საზოგადოება

კომპანია „ლოჭინი“ – ლიდერი კომპანია საქართველოს საავტომობილო გვირაბების შენახვისა და ექსპლუატაციის სფეროში

№26

ავტორი: მაკა ჯიქია 16:44 03.07, 2022 წელი

ავთო ნაცვლიშვილი
დაკოპირებულია

უკვე წლებია, რაც კომპანია „ლოჭინი“ საქართველოს საავტომობილო გვირაბებისა და ავტობანის განათების მოვლა-შენახვის სამუშაოებს აწარმოებს და ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ღირსეულად ართმევს თავს. როგორც მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ბატონი ავთო ნაცვლიშვილი ინტერვიუს პროცესში გვიყვება, ეს არის საქმე, რომელსაც კონკრეტული დრო არ გააჩნია – 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სამსახურში უნდა ვიყოთო. თავად ბატონმა ავთომ, საკმაოდ ახალგაზრდამ, 24 წლისამ დაიწყო კარიერის მწვერვალებზე ასვლა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს თავი წარმატებულად გაართვა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მოსიყვარულე და საამაყო ოჯახს. როგორც ამბობენ, კარიერისა და ოჯახური იდილიის შეთავსება რთულია, თუმცა ყოველივე მარტივდება მაშინ, როცა ერთი მეორეს აძლიერებს. სწორედ ასე მოხდა ავთო ნაცვლიშვილის ცხოვრებაშიც.

– ბატონო ავთო, თქვენზე გვიამბეთ, როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ამ საქმიანობას?

– სამტრედიის რაიონ, სოფელ ბაშში დავიბადე. დედას სურდა, ექიმი ვყოფილიყავი, თუმცა ეს პროფესია ჩემთან ახლოს არ იყო – გეოლოგობა მინდოდა. 1978 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე სამთო ფაკულტეტის განხრით და მაშინვე დავიწყე მუშაობა. ენგურჰესის მშენებლობაზე მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე ვიყავი. 1986 წლიდან სამუშაოდ გადმოვედი საავტომობილო გვირაბების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამმართველოში მთავარი ენერგეტიკოსის და შემდგომ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 2005 წლიდან დღემდე ვარ შპს „ლოჭინის“ დირექტორის პოზიციაზე. ვემსახურებით საავტომობილო გვირაბების მოვლა-შენახვასა და ავტობანის განათებას. მყავს სამი შვილი, რვა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. ვხუმრობ ხოლმე, ალბათ, მამამ დამაბედა – გვირაბში შედი და აღარ გამოხვიდეო (იცინის). მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს ვუძღვები. 24 წლის ვიყავი, როცა ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა და წარმატებამაც არ დააყოვნა, რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემს ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს დადებითი შედეგები მოჰქონდა.

– როდის დაარსდა კომპანია „ლოჭინი“ და უფრო კონკრეტულად – რას საქმიანობთ?

– ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს. 1986 წლიდან ვმართავ და ვხელმძღვანელობ ამ საქმიანობას. დროსთან ერთად, ბევრი რამ იცვლება. 90-იან წლებში გაცილებით მეტი თანამშრომელი გვყავდა, ვიდრე დღეს. ამჟამად ჩვენი კომპანია 200 თანამშრომელს ითვლის. საქართველოში დღეს საავტომობილო გვირაბების მშენებლობის ბუმია. შენდება 60-მდე გვირაბი, მათ შორის უნიკალური 9-კილომეტრიანია, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს კომპანიას და მის კოლექტივს, რათა აღვზარდოთ კვალიფიციური კადრები, რომ უზრუნველვყოთ ახალი გვირაბების მოვლა-შენახვა. წინ, ალბათ, ურთულესი გამოცდა გველის.

– თქვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, რა არის წარმატების ფორმულა? როგორ შეძელით თავის დამკვიდრება ამ სფეროში, თან, როგორც აღნიშნეთ, ამ მეტად რთულ საქმეში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაებით.

– ყოველთვის ვამბობ, წარმატებისთვის მთავარი შრომისმოყვარეობაა. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში მაქვს გატარებული, 24 საათი ვმუშაობდი, არასოდეს მქონდა განსაზღვრული სამუშაო დრო – ღამე იყო თუ დღე, როცა საჭიროება მოითხოვდა, ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს საქმეს. დღემდე ასე ვარ, როგორც კი დამირეკავენ, მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელი მონაკვეთია, მივდივარ. წარმატება შრომასთან ერთად მოდის, ამით იმის თქმა მინდა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. ჩემი გზა არ იყო მარტივი, მაგრამ დღეს რომ მკითხონ, შეცვლიდი თუ არა რამესო, არა, არაფერს შევცვლიდი, ზუსტად იმავე გზას გავივლიდი თავისი ეკლებითა და სირთულეებით. ჩემს წარმატებაში, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესა და ოჯახს.

– თქვენს ოჯახზე გვიამბეთ...

– მეუღლე, სამი ვაჟი, სამი რძალი, რვა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი მყავს. თუმცა, რძლებს არ ვეძახი, რადგან ჩემი შვილები არიან. თითოეული მათგანი მეამაყება, ძალიან კარგი მეუღლეები, დედები და რაც მთავარია, ადამიანები არიან. პირველი რძალი თეა ორბიტაშვილია, პროფესიით ექიმი, მეორე – ბესარიონ ჟღენტის შვილიშვილი, მარიკა ჟღენტია, ფსიქოლოგი, ხოლო მესამე – სოფო სვანიძე, ეკონომისტია. ჩემი ვაჟებია შოთა, გია და მიხეილ ნაცვლიშვილები. ახლა მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, რადგან ბავშვებმა ასე ისურვეს. რთულია ეს ჩვენთვის, მაგრამ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებას, ყველას თავისი კერა უნდა ჰქონდეს.

P.S. ბატონი ავთო 7 ივნისს 70 წლის გახდა. ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ულამაზეს და მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი