საზოგადოება

მაია დათუნაშვილი: იმ ასაკში ვარ, როცა გაშიფრული მყავს ადამიანები და ვეღარავინ მატყუებს

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 20.05

მაია დათუნაშვილი
დაკოპირებულია

მაია დათუნაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მაია დათუნაშვილი?

მაია დათუნაშვილი: მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო. ვარ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ძალიან ამაყობს, რომ მისი ქვეყანა ტალანტების ოფიციალური რეზერვუარია. მიყვარს ადამიანები, ჩემი ოჯახი და პროფესია.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– წელს 64 წლის ვხდები. ჩემმა თაობამ ჩემთან ერთად გაიარა ყველა ფორმაციის ცვლილება. ჩვენ ძალიან ბევრი კატაკლიზმები გამოვიარეთ ძალიან დიდი ღირსებით, მოთმინებით, გონიერებით. 30 წლის წინ რომ გეკითხათ, როგორი იყო ჩემი საოცნებო ცხოვრება, სხვა პასუხს გაგცემდით, ამჯერად, ჩემთვის საოცნებოა, პირველ რიგში, მშვიდობიანი ცხოვრება, შემდეგ კი იმ პოტენციალის გაფურჩქვნა და აყვავება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ასევე, ჩემი შვილის, შვილიშვილებისა და ყველა ბავშვის ჯანმრთელობა.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– არა და ამ თემაში ძალიან პრინციპული ვარ. უბრალოდ, ვიცი, რომ ასეთ საქმეს ვერ გავაკეთებ ისე, როგორი მოთხოვნაც მაქვს მე ჩემი თავისგან. შესაძლოა, სხვა საკითხებთან მიმართებით არ ვიყო პრინციპული ადამიანი, მაგრამ ჩემს პროფესიაში სუპერპრინციპული ვარ. ვერასდროს წავედი ვერანაირ კონპრომისზე და ამას არც ვაპირებ (იცინის).

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხართ?

– ძალიან. მე შემიძლია, წამომივიდეს ცრემლები მაშინ, როდესაც უბრალოდ, ვფიქრობ; შემიძლია, ვიტირო მაშინ, როდესაც ვუსმენ კარგად შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებს; მაშინ, როდესაც ვფიქრობ ჩემს საყვარელ ადამიანებზე და მათ ისტორიებზე ან ჩემი ოჯახის პრობლემაზე. ძალიან ემოციური და რომანტიკული ვარ. ძალიან მიხარია, რომ ასაკის მიუხედავად, დღემდე შევინარჩუნე ეს თვისება (იცინის). თუმცა, მე ასაკს არანაირ პრობლემად არ ვთვლი. ასაკი არის წლები, რომელიც ორგანიზმს ემატება. მთავარი არის შიგთავსი, სულიერება. მე შემიძლია ვიყო 5, 10, 25, 45 თუ 70 წლის ასაკის. ერთადერთი კომპლიმენტი, რომელიც შემიძლია, დღეს ჩემს თავს გავუკეთო, ჩემი ეს თვისებაა.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?

– გულახდილად გეტყვი, ამაზე ალბათ, ბევრი ადამიანი ოცნებობს და მათ შორის მეც, თუმცა, ლატარიის ბილეთი სულ სამჯერ მაქვს ნაყიდი (იცინის). მაინც რომ მოხდეს სასწაული და მოვიგო ძალიან ბევრი ფული, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ. იცით რაზე მაქვს ნაფიქრი? ღმერთმა ყველა ადამიანს, ერთხელ ცხოვრებაში, ერთი თვით მაინც, უნდა მისცეს მილიონი. იმიტომ, რომ ადამიანმა საკუთარი თავი შეიცნოს. გაიგოს, როგორია ის, როცა ბევრი ფული აქვს. მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც გავაკეთებდი. პირველ რიგში, ყველა იმ ბავშვს დავეხმარებოდი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მერე დავეხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრისის პრობლემა აქვს. თუ კი რამე დამრჩებოდა, მაშინ უკვე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე – ქართული, ეროვნული, უნიჭიერესი ხელოვნების პროპაგანდაში ჩავდებდი ფულს. სულ ბოლოს დავიტოვებდი ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის, რაც გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილიშვილებისთვის საუკეთესო განათლების მიცემას.

– ოდესმე გიოცნებიათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი ადამიანი ყოფილიყავით?

– მე ამაზე არასდროს მიოცნებია. მე იმდენად ცნობილი ადამიანი ვიყავი და ვარ ჩემს სამშობლოში, რომ ამის პრობლემა არასდროს მქონია. წლების წინ მე მქონდა ორი არაჩვეულებრივი შემოთავაზება. პირველი შემოთავაზება 27 წლის ასაკში მივიღე. ვაშინგტონში შევხვდი მსოფლიო დონის მუსიკოლოგს, უილის კანოვერს. ის იყო უნიკალური ადამიანი, რომელიც 50 წლის განმავლობაში უძღვებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ამერიკის ხმის“ ორ გადაცემას ჯაზის თემაზე. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან ჩემს ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო.

მეორე შემოთავაზებას რაც შეეხება, ლუჩიანო პავაროტის აღმოსავლეთ ევროპის სააგენტოდან მივიღე, რომელიც გერმანიაში მდებარეობდა და მაშინაც უარი ვთქვი. ვერ გეტყვით, რომ რომელიმეს ვნანობ. ჩემთვის მთავარი იყო, ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში და ჩემი ქვეყნის პროპაგანდისტი მსოფლიო დონეზე, რაც გამომდიოდა ძალიან კარგად მაშინაც კი, როცა არ იყო სოციალური ქსელები, ინტერნეტი და კომუნიკაციის დღევანდელი საშუალებები. ერთადერთი, რასაც ახლა სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის, იქნებოდა ჩემი, როგორც კულტურის ატაშეს ფუნქციის შეთავსება რომელიმე ქვეყანაში, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მით უმეტეს, რომ მე ვიცი კარგი ქართული, კარგი რუსული, არაჩვეულებრივი ბრიტანული ინგლისური და ცოტა იტალიურიც. ჩემთვის მთავარია, აქ ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ოღონდ ვაკეთოთ ისე, რომ მთელმა თუ არა, ნახევარმა მსოფლიომ მაინც გაიგოს, ანუ, ყველაფერი ხარისხიანად. ამ საკითხში ძალიან პრინციპული ვარ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად წარსულიდან?

– მე მაქვს მცდარი ნაბიჯი, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ჩემთვის ყველაზე სანანებელი ის არის, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყავს. მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე ტელევიზიას, ქართული კულტურის პროპაგანდას, ვერ მოვიცალე და ეს არის ჩემი დიდი შეცდომაც, დიდი ტკივილიც და მცდარი ნაბიჯიც. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ამ დეფიციტის გამო, თვითონ სამი შვილიშვილი მაჩუქა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ამ ორ ცნებას ძალიან პირობითად ვუყურებ. არ ვფიქრობ, რომ რამე შეიძლება, მარცხი იყოს ან დიდი წარმატება. პროფესიაზე თუ მეკითხებით, შემიძლია, გითხრათ, რომ მარცხი არ მქონია. არცერთ რესპონდენტს – მსოფლიო თუ ქართველ ვარსკვლავებს ან არავარსკვლავებს, ჩემთვის არასდროს უთქვამთ უარი. მე რომ ვყოფილიყავი ეთერში 15-20 წლის წინ, ახლა არ იქნებოდა ჩემზე უფრო გაპიარებული ადამიანი საქართველოში. ისეთი სუპერსენსაციური ინტერვიუები სუპერვარსკვლავებთან, როგორიც მე მქონდა, არ ღირსებია არავის არც იმ პერიოდში და არც მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელი გავიდა. მე ამით არასდროს გამიკეთებია ჩემი პიარი. მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ამიტომ, მარცხი და წარმატება არ არის ჩემთვის კონკრეტული ცნებები. დღემდე წარმატებული ვარ ჩემს პროფესიაში. უკვე შვიდი წელია, განათლების სამინისტროში ვმუშაობ, არაფორმალურ სახელოვნებო განათლებას ვკურირებ. ასევე, დროდადრო მაქვს პროექტები სცენაზე. ეკრანზე არ ვარ, რასაც მთელი საქართველო ითხოვს და იმედი მაქვს, რომელიმე ტელევიზია ამ თხოვნას როდესმე გაითვალისწინებს. მე არ შემიძლია არავისთან მისვლა და თქმა, გადაცემა გამაკეთებინე-მეთქი. უკაცრავად, იქით მთხოვონ, სწორედ ჩემისთანა და არა მხოლოდ ჩემისთანა ადამიანების გადაცემები სჭირდება დღეს საზოგადოებას. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რასაც გამარჯვებასთან დაკავშირებით დავასახელებ, ეს არის ის საყოველთაო სიყვარული, რომელსაც მე ვგრძნობ. უკვე რვა წელია, ეკრანზე არ ვარ და ამის მიუხედავად, ეს სიყვარული მხვდება ყველგან, თუმცა, ეს გამარჯვებაზე მეტად, ბედნიერებაა.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და მატყუარა ადამიანის ამოცნობა თუ გასწავლათ ცხოვრებამ?

– ხომ არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ, ტყუილი შეიძლება, სასარგებლო იყოს. მე უკვე იმ ასაკში ვარ, როცა გაშიფრული მყავს ადამიანები და მაქვს ჩემი შეხედულებები. მე არავინ აღარ მატყუებს, ვეღარ მატყუებს. თუმცა, ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრი ადამიანი მატყუებდა. გაგაკვირვებათ, სულ რაღაც 10-15 წლის წინ მიმითითა მეგობარმა, რომ შეიძლება, ჩემი ვინმეს შურდეს. მანამდე ეს ვერც კი წარმომედგინა. რატომ უნდა შურდეს ვინმეს, რატომ უნდა გმტრობდეს ადამიანი – ეს ჩემთვის გაუაზრებელია. მერე მიზეზებიც ჩამომითვალეს, მაგრამ ამის მაინც არ მჯერა. შური ყველაზე დამთრგუნველი თვისებაა, რომელიც ადამიანს აბერებს, ღამე არ აძინებს. რაც მთავარია, ის უშედეგოა. დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი ვინმეს შურს და თუ მაინც შურს, მშვიდად იყოს, ნუ შეშურდება, მე შესაშური არაფერი მაქვს. რაც მთავარია, შურის გრძნობა მას ვერაფერს შემატებს, ის ვერ გახდება მაია დათუნაშვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა