საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია: ჩვენი შეცდომები ნამდვილად შეცდომა იყო თუ არა, ამას, ალბათ, სიკვდილის შემდეგ გავიგებთ

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.07

კოკო გამსახურდია
დაკოპირებულია

კონსტანტინე გამსახურდია "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კონსტანტინე გამსახურდია?

კონსტანტინე გამსახურდია: ძველ დროში, მაგალითად, ძველ საბერძნეთში, ჯერ კიდევ სოკრატე უყენებდა მოთხოვნას ადამიანებს – „შეიცან თავი შენი“. თუკი დავსვამ კითხვას – რამდენად შევიცან თავი ჩემი? პასუხი ასეთი იქნება: მე ამ გზაზე ვდგავარ, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჩემივე შეფასებით, აქვს ბევრი უნარი და შეუძლია, ის გამოიყენოს თავის ხალხისა და სამშობლოს სასარგებლოდ. მე ყოველთვის ამას ვცდილობდი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და რამდენადაც ამის საშუალებას შექმნილი სიტუაცია და საკმაოდ რთულად გადასალახი გარემოებები მაძლევდა.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ალბათ, ისეთი, როგორიც რეალობიდან გამოვა. ჩემი იმ ფიქრებიდან, ნატვრიდან თუ განცდებიდან, რომლებიც უშუალოდ ჩემს საქმიანობას უკავშირდება. ჩემი საქმიანობა არის გულწრფელი და სერიოზული. აქედან იბადება საოცნებო სამყარო და ის მომავალში აუცილებლად რეალობა იქნება. ისეთ რამეზე ოცნება, რასთან კავშირიც არ მაქვს, მავნე იქნება და ხელს არ შემიწყობს არც მე და არც არავის. მე ასეთი განწყობით ვერავის გამოვადგები, რადგან უნიადაგო მეოცნებე ვიქნები.

ადამიანმა უნდა იცხოვრობს კეთილი და ზნეობრივი საქმის სიყვარულით. სამყარო, რომელსაც ამგვარი მსახურება მოიტანს, ყველაზე კარგი და საოცნებო იქნება.

პირადად მე არ მიმაჩნია, რომ ადამიანი იდეებს უნდა ემონებოდეს. იდეების მონობის ყველაზე ცუდი მაგალითი რელიგიური ფუნდამენტალიზმია. სადამდე მიჰყავს ასეთ „მსახურებას“ ადამიანი, ეს ვნახეთ მათ მაგალითზე. მე არ ვარ მიდრეკილი იდეების მონობისკენ. პირიქით, მინდა; იდეების ძალით იმდენად გავძლიერდე, რომ შევძლო იმგვარი მსახურება, როგორზეც წეღან მოგახსენეთ. ყველაზე კარგი მაგალითი ისევ და ისევ სახარებაშია „სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– ვერ ვიტყვი, რომ მძულდა, მაგრამ არ მსიამოვნებდა, იყო ასეთი საქმე, განსაკუთრებით უცხოეთში. იმისთვის, რომ ოჯახი არჩინო, შეიძლება, მოგიწიოს ასეთი საქმეების კეთება. იმ საქმესაც გულით ვაკეთებდი. სხვათა შორის, რამდენიმე წელი ვიმუშავე თარჯიმნად და ნამდვილად არ მძულდა ეს საქმე, მაგრამ დღეში, რომ სამი-ოთხი ადამიანის საქმეს თარგმნი და ეს წლები გრძელდება, მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა. შრომა ყოველთვის სასარგებლოა, მას ყოველთვის აქვს დიდი პლუსი. მინდა, ადამიანებს მოვუწოდო, რომ არასდროს შერცხვეთ შრომის, როგორიც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, დისერტაციაზე მუშაობა უფრო სასიამოვნო იყო, თუმცა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– შეიძლება, ლოცვის დროს წამომსვლოდა ცრემლი, მიცვალებულთათვის ლოცვის დროს. მე წმიდანებთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ამბობენ, ისინი რომ ლოცულობდნენ, ზოგჯერ ტიროდნენ კიდევაცო. წმიდა გიორგიზე არის ნათქვამი, სისხლიანი ცრემლები გადმოსდიოდაო. თუმცა, ისე არ გამიგოთ, რომ მათ ვადარებდე თავს, მე იმის მეასედი ვერ შევძელი, რაც მათ შეძლეს სამყაროში.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– არ მიოცნებია ამაზე. რა საჭიროა ოცნება, თუ ასე უნდა მოხდეს, ასეც იქნება. თუმცა, ნაპოლეონმა თქვა, ის ჯარისკაცი ჯარისკაცი არ არის, გენერლობაზე რომ არ ფიქრობსო. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასეა.

– თქვენს ყველაზე ცუდ ან არასწორ საქციელად, რომელსაც შესაძლოა, სინანულიც უკავშირდებოდეს, რა მიგაჩნიათ?

– აკაკი წერეთელი ამბობს, დაცემა არაფერია, მაგრამ ცუდია, რიდესაც ადამიანს ფეხზე წამოდგომა არ უნდა. თუ ადამიანი ფეხზე წამოდგება, აკურთხე, თუ კი ამას არ მოინდომებს, მაშინ უთხარი, ფურთხის ღირსი ხარო. მე უნდა გითხრათ, რომ ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ წამოდგომის სურვილი ყოველთვის მქონია.

საერთოდ კი, ის, რაც ერთი შეხედვით ცუდი ჩანს, შეიძლება, არ აღმოჩნდეს იმდენად ცუდი, როგორადაც გვეჩვენებოდა. ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები, რა არის შეცდომა და რა – არა. მგონი, ეს ბოლოს ირკვევა. ჩვენი შეცდომები ნამდვილად შეცდომა იყო თუ არა, ამას, ალბათ, სიკვდილის შემდეგ გავიგებთ. მანამდე ცოტა რთულია ამის გააზრება. ბევრი რაკურსი არსებობს და ვიღაცისთვის არასწორი შეიძლება, არ ნიშნავდეს, რომ ის ობიექტური სამყაროსთვის არასწორია. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებები და შეფასებები არ არის საინტერესო, მთავარია, სამყაროს ობიექტური წესრიგი როგორ ხედავს ამა თუ იმ ნაბიჯს. მე არ განვსჯი. შეიძლება, სხვისი საქციელი წარმოვაჩინო გარკვეული რაკურსით, მაგრამ ვერდიქტს მოვერიდები. ჩემს წიგნებში ასეა. „სამშობლოსა და ერი-სახელწიფოსთვის (ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი)“, „იბერიის კულტურათა პანორამა“, „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ – სამივე წიგნში ფაქტებს წარმოვაჩენ და შეფასება არაა საბოლოო, მხოლოდ მიახლოება ჭეშმარიტებასთან. არასდროს ვაცხადებ პრეტენზიას, რომ მე აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვფლობ.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ თავს?

– ერთხელ პაემანზე დავპატიჟე ქალბატონი. კაფედან გამოვედით და ჩემს ავტომობილთან მივედი. ვცდილობ, გავაღო, მაგრამ არ იღება. გარშემო ხალხი შეიკრიბა, მოვიდა პარკინგის მეთვალყურეც, ყველა დაინტერესდა, რა ხდება. შემომთავაზეს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კარის გახსნა და ამასობაში გვერდზე მდგომმა მანქანამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელსაც საბარგულიც ახდილი ჰქონდა და თან ანათებდა. შევხედე, ზუსტად ჩემნაირი მანქანა იყო. სინამდვილეში ის აღმოჩნდა ჩემი, თურმე, ამრევია. ამ ორ მანქანას ნომრებიც კი მსგავსი ჰქონდა. ამაზე ყველამ ძალიან ბევრი ვიცინეთ.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ასეთი სიტუაციები იქმნებოდა 2007-2009 წლებში, როდესაც თბილისში იმართებოდა მიტინგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ფაქტობრივად, ეს იყო რევოლუციების საწყისი ეტაპი. იყო უხერხული სიტუაციები, როდესაც ადამიანებს ვერაფერს ვეუბნებოდი. ეს ჩემი ბრალიც არ იყო. საერთო ბრალეულობა იყო. ისეთი მოთხოვნები წამოვაყენეთ, რაც არ შესრულდებოდა. ხელისუფლება ვერ შეასრულებდა ამ მოთხოვნებს, მაგალითად, გადადგომას. არ გადადგება და მერე, რას ვშვებით? ამ პერიოდს უკავშირდება ყველაზე დიდი უხერხულობა, რაც ჩემს ცხოვრებაში გავიარე. ვერც ადამიანებს მოვუწოდე შენობებში შეჭრისკენ, არ შემეძლო ამის გაკეთება, რადგან ეს საშინელება იქნებოდა, სისხლი დაიღვრებოდა, მიცვალებულებიც იქნებოდნენ ორივე მხრიდან, ვერც იმას ვეუბნებოდით, რომ დაშლილიყვნენ და სახლებში წასულისყვნენ. ძალიან დიდი უხერხულობა შეიქმნა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– მერაბ კოსტავას სიტყვებით გიპასუხებთ: „თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი, ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის“. გამარჯვებები მქონია, მიმაჩნია, რომ ჩემი თითოეული წიგნი გამარჯვებაა. გამარჯვება იყო ჩემი მოღვაწეობა პარლამენტში, როდესაც მე დავდე სურათი 1993 წლის მიწურულს მომხდარი ამბისა, მამაჩემის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით. ასევე, წარმატებული იყო ჩემი დიპლომატიური მისია გერმანიაში.

– პირადი გამარჯვებები..

– ჩემი შვილები ნამდვილად ჩემს დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. ძალიან განვითარებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანები არიან. ისინი, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოში არ ცხოვრობენ. ამაში გარკვეული ტრაგიზმია. რეალურად, ჩვენ ამოგვძირკვეს საქართველოდან. მე მოვახერხე და დავბრუნდი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დავბრუნდი. მაინც მიჭირს ჩემს ქვეყანაში ინტეგრაცია.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად კარგი და ცუდი.

– ადამიანებს ჩემთვის ყველაფერი დაუბრალებიათ. არის უკიდურესი ბრალდებები, სულ ორი-სამი, რაც არ დაუბრალებიათ, დანარჩენი ყველაფერი. ყველანაირი კრიმინალი დაუბრალებიათ, მათ შორის მკვლელობა, ბანდიტიზმი, კორუფცია და ასე შემდეგ. ეს ბრალდებები იმდენად აბსურდულია ხოლმე, მეცინება. ამას აკეთებს ჩემი ძმების ბიოლოგიური დედა და მისი სექტა.

რაც შეეხება კარგ შეფასებას, ეს არის დიდი სიყვარული ხალხისგან, რასაც მე ვგრძნობ.

– რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის?

– ჩემი ბიოგრაფიით. მერაბ კოსტავას კარგად აქვს ნათქვამი და ვფიქრობ, რომ მე ეს შევძელი: „...მუდამ მთლიანი ვიჯექ ინახად, არ გავთიშულვარ აროდეს ორად...“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული