ლიკა ნიორაძე: თითოეული პროცედურა ერთგვარი რიტუალია ჩემთვის - მგონია, ფუნჯი მიჭირავს და ვხატავ
ავტორი: „თბილისელები“ 10:30
სილამაზე არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს იმ თავდაჯერებას აძლევს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვაკლია. სწორედ ამის გაცნობიერებამ და ადამიანებისა და საკუთარი პროფესიის უდიდესმა სიყვარულმა აქცია ლიკა ნიორაძე ერთ-ერთ იშვიათ სპეციალისტად, რომლისთვისაც ესთეტიკური მედიცინა უბრალოდ პროფესია კი არა, ადამიანზე ზრუნვის ყველაზე სწორი ფორმაა. მის მიერ შექმნილი ესთეტიკური სტუდიო „ლაურენი“ ქალბატონების კომფორტზე, თავდაჯერებულობასა და სილამაზეზე ზრუნვის გამორჩეული ადგილია თბილისში.
ლიკა ნიორაძე: შინაგანად სულ მქონდა განცდა, რომ მომღერალი ან მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევნის გაკეთების დრო დადგა, მამამ არ მოისურვა, რომ ამ გზას გავყოლოდი და ჩემი არჩევანი მედიცინის სფეროზე შევაჩერე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დერმატოლოგიით დავინტერესდი, რადგან ჩემთვის, როგორც ქალისთვის, თავის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დაკავებული ვიყავი კლასიკური კოსმეტოლოგიით, მაგრამ იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც დაემთხვა 9 აპრილის მოვლენები და დიდი არეულობა ქვეყანაში, კოსმეტოლოგიის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაქრა და მე და მამა რადიკალურად განსხვავებული საქმით ვიყავით დაკავებული, მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, ისევ მივუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმიანობას, ინტენსიურად ვსწავლობდი კლასიკური კოსმეტოლოგიის პროფესიონალურ მიდგომებს და თბილისში სახის წმენდის პირველი აპარატი მე მქონდა. ვმუშაობდი არაერთ სალონსა და ესთეტიკის ცენტრში, მათ შორის, სილამაზის სალონების ქსელ „მელანჟიში“ მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი კლასიკური კომპანიის წარმომადგენელმა რუსეთიდან მოიწვია სპეციალისტი, რომელმაც გაგვაცნო ინიექციური კოსმეტოლოგია. მაშინ საქართველოში ეს მამართულება არ არსებობდა და ძალიან დავინტერესდი. იმდენად დავინტერესდი და შემიყვარდა ეს სფერო, რომ გადავწყვიტე ძალიან სიღრმისეულად შემესწავლა, რისთვისაც მუდმივად გავდიოდი ტრენინგებს, ვესწრებოდი ინდივიდუალურ სწავლებებს. პეტერბურგში ერთ-ერთ ცნობილ კოსმეტოლოგთან გავიარე ბოტულინოთერაპიისა და ტუჩის აუგმენტაცის მასტერკლასები. სხვადასხვა ქვეყნაში გავდიოდი ინდივიდუალურ სწავლებებს, განსაკუთრებით მაინტერესებდა ტუჩის ბუნებრივად შესრულების ტექნიკა. საქართველოში დავესწარი ძალიან კარგი უკრაინელი სპეციალისტის მასტერკლასს, რომელიც ერთდღიანი იყო და 800 ევრო ღირდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს არარეალური ფასი იყო, თუმცა არაფერს ვზოგავდი თვითგანვითარებისა და სიახლეების დაუფლებისთვის. ასე ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი. საბოლოოდ ამ საქმეში ვიპოვე საკუთარი თავი და მთავარი ბედნიერება, რასაც ყოველდღიურად განვიცდი და ვანიჭებ ჩემს პაციენტებსაც.
– რა იყო თქვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა განვითარების ამ გზაზე?
– ზოგადად, ვფიქრობ ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად მიღწეულით არასდროს უნდა დაკმაყოფილდე, მე ასე ვცხოვრობ, ჩემს საქმეში ხვალ აუცილებლად დღევანდელზე უკეთესი უნდა ვიყო და ამისთვის შეუჩერებლად ვმუშაობ და მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ, არაერთ კლინიკასთან მითანამშრომლია და ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე მუდმივად უდიდეს სიყვარულს გავცემდი, რაც ორმაგად მიბრუნდებოდა პაციენტებისგან, ყოველთვის ვგრძნობდი მათ სითბოს, დაფასებასა და პატივისცემას, არა მხოლოდ პაციენტებისგან, არამედ კლინიკების დამფუძნებელებისგან, რაც ამ გზაზე უდიდეს სტიმულსა და მოტივაციას მაძლევდა, ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა მივხვდი, რომ დრო იყო, საკუთარი ესთეტიკური სტუდიო გამეხსნა.
– რატომ „ლაურენი“?
– ეს სახელი დედამ დამარქვა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ იტალიურად ელეგანტურ, ჰარმონიულ და მოვლილ ქალბატონს ნიშნავს, ამიტომ დავარქვი ჩემს ესთეტიკურ სტუდიოს „ლაურენი“ და ჩემი მთავარი მიზანიც ესაა, რომ ყველა ქალბატონი იყოს ელეგანტური და მოვლილი. კლინიკის გახსნის იდეიდან დღემდე ჩემი მიზანია, ქალბატონებს შევუქმნა მაქსიმალურად მყუდრო, მეგობრული და კომფორტული გარემო, საიდანაც კიდევ უფრო მეტად ლამაზები და თავდაჯერებულები გავლენ.
– რა არის თქვენთვის თითოეული პროცედურა?
– ჩემთვის თითოეული პროცედურა ერთგვარი რიტუალია, მგონია, რომ ფუნჯი მიჭირავს და ვხატავ. რეალურად ხატვისგანაც არც ისე შორს ვარ, ვიზაჟი იყო ჩემი ჰობი და ამ პროფესიაში საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ.
– რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი პროფესიონალი კოსმეტოლოგი?
– მნიშვნელოვანია, თითოეულ პაციენტს ისე უყურებდე, როგორც საკუთარ თავს, მე ისე ვიქცევი თითოეულ მათგანთან, როგორც მე მინდა, რომ მომექცნენ. ჩემზე გეტყვიან, რომ თუ საჭიროდ არ ჩავთვლი, პროცედურას არ ჩავატარებ, ეს რეალობაა, ამ საქმეს ბიზნესის თვალით არ ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, არ დავკარგო ჩემი უნიკალური ხელწერა და თითოეული პაციენტი ყველა პროცედურის შემდეგ იყოს უფრო ლამაზი, მაგრამ აუცილებლად ბუნებრივი. ვერავინ დამითანხმებს ზედოზირებაზე და ისეთ ჩარევაზე, რაც პაციენტს ძალიან არაბუნებრივს გახდის.
– ამბობენ რომ გამორჩეულად ყურადღებიანი ხართ, რაში გამოიხატება ეს?
– ჩემთვის პაციენტთან ერთჯერადად შეხვედრა, პროცედურის ჩატარება და დამშვიდობება არ არსებობს, თითოეული პროცედურის შემდეგ ყველა მათგანს ვიბარებ კონტროლზე, ჩემი დიდი ინტერესია საკუთარი თვალით ვნახო და შევაფასო, რა გავაკეთე და საბოლოოდ რა შედეგი მივიღე, მეც და პაციენტიც უნდა დავრწმუნდეთ, დადგა თუ არა ის რეალობა, რაც ჩავიფიქრეთ. გაგიკვირდებათ და მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა პაციენტი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა კლინიკაში კონტროლზე მოსვლას და თავად მივაკითხე სახლში, ქუჩაშიც შევხვედრივარ ზოგიერთს, ვინც კლინიკაში ვერ ახერხებდა მოსვლას.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მინდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და სანდო გარემო მქონდეს, ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ. ასევე ძალიან მინდა, დავესწრო ბოტულინოთერაპიაში ახალი მიდგომების მასტერკლასებს კორეაში, რაც ამ ეტაპზე ბევრ ბარიერთანაა დაკავშირებული, თუმცა როცა მიზანი არსებობს, ნებისმიერ დაბრკოლება მარტივად გადაილახება, ჩემი მათვარი მიზანი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი წინსვლა და განვითარებაა. ასევე, ძალიან მინდა დავნერგო ქველმოქმედების დღეები ჩემს სივრცეში, წელიწადში რამდენიმე დღე ვაჩუქო მათ, ვისაც ძალიან უნდა კოსმეტოლოგიური მანიპულაციების ჩატარება და არ აქვს ამის შესაძლებლობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





