საზოგადოება

მიხეილ ჭიაურელი: როცა სიყვარული ჩემშია, ამ უხილავ ალს ვისკენაც მინდა, იქით მივმართავ და მასში ვახვევ

№14

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 13.04, 2021 წელი

მიხეილ ჭიაურელი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ მიხეილ ჭიაურელთან 👇

სახელი: მიხეილი.

გვარი: ჭიაურელი.

პროფესია: რეჟისორი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბაბუა, მიხეილ ჭიაურელი, მოსკოვში მუშაობდა და როცა ჩამოდიოდა, ბავშვებისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა ხოლმე. ერთხელ რეზინის, შავი, საშუალო ზომის ბურთი ჩამოგვიტანა, რომელიც ხტუნავდა. იმ დროს ფეხბურთს ნაჭერში ჩაყრილი ქვიშით ვთამაშობდით და ეს ბურთი ჩვენთვის საოცარი რამ იყო. კარგად მახსოვს, აივნიდან დამიძახა: მიშინკა და გადმოაგდო ბურთი, რომელმაც ხტუნვა დაიწყო. თავიდან ვერ მივხვდით, რა იყო, მივსდევდით ბავშვები და ვუყურებდით (იცინის). კიდევ მახსოვს, გერმანიიდან ჩამოიტანა რადიოლა, რომელიც საშუალო მაცივრის ზომის იქნებოდა. ზემოდან ეხდებოდა თავი და 12 გრამფირფიტა ეტეოდა – ერთს რომ დაამთავრებდა, მერე მეორე ფირფიტას უკრავდა და ასე შემდეგ. ჩვენთან ხალხი მოსასმენად კი არა, მის სანახავად მოდიოდა. ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ, როცა ტექნიკა ძალიან იშვიათი რამ იყო.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– რატომღაც ყველას ეგონა, რომ რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ – არა. სახლში სულ რეჟისორები და მსახიობები მყავდა: მიშა, ვერიკო, სოფიკო, რამაზი. ერთი დედა არ იყო მათ სფეროში და მეც არ მქონდა სურვილი, ეს პროფესია ამერჩია. დავამთავრე მექანიზაციის ფაკულტეტი. თან, ჩემს დროს ამ მიმართულებაზე საკმაოდ რთული სწავლა იყო, თუ არ ისწავლიდი, ნიშანს ვერ მიიღებდი. უნივერსიტეტს რომ დაამთავრებდი, ასპირანტურა უნდა დაგემთავრებინა, ყველა ოჯახში იყო ეს მოთხოვნა. დედაჩემმა ასპირანტურა ახსენა თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა, რადგან მექანიკაზე სწავლის გამგრძელებელი აღარ ვიყავი. მაშინ ახალციხე დაკეტილი იყო და სპეციალური საშვის გარეშე არავის უშვებდნენ. ავიღე მიმართვა, რომ ახალციხეში მინდოდა მუშაობა და გავიპარე. ჩემს ძმაკაცთან ვასო ანდღულაძესთან ვცხოვრობდი ერთი წელი, მერე ისევ უკან დავბრუნდი.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– ახალციხიდან რომ ჩამოვედი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და დავამთავრე კიდეც. იმ პერიოდში თბილისში პესკების დანგრევა დაიწყეს. ერთხელ მტკვარი ადიდდა, დატბორა ეს უბანი და ჩათვალეს, რომ უნდა დაენგრიათ. არადა არაჩვეულებრივი ადგილი იყო, პატარა სახლებით, ქუჩებით, თაღებიანი სარდაფებით... რომ ანგრევდნენ, ინტუიციით ვიგრძენი, რომ თბილისის ნგრევა სიმბოლური იქნებოდა მომავლისთვის და ბიჭებს ვთხოვე, გადაგვეღო. ორნაწილიანი ფილმი გამოვიდა, რომელიც რეზო ჩხეიძეს ვაჩვენე. მაშინვე გადახედა, მოეწონა და მირჩია, ერთი ნაწილი გამეკეთებინა, მერე კი გააგზავნიდა მოსკოვში – ფილმებზე იქიდან იღებდნენ დაკვეთებს. გავაგზავნეთ ფილმი და მომცეს ჰონორარი – 1 500 მანეთი, ეს დიდი ფული იყო. მაშინ ვთქვი, რა ჯანდაბად მინდა მექანიზაცია-მეთქი და წავედი რუსეთში რეჟისურის უმაღლესი კურსების გასავლელად.

– პირველი ნაბიჯები კინოში...

– ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გიორგი შენგელაიასთან ერთად გადავიღე. მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, გადავიღე: საკურსოები, სადიპლომო და დებიუტი. გადაღებები, ძირითადად, კახეთში მიდიოდა. ერთხელაც კინოსტუდიაში მოვიდა ლეილა ბეროშვილის სცენარი – „ჩემი კახეთი, ჩემი კახელები“. რეზომ დამიბარა და მითხრა: კახეთის თემაა, წაიკითხე და თუ გინდა, იმუშავე, ავტორს გაგაცნობო. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მიიღეს სცენარი და დავიწყეთ მუშაობა. მაშინ გიორგის „ხანუმა“ უნდა გადაეღო, მაგრამ სოფიკოსთან გაშორების ამბებს დაემთხვა. ფილმი დაწყებული მქონდა, სინჯებს ვაკეთებდი, გიორგიმ დამირეკა და მთხოვა: დეპრესია მაქვს, რთული პერიოდი, მოვალ, დაგეხმარები და ერთად ვიმუშაოთო. ძალიან მიყვარდა გიორგი, მის ფილმებზე ვგიჟდებოდი, კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან და გამიხარდა ეს ამბავი. მოკლედ, ასე გადავიღეთ ერთად „სიყვარული ყველას უნდა“, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო.

– ჩემი მეტსახელი...

– სკოლაში „ჭიას“ მეძახდნენ, როგორც მამაჩემს. სკოლის მერე არც არავის დაუძახია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც აღზრდის შვილებს ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დაკავშირებულია შენს გონებასთან და შრომასთან. მშრომელი უნდა იყო, რასაც აკეთებ იმ სფეროში – თუ გინდა მიწაზე იმუშავე, თუ გინდა ჰუმანიტარი იყავი. უნდა იშრომო, იკვლიო, ეძებო და იქნებ იპოვო ის, რასაც ეძებ. მაშინ იქნები წარმატებული, როცა შრომა არ დაგეზარება.

– მწამს...

– უზენაესის, სიკეთის, რასაც დასთეს, იმას რომ მოიმკი და ასევე, სიყვარულის – ძალიან დიდი გრძნობაა.

– ვრისკავ...

– ხშირად. მთაში არასდროს ვყოფილვარ და მეგობარს გავყევი კილიმანჯაროზე, ავედი 5 800 მეტრზე. 9 აპრილს, როცა ხალხი გარბოდა, გოგა ხაინდრავასთან ერთად ვიღებდი ყველაფერს, კი არ გავრბოდი, შიგნით შევდიოდი და ქალები გამომყავდა. როცა ეს კადრები ვნახე, მერე დავფიქრდი, რასაც ვაკეთებდი, მაშინ ჩემს თავზე არც კი მიფიქრია. აფხაზეთში მარტო კამერებით მივდიოდით, ჩემს ძმაკაცს ვეუბნებოდი, პატარა დანაც არ ჩაედო ჯიბეში – ვინმეს რომ დავეჭირეთ, დამთავრებული იქნებოდა ჩვენი საქმე. ბევრი მსგავსი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც რისკთან არის დაკავშირებული.

– დღევანდელ საზოგადოებაში მაკვირვებს...

– არა მარტო საზოგადოებაში, ხანდახან ჩემს თავშიც უამრავი რამ მაკვირვებს, ზოგჯერ ისე, რომ ვერც ვერკვევი რა ხდება. რაც მაწუხებს იმას გეტყვით. ისრაელში, პირველ რიგში, ფინანსდება ჯარი, მერე – განათლება და შემდეგ – მედიცინა. ანუ, განათლება არის მნიშვნელოვანი და მთავარი. კარგად მახსოვს, განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს, შემდეგი პერიოდიც და ახლა რა დღეშიცაა, ესეც ვიცი. როცა დიმიტრი უზანძე გვყავდა, რომელმაც ნათლად დაგვიტოვა თუ, როგორ უდნა ავაწყოთ ეს სისტემა, ასე არ უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით.

– ვერიდები...

– კონფლიქტებს. ვცდილობ, სხვისი კონფლიქტიც მშვიდობიანად მოვაგვარო, თუ, რა თქმა უნდა, ჩარევის უფლება მაქვს.

– ბედისწერა...

– ჩვენ ვერ გავარკვევთ, ბედისწერა რა არის. რაც გიწერია, ის მოხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდინარის დინებას უნდა მიჰყვე.

– სიყვარული...

– ჩემი პირადი ცხოვრებიდან თუ ვისაუბრებთ, ამ მხრივ, გამიმართლა. როცა სიყვარული ჩემშია, ამ უხილავ ალს ვისკენაც მინდა, იქით მივმართავ და მასში ვახვევ. პირიქითაც იგივე ეფექტი აქვს ხოლმე და არც ახალა ვარ ამ ალის გარეშე. სიყვარული მუდმივი ალია, რომელსაც ვერ გაექცევი. სხვათა შორის, ბედისწერა აქ უფრო მუშაობს.

– დრო და სიყვარული...

– კარგ შემთხვევაში იზრდება გრძნობა, თუ ერთად ცხოვრობენ, მით უმეტეს. არის პრობლემებიც, მაგრამ თუ გიყვარს აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებადია. თუმცა, ისიც ხდება, რომ ადამიანები შორდებიან ერთმანეთს. უცნაურია ისიც, რომ მერე კიდევ შეიძლება, შეგიყვარდეს. ასე რომ, სიყვარულს არ აქვს არანაირი განზომილება და აბოსლუტურად მოკლებულია ლოგიკას – სად არის, საიდან მოდის და როდის დაგეტაკება, არ იცი. მისგან გამოწვეულ ცეცხლს კი ვერაფერი ჩააქრობს.

– მეშინია...

– მეშინოდა დედაჩემის დაკარგვის, ნამდვილად მქონდა ეს შიში. რაღაც მომენტებში ეს მოქმედებდა კიდეც ჩემზე. დედა რომ გარდაიცვალა, საერთოდ მომეხსნა შიშის განცდა. ახლა, ალბათ, ჩემს შვილებს უნდა ეშინოდეთ იგივესი (იცინის).

– სამაგიეროს გადახდა...

– პატიების უნარი მაქვს, სამაგიერო არ გადამიხდია, მარტო ერთხელ „დავბეგვე“ ერთი, ოღონდ სამართლიანად, თუმცა შევცდი და ასე არ უნდა გამეკეთებინა. იმის მერე არც მახსოვს მსგავსი რამ და ვერც წარმოვიდგენ, ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. თუმცა, სამაგიეროს გადახდის სურვილი, რაღაც მხრივ, ყველას აქვს, მაგრამ თუ დათრგუნავ და მოსპობ, ძალიან კარგია.

– ბოდიშის მოხდა...

– ერთხელ კოტე მახარაძეს ვაწყენინე, გიორგისა და სოფიკოს ამბები რომ იყო, ვეუხეშე. გავიდა ერთი ხუთი წელი. სოფიკო ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო და მასთან არ მივდიოდი. წლების მერე მივედი და ვნახე, ხელის გულზე ატარებდა კოტე სოფიკოს. მაშინ ვუთხარი: კოტე, ბოდიშს ნუ მომახდევინებ და მართალი არ ვიყავი შენთან-მეთქი. კოტემაც – კაი, რა, დაივიწყეო. ადამიანმა ჯერ საბოდიშოდ არ უნდა გაიხადო საქმე და თუ მსგავს სიტუაციას გვერდი ვერ აუარე, მაშინ რაღანაირად უნდა აღიარო დანაშაული.

– რთული პერიოდი...

– 90-იანი წლები, ახლაც რთული პერიოდია... იყო დრო, როცა სამსახური არ მქონდა, შესაბამისად – არც შემოსავალი. ყოფითად გაჭირვებულ დღეში ვიყავი, ჩემს თავს არ ვდარდობდი, პატარა შვილები მყავდა. მაშინ ნუგზარ რუხაძესთან გავიქეცი ატლანტაში, მაგრამ ვერ გავძელი, ექვს თვეში უკან დავბრუნდი. არ შემიძლია ჩემი ქვეყნისგან შორს ყოფნა, აქ უფრო მეტად გავუძლებ გაჭირვებას, ვიდრე სადღაც შორს, სხვა ქვეყანაში.

– არასოდეს დამავიწყდება...

– დედაჩემის იავნანა, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს. ამერიკული ფილმი იყო, რომელიც რუსულად ნათარგმნი გადიოდა ჩვენთან და იქ დედა ბავშვს რუსულად უმღეროდა იავნანას. მეც ისე მიმღეროდა ხოლმე დედა და ახლაც მესმის ხოლმე ის ხმა, მაშინ ხუთი წლის ვიქნებოდი.

– თავისუფლება არის...

– ჩემს ნინოს ასე ვზრდიდი, თუ გინდა, იყო დამოუკიდებელი, სულიერად გამდიდრდი და განათლება მიიღე-მეთქი. განათლებაშია თავისუფლება, თუმცა, პირველ რიგში, ის ქვეყნიდან იწყება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მიშა ბაბუამ მითხრა: შვილო, არასდროს იფიქრო რეჟისურაზე და მსახიობობაზე, ჯერ რაიმე სპეციალობა შეიძინე. თუ მსახიობი ან რეჟისორი ვერ გამოხვალ, ისეთი სპეციალობა მაინც გქონდეს პური რომ გაჭამოსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი