ლადო კახაძე: ბევრი ადამიანის სულისთვის მომიხდია ბოდიში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
როგორია ლადო კახაძის დაბადების დღეები, რა მოგონებები აკავშირებს ამ დღესთან ბავშვობიდან და როგორ აღნიშნავს ის ამქვეყნად მოვლინების დღეს, ამაზე თავად მოგვიყვება.
ლადო კახაძე: ჩემი მშობლების მადლიერი ვარ, რომ ამქვეყანას მომავლინეს. მე ომის შემდგომი პერიოდის ბავშვი ვარ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დავიბადე. ჩემმა ბავშვობამ, ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუების წყალობით, ბედნიერად გაიარა. მათ სადღესასწაულო თუ სხვა ლამაზი დღეების მეოხებით გადაწყვიტეს ჩვენთვის იმ გაჭირვების დავიწყება. თავი ჩვენს აღზრდას მიუძღვნეს და ომში დაკარგული წლების კონპენსაცია ამაში მოახდინეს. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენ გარშემო მხოლოდ სიხარული ყოფილიყო.
მაშინდელი დაბადების დღეები განსაკუთრებულად მახსნდება, მით უმეტეს, რომ ოჯახისთვის მე პირველი შვილი და შვილიშვილი ვარ. არ მახსოვს, ერთი დაბადების დღეც რომ გაეცდინათ. ეს საოჯახო დღესასწაული იყო. 11 დღის ვყოფილვარ, როცა პირველი შვილის დაბადებით გახარებულ მამაჩემს ძეობა გადაუხდია და მერე უკვე როგორც ხდება – დაბადების დღეებს ვზეიმობდით ხოლმე.
როცა ჩემს ცხოვრებაში სკოლის პერიოდი დადგა, ამ დღეს თანაკლასელებთან ერთად აღვნიშნავდი. ეს ის სამეგობროა, რომელთან ერთადაც 65 წელია, მოვდივარ. ერთმანეთის დაბადების დღეები დღემდე გადასარევად გვახსოვს. გვახსოვს, რადგან ვიკრიბებოდით, ვერთობოდით და დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებდით. დღესაც, როცა ემოციურად გამიჭირდება ხოლმე, მათ მაშინდელ სახეებს ვიხსენებ. ეს მოგონებები დაუვიწყარია.
ჩვენს დაბადების დღეებზე მარტო ბავშვები კი არ ვიკრიბებოდით, მშობლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ. ჩვენს მშობლებს ერთმანეთი და-ძმასავით უყვარდათ და თანაკლასელებიც და-ძმებივით ვიყავით.
სასწაული მასწავლებლები გვყავდა, ისინიც მოდიოდნენ მოსალოცად და რა თქმა უნდა, მათ დაბადების დღეებზე ჩვენც მივდიოდით მისალოცად, მხოლოდ სკოლაში კი არა, სახლებში. მაშინ სხვანაირი ურთიერთობები იყო. უანგარო დამოკიდებულებები. ყველანი ერთ დიდ ოჯახად ვიყავით.
მე სკოლის ასაკიდან ვცეკვავ. სცენაზე მთელი ცხოვრება გავატარე. შესაბამისად, ჩემი სკოლის სამეგობროს ანსამბლის წევრები დაემატნენ. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სულ კონცერტები, გასტროლები, ჩაწერები მქონდა. ზოგჯერ ეს ჩემს დაბადების დღესაც ემთხვეოდა. ამას ხელი არ შეუშლია ჩემი მეგობრებისთვის, რომ ჩემს ოჯახში ჩემი დაბადების დღე აღენიშნათ. ბევრჯერ კონცერტის შემდეგ მოვსულვარ სახლში, სუფრა გაშლილი დამხვედრია და ჩემი ძმაკაცები ქეიფობდნენ. ვინც მოვიდა გაუმარჯოსო, მეტყოდნენ ხოლმე, ვითომ მე ვიყავი დაგვიანებული (იცინის). ჩვენი სახლებიც საერთო იყო – მშობლები, ბებია-ბაბუები, ყველა საოცარ ურთიერთობებში იყვნენ ერთმანეთთან. ეს როგორ უნდა დაგავიწყდეს ადამიანს?!
საერთოდ, დაბადების დღეები თავშეყრის მიზეზი იყო. ვერ დაიმალებოდი. ზოგჯერ ქეჩოში მოგკიდებდნენ ხელს და საკუთარ სუფრაზე წაგიყვანდნენ.
წელსაც ძალიან დაკავებული ვიყავი, საძმაკაცოს ვერ ვპასუხობდი, მაგრამ ჩემი ძმაკაცები შეიკრიბნენ და აღნიშნეს ჩემი დაბადების დღე (იცინის).
ქვეყნის გარეთაც არაერთხელ შევხვედრივარ დაბადების დღეს. 1976 წელს იაპონიაში, ოსაკაში შევხვდი. კოლექტივთან ერთად, დიდი ხნით ვიყავით გასტროლზე წასული. კონცერტი დამთავრდა, ტაში... ფარდა დაიხურა და არავინ გადის. გამოვიდა ხელმძღვანელი და ყველამ ერთად მომილოცა დაბადების დღე. ეს როგორ დაგავიწყდება ადამიანს?! ასეთი მომენტი ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში – ხან კონცერტი, ხან კონფერენცია და სიყვარული და მოფერება უამრავი ადამიანისგან.
ადამიანური ემოციები ძალიან ძვირფასია, განსაკუთრებით მაშინ ვიხსენებ ამ ყველაფერს, როცა დავნაღვლიანდები ხოლმე. ჩემს ასაკში უკვე ნაღველი მეტია, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ჩემი ცხოვრებიდან იმქვეყნად.
ამ ბოლო დროს, დაბადების დღეზე ტელეფონს ვთიშავ. რომ არ გავთიშო, არ ჩერდება. არადა, სხდომაა, შეხვედრებია და როცა სამუშაო გარემოა, ვერ ახერხებ პასუხს. მეორე დღეს რომ ჩავრთავ ხოლმე, არ წყდება შეტყობინებები. ვზივარ, ვკითხულობ, ვპასუხობ. ზოგი ისეთ რამეს გწერს, ცრემლი მოგერევა. ძველ ფოტოს გამოგიგზვანიან, წარსულს გაგახსენებენ და თითქოს, თავიდან იწყებ ცხოვრებას. ყველას მადლიერი ვარ ასეთი დიდი ყურადღებისა და სიყვარულისთვის.
ისე ორდღიანი დაბადების დღე მაქვს, 27 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მაგრამ დაბადების მოწმობაში 28 მიწერია – ადრე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები.
საოცარ დღეს, იაკობ გოგებაშვილის და ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, დავიბადე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დიდ ვალდებულებას გაკისრებს მათი გაწეული ღვაწლი.
– ყველაზე ძვირფას საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?
– საჯარო მოლოცვა, უამრავი ზარი, მე საჩუქრის არამატერიალიზებულ ფომას ვემხრობი. ჩემთვის მოფერებას და სიტყვას გაცილებით მეტი ფასი აქვს. ახლა კი არა, ბავშვობაშიც ასე იყო. თუმცა, ბავშვობაში სურვილებიც იყო – ბურთი თუ სხვა ნივთები, რაც არასდროს დამავიწყდება. ნივთებიც ისტორიის ნაწილია. არაჩვეულებრივი წიგნები მაქვს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. ნახატები მაქვს არაჩვეულებრივი მხატვრებისგან, ეს ყველაფერი როგორ დამავიწყდება?! ძმაკაცები მყავს, რომელსაც სიმღერის ტექსტი შეუქმნია ჩემთვის. ბევრი მათგანი დღეს ზეცაშია, მაგრამ ეს ხომ არასდროს დაგავიწყდება?! ყველა საჩუქარი ინდივიდუალური და ღირებულია.
– დაბადების დღეს წარსულთან დაკავშირებით სინანულიც თუ ახლავს?
– ჩემი ცხოვრების 99 პროცენტი სინანული და მონანიებაა. ორი სასწაული გამოცდა არსებობს: ერთი მატერიალიზებული ფორმით – სარკე. სარკის წინ რომ დადგები, შენ და შენმა ანარეკლმა ყველაფერი იცით, სრული სიმართლე. მეორე – აღსარება. თუ მორწმუნე კაცი ხარ, მონანიების გარეშე ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება. სული ვერ მოისვენებს ამის გარეშე. სინანული თავის მართლება არ არის. ეს საკუთარი თავისთვის პასუხის მოკითხვაა. თუმცა ყველაფერი რომ სხვას მოუყვე, ძალიან დაღლი. ამისთვის არსებობს ფურცელი და კალამი. მე ღმერთმა მომცა წერის უნარი. ჩემი ლექსები, ჩანახატები, სენტენციები საუკეთესო გზაა გახსენებისა და მონანიებისთვის. რამდენი ადამიანის სულისთვის მომიხდია ბოდიში. ასეთია ცხოვრება. მოსანანიებელი ბევრია. შეგეშლება, რაღაცას დააკლდება, შეიძლება სხვამ არ დაიჩივლოს, მაგრამ შენ ხომ გრძნობ. ეს რომ გროვდება, თუ არ მოინანიებ, ძალიან გაგიჭირდება. მხოლოდ ბოდიში არ არის საკმარისი, თუმცა „ბოდიში“ და „მადლობა“ ჯადოსნური სიტყვებია, რომელსაც დიდი ძალა აქვს და ვფიქრობ, რომ მათი გამოყენება არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როცა ამის საჭიროებას გრძნობ, თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვიერად არა, საქმითაც უნდა გამოხატო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





