„მაშინ ავდგეთ და ეს ქვეყანა ავაფეთქოთ“ – რამ გაანაწყენა ცნობილი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე
ავტორი: ანკა რობაქიძე 14:00 09.11, 2021 წელი
ცოცხალმა ლეგენდამ, ცნობილმა მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ ვრცელ ინტერვიუში მისი უდიდესი გულისტკივილი და სიხარული გაგვიზიარა.
– რამდენად შეცვალა თქვენი ცხოვრების რეჟიმი პანდემიამ?
– რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრების რეჟიმი შეიცვალა და მეც არ ვარ გამონაკლისი. ჩვენი თეატრი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, ახლახან ამუშავდა. მსახიობს თუ სპექტაკლები არ აქვს, ის რაღა მსახიობია?! ჩვენი მდგომარეობაც ძალიან შეიცვალა. მე დღესაც თეატრში ვირიცხები.
– წარმოიდგენდით ოდესმე, რომ თეატრის გარეშე გაძლებდით?
– ბევრი რამ მომხდარა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც თეატრს ძალიან რთულ პირობებში უწევდა მუშაობა, მაგრამ ასეთს ვერაფრით წარმოვიდგენდი. სამოქალაქო ომის დროსაც ვმუშაობდით, თეატრში სიარული არ შეგვიწყვეტია. ტრანსპორტი, შუქი, გაზი არ იყო და მაინც მივდიოდით ფეხით, გაყინულ შენობაში ყველანაირ უპირობობას ვუძლებდით. სხვადასხვა უბნიდან ჯგუფად შევგროვდებოდით და ერთად მივდიოდით, რადგან სროლები იყო და ბევრს უფრო ვერაფერს გაგვიბედავდნენ.
ბოლო პერიოდში რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ამაზე ნუღარ მკითხავთ. ეს ყველაზე დიდი სევდაა ჩემთვის. ჩემი კოლეგებიდან, სამეგობროდან ბევრმა დამტოვა და ამან მორალურად ძალიან გამტეხა. ჩვენი ბოლო სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ იყო, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა ხვდა წილად. პირველი შემადგენლობიდან, ვინც ეს სპექტაკლი შევქმენით, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ყველა მათგანი წამყვან როლს ასრულებდა. გურამ საღარაძე რომ გამოგვაკლდა, გადავწყვიტეთ, სპექტაკლი გაგვეჩერებინა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ვერ გავაჩერებდით. ძალიან გაგვიჭირდა იმ მსახიობის მოძებნა, რომელიც ამ როლს დათანხმდებოდა. გურამ საღარაძეს როლი ისე კარგად ჰქონდა მორგებული, ვერავინ ბედავდა მის შეცვლას. შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა, თენგიზ გიორგაძემ შეცვალა. ვაჟკაცობა გამოიჩინა და გაბედა. ერთ დღეს წვერით მოვიდა და რომ შევხედეთ, მივხვდით, რომ ასაკოვანი, ბებერი ადამიანის როლის განსახიერებას შეძლებდა და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, როლს თავი კარგად გაართვა.
მერე კარლო საკანდელიძე, მედიკო ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, ზაზა ლებანიძე წავიდნენ. ამ ბოლოს უკვე კახი კავსაძის წასვლამ დააგვირგვინა ცუდისკენ ყველაფერი.
მეც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. უკვე დიდი ხანია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი. ახლა ძალიან მიჭირს სიარული, მხოლოდ ოთახებში თუ გადავადგილდები, ისიც დიდი გაჭირვებით. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ კახის დაკრძალვაზე ვერ წავედი და ამის გამო გული საშინლად მტკივა. კუნთების მოდუნება მაქვს, ვარჯიშებს მიკეთებენ და ოთახებში სხვისი დახმარებით გადავადგილდები, დაუხმარებლად – ვერა. მუხლები ჩემს წონას ვერ ერევა. 88 წლის ვარ და არ ვფიქრობდი, თუ ამდენ ხანს ვიცოცხლებდი. წარმოიდგინეთ, 88 წელი და 65 წელი ერთსა და იმავე თეატრში რამდენად სერიოზული თარიღებია!
– მართალია, ბოლო დროს ბევრმა რამემ გატკინათ გული, მაგრამ სახლში უზარმაზარი სიხარული გქონდათ – შვილთაშვილები შეგეძინათ...
– მაგ მხრივ, მართლაც, უბედნიერესი კაცი ვარ! ჯერ იმითაც ვარ ბედნიერი, რომ ჩემი შვილიშვილი – სანდრო თეატრში ჩემთან მოვიდა. ჩემი გვარის დაკარგვა არ უნდოდა და ორი გვარი მიიწერა – სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე. ისე მოხდა, რომ ჩემი გვარი კიდევ კარგა ხანს იფიგურირებს რუსთაველის თეატრში. ყველაზე კარგი ის იყო, რომ სცენაზე ერთად თამაში მოვასწარით. სამი შვილთაშვილი მაჩუქა და რამხელა რამეა?!. დღე არ გადის, ბავშვები ჩემთან არ მოიყვანოს, ისეთი ჟრიამულია ჩემს სახლში, საბავშვო ბაღი გეგონებათ...
– პანდემიის პერიოდში ბევრმა ქალაქგარეთ გაატარა გარკვეული პერიოდი, თქვენც ასე მოიქეცით?
– ვერსად წავედი, რადგან პანდემიის დაწყებისას ჩემი ავადმყოფობა უკვე დაწყებული იყო და მერე კიდევ უფრო გამიმძაფრდა. ამიტომაც მე სახლში, ჩემთვის ვარ და ყოველგვარ წესებს ვიცავ. ჩემს ასაკში რომ ეგ ვირუსი დამეჯახოს, ღმერთმა დამიფაროს!
– დღეს კოლეგებიდან ვისთან გაქვთ ურთიერთობა?
– ტელეფონით ურთიერთობა თითქმის მთელ თეატრთან მაქვს. ჩვენი თაობიდან მარტო მე დავრჩი და ამიტომ, თუ რამე წარსულის ისტორიიდან სჭირდებათ, ყველა მე მიკავშირდება. გოგოები, ბიჭები, ახალგაზრდები მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ და ძალიან მადლიერი ვარ მათი.
– თქვენს ცხოვრებაში თუ იყო ქუჩის აკადემია და ამან რა შეგძინათ?
– დიახ, აუცილებლად იყო! დოლიძეზე ვცხოვრობდი, სადაც ახლა სპორტის სასახლეა, მაგ ადგილზე ადრე ბაზარი იყო და ძალიან ხმაურიანი უბანი. ბაზარი სადაც არის, იქ ბუნებრივია ასეც არის! მეც ქუჩაში ხშირად მიწევდა ყოფნა და ძალიან კმაყოფილი ვარ, ქუჩამ ძალიან ბევრი მომცა, ბევრი მასწავლა. ეტყობა, ჩემი სიკეთე ისაა, რომ რაც კარგი იყო, შევინარჩუნე და ცუდს ხელი არ მოვკიდე. ვინც ქუჩის აკადემია კარგად გამოიყენა, ნამდვილად იხეირა და ძალიან სასარგებლოდაც წაუვიდათ საქმე!
– დღევანდელობაზე რას იტყოდით?
– ძალიან გულს მტკენს საქართველოს დღევანდელი ყოფა. მე ოპტიმისტი ვარ და მაინც იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ქვეყანა ოდესმე დალაგდება. თუ ჩვენს ქვეყანას არ მოვუარეთ და ახალგაზრდებისთვის აქ გასაძლისი არ იქნება, მაშინ ავდგეთ და საკუთარი ხელით ავაფეთქოთ. ძალიან რთული სიტუციაა და აუცილებლად ყველაფერი კარგისკენ უნდა წარვმართოთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან