საზოგადოება

ყველაზე სახიფათო ადგილები პლანეტაზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

№28

ავტორი: რევაზ ტომარაძე 17:00 20.07

სახიფათო ადგილები
დაკოპირებულია

კუნძული იავა - ინდონეზია

ერთი შეხედვით, უჩვეულოდ მივიჩნევთ, რომ კუნძული იავა ამ სიაში მოხვდა, მაგრამ ამის მიზეზი მის კლიმატსა და ვულკანურ ბუნებაშია. კუნძულზე სტაბილურად მაღალი ტანიანობაა, რაც წვიმების სეზონში ძლიერდება. ასეთ პირობებში ადვილად ვითარდება და ვრცელდება ტროპიკული დაავადებები.

მაგრამ მთავარი მიზეზი იმისა, რომ კუნძული ექსტრემალურ ადგილს წარმოადგენს, დაკავშირებულია მის ვულკანურ წარმომავლობასთან. იავაზე ვულკანების დიდ ნაწილს სძინავს ან არ არის აქტიური, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოფხიზლდეს, რაც ეს დროდადრო ხდება კიდეც.

მაგალითად, ვულკანი მერაპი თითქმის ყოველ 7 წელიწადში ამოიფრქვევა ხოლმე. პატარა ამოფრქვევები კი წელიწადში ორჯერ ხდება. ჩვეულებრივ, ეს ვულკანი გამუდმებით აფრქვევს ატმოსფეროში მავნე აირებს. მერაპი არაერთგზის გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილის მიზეზი.

ტბა კივუ - კონგოსა და რუანდის დემოკრატიული რესპუბლიკები

გარდა სიღარიბისა და კრიმინალისა, რაც ჩვეულებრივად დამახასიათებელია ცენტრალური აფრიკისთვის, აქ ბევრად დიდი სხვა საშიშროებაც არის.

ტბის წყალი მდიდარია ნახშირმჟავა გაზით და მეთანით, განსაკუთრებით ქვედა შრეში: მეთანის მოცულობა 55 მილიარდი კუბური მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის პოტენციურ წყაროდ შეიძლება წარმოვიდგინოთ, სინამდვილეში სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, რამდენადაც რეგიონი სეისმური აქტიურობისადმი არის მიდრეკილი.

ვულკანურ ამოფრქვევასა და მიწისძვრას შეუძლია, გამოიწვიოს აირების ამოტყორცნა, როგორც ეს მოხდა 1986 წელს ტბა ნიოსზე, როდესაც აირის ამოფრქვევამ 1 750 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ტბა კივუს მიდამოებში მცხოვრებნი ხიფათის ზღვარზე იმყოფებიან, რაც შეიძლება, მათ ნებისმიერ მომენტში დაემუქროთ.

გონაივი - ჰაიტი

ჰაიტი, თავისთავად, საშიშ ადგილს წარმოადგენს უკიდურესი სიღარიბისა და მაღალი კრიმინალური ვითარების გამო, მაგრამ ქალაქი გონაივი, ყველაფერთან ერთად, ტროპიკული ციკლონებით არის გაწამებული, რაც გამუდმებით ანგრევს და მიწასთან ასწორებს მას.

გონაივი ჰაიტიში სიდიდით მესამე ქალაქია, მისი მოსახლეობა 300 ათას ადამიანს ითვლის. ქალაქი ჭალაში მდებარეობს, რაც მას მოწყვლადს ხდის ქარიშხლისთვის. მაგალითად, 2004 წლის სექტემბერში ქარიშხალმა „ჟანამ“ ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, ხოლო 4 წლის შემდეგ ქალაქი კვლავ დაცარიელდა, ამჟამად მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების დატოვება უკვე ქარიშხალმა „ხანამ“ აიძულა.

ასეთი მოვლენები განუწყვეტლივ მეორდება აქ, მაგრამ მოსახლეობა კვლავ ბრუნდება და იწყებს სახლების აღდგენას.

დიდი კაიმანი - კაიმანის კუნძულები

კაიმანის კუნძულები შეიძლება, ტროპიკული სამოთხის კუთხედ მოგვეჩვენოს, თუმცა რეალობაში ეს ადგილი საკმაოდ ექსტრემალურია და სიცოცხლისთვის საშიში. უპირველეს ყოვლისა, კუნძულზე არ არის მტკნარი წყლის ბუნებრივი წყაროები, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ზღვის წყლის გამტკნარება უწევს. მაგრამ მთავარი საშიშროება სტიქიური უბედურებაა. კუნძული დიდი კაიმანი ქარიშხლების დედაქალაქად მიიჩნევა, რამდენადაც მას შტორმები ყოველ ორ წელიწადში ატყდებათ თავს.

1871 წლიდან კუნძულს 63 ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელთაგან უმეტესობა კატასტროფული შედეგებით დამთავრდა. მაგალითად, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა – „ივანმა“ 2004 წელს კუნძულის შენობა-ნაგებობების 80 პროცენტი დაანგრია. მაგრამ ადამიანები ადგილზე რჩებიან, აღადგენენ შენობებს და ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას ახალი სტიქიების მოლოდინში. კუნძულზე ქალაქიც კი არის, სახელწოდებით – ჰელი, რაც ხაზს უსვამს ცხოვრების მძიმე პირობებს ამ რაიონში.

მალდივი - მალდივის რესპუბლიკა

ზოგიერთს შეუძლია, გაუკვირდეს მალდივის ამ სიაში მოხვედრა, ეს ადგილი ხომ ცნობილია, როგორც სამოთხის კუთხე თავისი ქვიშიანი პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლით, ხილითა და ზღვის მრავალსახოვანი ბინადრებით.

ყველაფერი ეს მართლაც შესანიშნავია ტურისტებისთვის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრება სრულიად სხვაა. გვერდზე გადავდოთ სიღარიბე, რომლის გამოც ისინი იძულებული არიან, იმუშაონ საკვებისთვის, ემსახურონ მდიდარ სტუმრებს ევროპიდან და ამერიკიდან.

მალდივისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს მისი მდებარეობა ზღვის დონეზე. არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილი ადუ ინდოეთის ოკეანეზე მხოლოდ 2,5 მეტრითაა ზემოთ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ატოლებმა (რგოლისებური მარჯნის კუნძული, რომლის შუაში მოქცეულია ლაგუნა) უკვე დაიწყეს ჩაძირვა, რადგან ბუნებრივი მარჯნის რიფები ოკეანის ტემპერატურის მომატებისა და ანთროპოგენული ზემოქმედების (ტურიზმის მავნე გავლენის ჩათვლით) შედეგად ნელ-ნელა იშლებიან.

მალე მალდივები შეიძლება, მთლიანად წყალქვეშ გაუჩინარდეს და წამოიჭრეს საკითხი: სად შეიძლება იმ 400 ათასი ადამიანის გადასახლება, რომლებსაც ეს კატაკლიზმა შეეხება.

ოიმიაკონი - რუსეთი

ოიმიაკონი სოფელია იაკუტიაში, ოიმიაკონის რაიონში პლანეტაზე სიცივის ერთ-ერთი პოლუსია. ოიმიაკონის ველი ყველაზე პირქუშ, მკაცრ ადგილად მიიჩნევა დედამიწაზე, თუმცა ის ადამიანებითაა დასახლებული.

მინიმალური ტემპერატურა აქ - 68 გრადუსს აღწევს და ეს მხოლოდ ოფიციალურად ცნობილი მონაცემებია. 1926 წელს გეოლოგმა სერგეი ობრუჩევმა თავის დღიურში აღნიშნა ტემპერატურა - 71,4 გრადუსი.

დაბალ ტემპერატურაზე კიდევ უფრო საშიშია ტემპერატურების სხვაობა. ზამთარში თერმომეტრის სვეტმა შეიძლება, 60 გრადუსზე ქვემოთ დაიწიოს, ზაფხულში კი +30 გრადუსი და უფრო მაღალიც კი იყოს. ამგვარად, ტემპერატურების ცვალებადობის ამპლიტუდა 90 გრადუსს აღწევს, რაც ძალზე მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა