ყველაზე უჩვეულო ჯარიმები და აკრძალვები
ავტორი: რევაზ ტომარაძე 16:52 04.06, 2024 წელი

არსებობს ბრძნული ანდაზა, რომ საკუთარი წესდებით უცხო მონასტერში არ შედიან. ამიტომ, როდესაც სხვა ქვეყანაში მიემგზავრებით დასასვენებლად თუ დასათვალიერებლად, უმჯობესია, იცოდეთ მათი ტრადიციები და პატივი სცეთ მათ. და კიდევ, ალბათ, გსმენიათ, რომ კანონების არცოდნა არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამიტომ საჭიროა კანონების ცოდნა, რომ არ დაჯარიმდეთ ანდა, სულაც, ციხეში ჯდომა არ მოგიწიოთ. რისი გაკეთება არ შეიძლება, რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ და რა შუაშია აქ ტრადიციები.
1. მთელი იტალია ნამდვილი ისტორიაა ღია ცის ქვეშ, მაგრამ არც კი გაიფიქროთ ხელში აიღოთ ქვის პატარა ნატეხიც კი კოლისეუმის სიახლოვეს. ასეთი ექსპონატის გატანისთვის ჯარიმამ შეიძლება, 10 ათასი ევრო შეადგინოს! და ხომ ვერ დაამტკიცებთ შემდეგ, რომ ეს არ იცოდით?
2. მარადიულ ქალაქ რომში ძალზე ცხელა. ამიტომ ტურისტებისთვის, აქ ყველგან შადრევნები ჩქეფს, საიდანაც შეგიძლიათ სუფთა წყალი უფასოდ მიირთვათ. აქაც ფრთხილად უნდა იყოთ, რათა 300 ევროთი არ დაჯარიმდეთ. წყალი შადრევნიდან შეგიძლიათ, აიღოთ ბოთლით ანდა იქვე დალიოთ, მაგრამ შადრევნის ონკანს თუ ტუჩებით შეეხებით და ეს შეგნიშნეს, ჯარიმას ვერ გადაურჩებით.
3. ცნობილი ბრენდების ბევრი „ორეული“, ყალბი ჩანთები არსებობს. ზოგს არ შეუძლია, შეიძინოს ორიგინალი, ზოგიერთნი კი ერიდებიან ზედმეტი ფულის ხარჯვას. არც კი იფიქროთ იტალიაში ასეთი ჩანთით გავლა, შეიძლება, ქუჩაში გაგაჩერონ და ჩანთის სერტიფიკატის წარდგენა მოგთხოვონ, რათა დარწმუნდნენ, რომ თქვენი ჩანთა ორიგინალია. დაზოგავთ ფულს ჩანთის შეძენისას – გადაიხდით სოლიდურ ჯარიმას!
4. გერმანიის ზოგიერთ ქალაქში აკრძალულია მტრედების გამოკვება. ზოგიერთ რაიონში კი ჯარიმამ შეიძლება, 10 ათასი ევრო შეადგინოს.
5. შრი-ლანკაში ძალიან უფრთხილდებიან და პატივს სცემენ თავიანთ რელიგიას – კუნძულზე მეფობს ბუდიზმი. ბუდის სტატუეტთან სურათის გადაღება ხშირ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ ამ საკითხში არსებობს თავისი წესები. მაგალითად, არ შეიძლება, ბუდასთან ზურგშექცევით დგომა და თუ ვინმე ემოციებს აჰყვება, ბუდას ხელს გადაჰხვევს ან მასზე შეჯდომას დააპირებს, შეიძლება, 6 თვე ციხეში გაატაროს.
6. ტაილანდში ჯარიმაა დაწესებული და არც ციხეა გამორიცხული ელექტროსიგარეტის მოწევისთვის.
7. იაპონიაში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში არ არის მიღებული მომსახურებისთვის ფულადი გასამრჯელოს დატოვება. ამაზე ჯარიმა არ არის დაწესებული, მაგრამ მომსახურე მუშაკი, მაგალითად, ოფიციანტი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, რადგან მათ კარგ ხელფასს უხდიან და ცდილობენ, კლიენტს უმაღლეს დონეზე მოემსახურონ. შეგიძლიათ, მათ, უბრალოდ, სიტყვებით გადაუხადოთ მადლობა.
8. მალდივის კუნძულებზე და ეგვიპტეში 1 000 დოლარამდე ჯარიმაა დაწესებული მათთვის, ვინც შეეცდება მარჯნის გატანას – ეს კონტრაბანდადაა შეფასებული.
9. ამ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთი ძალზე ჩაკეტილი ქვეყანა იყო, სადაც ქალს მარტო შესვლა ეკრძალებოდა, გვერდით აუცილებლად უნდა ჰყოლოდა მამა ან ქმარი. ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდა ქალს, რომელიც ოფიციალურად არ იყო დაქორწინებული. ამჟამად ეს საკითხი შედარებით გამარტივდა და მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ქვეყანას. მაგრამ ქვეყანაში კატეგორიულად იკრძალება ღორის ხორცის ნებისმიერი პროდუქტის, ალკოჰოლური სასმლის, პორნოგრაფიისა და სხვა რელიგიის (იქ ისლამია) წიგნების შეტანა. ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია სერიოზული ჯარიმა, დეპორტაცია ან, სულაც, თავისუფლების აღკვეთა.
10. თურქეთში აკრძალულია ფულზე წარწერის გაკეთება. თითქოსდა, რა აუცილებელია ასეთი აკრძალვა – კუპიურა ხომ შენია? მაგრამ არა – ასეთი თვითნებობა ეროვნული სიმბოლოების უპატივცემულობად ფასდება და ასეთი ქმედება შეიძლება, ორი წლით თავისუფლების აღკვეთის ფასად დაგიჯდეთ.
11. ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა ყველგან იკრძალება, მაგრამ კანონის დარღვევა ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ფასდება. მაგალითად, ჩინეთში კანონი ძალიან მკაცრია. ქვეითის ან მგზავრის გარდაცვალების გამო, რაც მთვრალმა მძღოლმა ჩაიდინა, სასჯელი სასტიკია და შეიძლება, დამნაშავე სიკვდილითაც კი დაისაჯოს.
12. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მართალია, ისლამია გამეფებული, მაგრამ სპირტიანი სასმლის დალევა იკრძალება მხოლოდ ქუჩაში და პლაჟზე, სასმლის მიღება შეიძლება, ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში. ტურისტებს ევალებათ, რომ მოკრძალებულად იყვნენ შემოსილი. ასევე, არ შეიძლება ადგილობრივებისთვის სურათის გადაღება, მით უმეტეს, ქალების. აკრძალულია ხაშხაშის ნებისმიერი სახით მოხმარება, თუნდაც ის ნამცხვარზე იყოს მოფრქვეული.
13. ინგლისელები დახელოვნებული არიან აკრძალვების გამოგონებაში. მაგალითად, აქ აკრძალულია თეთრეულის ქუჩაში გაფენა გასაშრობად – ულამაზო და არაესთეტიკურია! დაუშვებელია მეტროს შესასვლელად მდგარ ადამიანთა რიგში შეძრომა, ამით არა მარტო ხალხის რისხვას დაიმსახურებთ, არამედ შეიძლება, პოლიცია დაგიპირისპირდეთ. მაგრამ დიდ ბრიტანეთში ყველაზე მკაცრი ჯარიმა დაწესებულია სიგარეტის მოწევისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – 2 500 ევრო. დაუშვებელია, აგრეთვე, ეტიკეტის დაწებება, რომელზეც დედოფალი თავქვეა გამოსახული – ამ შემთხვევაშიც ჯარიმა სოლიდურია.
14. მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი უაღრესად გადატვირთულია ავტომობილებით. საცობების თავიდან ასაცილებლად აქ ასეთი წესია შემოღებული: ლუწ რიცხვებში ლუწნომრებიან მანქანებს შეუძლიათ ქუჩებში მოძრაობა, ხოლო კენტ რიცხვებში – კენტნომრიანებს. კანონის დამრღვევები ჯარიმდებიან, თუნდაც ეს უაღრეს აუცილებლობას წარმოადგენდეს.
15. 22-23 საათის შემდეგ ხმაური ბევრგანაა აკრძალული (სხვათა შორის, თბილისშიც, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას?), მაგრამ გერმანიაში მოსახლეობა მკაცრად უდგება სიმყუდროვის დაცვას. თუ მეზობლებს მოეჩვენებათ, რომ თქვენს ბინაში ძალზე ხმამაღლა მუშაობს ტელევიზორი, ანდა მაღალ ტონში საუბრობთ, შეუძლია გაუფრთხილებლად გამოიძახონ პოლიცია, რომელსაც უფლება აქვს, 2 000 ევრომდე დაგაჯარიმოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან