა მოჰყვა. მეტიც, კალატოზიშვილი, რომელიც 1936 წელს თბილისის კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, რეჟისორმა თავს უშველა და მოსკოვში გადაიხვეწა...
ამ ამბის მერე „ჯიმ შვანთეს” ავტორი მართლაც შეიცვალა. შეიცვალა, როგორც კინორეჟისორი. 40-იან წლებში, რუსეთში გადაღებულ კალატოზიშვილის ფილმებში – „სიმამაცე”, „ვალერი ჩკალოვი”, „დაუმარცხებელნი” – გენიალური „ჯიმ შვანთესგან” აღარაფერი დარჩა. ეს იყო პროპაგანდისტული სურათები, რომელმაც კალატოზიშვილი არა მარტო ციმბირში გადასახლებისგან იხსნა, არამედ სტალინური ეპოქის კინოჩინოვნიკიც კი გახადა – 1945-1948 წლებში ის მხატვრული ფილმების წარმოების სამმართველოს უფროსის პოსტზე დაამტკიცეს. „მოსფილმში” ისევ „მიშიკოს” ეძახდნენ, ყველას ახსოვდა, რომ კალატოზოვი ქართველი იყო, მაგრამ ადვილად მიივიწყეს „ჯიმ შვანთე”, შეიძლება ითქვას, პირველი საბჭოთა ფილმი, რომლის ავტორმა უარი თქვა მოწოდებაზე, შეგონებაზე, რომელშიც ავტორი-კამერა-მაყურებელი-გმირი ერთმანეთს შეუერთდა. ამიტომ იქ, კალატოზიშვილისა და დავით კაკაბაძის დოკუმენტურ შედევრში, კინოკამერა ხან ქერის მარცვლის დამფქველის როლს ასრულებდა, ხანაც გამოხატავდა მდგომარეობას ადამიანისა, რომელსაც თავბრუ ესხმის. „ჯიმ შვანთეში”, პირველად საბჭოთა კინოს ისტორიაში, მოისპო ზღვარი მაყურებლის დარბაზის სივრცესა და ეკრანულ სივრცეს შორის. ამიტომ მაყურებელმა დაკარგა შემფასებლის როლი. მაყურებელი, უბრალოდ, ჩართული იყო იმ წინააღმდეგობებში, რომელსაც ავტორი ეკრანზე ასახავდა, როცა ერთ ეპიზოდში, ცარიელ სივრცეში მშობიარობდა მარტოხელა ქალი, მეორე სცენაში კი ადამიანთა დიდი ჯგუფი მიცვალებულს დასტიროდა. სიკვდილი და სიცოცხლე აქ მთლიანობად იქცა... სამშობლოდან გამგზავრების შემდეგ კალატოზიშვილმა ნელ-ნელა დაიწყო სოცრეალიზმის დოგმების დამკვიდრება. „მოსფილმში” ის უყვარდათ, მაგრამ ეიზენშტეინის, დოვჟენკოს, პუდოვკინის გვერდით არასდროს იხსენიებდნენ. 1954 წელს გადაღებულმა მისმა ფილმმა – „ერთგული მეგობრები“, რომელშიც ავტორი სტალინური ესთეტიკის მარწუხებისგან გათავისუფლებას შეეცადა, ცოტა არ იყოს გააკვირვა კინემატოგრაფისტები, მაგრამ კალატოზოვს მაინც არ აღიქვამდნენ პერსპექტიულ რეჟისორად, მით უმეტეს, რომ იმხანად კინოში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც მამების კონფორმიზმს ბრძოლა გამოუცხადა. „მამების” ამ ჯგუფში მიხეილ კალატოზიშვილიც მოხვდა. თუმცა, თავად კალატოზიშვილს ყველაზე მეტად ახალგაზრდებთან ურთიერთობა უყვარდა, განსაკუთრებით – ქართველებთან. ყოველმხრივ მხარს უჭერდა ოთარ იოსელიანს, ალექსანდრე რეხვიაშვილს... გია დანელია, კი, საერთოდ, მიხეილ კალატოზიშვილმა მოიყვანა კინოში. ახალ თაობასთან ურთიერთობის სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო – 1956 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა ყურადღება მიაქცია ვიქტორ როზოვის სცენარს – „მიფრინავენ წეროები”, რომელიც „მოსფილმში” თითქმის ყველამ დაიწუნა. ფილმის გადაღების დროს მოსკოვში ლეგენდებს ყვებოდნენ კალატოზოვის ოპერატორზე, სერგეი ურუსევსკიზე, კალატოზოვისგან განსხვავებით, რომელსაც „ნოვატორად” არავინ აღიქვამდა. გრიგორი ჩუხრაის ფილმის – „ორმოცდამეერთეს” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, სურათის ოპერატორი, ურუსევსკი ახალგაზრდების გმირად იქცა. ამიტომ „მიფრინავენ წეროებსაც” თავიდან ურუსევსკის გამარჯვებად მიიჩნევდნენ. იმხანად ხომ აღარავის ახსოვდა „ჯიმ შვანთე”, კალატოზიშვილის ქართული შედევრი, რომელიც „მიფრინავენ წეროებში” გაცოცხლდა. იქ სვანური კოშკები ტრიალებდა, აქ, „წეროებში” – რუსული არყის ხეები. რუსეთში ამის მიჩქმალვა უნდოდათ, მაგრამ არა საქართველოში. „მიფრინავენ წეროების” ტრიუმფს თბილისი ქართული კინოს ტრიუმფად მიიჩნევდა. მიხეილ კალატოზიშვილს სამშობლოში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ იგი არ ჩამოდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის კურსში იყო, რაც საქართველოში ხდებოდა. გულშემატკივრობდა თბილისის „დინამოსა” და ქართულ კინოს... სამშობლოსთან დიდი ხნის განშორების შემდეგ, იგი თბილისს მხოლოდ 1970 წელს, გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, „წითელი კარვის” პრემიერაზე ეწვია. მიხეილ კალატოზიშვილის რძალი, ქალბატონი ჯინა კალატოზიშვილი ამ დღეს ასე იგონებს: „პირველი მისი ჩამოსვლა თბილისში იყო „წითელ კარავთან“ დაკავშირებით. სცენაზე რომ გამოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ პირველი პრემიერა იყო რომში, მეორე – მოსკოვში და მესამე – ჩემს მშობლიურ თბილისში, – თქვა და ამხელა კაცმა ცრემლები გადმოყარა”.
რუსეთში დღესაც არ სიამოვნებთ, რომ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის” ერთადერთი „საბჭოთა ლაურეატი” ქართველია. ამიტომაცაა, ალბათ: მაშინ, როცა ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ სკორსეზე „დაუმთავრებლი წერილისა” და „მე – კუბას” ასლებს ყიდულობენ, ამ ფილმებით ახალგაზრდებს კინოენას ასწავლიან, 60-იან წლებში გადაღებული კალატოზიშვილის სურათები რუსეთში კვლავაც „წარუმატებლობად” ითვლება. მაინც, რატომ ებრძოდა 60-იან წლებში საბჭოთა ცენზურა მიხეილ კალატოზიშვილს?
კინომატოგრაფიული მონაპოვრები
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „ჯიმ შვანთემ” ერთიანობაში მოიცვა არა მხოლოდ მუნჯი კინოს მხატვრულ-დოკუმენტური გამომხატველი საშუალებები, არამედ იმიტომაც, რომ მან თანაბრად გამოიყენა 20-იანი წლების რუსული მონტაჟური კინოსა და ამავე პერიოდის ევროპული კინოს, კერძოდ გერმანული კინემატოგრაფიული სკოლის მონაპოვრები თვით კინოპოეტიკის მიმართულებით, ანუ მიხეილ კალატოზიშვილი „ჯიმ შვანთეში” მონტაჟის თეორიისა და პრაქტიკის გამოცდილებით, კადრის პლასტიკითა და შიდა კადრული დინამიკით (რასაც ზოგჯერ მზის მოძრავი სხივითაც გამოხატავს და არა მხოლოდ მოძრავი საგნებით) მხატვრულ ხატს ქმნის, აღსავსეს აზრით, განწყობილებით, ექსპრესიით... მიხეილ კალატოზიშვილი საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ფავორიტი კრიტიკულ ზეწოლას განიცდის, თუმცა კომპენსაცია ხდება სხვა გზით. იგი 1943 წელს ეკრანზე ფილმ „დაუმარცხებელთა” გამოსვლის შემდეგ აშშ-ში მიავლინეს, როგორც საბჭოთა კინოკომიტეტის წარმომადგენელი, უფრო ზუსტად, საბჭოთა კინოწარმოების სპეციალურ წარმომადგენლად, სადაც 1945 წლამდე მსახურობდა. მისი მოვალეობა იყო ამერიკული კინოფილმების შერჩევა სსრკ-ში საჩვენებლად, აშშ-ში საბჭოთა კინოს პროპაგანდა და რაც მთავარია, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დამყარება, კინოპროდუქციების გაცვლა-გამოცვლის მობილური სტრუქტურების შექმნა (აგრეთვე, დამხმარე სამსახურების მოწესრიგება ამ ურთიერთობის საშუალებით – მაგალითად, სადუბლიაჟო საქმე და ასე). ცხადია, კალატოზოვი, უზადო გემოვნების ადამიანი და პროგრესული პიროვნება, ამერიკული ფილმები შერჩევისას იმაზეც ფიქრობდა, თუ როგორ გაემდიდრებინა რუსული კინოგამოცდილება. ამასვე შეფარვით სთხოვდა მას ვსევოლოდ პუდოვკინი. როგორც ცნობილია, კალატოზოვის პირადი ჩარევით შეიძინეს უაილერის „მელიები” და არჩი მეიოს – „ჩარლის დეიდა”.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან