საზოგადოება

ლადო გუდიაშვილის რომელ სურათთან იდგა კათოლიკოს-პატრიარქი, იწერდა პირჯვარს და ამბობდა: „ფუი, ეშმაკს“

№36

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 13.09, 2021 წელი

ლადო გუდიაშვილი
დაკოპირებულია

ლადო გუდიაშვილის დღიურების ეს ფურცლები დაგარწმუნებთ იმაში, რომ მან თავად შექმნა თავისი ცხოვრების დაუსრულებელი ისტორია, რომელიც უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის და ალბათ, ჩვენი მკითხველისთვისაც.

წუთში გაცოცხლებული გუდიაშვილი

„ჩემმა ბავშვობამ ძველი თბილისის უბანში გაიარა.

ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, კოლორიტული უბანი. მეხსიერებას შემორჩა ამ უბანში მცხოვრები ადამიანების სახეები, მათი სიცოცხლით სავსე, იუმორით განათებული საუბრები, ღამის მელოდიები, აივნიანი და ბანიანი სახლები, საიდანაც მოჩანდა მტკვრის სანაპირო. რომელი რეჟისორი დადგამდა ისეთ საოცარ სანახაობას, რასაც იქ ნახავდით?.. მშობლები ამ აურზაურიდან განცალკევებით ცხოვრობდნენ. მამა დღედაღამ მუშაობდა. საოცრად წყნარი, თავმდაბალი კაცი იყო. მისგან ისეთი დიდი სიყვარული და სითბო მახსოვს, რომ სიკვდილამდე არ დამავიწყდება. თავს არ ზოგავდა, რომ მე და ჩემი ძმა გზაზე დავეყენებინეთ. გამოწერილი ჰქონდა ჟურნალ-გაზეთები, ყიდულობდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებზედაც დაკვრას ვსწავლობდით. მე მანდოლინაზე ვუკრავდი, ვახტანგი – გიტარაზე და ოჯახში მუდამ მხიარულება და სიმშვიდე სუფევდა. ვმართავდით პატარა კონცერტებს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვართობდით. დედა სულ იმაზე ოცნებობდა, ვახტანგი ექიმი ყოფილიყო (ასეც მოხდა), მე კი, ძალიან უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი და საამისოდ ყველა პირობა შემიქმნა. საოცარია დედის გული, დედის ალღო… მოჰქონდა ჟურნალებიდან ამოჭრილი რეპროდუქციები, საიდანაც ვიხატავდი ცხოველებს. განსაკუთრებით გაჭენებული ცხენების ხატვა მომწონდა. შემდეგ პორტრეტების ხატვაც დავიწყე. მახსოვს, დავხატე რუსთაველი, ერეკლე მეორე, პუშკინი, ტოლსტოი, ილია… რა თქმა უნდა, სულ წიგნებიდან და ჟურნალებიდან ვიხატავდი. თანაც, ყოველ პორტრეტს საკუთარი წარმოსახვით უსათუოდ მივუხატავდი მთებს, ირმებს, ცხენებს, ჩიტებს და ჰაერში აფრიალებულ ხის ფოთლებს… იმ პერიოდში ჩვენს მეზობლად ხშირად მოდიოდა ერთი გერმანელი მხატვარი, გვარად ზომერი (წყარო: ლ. გოდუაძე). დედამ ჩემი ნახატები ამ მხატვარს აჩვენა. იგი დაინტერესდა. შემდეგ მეც მიმიყვანეს. დიდხანს მესაუბრა. ასე გადაწყდა ჩემი ბედი. თბილისში იმ დროს იყო სამხატვრო სასწავლებელი, სადაც 1910 წელს გამიყვანეს საკონკურსო გამოცდებზე. სასწავლებელში იმ დროს ქართველი პედაგოგები არ მოღვაწეობდნენ. გვასწავლიდნენ გერმანელი ოსკარ შმერლინგი (ჩემი ხელმძღვანელი), იტალიელი ლონგო, რუსი პატენკოვსკი და პოლონელი გრინევსკი… ჩვენმა სამხატვრო სასწავლებელმა მოაწყო ექსკურსია გელათში. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა: ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან უჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე. აქედან დაიწყო ყველაფერი და ის სურვილი, რომ ცოტათი მაინც ვყოფილიყავი ამ დიდებული ფრესკების მხატვართა გზის გამგრძელებელი, რაც დღემდე ცოცხლობს ჩემში.

...წლების შემდეგ ბიჭვინთაში ვმუშაობდით. ძეგლი უკვე ინგრეოდა, იატაკი, კედლები – სულ მოზაიკა იყო. საღამოს, როცა მე და მხატვარი ოთარ სულავა ჯერ კიდევ ვფუსფუსებდით, ორი კაცი და ერთი ქალი დავინახეთ. ერთ-ერთი კაცი ჩვენკენ წამოვიდა, გვთხოვა, ესენი ფრანგები არიან, ცოლ-ქმარნი, ძალიან უნდათ ამ ძეგლის ნახვაო.

მობრძანდით-მეთქი.

– ასეთი მდიდარი მოზაიკური ხელოვნება იშვიათად გვინახავს, – თქვეს ფრანგებმა. ბევრი ვისაუბრეთ, გამოთხოვებისას კი მკითხეს, შემთხვევით ხომ არ იცნობდით, ერთი ასეთი მხატვარი იყო, გვარად გუდიაშვილი, ამბობენ, ცოცხალი აღარ არისო… საწყალი, კარგი მხატვარი კი იყო, პარიზის გამოფენიდან ვიცნობდითო… ეს მოულოდნელი იყო! სულავას შევხედე, გაოცებული მე მიყურებდა. მეც არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა. მანქანაში რომ სხდებოდნენ, მაშინ ვუთხარი: ნება მომეცით, მოგესალმოთ, მე ვარ ის გუდიაშვილი-მეთქი! ძალიან აფორიაქდნენ. შევატყვე, უჭირდათ დაჯერება. ასეთი რამ ჩემთვისაც რომ მოეყოლათ, არ დავიჯერებდი. ბოლოს მისამართი მომცეს, გაგვიხარდა რომ გნახეთ, ასეთ შეხვედრას არ მოველოდითო.

„კინტოების ქეიფი ქალთან“

1919 წლის სურათების გამოფენაზე მქონდა ერთი ტილო – „ქრისტინე“. ის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის შთაბეჭდილებით შევქმენი. ახლა ამ სურათს ჰქვია „კინტოების ქეიფი ქალთან“.

გამოფენაზე კათოლიკოსიც მოსულიყო. მე იმ დროს მივედი იქ, როცა კათალიკოსი ჩემი სურათის წინ იდგა და პირჯვარს იწერდა: ფუი ეშმაკსო – სამჯერ გაიმეორა და მე დამიძახა:

– კარგი გიქნიათ, რომ ეს დაგიხატავთ. აქამდე როგორ მივიდა ქალი, რომ კინტოებთან ქეიფობს. რამხელა შეურაცხყოფა და ტრაგედიაა! ამ ნახატს რომ ნახავენ, იქნებ მსგავსი რამ აღარცერთმა ქალმა არ გააკეთოს, – მითხრა მან. ის სურათი შემდეგ საფრანგეთში წავიღე.

მოგვყიდეო, მთხოვდნენ, მაგრამ ვერაფრით შეველიე. ამჟამად ის საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია.

გამოსვლა ასპარეზზე

სიყვარულით ვიხსენებ ერთ კოლორიტულ მოხუცს, რომელიც ჯოხზე დაყრდნობილი, თავზე თუშური ქუდითა და მხრებზე ნაბადმოგდებული ნელა ჩაივლიდა ხოლმე რუსთაველის პროსპექტზე, თმა და წვერი მთლად გათეთრებული ჰქონდა. ეს გახლდათ იოსებ იმედაშვილი, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი, მწერალი, მსახიობი, საქართველოს დიდი პატრიოტი. ზღაპრებში ხდება ხოლმე, რომ ბედის მაძიებელი ხშირად საიდუმლო კარის წინ აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ კეთილი გულით მისულს უსრულდება განზრახვა. და აი, მეც მივაშურე „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციას, ეს იყო 1914 წელს. იოსებ იმედაშვილმა დამინახა თუ არა, ღიმილით შემომხვდა და ალერსით მკითხა, რისთვის მობრძანდითო. თანამშრომლობა მსურს-მეთქი თქვენს ჟურნალში, როგორც მხატვარს, – ვუპასუხე. გამომკითხა ვინაობა. ბევრი არ უფიქრია, საწერი მაგიდის უჯრიდან ხელნაწერი ამოიღო და გადმომცა: აჰა, ბიძია, დასაწყისისთვის ეს დამისურათხატეო. ავტორი მოთხრობისა გახლდათ ლეო ქიაჩელი. გულისხმიერი მოპყრობითა და წახალისებით გახარებულმა, რამდენიმე დღეში მივუტანე ილუსტრაციები. უნდა გენახათ ბიძია იოსების აღტაცება! მართლაც, მორიგ ნომერში დაიბეჭდა ის ილუსტრაციები. აქედან დაიწყო ჩემი გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე და ამ მადლმოსილი ჟურნალის, „თეატრი და ცხოვრების“ მუდმივი თანამშრომელი გავხდი.

„შენ ხარ ჩემი ღმერთი“

იოსებ იმედაშვილის რედაქციაში გავიცანი გალაკტიონ ტაბიძე. იოსებმა პირველმა დაბეჭდა მისი, დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი ლექსი, „მერი“. ამ ჟურნალის ფურცლებიდან პირველად გავიგონეთ გალაკტიონის ლექსის მუსიკა. „მერის“ შემდეგ მუდამ თან მდევდა სურვილი, გამომესახა ამ ქალის სახე. წლების შემდეგ საზღვარგარეთიდან ჰოლანდიური პასტელი „რუბენსი“ და ზეთის საღებავები მივიღე. სიმართლე გითხრათ, მანამდე თვალითაც არ მენახა ეს საკვირველი ფერები. ერთხანს ხელში აღებაც ვერ გავბედე. შემდეგ გადავწყვიტე მათი გამოყენება შავ ქაღალდზე და მოხდა საოცრება: რაღაც ახალი ვიპოვე! ეს საღებავები ყველაზე მეტად მისთვის მემეტებოდა და პირველი, ვინც გავაცოცხლე ტილოზე, იყო „მერი“. გალაკტიონს ხშირად ვხვდებოდი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. საუბრის თავისებური კილო ჰქონდა, მორცხვი იყო. ხშირად ასეთი მომართვა იცოდა: შენ ხარ ჩემი ღმერთი! მახსოვს, ერთხელ რუსთაველის ძეგლთან შემხვდა. – იცი, ახლა ერთ მილიციელს ვკითხე, საქართველოში ყველაზე დიდი პოეტი ვინ არის-მეთქი და თუ იცი, რა მიპასუხა? ვაჟა-ფშაველაო! კი მაგრამ, რუსთაველი-მეთქი? რუსთაველი გენიოსია, ვაჟა კი დიდი პოეტია. გალაკტიონიც დიდი პოეტიაო… რა კარგია, მილიციელს რომ ასე უყვარს პოეტები, არა? ბავშვურად აღფრთოვანებული იყო. მერე თვალები მილულა. ერთხანს ჩუმად იდგა და თითქმის ჩურჩულით თქვა: რუსთაველი და მშვიდი, დამშვიდება და ვაჟა?!

გასეირნება

ერთხელ გალაკტიონმა მითხრა: შენს სახლში იმიტომაც მიყვარს მოსვლა, რომ უწინ ის ბაგრატიონებისა იყოო (მაშინ ერთი პატარა ოთახი მეჭირა ამ სახლში). პარიზიდან რომ დავბრუნდი, ბინა არ მქონდა და სამხატვრო აკადემიის პირველ სართულზე მომცეს ორი პატარა ოთახი, ორივე ბნელი. იქ მუშაობის საშუალება არ იყო. ამ ბინაში კი, რომელშიც ახლა ვარ, ცხოვრობდა ჩემი ერთი მეგობარი, დავით ლომაძე. ისიც ვიწროდ იყო, მაგრამ მაინც დაიჟინა, ჩემთან წამოდიო. შემდეგ ის გადავიდა და კარგა ხანს ერთ პატარა ოთახში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი გოგონა და ჩემი სურათები, რომლებსაც უკვე ვეღარ უძლებდა ვერც კედლები, ვერც იატაკი და ვერც ჭერი. ბოლოს, რა თქმა უნდა, მთავრობის დახმარებით, ამ ბინამ დღევანდელი სახე მიიღო. მართალია, ჩემს სურათებს დღეს ეს ბინაც აღარ ჰყოფნის, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გამოფენა არც არის საჭირო. დღეს ამ ბინას, თუ მთლიანად არა, რამდენადმე მაინც აქვს ის იერი, რაც ოდესღაც, ბაგრატიონების დროს ჰქონდა. მის ვრცელ და ფართო დარბაზებში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული შეხვედრები. ამ სახლის ხშირი სტუმრები ყოფილან გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე – თავის მშვენიერი ქალიშვილებით, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მანანა და მაიკო ორბელიანები, ალექსანდრ პუშკინი, ალექსანდრ გრიბოედოვი…

ქიმერიონი

ყველა იმ სატკივარს შორის, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ხელოვნების ეს შესანიშნავი ძეგლი, ვგულისხმობ „ქიმერიონის“ მოხატულ კედლებს, ყოვლად უაზროდ გაქრა და დაიკარგა. კაფესთვის რომ მეტი ეშხი და სილამაზე მიგვეცა, გადავწყვიტეთ, მისი კედლები ფრესკული პრინციპით მოგვეხატა. პაოლოს ინიციატივით, „ქიმერიონის“ მოხატვაში რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმაც დიდი მონაწილეობა მიიღო. მან ჯერ რევოლუციამდე დატოვა პეტერბურგი, შემდეგ არმიაში მსახურობდა, ავად გახდა და საქართველოში ჩამოვიდა. დაუახლოვდა ქართველ მწერლებსა და მხატვრებს, ჩვენთან ერთად ატარებდა მთელ დღეებს. ბევრი სურათი აქვს შექმნილი თბილისის და, საერთოდ, საქართველოს თემებზე. ბოლოს პარიზში წავიდა. სუდეიკინმა კაფეში ჩასასვლელი კიბის მარცხენა მხარე მოხატა. მისი თემა იყო ქართველი პოეტები და ეპიზოდები ძველი თბილისის ცხოვრებიდან. ყველამ გატაცებით დაიწყო მუშაობა. მოპირდაპირე კედელზე მე დავხატე „სტეპკოს დუქანი“ და „დარაჯი მელა“. დარბაზის შიდა კედელი დაფარული იყო დავით კაკაბაძის ნახატებით, რომელთაც საერთო თემა ჰქონდათ – გაზაფხული. დანარჩენი კედლები მოხატეს კირილე ზდანევიჩმა და პოლონელმა მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.“

ეკატერინე პატარაია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი