საზოგადოება

მაია დოხტურიშვილის პროფესიული გზა და ბრძოლა უშვილო წყვილების დასახმარებლად

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.12

მაია დოხტურიშივლი
დაკოპირებულია

მეანი-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მაია დოხტურიშვილი საკუთარ წარმატებულ კარიერას სტუდენტობიდან იწყებს, როცა უმაღლესი შეფასებებით გამოირჩეოდა და დამსახურებული სახელობითი სტიპენდიაც ჰქონდა. შემდეგ იყო  მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე და კმაყოფილი პაციენტების რიცხვიც თანდათან გაიზარდა.

– ქალბატონო მაია, როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერა?

მაია დოხტურიშვილი: წარმატებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რის შემდეგაც ინტერნატურა და ასპირანტურა გავიარე ჟორდანიას ინსტიტუტში, დავიცავი დისერტაცია, 1996-1998 წლებში ვმუშაობდი მოსკოვში, სამეანო განყოფილებასა და ონკოგინეკოლოგიაში. რის მერეც დავბრუნდი საქართველოში და ერთი წელი ისევ განვაგრძე ჟორდანიას ინსტიტუტში პარალელურად გავდიოდი სასერთიფიკატო სტაჟირებებს სხვადასხვა ქვეყანაში. მოგვიანებით გადავედი ჩაჩავას კლინიკაში, შემდეგ – მეორე სამშობიაროში, რომლის დაშლის შემდეგაც ვარ სამშობიარო სახლ „ემბრიონისა“ და დიაგნოსტიკურ ცენტრი „უნივერსის“ ექიმი. ვაკეთებ ოპერაციებს სხვადასხვა კლინიკაში.

– დღის განმავლობაში ხშირად გიწევთ რამდენიმე ოპერაციის შესრულება. ძირითადად, რა მეთოდით აკეთებთ ქირურგიულ ჩარევებს?

– არის რიგი ოპერაციები, მაგალითად, საკეისრო კვეთა ვაგინალური ჰისტერეკტობია, რა შემთხვევაშიც აუცილებელია, ეგრეთ წოდებული, ღია მუცლის მეთოდის გამოყენება ჩემი ოპერაციების ძირითადი ნაწილი ლაპარატომიით კეთდება.

– სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა უშვილობის პრობლემები. თქვენი დაკვირვებით, რას უკავშირდება ეს მაჩვენებელი?

– ვფიქრობ, ის სტრესული და არაჯანსაღი გარემო, რაშიც გვიწევს ცხოვრება, თავის უარყოფით გავლენას ახდენს შვილოსნობაზე, ასევე, ძალიან ცუდად მოქმედებს სხვადასხვა ტიპის მოსაწევი საშუალებები, ნარკოტიკები.

– რა შემთხვევაში ურჩევთ პაციენტს ხელოვნურ განაყოფიერებას?

– ყველაფერს მედიცინაში და მათ შორის მეანობასა და რეპროდუქტოლოგიაში, თავისი სამედიცინო ჩვენება აქვს. როდესაც უშვილო წყვილი ექიმთან მოდის, საჭიროა ყველაფერი დეტალურად გამოვიკვლიოთ – ფალოპის მილები, საშვილოსნო, საკვერცხეები, ენდოკრინული სისტემა და ასე შემდეგ. პარალელურად, შევისწავლოთ მამაკაცის სპერმა და საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შემდეგაც ვწყვეტთ, რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირდაპირი ჩვენებაა იმისთვის, რომ პაციენტი ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაზე გავუშვათ.

– „ინ ვიტროთი“ განაყოფიერების შემთხვევაში რა ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს და რამდენად რეალურია მენოპაუზის შემდეგ დაორსულების შანსი?

– მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გეტყვიან, რომ 40 წლის ზევით „ინ ვიტრო“ განაყოფიერების შემდეგ დაფეხმძიმების შანსი 5 პროცენტია. უნდა შეფასდეს საკვერცხეების მდგომარეობა, რა რეზერვია საკვერცხეებში. ჰორმონული ანალიზები და სავსებით რეალურია, რომ დადგეს ორსულობა. ჩემს პრაქტიკაში არსებობს ასეთი შემთხვევები.

– უშვილობასთან ბრძოლა საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დანახარჯებსაც მოითხოვს...

– მატერიალურ ხარჯებს ვერ გავექცევით, მაგრამ არიან პაციენტები, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობით, ამ შემთხვევაში მე ვარ ექიმი და მათი დახმარება ჩემთვის პრიორიტეტია.

– როდესაც ქალს აქვს შვილოსნობის პრობლემები, მას, ალბათ, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რომ ექიმთან თითოეული ვიზიტი მისთვის ნაკლებად სტრესული იყოს.

– ჩემთან მოსულ ყველა პაციენტს ისე ვუდგები, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს, ბოლომდე ვიხარჯები შედეგისთვის და მაქსიმალურად ვცდილობ, პირნათელი ვიყო მათთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვცდილობ, თითოეულ ადამიანს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად მივუდგე.

– დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული განრიგით გიწევთ მუშაობა. თავისუფალ დროს რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ასევე, ყვავილები, რომელთა მოვლაც სიამოვნებას მანიჭებს.

– ნებისმიერი წარმატებული პროფესიონალის მიღმა დგას ოჯახი, რომელიც ზურგს უმაგრებს. გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

– მყავს მეუღლე და ერთი შვილი – დავითი. მთელი ოჯახის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა მაქვს, რომლის გარეშეც ნამდვილად წარმოუდგენელია, ბოლომდე დაიხარჯო პროფესიაში და მუდმივად იმუშაო თვითგანვითარებაზე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა