საზოგადოება

კობა ხაბაზი: აბსოლუტურად ყველაფერს იტყუებოდა, სახელსაც კი, სიმართლემაც მიჩვევა იცის და მეშინია არ მივეჩვიოო

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 11.02

კობა ხაბაზი.png
დაკოპირებულია

კობა ხაბაზის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კობა ხაბაზი?

კობა ხაბაზი: ყველაზე რთულია საკუთარ თავზე საუბარი და მეც მიჭირს იმის თქმა, თუ ვინ ვარ, თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი და ეს აზრი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მამოძრავებს – არ ვამბობ, რომ ყველაზე კარგი ვარ და ფრთები ამომდის, მაგრამ მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, ვემსახურო მას. მინდა, ჩემი ცხოვრების გზა ისე გავიარო, რომ ამ პროცესში შეცდომა არ დავუშვა და ჩემს სამშობლოსთან პირნათელი ვიყო. ყველაზე მეტად ამ ტიპის შეცდომის დაშვების მეშინია და ვცდილობ, ეს არ მოხდეს.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც შეიძლება, გძულდათ კიდეც?

– ძალიან ბევრი საქმის გაკეთება დამჭირდა ცხოვრებაში. ომი ავიღოთ, შეუძლებელია ის მიყვარდეს, მაგრამ როდესაც საომარ მოქმედებებში ვიღებ მონაწილეობას, იმ მომენტში ვცდილობ, არასდროს დამავიწყდეს მაჰათმა განდის სიტყვები „მტერს იმიტომ კი არ უნდა ებრძოლო, რომ გძულს, იმიტომ, უნდა ებრძოლო, რომ შენი სამშობლო გიყვარს“. მე ბრძოლის დროს ყოველთვის ვცდილობ, მამოძრაოს არა მტრის სიძულვილმა, არამედ სამშობლოს სიყვარულმა. მე ჩემს სამშობლოს ვიცავ და მისი უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი. სხვა მხრივ, მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც სწორად მიმაჩნდა და მუდმივად ვცდილობდი, ჩემი საქმე სიყვარულით მეკეთებინა. დაკვირვებული ვარ, როცა იმას ვაკეთებ, რაც არ მიყვარს, როცა გულწრფელი არ ვარ, არასდროს გამომდის ისე, როგორც საჭიროა. პირობითად, მიტინგზე სიტყვით გამოსვლა ავიღოთ, თუ ზოგადი ფრაზებით მიწევდა საუბარი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ხალხისგან შორს ვიყავი, ამიტომ სულ ვცდილობ, ვილაპარაკო იმ დროს, როცა საკუთარ თავთან გულწრფელი ვარ. უსიყვარულოდ და არაგულწრფელად გაკეთებული საქმე არასდროს არის წარმატებული. ამ სამყაროში თუ რამე ღირებული შექმნილა, ყველაფერი სიყვარულით იყო ნასაზრდოები. ზიზღისა და ბოროტების შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ნგრევაა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– როცა კარგ წიგნს ვკითხულობ, გული მეკუმშება და მუშტისოდენა ნერწყვი მეყლაპება. იგივე მემართება კარგი ფილმის ყურებისას, განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ მომენტებზე. ასეთ დროს ვხვდები, რომ გულჩვილი ვარ, ცრემლს ვიკავებ, მაგრამ მქონია მომენტები, როცა გავქვავებულვარ. ჩემი ბიძაშვილი, მერაბ ხაბაზი ალპინისტი იყო და უშბაზე დაიღუპა. მე მომიხდა კლდეზე მისი სხეულის ნაწილების შეგროვება. იმ მომენტში გულჩვილობის ნასახი არ იყო ჩემში, რკინასავით ვიყავი, ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ როდესაც ყველაფერი დასრულდა, საშინელი ნერვული კანკალი მქონდა და დიდხანს ვერ ვწყარდებოდი. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. არ ვარგა გულჩვილობა მაშინ, როცა ძლიერებაა საჭირო და არ ვარგა გაქვავება მაშინ, როცა გულჩვილობა და ემოციურობაა საჭირო. ადამიანები გრძნობების შვილები ვართ და მათ თავისუფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– ბევრი მცდარი ნაბიჯი იყო. ძალიან იოლია საკუთარი თავის მოტყუება, თითქოს არაფერი შეგშლია... უილიამ ფოლკნერს აქვს ასეთი სიტყვები: „ადამიანი არის ჯამი თავისი წარსულის“. აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემი დღევანდელი რაობა განსაზღვრულია იმ წარმატებებით თუ წარუმატებლობებით, სწორი თუ მცდარი ნაბიჯებით, რაც მქონია – მე ჩემი წარსულის ჯამი ვარ. დამიშვია შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი, მაგრამ ალბათ, ჩემი გასავლელი გზა ასეთი იყო. თუ არ ვცდები, ფრანგებს აქვთ გამოთქმა, მხოლოდ სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეო, სხვისი გამოცდილებაც ჭკუის მასწავლებელი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი, ალბათ, საკუთარ შეცდომებზე უფრო მეტად სწავლობ, ამ შემთხვევაში უფრო მწარედ გხვდება ცხოვრებისგან მუშტი და იმიტომ. ბევრს გამოვასწორებდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი შეცდომების გამო თავს ტრაგიკულ ადამიანად მივიჩნევ. ამით ჩემს დღევანდელ არსს მივაყენებ შეურაცხყოფას. არა, ბატონო, რაც ვარ, ეს ვარ, ასე მიღებს საზოგადოება, ზოგი – ავად, ზოგი – კარგად, ზოგს ვუყვარვარ, ზოგი ვერ მიტანს, მაგრამ გავიმეორებ – რაც ვარ, ეს ვარ.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– მეცინება, რომ ამბობენ, არასდროს არაფერი მომიპარავსო – ბავშვობაში კანფეტი მაინც არ აუღიათ უნებართვოდ?! (იცინის). მე რაც შემეხება, ალბათ, 15-20 წელია, აღარ ვიპარავ იმ ნივთს, რომელსაც მანამდე ხშირად ვიპარავდი – ეს არის წიგნები (იცინის). დედა მყავდა ბიბლიოთეკარი. მეოთხე კლასიდან დავიწყე საკუთარი ბიბილიოთეკის შექმნა და დღეს ათასობით ნარჩევი წიგნი მაქვს. დედასთანაც მომიპარავს, მისი ბიბლიოთეკიდან. ვიცოდი, როგორ უნდა წამეშალა შტამბი და გამესაღებინა ჩემს წიგნად, მაგრამ სამ თვეში ერთხელ, დედა ჩამოუვლიდა ჩემს ბიბლიოთეკას და შტამბს ნახავდა თუ არა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, საკუთარ წიგნებს ყოველთვის ცნობდა და სიმწრით მოგროვებულ წიგნებს უკან, ბიბლიოთეკაში აბრუნებდა (იცინის). წიგნის ქურდი ქურდი არ არისო, რომ ამბობენ, მეცინება. როგორ არ არის, შენ რომ მოგპარონ შენი საყვარელი წიგნი, როგორი იქნება?! გარდა ამისა, მეზობლის ბაღიდან ხეხილიც მომიპარავს. ფული და სხვა ნივთები არასდროს მომიპარავს. თითქოსდა რა განსხვავებაა, ორივე ქურდობაა, მაგრამ არის, როგორ არ არის. ხილისა და ფულის ქურდობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან, თუ ახერხებთ მის გარეშე ცხოვრებას?

– როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა ტყუილი თქვას?! (იცინის). ხომ ხედავთ, უკვე ვიტყუები. ტყუილი ყველას ცხოვრებაშია, თუმცა, ალბათ, კლასიფიკაცია უნდა შეგეძლოს, ზღვარი უნდა გაავლო. მღვდელი თევდორეს ტყუილიც ტყუილია და შენს სასარგებლოდ ნათქვამი ტყუილიც, რომელმაც შეიძლება, სხვა დააზარალოს?! შესაძლოა, მძიმე სიმართლე ვერ უთხრა ადამიანს და ტყუილის თქმა არჩიო – ეს სხვაა, მაგრამ მაინც ტყუილია და მე ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იტყუება. თუ ამას ამბობს, ის უკვე ტყუის. ალბათ, არსებობს ბოროტი, სასხვათაშორისო და გასამართლებელი ტყუილი. როგორ შეიძლება, ტყუილს გამართლება ჰქონდეს, მაგრამ აქვს, მაგალითად, მღვდელი თევდორეს შემთხვევაში. უნდა მოვერიდოთ ტყუილს, რომელიც სხვას აზიანებს, თორემ ცუდად მყოფი, მოკითხვისას რომ გპასუხობს, კარგად ვარო, ეს ხომ არ არის ტყუილი, რომელიც ვინმეს ავნებს?!

– გრძნობთ, როცა გატყუებენ?

– ერთი კარგი ნაცნობი მყავდა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზე იტყუებოდა, სახელსაც კი არასწორად გეტყოდა. ერთხელ მიზეზი ვკითხე და საინტერესო პასუხი გამცა: სიმართლემაც მიჩვევა იცის და მეშინია, არ მივეჩვიოო (იცინის). თავის დაზღვევის მიზნით ყველაფერზე იტყუებოდა, რომ სადმე რამესთან დაკავშირებით სიმართლე არ წამოსცდენოდა. მე განსაკუთრებით მიჭირს ისეთი ტყუილის ამოცნობა, რომელიც არაფერთან არ არის კავშირში. მაგალითად, გუშინ ადამიანმა მომიყვა თავისი ცხოვრების შესახებ. მერე გავიგე, რომ ნახევარი ტყუილი ყოფილა. ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა. არც არაფერი უთხოვია, არც რამეში გამოადგებოდა. თავი კარგად წარმოაჩინა-მეთქი, ვერც ამას ვიტყვი. ხუთ წუთში გავიგე, რომ ტყუილებს ყვებოდა და ფაქტობრივად, მატყუარას სტატუსით გავიცანი. ამიტომ ვერ ვხვდები, რა რჯიდა. ალბათ, მიუნჰაუზენის შინაგანი მდგომარეობა მართლა არსებობს, თან ტყუილსა და გაზვიადებას შორისაც რთულია ზღვარი გაავლო. ამიტომ, ის, რომ ადამიანს ტყუილს ვერ ვაპატიებ – მსგავსი დევიზები არ მაქვს, უბრალოდ, აჯობებს, ადამიანები სხვისთვის ზიანის მომტანი ტყუილების თქმას მოვერიდოთ.

– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?

– მოგიყვებით და თქვენ გადაწყვიტეთ, სახალისოა თუ არა: ეროვნული მოძრაობის დროს 11 დღე ვიშიმშილე. შიმშილობა დავამთავრე, მოდის ჩემი შეყვარებული და მეუბნება, ხვალ ჭაუხებში მივდივარ მწვერვალზე, ხომ კარგად ხარ, ხომ წამოხვალო?! რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი და წავედი მასთან ერთად. ავედი მწვერვალზე, მაგრამ უკან ჩამომიტანეს (იცინის). ასვლისას სიყვარულმა ფრთები გამომასხა, მაგრამ იქედან რომ ჩამომიტანეს, მას შემდეგ 9 თვე საავადმყოფოში ვიწექი, ძლივს გადავრჩი (იცინის). ერთი მხრივ, ტრაგიკულია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მართლა სახალისო იყო ჩემი გულწრფელი შემართება. სიმართლე გითხრათ, ის კობა ხაბაზი, რომელსაც ასეთი სიყვარულისთვის ყველანაირი ფასის გაღება შეუძლია, დღესაც მიყვარს (იცინის).

– როგორი გაგრძელება მოჰყვა ამ ისტორიას, თუ ღირდა ამხელა მსხვერპლად?

– ოტია იოსელიანს აქვს გენიალური ისტორია: სოფელში ვსწავლობდი, სკოლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა ერთი გოგო, რომელიც თოვლში, ყინვაში, წვიმაში, ამ გზას ფეხით გადიოდა, დილით 6 საათზე გამოდიოდა სახლიდან, რომ სკოლაში 9-ზე მოსულიყო. მოვიდოდა, მაგრამ გაკვეთილი არასდროს იცოდა. სულ ვფიქრობდი, რომ გიჟი იყო, რას დადის ყოველდღე ამხელა გზაზე, თუ გაკვეთილიც არ იცის, რისთვის მოდისო, ვფიქრობდი. მერე გავიგე, თურმე ამ გიჟს მე ვყვარებივარ და ჩემი გულისთვის დადიოდა ამ სიშორეს... კი არის ახლა ის გიჟი ჩემი მეუღლეო. მიხვდით, ხომ? (იცინის).

– გასაგებია, ესე იგი, ნამდვილად ღირდა. და ბოლოს, რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– მიმაჩნია, რომ ასეთი რამ ჯერ არ გამიკეთებია. ყველაზე მეტად ვიამაყებ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. როცა ჩემს შთამომავლობას არ დავუტოვებთ გასაკეთებლად იმ საქმეს, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია. შეიძლება, ბევრი რამ მეამაყება, მაგალითად ის, რომ მერაბ კოსტავას თანამებრძოლი და შვილობილი ვიყავი, ის, რომ ეროვნული მოძრაობა გამოვიარე, ისიც, რომ ლენინის ძეგლები პირველმა მე ჩამოვაგდე, ოკუპანტი ქვეყნის ძეგლის დემონტაჟი განვახორციელე ჩემს ქვეყანაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც ყველაზე მთავარია და ეს სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ჩემს აგურს დავდებ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა