საზოგადოება

მართლა მოჰპარა თუ არა თბილისელმა მიქაელ ტარივერდიევმა ფრენსის ლეის „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ მუსიკა

№2

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 18.01, 2021 წელი

მიქაელ ტარივერდიევი
დაკოპირებულია

  სწავლობდა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში (შალვა მშველიძესთან) და მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში. 16 წლისამ დაწერა ორაქტიანი ოპერა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა, ფართო აღიარება კი მოსკოვში წასვლის შემდეგ კინოფილმებისა და სერიალისთვის („ბედის ირონია ანუ გაამოთ“, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“...) დაწერილი მუსიკით მოიპოვა. მოკლედ, მე ახლა თბილისელი სომეხის, 132 კინომუსიკის,  100 რომანსის, 4 ოპერისა და 4 ბალეტის ავტორის, კომპოზიტორ მიქაელ ტარივერდიევის დღიურებს გადაგიშლით.  

მიქაელ ტარივერდიევი 1931 წელს თბილისში, მთაწმინდაზე, მაშინდელი ძერჟინსკის ქუჩაზე, დაიბადა. სკოლაში სოლოლაკში დადიოდა – სახელგანთქმულ ვაჟთა 43-ეში. თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის, ევგენი პრიმაკოვი – მე-20 საუკუნის ცნობილი პოლიტიკოსი და კიდევ ვლადიმირ ბურაკოვსკი, რომელმაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც უძლიერესმა კარდიოქირურგმა.
მიქაელ ტარივერდიევის მამა ლევონ ნავასარდოვიჩი, რომელიც სახელმწიფო ბანკის დირექტორად მსახურობდა, რეპრესიებში მოჰყვა. დედამ გაჭირვებით დააღწია თავი პატიმრობას.

წლების მერე მიქაელი მემუარებში ჩაწერს: „სტატისტიკის სამმართველოში, სადაც დედა მუშაობდა, პარტიულ კრებაზე რომელიღაც „პარტაიგენოსემ“ განაცხადა, რომ დედაჩემი აბრეშუმის წინდებს ატარებდა, რომ კარგი იქნებოდა გახსენება, რა ოჯახიდანაც ბრძანდებოდა – ანუ, სრულიად არაპროლეტარულიდან, და რომ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე დამსახურება რევოლუციაში… თითქოს სასაცილო ბრალდებაა, მაგრამ მაშინ, იმ წლებში ამაში სასაცილო არაფერი იყო. ამ განხილვას შედეგად შესაძლოა, პარტიიდან გარიცხვა მოჰყოლოდა, ხოლო პარტიიდან გარიცხვას ავტომატურად თან სდევდა დაპატიმრება. ეს კი,ოჯახს „ხალხის მტრის“ რანგში აყენებდა. ასე რომ, სასაცილოდ მართლაც არ გვქონდა საქმე. მახსოვს, როგორ ჩურჩულით განიხილებოდა სამზარეულოში საკითხი: ღირს მონანიება თუ არა? საბოლოოდ დედამ განაცხადა, არაფერიც არ მაქვს მოსანანიებელიო და ასეც მოიქცა. უბედურებამ მაშინ გვერდი აგვიარა და დედაჩემი მაინც დადიოდა აბრეშუმის წინდებით...“


...დედა მას „ბალიკს“ („პატარას“) ეძახდა. ტარივერდიევი ამტკიცებდა, რომ ბავშვობაში ძალიან შეუხედავი ბავშვი იყო და ამას სერიოზულად განიცდიდა. რა იცოდა, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 64 წლის ასაკში, მას რუსეთის სექსსიმბოლოდ გამოაცხადებდნენ. მიქაელი ძალიან დამოუკიდებელი იყო და მეზობლად მდებარე საბავშვო ბაღში მარტო დადიოდა. იქ მას შეუყვარდა თავისი აღმზრდელი და როდესაც გაიგო, რომ ის გათხოვდა, ბაღში აღარ წასულა. დედის ავტორიტეტმაც კი ვერ გაჭრა.
ტარივერდიევი იხსენებდა, რომ თბილისში გატარებულ ბავშვობაში მუსიკა ხელს სულ არ უშლიდა, მაგრამ სხვა სერიოზული პრობლემა ჰქონდა – მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ქალაქში არსებულ ბიჭთა ორ ბანდას შორის…
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ერთ ბანდას ხელმძღვანელობდა შემდგომში აკადემიკოსი და მსოფლიოში ცნობილი კარდიოქირურგი, ვალოდკა ბურაკოვსკი, ხოლო მეორეს კი – არანაკლებ ცნობილი პოლიტიკოსი – ჟენკა პრიმაკოვი.

სკოლაში ტარივერდიევს „ბოთლი“ შეარქვეს, რადგანაც ძალიან გამხდარი იყო, მხრები კი წინ ჰქონდა წამოწეული და მისი თქმით, მართლაც ჰგავდა ბოთლს და ამიტომაც სულ არ სწყინდა.


ტარივერდიევის თქმით, მისი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როდესაც მისი მამა დააპატიმრეს, შემდეგ კი სახლი გაჩხრიკეს. ოჯახს ფული დაუმთავრდა და მხოლოდ კარტოფილისა და ჩაის შოვნას ახერხებდნენ. მიქაელი კერძოდ ამეცადინებდა მოწაფეებს. ტარივერდიევს შემდგომში, მოსკოვშიც, ძალიან უჭირდა და რესტორანში დაკვრისთვის საკმაოდ მაღალი ჰონორარი შესთავაზეს, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა თავისი პრონციპები, რომლებსაც არ ღალატობდა და, ღამე რიგის სადგურზე მტვირთავად მუშაობა ამჯობინა. თავისი პირველი ჰონორარი კი 1949 წელს მიიღო, როდესაც მისი, როგორც კომპოზიტორის, დებიუტი შედგა. მან დაწერა ორი საბალეტო ნაწყვეტი, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაიდგა. თავისი პირველი ჰონორარით მიქაელმა შლაპა იყიდა.
ყველა, ვინც ტარივერდიევს იცნობდა, აღნიშნავდა, რომ მას ჩაცმის განსაკუთრებული სტილი და ტანსაცმლის ტარების ელეგანტური მანერა ახასიათებდა. მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივ საბჭოთა მაღაზიაში ნაყიდი კოსტიუმი ეცვა, ისე ლამაზად ირგებდა, რომ ექსკლუზიური გეგონებოდათ.
მიქაელმა თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური სკოლა დაამთავრა. მერე იყო ერევანში გატარებული რამდენიმე კვირა, ბოლოს კი მოსკოვი, სადაც გაითქვა კიდეც სახელი თავისი კინომუსიკით. მისი ნაწარმოებები ისე შეუყვარდა ხალხს, რომ სახალხო არტისტის წოდება მხოლოდ ოფიციალური სტატუსი არ იყო.

მიქაელი იხსენებდა, კომპოზიტორად გახდომა სრულიად შემთხვევით გადავწყვიტეო. თბილისში ერთი მეზობელი ჰყოლია, რომელსაც შინ, თურმე, როიალი ედგა. პატარა მიქაელი ხშირად შედიოდა მასთან და ინსტრუმენტზე „ხელების ბარტყუნით“ ერთობოდა. ბოლოს ამ დაუსრულებელი სავარჯიშოებით თავგაბეზრებულ მეზობელს უთქვამს: მოდი, რა, მშობლებმა პიანინო მაინც გიყიდონ და მერე იმაზე რამდენიც გინდა, დაუკარიო. ასეც მოხდა. მშობლებმა პიანინოც შეიძინეს და ბიჭი მუსიკაზეც შეიყვანეს. გაკვეთილებზე მიქაელს უცნაური პიესების შესრულება უწევდა.

ერთ-ერთ ნაწარმოებს „თოჯინის დაკრძალვა“ ერქვა. მომავალ კლასიკოსს საშინლად აღიზიანებდა ეს სახელწოდება. ჰოდა, გადაწყვიტა, თავად შეექმნა მუსიკა…

მოგვიანებით, როცა რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ გადაღებას დაიწყებს, მიქაელ ტარივერდიევის წინაშე ურთულეს ამოცანას დააყენებს: შექმნას მუსიკა სცენისთვის, სადაც შტირლიცი ცოლს ხვდება, ანუ გადაფაროს რვაწუთიანი ეპიზოდი, რა დროსაც ერთი სიტყვაც კი არ წარმოითქმება… და კომპოზიტორმა დაწერა ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი მუსიკა, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, თურმე, თბილისში გატარებულმა ბავშვობის წლებმა შთააგონა, როცა მაშინდელი ენგელსის (დღევანდელი ასათიანის) ქუჩით გაკვეთილებზე მიდიოდა.

დიახ, ტარივერდიევის ბავშვობის წლები თბილისთან იყო დაკავშირებული, მოწიფულობისა და დიდებისა კი – მოსკოვთან. ამბობდა, საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავედი, დიდხანს ვერ ვეგუებოდი, რომ ჩემი ფანჯრებიდან მთები არ ჩანდაო.

როცა „გაზაფხულის 17 გაელვება“ ეკრანებზე გამოვიდა, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირმა საერთაშორისო ბლანკზე დაბეჭდილი ტელეგრამა მიიღო: „გილოცავთ ჩემი მუსიკის წარმატებას თქვენს ფილმში. ფრენსის ლეი“. ამ ტელეგრამით ტარივერდიევს პირდაპირ სდებდნენ ბრალს იმაში, რომ მან მუსიკა ფრანგ კომპოზიტორ ლეის მოპარა.

ამ საეჭვო ხუმრობას შედეგად მოჰყვა ის, რომ რადიო თუ ტელეგადაცემებიდან ტარივერდიევის მუსიკალური ნაწარმოებების ამოჭრა დაიწყეს, ხოლო კონცერტებზე კომპოზიტორს გამუდმებით უსვამდნენ კითხვას, მართალია თუ არა, რომ ამ „ქურდობისთვის“ ათასი დოლარი გადაგახდევინეს ჯარიმადო? ჭორი საოცარი სისწრაფით მოედო ქვეყანას და ტარივერდიევს წარმატების სიხარული ჩაშხამდა.

მაშინ კი გადაწყვიტა, მოეძებნა ფრენსის ლეი. ამაში მას პარიზში „სოვექს პორტ ფილმის“ წარმომადგენელი ოთარ თენეიშვილი დაეხმარა. მიქაელმა ფრანგი კომპოზიტორი იპოვა და საქმე გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ფრენსის ლეის არანაირი ტელეგრამა არ გაუგზავნია საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირში და რომ ეს ვიღაცის ბოროტი „ხუმრობა“ იყო. აი, ამ ტექსტის შემცველი ტელეგრამა კი მართლა აფრინა ფრანგმა მუსიკოსმა მოსკოვში და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ტარივერდიევის ჩაბარებას მოსკოვის „გნესინების“ მუსიკალურ აკადემიაში საინტერესო წინაისტორია ჰქონდა. მიქაელი 18 წლის იყო, როდესაც კინაღამ ცოლად მოიყვანა არამ ხაჩატურიანის ძმისშვილი. ნიშნობაც კი გამოცხადდა, მაგრამ მოგვიანებით, გაიგო, რომ როდესაც მოსკოვიდან წასული იყო, მისი საცოლე ერთ ცნობილ მუსიკოსს ხვდებოდა. მიქაელმა ეს ვერ აპატია და ისინი დაშორდნენ. როდესაც ტარივერდიევი „გნესინკაში“ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მივიდა, მას დახვდა მკაცრი არამ ხაჩატურიანი და გაბრაზებულმა ჰკითხა: და იმის მერე, რაც მოხდა, როგორ აპირებ ჩემთან გამოცდის ჩაბარებასო. მიქაელმა უპასუხა: რასაც ვიმსახურებ, ის დამიწერეთო. კონკურსი ძალიან სერიოზული იყო – ერთ ადგილზე 7 კაცს ჰქონდა პრეტენზია. ტარივერდიევი იყო ერთადერთი, ვინც მიიღო 5-იანი, თანაც, პლუსით და ამის შემდეგ, ხაჩატურიანის არა მხოლოდ საყვარელი მოწაფე, არამედ უახლოესი მეგობარი გახდა...

მიქაელი იხსენებს, რომ მოსკოვში ცხოვრების პირველი, 1953 წელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი იყო. პრესტიჟული აკადემიის სტუდენტობა, მეგობრები, თავისუფლება... ამ დროს გაიგო სასიხარულო ამბავი, რომ მისი მამა გაათავისუფლეს... „მე ვიყავი სავსე ენერგიით, გულწრფელი, ცოტათი აღფრთოვანებული და ძალიან სულელი“, – იხსენებს ტარივერდიევი… მართალია, თვეში 27 რუბლი სტიპენდია არ ჰყოფნიდა და ღამით კარტოფილის ტომრებს ზიდავდა, სხვა მუსიკოს მეგობრებთან ერთად, მაგრამ მერე ერთ ტომარას ჩუქნიდნენ და ასეთი გემრიელი კარტოფილი არც მანამდე და არც მერე არ გაუსინჯავს. ერთხელ კი, როდესაც სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ, ანატომიის კაბინეტს დაბალ ფასში მიჰყიდეს საკუთარი ჩონჩხები, მათი გარდაცვალების შემდეგ გამოყენებისთვის. აღსანიშნავია, რომ ტარივერდიევი ძალიან ინტერესიანი ადამიანი იყო – ის პროფესიონალურად იყო დაკავებული ფოტოგრაფიით. ერთხელ ხაჩატურიანმა ფოტოაპარატი წაართვა, რადგანაც ისე გაერთო გადაღებით, რომ კომპოზიციაში მიიღო თავისი პირველი და უკანასკნელი 4-იანი… მიქაელი დადიოდა კრივზე, ცხენებზე, ველოსპორტზე, ავტორალიზე, შედიოდა საქართველოს მოცურავეთა ჯგუფში, ერთ-ერთი პირველი არაპროფესიონალი იყო, ვინც დაეუფლა ვინდსერფინგს და თანაც ისე, რომ გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
ტარივერდიევის ცხოვრებაში უამრავი ქალბატონი იყო. ის იყო ძალიან იმპულსიური და ემოციური. შეყვარებაც უცებ იცოდა და გადაყვარებაც. რამდენიმე ოფიციალური მეუღლეც ჰყავდა. როგორც აღმოჩნდა, ის ყოველთვის სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ეძებდა, მისი რჩეულები კი ვულკანს ჩამოჰგავდნენ. საბედნიეროდ, ბოლოს მან შეძლო ეპოვა თავისი ქალი, რომელსაც ეძებდა და მთელი ცხოვრება ელოდებოდა – ვერა. ისინი არა მხოლოდ მეგობრები, არამედ თანამოაზრეებიც იყვნენ. სავარაუდოდ, ვერა იყო ის ქალბატონი, რომელმაც ტარივერდიევს დაავიწყა მისი დიდი ხნის წინ მომხდარი სასიყვარულო ტრაგედია. 60-იან წლებში მას ულამაზესი მსახიობი, ლუდმილა მაქსაკოვა უყვარდა. ერთხელ, ისინი სახლში ღამე ბრუნდებოდნენ, საჭესთან ლუდმილა იჯდა. მანქანა გამვლელს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ტარივერდიევმა, როგორც ჯენტლმენმა, დანაშაული თავის თავზე აიღო და გამაცხადა, რომ საჭესთან ის იყო. სასამართლო პროცესი 2 წელი გრძელდებოდა. ციხიდან ის ამნისტიამ გადაარჩინა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ლუდმილა აღარასდროს უნახავს. ალბათ, ამის მიზეზი არსებობდა. ამ ისტორიამ, ალბათ, ელდარ რიაზანოვის ფილმი „სადგური ორისთვის“ გაგახსენათ, რომელსაც სწორედ ეს სევდიანი ისტორია უდევს საფუძვლად. ამბობენ, რომ რიაზანოვმა სცენარი ტარივერდიევთან შეუთანხმებლად დაწერა და კომპოზიტორს ეწყინა.
მას არ უყვარდა დაბადების დღეების გადახდა და მხოლოდ ერთხელ გააკეთა გამონაკლისი – 1981 წლის ზაფხულში, თავის 50 წლისთავზე, სოხუმში დასვენების დროს, როდიონ შჩედრინთან ერთად სერფინგით გაცურა შავ ზღვაში და იქ მიირთვეს თითო ბოთლი სომხური კონიაკი.
(გამოყენებულია ზურაბ ანჯაფარიძის შვილის, ლელა ანჯაფარიძის მონათხრობი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი