საზოგადოება

ლეო ანთაძე: მინდა, ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს და ეს მათ აზროვნებაში ვერ შედის

№50

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 20.12, 2021 წელი

ლეო ანთაძე
დაკოპირებულია

ცნობილმა მსახიობმა, ლეო ანთაძემ, ვრცელ ინტერვიუში გაგვიზიარა, რა ადარდებს და რა ახარებს დღეს ყველაზე მეტად.

ლეო ანთაძე: პანდემიის გამო არაერთი ტურნე ჩამეშალა – მიჭირს სადმე წასვლა, დიდი რისკია. კი ვიყავი რამდენჯერმე გასული, მაგრამ იმ ინტენსივობით ვერ დავდივარ, როგორც საჭიროა და ეს წაუსვლელობა ჩემს შემოქმედებით მხარეს ძალიან აზიანებს.

– როგორც ვიცი, თქვენი სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნე სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა, სადაც მაყურებლის წინაშე თქვენივე მონოსპექტაკლით გამოდიოდით.

– დიახ, მონოსპექტაკლი ინდივიდუალურად დავდგი, სრულიად მარტო ვარ სცენაზე. „ბახტრიონიდან“ მაქვს ნაწყვეტი, შემდეგ იუმორისტულ ნოველებს ვკითხულობ და იმდენად მოსწონთ, წლების განმავლობაში ვატარებდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რეჟისორიც მე ვარ, მსახიობიც და ყველაფერი.

– პანდემიის პირობებში გარკვეული პერიოდი ქალაქგარეთ არ გაატარეთ?

– არა. ქალაქგარეთ მხოლოდ ჩემი სპექტაკლით თუ გავდივარ. ახლახან, სამხრეთ საქართველოში რომ ვიყავი, გამაფრთხილეს, ვირუსი ძალიან მოდებულია, არ გადაგედოთო. მეშინოდა, თან წარამარა ფოტოებს იღებდნენ ჩემთან და ლოყას ლოყაზე მადებდნენ. აცრისკენ ყველას რომ მოვუწოდებდი, ერთი ქალბატონი ბავშვთან ერთად იყო და მითხრა, არ ავიცრებიო. ვკითხე, ბავშვს რომ გადასდოთ-მეთქი და ეგრე ბავშვებს ხომ არ ცრიან და მას რომ დაემართოს და გადმომდოსო? – გავოგნდი, ასეთ პასუხს არაფრით ველოდი. მაპატიეთ და, ეს არის სიბნელე!

90-იანები რომ გამოვიარეთ, იმის გახსენება აღარასოდეს მინდა. ქართველი ქართველს კლავდა, უშუქობა, უგაზობა, ბანდიტობა და რა აღარ ვნახეთ. ვერა და ვერ დავლაგდით, ყველაფერს რუსეთს ვაბრალებ. ყველა სიგლახე იქიდან მოდის. ასეთი ვერაგი მტერი ჩვენ არასოდეს გვყოლია.

– რუსეთში გატარებული პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– მოსკოვსა და პეტერბურგში გასტროლებითაც ვიმყოფებოდი და ისედაც ხშირად ვყოფილვარ სტუდენტობის დროს. ნორმალური ადამიანები არიან, მაგრამ როგორც დამპყრობლური სურვილი იფეთქებს, მაშინ ყველა ერთნაირი ხდება, ინტელიგენციაც კი. უკვირდათ, ჩვენთან ყოფნა რატომ არ გინდათო. ვეუბნებოდი, მინდა ჩემი თავი მეკუთვნოდეს-მეთქი და ეს მათ აზროვნებაში ვერ შედის.

– ანუ ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და დამპყრობლური?

– რასაკვირველია! საქართველოს როგორც სამზარეულოს, ისე უყურებდნენ – ხინკალი და ხაჭაპური თუ იქნებაო, ერთხელ მოსკოვში გასტროლებზე ყოფნის დროს გვკითხეს. ის კი არ ანაღვლებდათ, რა შემოქმედებით ვიყავით ჩასული... რუსეთმა რომ საბარგო თვითმფრინავით ქართველები გამოამგზავრა, მაშინ ვიღაც რუსი გამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად და ტრანსფარანტზე ხაჭაპური ეწერა, ანუ ხაჭაპურის მომხრე იყო, თორემ საქართველო და მისი კულტურა არ იყო მისთვის ცნობილი.

– უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ გასტროლებით. ყველაზე შთამბეჭდავად რომელ ქვეყანაში ყოფნა გახსენდებათ?

– ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდით, შექსპირის პიესების ფესტივალზე. შესანიშნავი ქალაქია სანტა-ბარბარა, სადაც წარმოვადგინეთ ლევან წულაძის დადგმა, სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“...იქ ვნახე მათი სპექტაკლები, რომლებიც საშინლად უვარგისი იყო. რაღაც ნოვატორული გადაწყვეტა ჰქონდათ და ყოვლად უინტერესო. ერთი კაცი იდგა სცენაზე პერანგში, ჰალსტუხში და მეფის როლს განასახიერებდა. მეორე სპექტაკლი იყო „იულიუს კეისარი“ და რატომღაც კეისრის როლს ქალი ასრულებდა. თან, ვითომ ეს ქალი კოჭლი იყო. ათი თავით მაღლა იდგა ჩვენი სპექტაკლი, ვერც შევადარებ. ჩვენი სპექტაკლი რომ დამთავრდა, შემდეგ პატარა საკონცერტო პროგრამა გვქონდა. ქართული, საეკლესიო მრავალჟამიერი ვიმღერეთ, მე პირველ ხმას ვასრულებდი. მრავალჟამიერზე ისეთი ტაში იყო, დაინგრა იქაურობა. ხალხი მოცვივდა და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.

ბრუკლინზე რომ გავიარეთ, სულ ქართული ლაპარაკი მესმოდა, გადავირიე იმდენი ქართველი იყო. ნაცნობებიც კი ვნახე. მაშინ მივხვდი, რამდენი ქართველია გადახვეწილი. ქართველი ქალები შეგვხვდნენ, რომლებმაც ძალიან დიდი პატივი გვცეს. სპექტაკლის დაწყებამდე ლობიანები, ხაჭაპურები და ქართული კერძები მოგვართვეს. მათ მითხრეს, თქვენი სპექტაკლებიდან ტექსტები სულ ზეპირად ვიცითო.

სანტა-ბარბარაში ძალიან ბევრი ქართველ-ებრაელი იყო. ერთ მათგანს თავისი რესტორანი ჰქონდა და მთელი დასი მიგვიწვია. რესტორანში იქაური ქართველებიც იყვნენ, ებრაელებიც და იმდენი ხალხი ვიყავით, დარბაზი სულ სავსე იყო. რესტორნის დირექტორი თავად თამადობდა, სიტყვას სხვებსაც გადასცემდა და მერე გამოაცხადა, ახლა სიტყვა ბატონ ლეოს მივცეთ, რას გვეტყვისო. მე ლადო ასათიანის ლექსი - „სუმბული“ წავიკითხე, რომელიც ასე მთავრდება - „... მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი, უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ, ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი, მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ“...იქ ხომ ყველა ემიგრანტი იყო, ყველას სამშობლოს ნოსტალგია ჰქონდა და ამ ლექსმა მათზე იმდენად იმოქმედა, თქვეს შეჯიბრება შევწყვიტოთ, ბატონმა ლეომ ათასით ნული მოიგოო.

– ძალიან მხნედ და ჯანსაღად გამოიყურებით, რა არის ამის საიდუმლო?

_ უკვე დიდი ხანია სიგარეტს აღარ ვეწევი... 39 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვწიე, მერე ბევრს ვეწეოდი და ინფარქტი დამემართა, საავადმყოფოში ვიწექი. როგორღაც გამოვძვერი, იმის შემდეგ აღარ მომიწევია... ალკოჰოლს ზომიერად ვიღებ. ლოთი არ ვარ, მაგრამ ქეიფი და დროსტარება მიყვარს, დალევაც – ნორმალურად. დღეს არ ვტოვებ, ყოველდღე ვარჯიშობ. როგორც კი გავიღვიძებ, საწოლში ვიწყებ ვარჯიშს - ფეხებისა და მუცლის ვარჯიშს ვატარებ.... პოლიტკოვსაიას ქუჩაზე ვცხოვრობ, საოცარი ადგილი, სულ სკვერებია ირგვლივ. რაც მთავარია ტრენაჟორებია და სახლში რომ ვარჯიშს დავიწყებ, შემდეგ გავდივარ და ტრენაჟორებზე ვაგრძელებ. სხვების აყოლიებაც ვცადე, მაგრამ ეზარებათ, ეპიზოდურად ვარჯიშობენ. მე თუ არ ვივარჯიშე, ცუდად ვხდები. კარგად ვცურავ, ყოველ წელს ქობულეთში ვარ და იქ ძალიან ბევრს ვცურავ. ჩემს სიცოცხლეში დიეტაზე და მარხვაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ამდენ ხანს გავძელი. რაც შემხვდება იმით ვიკვებები.

– არ შეიძლება არ გკითხოთ ტელესერიალზე – „ჩემი ცოლის დაქალები“...

– „ჩემი ცოლის დაქალები“ ძალიან სასიამოვნო რამაა ჩემს ცხოვრებაში. არაჩვეულებრივი ჯგუფია, ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრულად არიან. მე დიდ პატივს მცემენ, დიდ სიყვარულს ვგრძნობ ყველასგან. ჩემი გმირი რაღაცით მგავს, დავემსგავსე, მეც არ ვტოვებ საინფორმაციოებს, სულ ვუყურებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი