საზოგადოება

ლევან მათითაშვილი: ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში ნანიკოს როლი დიდია

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 02.03, 2021 წელი

ლევან მათითაშვილი
დაკოპირებულია

ახლახან ლევან მათითაშვილმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით – „მე დამოკიდებული ვარ“, რომელშიც მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ალკოჰოლდამოკიდებულებასთან დაკავშირებით და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო მეთოდებზეც საუბრობს.

ლევან მათითაშვილი: დამოკიდებულება საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რომელიც ადამიანში ბავშვობიდანვე შემოდის გენეტიკური თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე. დამოკიდებულება სულიერი დაავადებაა და ის ქრონიკულია. ცხოვრების რა ეტაპზე და რაზე მიჯაჭვულობით გამოავლენს თავს, ეს არავინ იცის. თუმცა, მიჯაჭვულობა არ აღიქმება პრობლემად, ეს ამ დაავადების გამოვლინების ერთ-ერთი გზაა. ჩემს შემთხვევაში თავი გამოავლინა ალკოჰოლზე მიჯაჭვულობით. როცა ამ დაავადების სიმპტომები კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ გარდა მიჯაჭვულობისა, სხვა სიმპტომებიც მახასიათებდა.

– რა სიმპტომები?

– დამოკიდებულ ადამიანს დაკარგული აქვს უსაფრთხოების შეგრძნება. ის სამყაროში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. აქვს შიშები ადამიანებისა და მოვლენების მიმართ, რომ არ აწყენინონ, არ გააბრაზონ. წყენა და ბრაზი ტოქსიკური შეგრძნებებია, რომელიც მასში გროვდება. მათი დაგროვება წარმოქმნის სიცარიელეს, რომელსაც სულიერი ტკივილი მოჰყვება. სიტყვა სულიერება შეგრძნებებსა და ემოციებს გულისხმობს. შესაბამისად, ეს არის შეგრძნებებისა და ემოციების დაავადება. როდესაც ემოციები და შეგრძნებები დაავადებული გვაქვს და სიცარიელე გაუსაძლისად მტკივნეული ხდება, თვითგადარჩენის ინსტინქტი ირთვება და გონება გთავაზობს გზებს მისგან თავის დასაღწევად. ეს გზებია: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამაში, შოპინგი და ასე შემდეგ. ადამიანი იმას ეჯაჭვება, რაშიც საკუთარი ტკივილის გამაყუჩებელს იპოვის.

– ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ 24 საათი თრობის მდგომრეობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ალკოჰოლი რაღაც დოზით წამალია, როდის ირღვევა ზომიერება?

– როდესაც მე ერთხელ მოვიხმარ ამა თუ იმ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ალკოჰოლს და ეს უკვე მაყენებს ზიანს, პირობითად მომწამლავს, მაგრამ მეორედ და მესამედაც ვაკეთებ იმავეს, უკვე ზიანი მადგება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ამით ჩემ გარშემო მყოფებსაც ვაყენებ ზიანს. თუ ჩემს ამგვარ ქმედებას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს ნიშნავს, რომ უკვე ზღვარგადასულია. ამ დაავადებას რამდენიმე ფაზა აქვს და მე მეორეს გამოვყოფ, რომელსაც უარყოფის ფაზა ჰქვია. ის მოიაზრებს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს არ აქვს გაცნობირებელი, რომ მას ეს ზიანს აყენებს, რომ მასზეა მიჯაჭვული და ფიქრობს, რომ თავისივე ძალებით დააღწევს თავს. აღვნიშნავ იმასაც, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ტრადიციების მატარებელ ქვეყანაში, „სადაც ყველა სვამს, მეც უნდა დავლიო“ მიდგომაც ძალიან ბევრს განსაზღვრავს. ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია თავმოყვარეობის შელახვა. დამოკიდებული ადამიანები ცოტა ჩაკეტილები არიან და სოციალური თავდასხმები მათთვის ძალიან მტკივნეულია. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, ისე მოიქცენ, რომ ეს თავდასხმები თავიდან აირიდონ და ამ დროს ჯანმრთელობას წირავენ.

– როდის და როგორ გააცნობიერეთ, რომ ეს პრობლემა გქონდათ?

– მე არავისგან გამორჩეულად არ მიმაჩნია საკუთარი თავი. ძალიან ჩვეულებრივად, თბილისური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ვარ და გაუცნობიერებელ დონეზე, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მეგონა. მაგრამ, რაღაც პერიოდი რომ გავიდა, მივხვდი, რომ უკვე მაზიანებდა. თუმცა, საკუთარი ძალებით თავშეკავება არ გამომდიოდა, არც იძულებითი თავშეკავება ამართლებდა გრძელვადიანად. ამ პროცესში მიგროვდებოდა ემოციები და შეგრძნებები, რომელსაც მე კარგად არ ვიცნობდი და რაღაც მომენტში თავშეკავების შედეგად დაგროვებული ემოციები დაჭიმული ზამბარასავით ფეთქავდა. ამიტომ ვამბობ, რომ გრძელვადიანად, ამისგან თავის დაღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მე დამეხმარნენ. როდესაც მივხვდი, რომ ამ მდგომარეობას საკუთარი ძალებით ვერ ვერეოდი, ვითხოვე, რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ დამეღწია თავი მისგან. რადგან ვაცნობიერებდი, რომ მანკიერ წრეში ვიყავი ჩაკეტილი. ამ დროს ყველაზე კარგად მუშაობს იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი აქვს. არსებობს მეთოდები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ამ მიჯაჭვულობას, სწორედ, ამ საშუალებებით დავაღწიე თავი. ეს დაავადება ქრონიკულია და მისგან საბოლოოდ განკურნება – შეუძლებელი, თუმცა, გამოჯანმრთელება შესაძლებელია.

– რა საშუალებებზე საუბრობთ?

– მე ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრ „გამოსავალში“ გამომიწოდეს დახმარების ხელი. იქ გავიარე სხვადასხვა თერაპია, მათ შორის „12 ნაბიჯის პროგრამა“, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. დღეს მე ამავე ცენტრში ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებების კონსულტანტ-სპეციალისტი ვარ. შესაბამისი განათლება მივიღე და საკუთარი გამოცდილებით ახლა უკვე სხვა ადამიანებს ვეხმარები.

– ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე როგორ აისახებოდა ეს დაავადება?

– ეს დაავადება ოთხ კომპონენტს მოიცავს: ბიო, ფსიქო, სოციო და სულიერს. საწყისი სულიერი პრობლემაა, თუმცა ოთხივეს ურტყამს. ამ დროს ადამიანში შიდა განხეთქილებებია. მაგალითად, დღის განმავლობაში ძალიან ხშირად გეცვლება აზრი ერთსა და იმავე საკითხზე, ძალიან მერყევი ხდება, გერღვევა ურთიერთობა სოციუმთან და მათ შორის, ოჯახთან, ეს დაავადება იზოლაციისკენაა მიდრეკილი. მომდევნო ეტაპებზე ოთხივე კომპონენტი უფრო მძიმდება და დესტრუქციული ხდება. შედარებისთვის – მანქანას, რომელსაც ოთხი საბურავი აქვს, არ შეუძლია სამი საბურავით დიდხანს იაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ოთხივე კომპონენტის სიჯანსაღე, რისთვისაც დროული ჩარევაა საჭირო.

– წარმატებული კარიერა გაქვთ, ოჯახი შექმენით, შეიძლება ზუსტად იმ დროს, როცა ეს პრობლემა არსებობდა, რადიოში წამყვანის ამპლუაც მოირგეთ. ამის პარალელურად, უცხო თვალისთვის ცოტა უცნაურად ჟღერს ალკოჰოლდამოკიდებულებაზე საუბარი.

– პირველ რიგში, აღიარებაა საჭირო. რაც შეეხება კარიერაში თუ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებას, ვიტყვი, რომ მე წარუმატებელ ადამიანად თავი არასდროს ჩამითვლია. თუმცა, როგორც ყველას, მქონდა ჩავარდნებიც და ეს ჩვეულებრივი მომენტია. არ არის აუცილებელი, ადამიანი წარუმატებელი ან საზოგადოებისგან გარიყული იყოს, რომ ამ დაავადებასთან ჰქონდეს საქმე. ჩემს შემთხვევაშიც ანალოგიურად მოხდა. მე ვგრძნობდი, რომ ალკოჰოლის მოხმარება ზიანს გვაყენებდა მეც და ჩემს გარშემო მყოფებსაც. წარმოდგენა, რომ ადამიანი წარმატებული არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ასი პროცენტით ჯანმრთელია, ილუზია მგონია. იმის აღიარება, რომ მე ამ ნივთიერებაზე დამოკიდებული ვარ, სიძლიერედ მიმაჩნია.

– იმ პერიოდში, როგორი იყავით მეუღლის, მამის, შვილის... აპლუაში?

– ძალიან კეთილგანწყობილი და მაქსიმალურად გაცემაზე ორიენირებული ვიყავი, რამეთუ ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები ძალიან კეთილები არიან. თავს არ ვიქებ, მხოლოდ მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით ვსაუბრობ. მივლინდებოდა დესტრუქციული ქმედებებიც, მაგრამ ძალადობამდე არ მივსულვარ.

– მეუღლის – ნანიკოს როლი როგორია ამ პრობლემის მოგვარებაში?

– ამას პრობლემას არ დავარქმევ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპია. მე მადლიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების, ყველა ნაბიჯი გამოცდილებაა. რაც შეეხება ნანიკოს, ოჯახი არის ერთობა, სადაც ერთი მიმართულების ხედვა არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს მიდგომას – „მე მინდა, შენ ისეთი იყო, როგორიც მე მინდა“, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის ჯანსაღი მიდგომები გვქონდა. როცა გავიგე, რომ ჩემი მდგომარეობა დაავადება იყო, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა. გამოჯანმრთელების პროცესში ნანიკოს როლი დიდია, ყველანაირად გვერდით დამიდგა. თუმცა, აქ ერთ მომენტს აღვნიშნავ – გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ ადამიანს თვითონ არ უნდა საკუთარ თავს დაეხმაროს, ამას ვერავის ხათრით ვერ გააკეთებს. მე გადავწყვიტე და ნანიკომ მხარდაჭერა გამომიცხადა. თუმცა, ამას პრობლემად ვერცერთი ვერ აღვიქვამთ, ეს ჩვენი ცხოვრების გზაა.

– ნანიკომ თქვა, ლევანს პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ არ მომწონდა მისი მდგომარეობა, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყოო. პირდაპირობა თუ „თავზე ხელის გადასმა“ – ხშირად დგანან ადამიანები ამ დილემის წინაშე და რას ურჩევთ?

– დამოკიდებულება ოჯახურ დაავადებად ითვლება, ამიტომ ოჯახის წევრებისთვის სპეციალური რეკომენდაციები არსებობს. ყველაფრის საწყისი გულახდილობაა, ეს ყველაზე კარგად მუშაობს. დანარჩენი ტექნიკური მიდგომები ინდივიდუალურია. ნანიკო თავიდან ბოლომდე გულახდილია და რასაც ჩემ მიმართ განიცდიდა, პირდაპირ ამბობდა. ჩემთან მიმართებაში ამან ძალიან კარგად იმუშავა. თავზე ხელის გადასმა ადამიანისთვის, რომელსაც ატყობ, რომ იძირება, დათვური სამსახური გამოდის.

– ჩვენთან ბევრს საუბრობენ წამალდამოკიდებულებაზე. ნაკლებს – ალკოჰოლდამოკიდებულებაზე. უფრო მეტიც, თითქოს სმა ჩვენი ტრადიციის ნაწილია. როცა ამაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეთ, გაოცებას არ გამოხატავდნენ და არ გეუბნებოდნენ, რომ ამას თითქმის ყველა აკეთებს და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს?

– არ ვიცი სხვა ადამიანისთვის რამდენად გასაოცარია. მე ჩემს პიროვნებაზე მაქვს ორიენტირი აღებული, საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი სამყაროს უკეთ გაცნობასა და განვითარებას ვცდილობ. ამ დროს უინტერესო ხდება, რას იტყვის სხვა. ჩემი გამოცდილება სააშკარაოზე იმიტომ გამომაქვს, რომ ადამიანებმა სწორად გაიგონ: ლევან მათითაშვილი არ წვალობს, არ იტანჯება; ლევან მათითაშვილისთვის ვინმეს ტვინი არ გამოურეცხავს. პირიქით – ლევან მათითაშვილი გაძლიერდა ამ აღიარებით; განვითარდა იმ ყველაფრის გაცნობიერებით, რაც ამ პრობლემის ირგვლივაა. შედეგად, მე დღეს ხელში მიჭირავს ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობ. ბავშვობაში რომ მესმოდა, „სწავლა სიბერემდეო“, სწორად ვერ აღვიქვამდი და მეშინოდა. ახლა გავაცნობიერე, რომ აქ საკუთარი შეგრძნებებისა და ემოციების სწავლა და განვითარება იგულისხმება. რაც უფრო ავითარებ შინაგან სამყაროს და ეს მართლა სიბერემდე და სიკვდილამდე ხდება, მით უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა