საზოგადოება

ლელა გოცირიძე: საწყალმა ბიჭმა ჩვენი ამბის გამო თავი მოიკლა, მას კი დედამისი შეეწირა

№11

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 22.03, 2021 წელი

ზურა ყიფშიძე
დაკოპირებულია

ზურა ყიფშიძე ის მსახიობია, რომელმაც მართლაც ბევრი სირთულე გამოიარა. იგი ბოლომდე პატრონობდა დედას, დეიდებს, შემდეგ გაჩნდა სხვა მორიგი პრობლემები – ჯანმრთელობის. მსახიობის მეუღლეს, ლელა გოცირიძესა და ქალიშვილს, ლენუკას რამდენიმე წლის წინ ძალიან საშიში დაავადება, თავის ტვინის ანევრიზმა აღმოაჩნდათ, სასწრაფოდ ჩაუტარდათ გეგმიური ოპერაცია საზღვარგარეთ, რაც სერიოზული თანხები დაჯდა. ამ მომენტისთვის ყიფშიძეების ოჯახი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – გუდიაშვილის 2 ნომერში მდებარე სახლი, რომელიც ზურაბ ყიფშიძის სიმამრისაა, აუქციონის წესით დაიკარგა. ოჯახი ჩვეულებრივი, თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. მათ ახლა „საქართველოს ბანკს“ უნდა გადაუხადონ 280 ათასი დოლარი, მაგრამ არაფერში. ამ სიტუაციის შესაბამისად კიდევ ჩნდება დამატებით პრობლემები. შესაძლოა, დაკარგონ ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ და ზურაბ ყიფშიძის ოჯახი საერთოდ უსახლკაროდ დარჩეს, მის ცოლ-შვილს კი ნერვიულობის ფონზე ანევრიზმა გაუმეორდეს. თუმცა, ამ ამბავს ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე უკვე შეეწირა. ამ ყველაფერზე თავად ქალბატონი ლელა მოგიყვებათ, ვინაიდან ბატონ ზურასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აღნიშნულმა სიტუაციამ შეუქმნა, საუბარი ვერ შევძელით.

– ქალბატონო ლელა, გვიამბეთ საიდან, როგორ დაიწყო თქვენი ამბავი ბინასთან დაკავშირებით, საერთოდ, რა ბინაზეა ლაპარაკი?

– ჩემი ოჯახის ბინაზე, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემზე და ჩემს დაზე გადმოვიდა. ეს არის გუდიაშვილის 2 ნომერი. ისე, ჩვენ ხილიანზე ვცხოვრობთ, ეს დედაჩემის სახლია. მოკლედ, ერთ დღეს გადავწყვიტეთ, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა გაგვექირავებინა, რა თქმა უნდა, შემოსავლის მიზნით. კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული და ვიფიქრეთ, კარგად გაქირავდება ან სასტუმროდ შეიძლება, გამოდგესო. რემონტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკი თანხას არ მოგვცემდა. ბოლოს, ჩემი შვილის, ლენუკას, მეგობარმა ბიჭმა შემოგვთავაზა: ასეთი და ასეთი კომპანიაა, რომელიც გასაქირავებელ ბინებს ეძებს და დაგეხმარებიანო. გაგვიხარდა. მე და ჩემმა დამ დავრეკეთ. სამუშაო საათების დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაგვიბარეს. მაშინვე შევთანხმდით. გადმომიღეს ხელშეკრულება, 94 ცალი ფურცელი იყო. დავხედე, გადავირიე. უწვრილესი ასოებით ეწერა. მაჩქარებდნენ ხელის მოწერას – ვიკეტებით და მალეო. მე ვუთხარი: ეს ამდენი წვრილი შრიფტით ნაბეჭდი ათ წუთში როგორ წავიკითხო, დამაცადეთ, იქნებ რაზე მაწერინებთ ხელს-მეთქი, – ხუმრობით ვთქვი. არა, ქალბატონო, რა რაზე გაწერინებთ ხელს, სტანდარტული პროცედურააო, – გაეცინათ. კარგი-მეთქი და მოვაწერე. დაიმედებული წამოვედი, რომ გავაქირავე. დაახლოებით ორ თვეში მომდის წერილი „საქართველოს ბანკიდან“. გთხოვთ გადაიხადოთ ამ თვეების პროცენტები ან მთლიანი თანხა – 280 ათასი დოლარი დააბრუნოთო. გადავირიე, რა 280 ათასი დოლარი უნდა დავაბრუნო. ვიფიქრე, აქ ნამდვილად რაღაც შეცდომაა-მეთქი და წავედით ბანკში. მთავარ მენეჯერს, იურისტს ვეუბნები: რაღაც შეცდომაა, ნამდვილად. მე ბინა გავაქირავე. აქ, 280 ათასი დოლარი წერია, რომელიც ჩვენ არ გაგვიტანია ბანკიდან. ამდენი თანხა კი არა, ერთი ლარიც არ გაგვიტანია ბანკიდან-მეთქი. არ ვიცით, ქალბატონო, თქვენ იპოთეკაზე გაქვთ მოწერილი ხელიო და გადმოგვიღო საბუთები. მე ვეუბნები: რას ბრძანებთ. ბინა გაქირავებული მაქვს, რა იპოთეკა. სიტყვა იპოთეკაც დღემდე არ ვიცოდი-მეთქი. შეიძლება, იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ დამიჯერეთ, მაშინ მართლა პირველად ვიყავი ბანკში, ეს პროცედურები, რა, როგორ ხდება, საერთოდ არ ვიცოდი.

– და რა მოხდა?

– კომპანიის ხალხს აუღიათ და იმ ბიჭმა რომ ვეღარ გადაიხადა, მე დამიტოვა. ასე აქვს ბანკიდან ფულები გამოტანილი სხვებისაც. ვეუბნები ბანკს: კი მაგრამ, ყველგან გიყენიათ ეს სათვალთვალო კამერები, ნახეთ, რომ ეს თანხა მე არ მაქვს გატანილი. არა, ეს ბანკის არ არისო. მაშინ ტელეფონებში ნახეთ ვისთან რას ვლაპარაკობ, ხომ უსმენთ ამ ტელეფონებს, დიდი დრო არ არის გასული. რამე იღონეთ-მეთქი. მერე დავუკავშირდით იმ ბიჭს, ლენუკას მეგობარს, ვინც იმ კომპანიაში მიგვიყვანა. იმ ადამიანმა ჩართო თავის ადვოკატი. ეს ბიჭი ძალიან შეწუხდა: ვეღარ გითხარით, რომ იმან, რამდენიმე თვეში, რაც ეს ბინა ბანკში ჩაიდო, თქვა რომ საქმიდან გავდივარო. მოკლედ, მე უკვე ამ ბიჭთან მქონდა საქმე, წივილ-კივილი ყოველდღიური ჩხუბი. მერე იმ კომპანიის ადვოკატმა დაგვირეკა და გვეუბნება: თქვენ არ ინერვიულოთ, მე თვითონ ვივლი სასამართლოში პროცესებზეო. ჩვენ, მე და ლენუკა, ახალი ნაოპერაციები ვიყავით ანევრიზმაზე. მოკლედ, რომ მეგონა ეს ქალი ჩვენზე ზრუნავს, თურმე, თავის კომპანიაზე ზრუნავს. სასამართლომდე არ მიგვიშვა. როგორც მივხვდი, თავიდანვე ვიყავით განწირულები. ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი. საქმე პრობლემური სესხების კომპანიას გადაეცა. იქიდან რომ დაგვირეკეს, ზურა ადგა და მივიდა. მანამდე ძალიან ცუდი ამბავი მოხდა: საწყალმა იმ ბიჭმა, ლენუკას მეგობარმა, ვინც თავიდან ამ კომპანიაზე გვითხრა, ამ უხერხულობის გამო თავი მოიკლა. ისეთ დღეში ჩავვარდით, კინაღამ დავწყდით. ამ კომპანიის ხელმძღვანელმა კი აღიარა, რომ მე ნამდვილად მაქვს 120 ათასი დოლარი ბანკის ვალი, მაგრამ გავკოტრდი და გადახდის საშუალება არ მაქვსო. მე ვუთხარი: რას ჰქვია, არ აქვს საშუალება. იმან ფული გაიტანა, მე რა შუაში ვარ. მე უბედურებისგან ბინას ვაქირავებ, ამხელა ოჯახი მაქვს, აღარ ვიცი, რა ვუყო, ისედაც ყველა უმუშევარი ვართ და კიდევ მე უნდა დავზარალდე. რომელი კანონია, სადაური წესია ეს, თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ-მეთქი. დაგვაწერინეს განცხადება, მაგრამ არც არავის მივუღივართ. ბანკის პრეზიდენტს უნდა შევხვედროდით. მერე გვითხრეს, რომ პრეზიდენტი ასე, ყველას არ ხვდებაო. მოკლედ, ის განცხადება დარჩა განცხადებად. არ ვიცი, ზურას თუ ასე გაუკეთებდნენ, რას ვიფიქრებდი. ზურამ აუხსნა სიტუაცია, როგორ მოხდა ყველაფერი, აგერ ბიჭმა, ვინც გვირჩია ეს კომპანია, უხერხულობის გამო თავი მოიკლა. მას კიდევ დედამისი შეეწირა. კიდევ გაყიდვაზე ლაპარაკობთ, თქვე კაი ხალხნო. ეგებ, დამაცადოთ ცოტა ხანს, რაღაცნაირად შევკრებ თანხას, ვისესხებ, რაღაცას გავაკეთებ, მერე რომ გავყიდი ბინას, დაგიბრუნებთ, ოღონდ ცოტა დრო მომეცითო. კი, ბატონო ზურა, რაზეა ლაპარაკი. მოაგვარეთ ეს საქმე. 12 თვე თქვენიაო. დავიწყეთ ფიქრი, საიდან მოვიპოვოთ ახლა ეს ფული, რომ ბინა ბანკიდან გამოვისყიდოთ. მოკლედ, 12 თვეს ხომ შეჰპირდა ზურას, იმ კაცმაც მოატყუა. ის იყო სიტყვიერი შეთანხმება, არსად წერია, რომ ეს ასე იყო. ცოტა ხანში ვიღაც გოგო რეკავს და გვეუბნება: მე ესა და ეს ვარ ამა და ამ კომპანიიდან. იცით, თქვენი ბინა აუქციონზე იყიდესო. მე ვუთხარი: როგორ, არ გაუტანიათ ჯერ აუქციონზე-მეთქი. როგორ არა, ქალბატონო, ორჯერ გავიტანეთ აუქციონზეო. ესე იგი, ზურას 12-თვიან ვადაზე თანხმობა მისცეს, მაგრამ ადგნენ და მაინც გაიტანეს აუქციონზე. მერე ამათ დაიწყეს ჩვენზე საშინელებების კეთება. მერე ვიღაცებმა შეუთვალეს მას, ვინც იყიდა: ნუ იზამთ ასე, ცნობილი მსახიობია, მამაპაპისეული სახლია, რაღაც გაუგებრობა მოხდა, სიტუაცია ჯერ კიდევ გასარკვევია, ამიტომ იქნებ დაუბრუნოთ პატრონს და რამე სხვა შეიძინოთო. ცოტა ხანში მირეკავენ და მეუბნებიან – კი, თანახმა არისო, ოღონდ სამ დღეში უნდა მოიტანოთ ფული. არცერთი წუთით არ უნდა დააგვიანოთ და არცერთი ცენტი არ უნდა აკლდესო. ზღაპარში რომ არის – არც მშიერი მოხვიდე და არც მაძღარიო, ეგ თემაა...

– ფული იშოვეთ?

– მოკლედ, რაღაც სასწაული მოხდა. ჩვენი მეგობრები დატრიალდნენ და შეგვიგროვეს 120 ათასი დოლარი. მივედით დანიშნულ დროს. ჩემი დის მეგობარმა ადვოკატი გამოგვაყოლა, კიდევ რამე შარში არ გაეხვეთო. ვდგავართ ახლა. გავიდა ხუთი წუთი, გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი. არ მოვიდნენ. რეკავენ. მოლაპარაკების კითხვები არ მოეწონათ და იქნებ გადააკეთოთო. კარგითო, – უთხრა ადვოკატმა. ეს გაწყობთო – კიო. ყოველ 15 წუთში ერთხელ რეკავდნენ. ჩვენ სიცხეში, უბედურებაში ვიდექით ამდენი ხანი, არადა არ მოვიდნენ. კიდევ დარეკეს, ისევ რაღაც მოთხოვნები... კიდევ გადააკეთა ამ ადვოკატმა. ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ჩემი და ცუდად გახდა, გული წაუვიდა და ქუჩაში დავარდა. ეს ბიჭი, ადვოკატი, ძალიან წყნარი ადამიანი, გადაირია - ეს რა ხდებაო. უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა. ისევ რეკავენ: ჯერ ფული გადმომირიცხეთ და მერე მოვაგვარებთ საბუთებსო. ამ ადვოკატმა, უკვე არ მომწონს ეს საქმეო. კინაღამ დავწყდით, ისეთ დღეში ჩაგვაგდეს. საღამომდე იქ ვიდექით. საღამოს ისვე ზარი გაისმა. თქვენ არ მოხვედით თავის დროზე, არაფერი არ გააკეთეთ, ამიტომ ამ საქმის ანულირება მოხდაო. დაიწყო სასამართლო პროცესები. ჩვენ ვთქვით: არ გავალთ ამ სახლიდან, ცოცხალი თავით არ შეგიშვებთ, ამიტომ დაამთავრეთ, იქ ვიღაც უცხოელი დეგენერატი ვერ შევაო... მაგრამ წავაგეთ, ვერაფერი ვქენით. მაინც ვერ შევიდა ის ადამიანი ჩვენს სახლში. 4 მარტს მომდის კიდევ ახალი წერილი – დავამთავროთ ეს დავა, შევიდეს ეს კაცი. პასუხი რამდენიმე დღეში გაგვეცით. შემოგვითვალეს – თუ არა და, ამ პანდემიის პერიოდში ბიზნესს რომ აკეთებს ამ კაცს, უცხოელს შეიძლება, საქმეები ჩაუვარდეს და ესეც თქვენ დაგეკისრებათ. ასე რომ, ამ სახლსაც გამიყიდიან, სადაც ახლა ყველა ერთად ვცხოვრობთ და ქუჩაში გაგვიშვებენ. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ფული ავიღეთ, დაბრუნება არ გვინდა და გავყვირით პრესაში, ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში, ყველგან – გვიშველეთ ხალხო!

– ქმრის დაუკითხავად წახვედით? თქვენს შვილს, გიორგისაც არ ჰკითხეთ? ძალიან გაბედული ყოფილხართ, რომ ასეთი სერიოზული საქმე დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ და ოჯახიდან მამაკაცები არ გაიყოლეთ.

– ზურამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ვიპოვეთ ვიღაც, ვინც გაქირავებაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ, ყველამ ვიფიქრეთ – გავაქირავებთ და ცოტა გვეშველებაო. მსახიობის ხელფასი, ხომ იცით, როგორიც არის? 12 კაცი ვზივართ ზურას ხელფასზე, წარმოიდგინეთ. ზურა ჩემზე უარესია – იურისპუნდენციისა და ასეთი რაღაცების აზრზე არ არის. მერე გავერკვიეთ ამ ტერმინოლოგიებშიც. ზურამ კი გვისაყვედურა, რატომ არ მიხვედით იურისტთან ერთადო, მაგრამ სად მყავდა იურისტი. მაგარ შარში ვართ და კიდევ ამაზე ვიღაცამ რაღაც დაიწყოს, გეფიცებით, შევაკვდები. ამდენ ნერვიულობაზე ასთმაც დამემართა, კლინიკაში ორჯერ გულის გამო ვიწექი. დავწყდით. ვიღაცას რატომ უნდა შერჩეს ოჯახის ამდენი ნერვიულობა. ტვინში სისხლი როგორ არ ჩაგვექცა. მსგავსი რამ კინოშიც არ მინახავს.

მე რომ მინდოდა სესხის გატანა ბინის გასარემონტებლად, დარწმუნებული ვიყავი, არავინ მომცემდა და იმან როგორ გაიტანა ამხელა თანხა? ალბათ, ბანკში, შიგნით ჰყავდა ვიღაც, ვინც დაეხმარა, თორემ სხვანაირად როგორ?

– რას აპირებთ ახლა?

– ისე ვარ გამწარებული, მე თვითონ ამოვხოცავ ყველას, ვისაც გავიგებ, რომ ამ ამბავთან რამე კავშირი ჰქონდა, სხვა გზა არ მრჩება – მთელი ოჯახი ვეწირებით. მაისში მეხუთე შვილიშვილს ველოდებით, სიმშვიდე, სიწყნარე გვინდა, ჩვენი სახლი გვინდა დავიბრუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა