საზოგადოება

მარინა ჯანაშია: მხოლოდ აბაზანაში შემიძლია ტირილი, მაგრამ რომ გამოვალ, მოწესრიგებული უნდა ვიყო

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.02, 2021 წელი

მარინა ჯანაშია
დაკოპირებულია

ქართული თეატრის დღეს რუსთაველის თეატრის მსახიობს, მარინა ჯანაშიას, რომელიც მაყურებელთა შორის განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივიცემით სარგებლობს, ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიანიჭეს.

მარინა ჯანაშია: სანამ ეს მოხდებოდა, ვფიქრობდი: მიხარია, მაგრამ ნეტავ რა-მეთქი? მერე აღმოვაჩინე, რომ ამ სიტყვაში არის ხარი. მე კი ხარის წელში ვარ დაბადებული და ეს დამთხვევა ძალიან მომეწონა. ზუსტად მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ასეთი ჯილდო მომანიჭეს. ამდენი დამთხვევა საოცრება იყო. რაც შეეხება თავად ჯილდოს – ეს ჩემთვის დიდი პატივია. ასეთი დიდი ტრაგიკოსი ჩვენ არ გვყოლია. ის ძალიან საინტერესო ადამიანი და ნამდვილი ლეგენდა გახლდათ. ჯილდოები აქამდეც მიმიღია, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებულია.

– თქვენს ცხოვრებაში თეატრს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მაშინაც კი, როცა თქვენი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, თქვენ, თურმე, იმაზე ნერვიულობდით, როდის შეძლებდით სცენაზე დადგომას. ახლა როგორ ძლებთ უთეატროდ?

– იმ პერიოდში, როგორც კი გონზე მოვიდოდი და ჩემს მკურნალ ექიმს დავინახავდი, ვეკითხებოდი, როდის შევძლებ სცენაზე გასვლას-მეთქი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად საოცრება მოხდა. ნახევრად „წასული“ ვიყავი, თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე, მაგრამ კიდევ ერთხელ გამახელინა ნაცნობმა სილუეტმა. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი კახი კავსაძე, რომელიც თავისი ჯანმრთელობის გამო იყო ჩამოსული და რეანიმაციაში ჩემს სანახავად შემოვიდა. უცბად ჩემს პროფესორს ეკითხება: გამეცი პასუხი, აი, ეს ბოვში, სცენაზე დადგომას როდის შეძლებსო. ამ კაცმა, იცით, როგორ შემოგვხედა? ჯერ ჩემზე ფიქრობდა, ვერ არის კარგადო. მაგრამ ალბათ, აგონიას აბრალებდა და მერე, კახი რომ მოვიდა და სრულიად საღსალამათმა იგივე კითხვა დაუსვა, იფიქრა, ალბათ, სრულიად ერი ვერ არის კარგადო (იცინის). მაგრამ მან არ იცის ერთი რამ – მსახიობისთვის ყველაზე დიდი ნატვრა სცენაზე დგომა და მაყურებლის სიყვარულია. მეკითხებით, როგორ ვძლებ ახლა უთეატროდ? ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა დრო გვაშორებს თეატრთან და რაც ახლა ხდება, ძალიან მალე დამთავრდება. მაგრამ სცენაზე დგომის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ერთი ღამე ისეთიც კი მქონდა, არაფრით რომ არ დამეძინა და ერთ ღამეში ორი სპექტაკლი დავდგი (იცინის).

– როგორც ვიცი, ძალიან მოულოდნელად დაიწყო თქვენი გზა თეატრალური სამყაროსკენ.

– სრულიად მოულოდნელად. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ილია ვეკუამ ჰუმანიტარული სკოლა ჩამოაყალიბა, რომელშიც ჰუმანიტარულ საგნებში ძლიერი ბავშვები შეკრიბა. ჩვენი სკოლიდან ორი გოგონა აგვარჩიეს და ორი წლის განმავლობაში იქ ვსწავლობდი. გამორჩეული ადამიანები გვიკითხავდნენ ლექციებს ქართულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერებაზე. ეს ჩვენთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. სხვა სამყაროში აღმოვჩნდი და ვაპირებდი, უნივერსიტეტში ჩამებარებინა, რომელსაც თეთრ გედს ვეძახდი და რომელიც აღმაფრთოვანებდა. თუმცა, ხომ იცით, გოგონების უდიდესი ნაწილი ან მსახიობობაზე ოცნებობს ან ბალერინობაზე – მათ შორის ვიყავი მეც, მაგრამ ამ ოცნებებს გულის სიღრმეში ვინახავდი. რადგან უნივერსიტეტისთვის ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ მამა არასდროს მომცემდა უფლებას, თეატრალურში ჩამებარებინა. ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში „შემთხვევა – მისი უდიდებულესობა“, რომელმაც მაშინ ჩემი მომავალი შეცვალა. საქმე ისაა, რომ მეგობარი სწავლობდა მეორე მუსიკალურ ტექნიკუმში, რომლის გვერდითაც კინოსტუდია იყო. იქ რომ გავივლიდი, ცალი თვალით შიგნით ვიჭყიტებოდი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმა ახალგაზრდამ გაგვაჩერა მე და ჩემი მეგობარი და მეუბნება, თუ შეიძლება, მობრძანდით, ბატონი რეზო ჩხეიძე იღებს „ღიმილის ბიჭებს“ და თქვენც გაგსინჯავთო. შემიყვანეს ბატონ რეზოსთან, რომელმაც საუბრის შემდეგ მითხრა: რა გინდა, შვილო, უნივერსიტეტში, დაამთავრებ და მასწავლებელი გამოხვალო. მე დავუწყე საუბარი დისერტაციაზე, რომლის დაცვასაც ვაპირებდი და მოსალოდნელ პერსპექტივაზე, მაგრამ გამაჩუმა და მითხრა: ხვალ მთავრდება განცხადებების მიღება თეატრალურ ინსტიტუტში, გაიქეცი და ჩააბარე იქ, მე ამას გირჩევო. აღმოჩნდა, რომ ჩემი შინაგანი სურვილი ძალიან ძლიერი იყო – უნივერსიტეტისთვის შემზადებული საბუთებით თეატრალურ ინსტიტუტში წავედი და ჩავაბარე. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ბატონ მიშას აჰყავდა პირველი ექსპერიმენტული სარეჟისორო-სამსახიობო ჯგუფი და ამაშიც ძალიან გამიმართლა. ჩავაბარე, მაგრამ როგორ გინდა, ეს მამას უთხრა, რომელიც ძალიან მკაცრი იყო – თქვენობით ველაპარაკებოდი. ვზივარ და ვნერვიულობ. ამ დროს რეკავს ტელეფონი და მამა პასუხობს: არა გენაცვალე, ჩემი შვილი უნივერსიტეტში აბარებსო და გადმომხედა. თავი დავუქნიე, ვანიშნე – მე ვარ-მეთქი. ველოდები, რომ ახლა იქნება ჭექა-ქუხილი, მეხის გავარდნა და ასე შემდეგ. მამამ ყურმილი დაკიდა და ამბობს: მდაა, შენ ჩემი ოცნება შეასრულე.

მას ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და კონსერვატორიაში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ომში წაიყვანეს. შეიძლება, ახლა გვიკვირს, მაგრამ იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან უყვარდათ ხელოვნება და როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, სადაც ჩადიოდნენ, სპექტაკლებს მართავდნენ. თურმე, გამორჩეული ხმის გამო, ყოველთვის მამაჩემი აჰყავდათ სხვადასხვა როლზე და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა ყოფილა. ისიც კი უნდოდათ, რომელიმე თეატრში დარჩენილიყო. ამის შესახებ მე მოგვიანებით გავიგე, როცა ჩემმა დამ მამას დღიურები აღმოაჩინა.

ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ბატონი მიშა იყო ჩემი ოსტატი, პედაგოგი კი – თემურ ჩხეიძე, თუმცა ეს უკვე მესამე კურსიდან. პირველ კურსზე სერგო ზაქარიაძესა და ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად ვითამაშე. ჯერ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ვიყავი განებივრებული ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით და შემდეგ რუსთაველის თეატრში. გურამ საღარაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ზაზა ლებანიძე – ამ ადამიანებისადმი მოწიწება და დიდი პატივისცემა დღემდე მომყვება. რაღაც პერიოდი მარჯანიშვილის თეატრშიც ვთამაშობდი და ოთარ მეღვინეთუხუცესს პარტნიორობას ვუწევდი. იქ შევხვდი ლენა ყიფშიძეს, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი. კინოში თენგიზ არჩვაძეს ვუწევდი პარტნიორობას. ერთ-ერთ ფილმში აკაკი ვასაძესაც შევხვდი, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე მესაუბრებოდა. გული მწყდება იმაზე, რომ მეგონა, ეს ფუფუნება დიდხანს გაგრძელდებოდა და მის სიტყვებს ჰაერივით არ ვისრუტავდი. ამ ადამიანების მიმართ ჩემი თაყვანისმცემა და რიდი არასდროს განელდება. კოლეგების გარდა ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და მათგან ბევრს ვსწავლობდი. ბოდიშს ვუხდი სხვა კოლეგებს – ამჯერად მხოლოდ მათზე ვისაუბრე, ვინც ჩვენ შორის აღარ არის.

– ცოტა ხნის წინ წამყვანის ამპლუაც მოირგეთ.

– საოცარი სირთულეები ახლდა ამ ამპლუას. მე ყველაფერზე არანორმალურად ვღელავ. განცვიფრებულები იყვნენ: რა გაღელვებსო? რას ამბობთ, ამდენი მაყურებლის წინაშე სრულიად გამოუცდელი უნდა წარვმდგარიყავი. მერე რა, რომ თეატრსა და კინოში ვთამაშობ, ეს სულ სხვა გამოწვევაა. მხოლოდ პირველად კი არა, ყოველი გადაცემის დროს ვღელავდი, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა და რომ დავასრულებდით, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავდი ღრმად. ძალიან მეხმარებოდა ჩემი გოგო, ჩემი სიხარული. მარიტას მაყურებლისთვის შეუმჩნევლად ეჭირა ჩემი ხელი. გრძნობდა როგორ განვიცდიდი. აქაც „შემთხვევა – მისი უდიდებულესობა“ მოხდა. ტელევიზიაში გაიცნო მარიტუნამ არაჩვეულებრივი ადამიანი – თემო საჯაია. დაქორწინდნენ და ახლა მარიტუნა ფეხმძიმედ არის.

– მალე დიდი ბებია გახდებით.

– იცით, რამდენი ხანი ვეხვეწებოდი მარიტას? იცით, როგორ მინდა დიდი ბებიობა? ეს დრო მოახლოვდა და ნეტავ იცოდეთ, როგორ ველოდები. გულახდილად, მაგრამ ჩურჩულით გეუბნებით, ძალიან მინდა გოგო დაიბადოს. თემოც ეუბნება მარიტუნას, რასაკვირველია სულერთია, მაგრამ მინდა, შენნაირი გოგო გვყავდესო.

– ბევრი სირთულე გამოიარეთ. თუმცა, ძალიან დიდ სიმშვიდეს ასხივებთ, რომლის უკანაც ძალა იგრძნობა.

– ამ სიმშვიდის მიღმა, შიგნით ვულკანური ამოფრქვევები მაქვს. რასაც გარეთ არ ვუშვებ, შიგნით გროვდება. შეიძლება, ძალიან აღშფოთებული და გულდაწყვეტილი ვიყო, მაგრამ არავის ვაგრძნობინებ. ვცდილობ, გარეგნულად სიმშვიდე შევინარჩუნო. ცოტა ხნის წინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა თეატრთან დაკავშირებით, რომელსაც ჩემი აზრით, არავის ვაჩვენებდი. მაგრამ მარიტუნამ შემომხედა და მითხრა: მარუსი, იცი, გაბრაზებული სახე გაგიხდაო. მაშინ მივხვდი, რომ კიდევ უფრო უნდა მოვთოკო ჩემი თავი.

– თუმცა, ხანდახან ხომ საჭიროა დაცლა...

– რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ვეღარ გამომაქვს გარეთ, არ გამომდის. ეს ჩემი ხასიათი გახდა. თუმცა ბავშვობიდანვე ასეთი ვიყავი. ტირილითაც კი იშვიათად ვტიროდი. ასაკი რომ მომემატა, ჩემს ტირილს აღარავის ვაჩვენებდი და ახლა – მით უმეტეს. შეიძლება, ჩემ შიგნით მიწისძვრა ხდებოდეს და უდიდესი ძალით მაზანზარებდეს, მაგრამ გარეთ არ გამოვუშვებ. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, ამიტომაც დაგემართა, რაც დაგემართა. ახლა მაინც გამოუშვი გარეთ განცდებიო და როგორც ჩანს, მართალია – შიგნიდან არ უნდა შეიჭამო თავი ადამიანმა. სხვათა შორის, წლების წინ ექიმმა ამოხსნა ჩემი ხასიათი და მითხრა, იყვირეო, არ შემიძლია-მეთქი, იტირეო – არც ეს შემიძლია-მეთქი. მხოლოდ აბაზანაში შემიძლია ტირილი, მაგრამ რომ გამოვალ, მოწესრიგებული უნდა ვიყო-მეთქი. მაშინ იყიდე იაფფასიანი ჭურჭელი და დაამტვრიეო, მაგრამ ესეც ვერ შევასრულე (იცინის). მგონია, რომ მე ჩემი პროფესია მშველის. რასაც ცხოვრებაში ვერ ვუშვებ, სცენაზე ყველაფერი გარეთ გამომაქვს.

– ორი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მარტივია?

– არა, როგორც ხელოვანებს, მაგრამ როგორც ორ განსხვავებულ ადამიანს, მე და თემოს მოთელვის პერიოდი დიდხანს გაგვიგრძელდა. რამდენადაც მე ყველაფერს შიგნით ვინახავ, თემო იმდენად გამოხატავს. ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ჩემთვის ძნელად მისაჩვევი იყო და ოთხი წელი დაგვჭირდა. როდესაც ჩვენი ამბავი უნდა მომხდარიყო, მეგობარმა მითხრა: კარგად დააკვირდი მის ნახატებს, მზად ხარ იმისთვის, რომ ასეთ რთულ ადამიანს პარტნიორობა გაუწიოო? მერე ვფიქრობდი, როგორი სწორი სიტყვები უთქვამს-მეთქი. თემოს ნახატები საკმაოდ რთული და საინტერესოა, თან ძალიან მრავალფეროვანი. ამ დროს ხასიათით ბავშვივით გულუბრყვილოა. სანამ ერთმანეთს შევეჩვეოდით, არ იყო მარტივი, მაგრამ უკვე მრავალი წელია, ერთმანეთის საყრდენი ვართ.

P.S. გამოყენებული ფოტო ეკუთვნის დიმა ჩიკვაიძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი