საზოგადოება

ლადო კახაძე: 14 წლის ბიჭმა ერთი თვალი დავკარგე

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.03

ლადო კახაძე
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რამ განსაზღვრა ლადო კახაძის წარმატება - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლადო კახაძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ასეთ ქვეყანაში დავიბადე და ჩემი მშობლების ოჯახში. საოცარი პედაგოგები და აღმზრდელები მყავდა. საინტერესო სამყაროში მომიწია ცხოვრება, ეს დიდი ბედნიერებაა. ჩემი ადამიანად ჩამოყალიბება ძალიან კარგი ადამიანების გვერდით ხდებოდა, მათთან ურთიერთობამ გამაძლიერა და ბევრი რამ მასწავლა, რაც გაჭირვების ჟამს დღესაც მადგება. ცხოვრებაში საკუთარი თავის დამკვიდრების გზაზე – სწავლა იყო, ცეკვა, პოლიტიკა, ადამიანებთან ურთიერთობა თუ ოჯახის შექმნა – ყველაფერში გამიმართლა. მე ისეთ დროს ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, ეს კოსმოსში გაფრენას უდრიდა. ალბათ, ღვთის ნება იყო. ძალიან კარგ პედაგოგებთან ვმუშაობდი, გენიოსი აღმზრდელები მყავდა. ძალიან ცნობილი პროფესიონალები და მათთან ერთად ბევრი საფეხური გავიარე. შემდეგ ხელოვნების კორიფეებთან მომიწია შეხება – დიდ ნინო რამიშვილთან და ილიკო სუხიშვილთან. მათ საქართველო ვარსკვლავივით გააბრწყინეს მსოფლიოში. სასწაული სამეგობრო შევიძინე, ესეც იღბალია. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი მეუღლეა. უკვე 57 წელიწადია, ჩვენ ერთად მოვდივრთ. შვილები, შვილიშვილები გვყავს და როგორ შეიძლება, უფლის ძალიან მადლიერი არ ვიყო?!

როდესაც ადამიანი მოწამეობრივი ცხოვრების ელემენტებს დაიდებ მხრებზე და მორწმუნე ხდები, ესეც იღბალია. ჩემი ნათლია იყო მეუფე კონსტანტინე მელიქიძე, ქორეპისკოპისი, დიდებული ადამიანი. მასთან ურთიერთობის წუთებიც იღბალია. პატრიარქთან ურთიერთობა, მასთან საუბარი, მისი დალოცვა, იღბალია, აბა, რა არის?!

– იღბლიანთან ერთად, შრომისმოყვარეც ხართ?

– ალბათ, ყველა დამეთანხმება, არცერთი ადამიანი არ არის კმაყოფილი საკუთარი თავით. ყველას აქვს მოთხოვნილება, უკეთ გააკეთოს, ვიდრე გაუკეთებია. სიცოცხლე გამოყენებითი ხელოვნებაა, უფალმა სიცოცხლე და ნიჭი გვაჩუქა ადამიანებს, დანარჩენი ყველაფერი მოსაპოვებელია და უფლის საჩუქრებს თუ გამოვიყენებთ, ყველაფერს მივაღწევთ, რადგან მან თავის ხატად შეგვქმნა და შემოუსაზღვრავი შესაძლებლობები მოგვცა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვინდომოთ და მცდელობები არ დავაკლოთ. რწმენა უნდა გვქონდეს, რომ აუცილებლად შევძლებთ. წარმატება თვითონ არ მოვა ჩვენთან, ჩვენ უნდა ვიაროთ მისკენ.

მე უკვე 72 წლის კაცი ვარ და მაქვს პატივი, სარკეში რომ ჩავიხედავ, უფალს პირნათელმა ვუთხრა, რომ ჩემ მიერ გამოვლილ გზაზე ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა არ შემიცვლია. რაც შემეძლო და ვისწავლე, კეთილსინდისიერად ჩავაყენე ადამიანების სამსახურში, თუმცა, უშეცდომო არავინაა და ისიც საინტერესოა, რომ შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. ეს ძალიან რთულია, მაგრამ რწმენა და მონდომება გვეხმარება. გამოცდილებაც ბევრს გასწავლის. ასეთი ნათქვამია: სიბერე ეს ის ასაკია, როცა ბევრ შეკითხვაზე გაქვს პასუხი კაცს, მაგრამ არავინ აღარ გეკითხებაო. ასეთი მომენტებიცაა, დაინახავ ახალგაზრდას, კოჭებში შეატყობ რაღაც ნიჭს და გინდა, რჩევა მისცე, მაგრამ ძალიან დელიკატური და ფრთხილი უნდა იყო, რომ არ ეწყინოს. ჩემს თაობაში ასე არ იყო. ჩვენ მეტად გახსნილები ვიყავით უფროსების მიმართ, ერთი სული გვქონდა, მათ საუბარს დავსწრებოდით.

იმაშიც გამიმართლა, რომ ბავშვობიდან ახლოს ვიყავი თეატრთან, სცენასთან, ძალიან დიდი კორიფეები მყავს სცენაზე ნანახი, რომ გავიზარდე, ბევრ მათგანს დავუახლოვდი, ვეებერთელა რეჟისორებთან მქონია შეხება.

მე ძველი მოცეკვავე ვარ და ყოველდღე ოთხ საათზე ნაკლები რეპეტიცია არ მქონია, ზრდასრულ ასაკში ეს უკვე 6 საათი გრძელდებოდა. თავისუფალი დრო არასდროს მქონია – სწავლა, რეპეტიციები, კონცერტი, გასტროლები, საზოგადოებრივი აქტიურობა, სამეგობრო წრე, ჭირი, ლხინი და აღარ რჩება დრო. შეიძლება, რაღაც დაგეზაროს კიდეც, მაგრამ ვალდებულებები გაქვს, რომელიც სხვას რაღაც მნიშვნელოვანში ეხმარება, ამიტომ უნდა ადგე და გააკეთო, არ უნდა იზარმაცო.

– ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული პერიოდები, რა გეხმარებათ ასეთ დროს?

– ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ძალიან რთული პერიოდი, 14 წლის ბიჭმა ტრავმის შედეგად ერთი თვალი დავკარგე. სკოლის მოსწავლე ვიყავი, კარგი მოცეკვავე, ჩოხას ვიხდენდი. დიდხანს მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, მაგრამ ვერ გადამირჩინეს, იმ თვალის ჩინი მთლიანად დავკარგე. ასეთ დროს ძალიან ბევრი ჩაიქნევდა ხელს. გარშემო ვინც მყავდა, ყველა, ოჯახი, აღმზრდელები, საძმაკაცო, ფარივით გადამეფარა. უნდა გენახათ, ბიჭური ჩხუბი თუ მოხდებოდა, იმწუთას ყველა მეგობარი წინ გადამეფარებოდა, რომ შემთხვევით რამე არ მომხვედროდა. რამხელა სიხარულია, როცა ხედავ, რომ ადამიანები გიცავენ, გიფრთხილდებიან. ერთი თვალის ნაკლებობამ, მეორე ძალიან დატვირთა. თან მე ტოროლა არ ვარ, ბუ ვარ, როცა მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, შემიძლია, 3-4 დღე არ დავიძინო. ვხუმრობ ხოლმე ცხოვრების წესთან დაკავშირებით – რაზეც პაციენტებს ვეუბნებოდი, არ გააკეთოთ-მეთქი, მე თვითონ ვაკეთებ. მეექვსე კლასის მერე, მე დილის ექვს საათამდე არ მიძინია. ზოგჯერ მეცადინეობას იმ დროს მოვრჩენილვარ, ჩანთა ჩამილაგებია და პირდაპირ სკოლაში წავსულვარ. სხვას რომ ვასწავლი, თვითონ ვარღვევ იმ წესებს. ამ ყველაფერმა მეორე თვალზეც იქონია გავლენა, ეს ბუნებრივია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მე დღეს ჩემს შვილიშვილებს ვასწავლი წიგნის სიყვარულს.

ახალგაზრდობაში გადატანილმა სირთულეებმა, ალბათ, ბევრ რამესთან გამკლავება გასწავლათ.

– მარტო ჩემი გაჭირვება რომ ყოფილიყო, რა უჭირს. მე ბევრი ადამიანის გაჭირვების თანაზიარი ვყოფილვარ და ერთად დაგვიძლევია. ეს სულის მესაიდუმლეებს ნიშნავს, მეგობრობა ძალიან დიდი ძალაა. რომ გტკივა, ვიღაცას უნდა მოუყვე. ალბათ, ესეც იღბალია, რომ ბევრი ადამიანის გაჭირვება და საიდუმლო ვიცი და ამ გაჭირვებიდან გამოსვლა ერთად მოგვიხერხებია. ცხოვრებამ მასწავლა გაჭირვებასთან გამკლავების გზები. ყველაზე დიდი ძალა მოთმინების უნარია. დიდი თმენის დროს ისე კრისტალდები, მერე შენი დამარცხება ადვილი არ არის. მოთმინებიდან გამოსული ადამიანი ადვილად დასამარცხებელია, ეს უნდა გვახსოვდეს. მე, მაგალითად, მოტეხილი ხელით მიცეკვია, გატეხილი ნეკნით მიცეკვია... ეს კოშმარული ტკივილი იყო, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. ინდოეთში ვიყავი, ციებ-ცხელება დამემართა, ათიდან რვა კაცი კვდებოდა იმ მდგომარეობით. ორ კაცს დაგვემართა. შვიდი დღე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ 41 გრადუსი სიცხით კონცერტზე ვცეკვავდი. შვიდი კონცერტი ვიცეკვე დიდი რისკის ფასად. ასეთი უამრავი მეგობარი მყავს, ზუსტად ერთნაირად გვიცხოვრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა