„მაშ“ – გამორჩეული გემო თქვენს ყოველდღიურობასა და დღესასწაულებს დაუვიწყარს გახდის
ავტორი: „თბილისელები“ 19:45 12.07, 2024 წელი
თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ მცხეთაში, სვეტიცხოვლისკენ მიმავალ ქვაფენილზე, აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში გემრიელი და ლამაზი კუთხე–მაღაზია, სადაც ქართულ ტრადიციებზე შექმნილი ბრენდი „მაშ“ თავისი მრავალფეროვანი პროდუქციითაა წარმოდგენილი. აქ დაგხვდებათ უამრავი დასახელების ღვინო და არაყი, განსხვავებული და ექსკლუზიური გემოებით, ჩურჩხელების ფართო ასორტიმენტი და კიდევ ბევრი გემრიელი პროდუქცია. ეს ოჯახური ბიზნესი 8 წლის წინ შეიქმნა და დღემდე დიდი წარმატებით ვითარდება, ბრენდის შექმნის იდეის, განვითარების ისტორიისა და პროდუქციის შესახებ მეტ დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელი, ქალბატონი მარი შათირიშვილი გვესაუბრა.
მარი შათირიშვილი: პროფესიით იურისტი ვარ და ღვინოსთან და ჩურჩხელასთან იქამდე კავშირი არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კახელი ვარ, იქ დიდი ვენახი გვაქვს და მახსოვს, როგორ აყენებდა მამა ღვინოსა და არაყს. რამდენიმე წლის წინ ჩემი და ჩემი მეუღლის გზები საქმიანად გადაიკვეთა, მას ჰქონდა ჩურჩხელების ცეხი, მე – მცხეთაში ვერცხლეულობის მაღაზია და შემომთავაზა, მცხეთაში მომეძებნა საჭირო ფართი, სადაც ერთად გავხსნიდით ჩურჩხელების ცეხსა და მაღაზიას, ასე გავხდით ბიზნესპარტნიორები და მალე ეს ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ჩვენი წამოწყებიდან მალე 7 წელი გავა და ამ წლების განმავლობაში წამი არ ყოფილა, რომ სიახლის ძიებასა და მუდმივ განვითარების პროცესში არ ვყოფილიყავით.
– პირველი პერიოდი გავიხსენოთ, როგორ იწყებდით და ვითარდებოდით?
– ჩვენ პირველებმა გამოვიგონეთ ჩირიანი ჩურჩხელა. იდეა, რა თქმა უნდა, მერე ბევრმა აიტაცა, მაგრამ ჩვენი ჩურჩხელა მაინც ადვილად გამოსარჩევი იყო სხვებისგან. საკუთარი ხელით ვასხამდით და ვავლებდით. თავიდან ჩვენგან გაჰქონდათ მაღაზიებს, მაგრამ მალე იმდენად მოგვეჩვია მომხმარებელი, მთელ მარაგს ჩვენს მაღაზიაში ვყიდდით და გადავწყვიტეთ, საკუთარი ქსელი გაგვეკეთებინა და ისნისა და საბურთალოს „აქსის პალასის კარფურში“ ვართ წარმოდგენილი.
– ღვინის ჩამოსxმა როდის დაიწყეთ?
– ოდნავ მოგვიანებით ღვინის ჩამოსხმის იდეაც გაჩნდა, დავინტერესდი ამ სფეროთი, როგორც გითხარით, კახელი ვარ, იქ დიდი ვენახები გვაქვს და გადავწყვიტე, მომეკითხა. მოვუარეთ, და როდესაც უკვე მოსავლის აღებაზე გადავედით, დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. გარკვეული ინფორმაციები მქონდა მამაჩემისგან, თავიდან არაყში ჩავყარეთ ტარხუნა და წიწაკა, მერე მოვიფიქრეთ რომ ყველანაირი ხილი ჩაგვეყარა და გვენახა, რა გამოვიდოდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა – არა. ასე, ნელ–ნელა დავხვეწეთ და მივიღეთ სასურველი გემოები. თავიდან არ გვქონდა ეტიკეტები, თან ღვინოს პლასტმასის ბოთლებში ვასხამდით, თავსახურს „სკოჩს“ ვახვევდით, რომ არ დაღვრილიყო – იყო ასეთი მომენტებიც, რაც, ამ გადმოსახედიდან, ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ეს გზა უნდა გაგვევლო, იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით.
– ბროწეული, ნუში და მაყვალი როგორ გაურიეთ ღვინოში?
– მეგობარმა მითხრა, სომხეთში დავლიე ბროწეულის ღვინო და ძალიან მომეწონაო. „საფერავის“ ერთ-ერთი ჯიშია „კაბერნი“, ყველაზე კარგი გურჯაანში მოდის, მას გასდევს ალუბლისა და ბროწეულის გემოები. მომივიდა იდეა, რომ ეს „საფერავი“ ბროწეულთან ერთად დამედუღებინა. ჯერ მარტო მარცვალს ვიყენებდი, მერე ვცადე ქერქთან ერთად, მერე ვისწავლე „ვიშნოვკების“ გაკეთებაც, განსხვავებულ ღვინოებს რომ ვაკეთებდით, მომხმარებლებს ვასინჯებდით, ვეუბნებოდით, ეს არ იყიდება, უბრალოდ გვინდა წარმოება გავაკეთოთ და თქვენი გულწრფელი შეფასებები გვაინტერესებსო. ბევრს იმდენად მოეწონა, რომ გვთხოვდნენ გაგვეყიდა. როგორც ჩანს, მარკეტინგულად ამ მიდგომამ იმუშავა.
ჩემი მეუღლე იმერელია და მან მითხრა, ჩემს ბავშვობაში მაყვლისგან ვაკეთებდით ღვინოს და მოდი, ვცადოთო. დავაკრეფინეთ მაყვალი და დავადუღეთ, ძალიან ბლანტი გამოვიდა და მივხვდით, რომ საჭირო იყო ყურძნის შერევა, მოვიფიქრე, რომ გაგვერია მარწყვიც და ასე დავხვეწეთ მაყვლის ღვინო.
„რქაწითელის“ ჯიშის ყურძენი ძალიან მშრალია და ტურისტებს არ მოსწონდათ, მითხრეს, ბელგიაში არის ნუშის ღვინო, რომელსაც „რქაწითელის“ არომატები გასდევსო. სწორედ იმ პერიოდში ჩემმა ქმარმა ნუში მომიტანა, რომ ჩურჩხელა აგვესხა. დავჩეჩქვე ეს ნუში, გავაკეთე „ვიშნოვკა“ და დავასხი „რქაწითელის“ ღვინოს, მოუხდა არომატი, გემოებს ადვილად შევიგრძნობ და მთავარი დეგუსტატორი მე ვარ. ასე ჩამოვაყალიბეთ ეს გემოები.
– ისევ უკან დავბრუნდეთ, როცა ფინანსურად არც ისე მყარად იდექით ფეხზე?
– როცა ბიზნესი დავიწყეთ, საკუთარი სახლი არ გვქონდა, ქირით ვცხოვრობდით, ყველაფერი ამ საქმეში ჩავდეთ და მომხმარებელმა იგრძნო ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება, ის, რომ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდით და ხარისხისთვის ძალიან ბევრს ვშრომობდით. ნედლეულის ფასის ცვალობადობიდან გამომდინარე, იყო პერიოდი, როცა ძალიან მიზერული მოგება გვრჩებოდა, მაგრამ ხარისხის შენარჩუნება ყველა ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო და მომხმარებელი ამას გრძნობს. ჩვენი პროდუქციის მზადების ყველა ეტაპი საგულდაგულოდ მაღალ დონეზე გვაქვს აყვანილი და ეს გვეამაყება.
– ძალიან მასშტაბურ და საინტერესო პროექტს ხართ შეჭიდებული, მოგვიყევით სასტუმროს მშენებლობაზე.
– ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, გარდა ამისა, ერთ ადგილზე გაჩერება ჩემი ცხოვრების წესი არაა. სულ ვფიქრობ, რა ახალი მიმართულებით შეიძლება, განვვითარდეთ და კიდევ სად მოვსინჯოთ ძალები. თუ მიზანი დავისახე, რაც არ უნდა მოხდეს, ამ გზიდან გადახვევა და დანებება ჩემი სტილი არ არის, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად მივალ მიზნამდე. დიღომი 8-ში გვაქვს საკუთარი სახლი, სადაც ვცხოვრობთ. სტუმრების მიღება ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და მოგვივიდა იდეა, აქვე ხომ არ გავაკეთოთ სასტუმრო? ამ მიზნით ჩვენ გვერდით ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი და დავიწყეთ მშენებლობა, არაჩვეულებრივი კომპლექსი გამოდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





