საზოგადოება

კლინიკური ონკოლოგი ნინო ვარდიაშვილი – პრევენციის გზებსა და ბრძოლაზე სიცოცხლის გადასარჩენად

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:37 30.06, 2022 წელი

ნინო ვარდიაშვილი
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებულმა ექიმმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ქალბატონმა ნინო ვარდიაშვილმა ეს პროფესია მის ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ აირჩია და გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან თავი ძლიერ პროფესიონალად და პაციენტების სანდო დასაყრდენად ჩამოყალიბებას მიუძღვნა. მის პრაქტიკაში უამრავი საინტერესო და ურთულესი შემთხვევა დასრულდა წარმატებით, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქალბატონი ნინო თავად გვესაუბრა.

ნინო ვარდიაშვილი (კლინიკური ონკოლოგი): მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც გავიგე დედაჩემის მძიმე დიაგნოზი – სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მის შემთხვევაში ძალიან რთულად წავიდა ყველაფერი, მეორე წელს უკვე რეციდივი გვქონდა და დედაჩემის თხოვნა იყო, რომ ონკოლოგი გავმხდარიყავი. მისი საბოლოო სურვილი ავასრულე და სამწუხაროდ, მერე აღმოვაჩინე, რომ მის შემთხვევაში მკურნალობა არასწორად იყო წარმართული და აბსოლუტურად ყველა ეტაპზე შეცდომა იყო დაშვებული.

– ამ შეცდომების ასარიდებლად, ალბათ, ძალიან ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე.

– სამწუხაროდ, ექიმები ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებენ და ჩემი მიზანი იყო. რომ ეს შეცდომები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დამეყვანა, ამიტომ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა. განათლება საქართველოში მივიღე, პარალელურად კი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და საკუთარ თავზეც ვმუშაობდი. ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო ჩემთვის, რომ საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, ერთი ღამე მაინც ისე დამეძინა, რომ რამე ახალი არ მესწავლა. კარგად გავიაზრე, რომ არ მქონდა უფლება, ჩემი უცოდინრობით ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. ამიტომ ვცდილობ, ყოველდღიურად განვვითარდე და მოვლენებს არ ჩამოვრჩე.

– რომელი იყო პირველი სამსახური, როდესაც პრაქტიკულ მედიცინაში ჩაერთეთ?

– პირველად კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ვიყავი. ძირითადად, ექიმებს არ აქვთ დრო იმისთვის, რომ დამწყებ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. როდესაც რამდენიმე თვე გავიდა და მე ისევ ნეიტრალური ვიყავი, გადავწყვიტე, „თოდუას კლინიკაში“ გადავსულიყავი, სადაც უკვე აქტიურად ჩავერთე პრაქტიკულ მუშაობაში.

– განათლება საქართველოს ფარგლებს გარეთაც მიიღეთ...

– ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ტრენინგებზე. თურქეთში ვიმუშავე სტაჟიორად, ვიყავი ამერიკაშიც, რამდენიმე კლინიკაში. ახლა მოვიპოვე IDEA-ს გრანტი, ეს გახლავთ ამერიკის კიბოს ასოციაციის, „ასკოს“, გრანტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. ამ გრანტის საფუძველზე ჩემს მენტორთან ერთად ვიმუშავე სტატიაზე და კლინიკა „ინოვაში“ საკვერცხის კიბოს მართვის შედეგებზე ჩემი პირველი სტატია ჟურნალ „სპრინგერში“ გამოქვეყნდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ტოკიოსა და ბარსელონაში კი სპიკერად მიმიწვიეს. აღფრთოვანებულები დარჩნენ, რომ საქართველოში შესაძლებელია მსგავსი ტიპის მკურნალობის ასეთი წარმატებით წარმართვა.

– რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ხელშეწყობა ონკოლოგიასთან ბრძოლაში?

– მკურნალობის პროცესში პაციენტის ფსიქოლოგიურ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ექიმი ვერაფერს გახდება, თუ პაციენტი და მისი ოჯახი ექიმთან ერთად აქტიურად არ ჩაერთვება ამ ბრძოლაში, შედეგი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იდება.

– საქართევლოში ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავს, როგორ ფიქრობთ, რა გვაკლია საერთო ჯამში, რატომ მიდიან პაციენტები საზღვარგარეთ?

– სისტემა. მსოფლიოს წამყვანი კლინიკები მუშაობენ შესაბამისი გაიდლაინების მიხედვით, რომელთა გადახვევის უფლება ექიმს არ აქვს. ამით სამედიცინო შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი, ჩვენთან ასე არ ხდება, აქ ვისთანაც მოხვდება პაციენტი, ის თავისი გამოცდილების მიხედვით მართავს მას, რის გამოც ძალიან ხშირად უშვებენ სამედიცინო შეცდომებს. ხშირად სხვადასხვა დაავადების არასწორად მართვა თვითშემოქმედების გამო ხდება, რის გამოც უწევთ პაციენტებს საზღვარგარეთ გასვლა.

დღეს საქართველოში კარგადაა განვითარებული ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულება, თუმცა არის გარკვეული პათოლოგიები, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი რესურსი, კარგად დახელოვნებული მართვის სპეციფიკა და პაციენტებს საზღვარგარეთ წასვლას ვურჩევთ. თუმცა, გვაქვს რიგი პათოლოგიები, რაც ძალიან კარგად იმართება საქართევლოში და ბევრად უკეთესი შედეგები გვაქვს, ვიდრე ევროპისა და ამერიკის კლინიკებში.

– რამდენად რთულია, პაციენტს პირადად უთხრა მისი მძიმე დიაგნოზი?

– პაციენტები განსხვავდებიან ინფორმაციის მიმღებლობის შესაძლებლობით, დღეს ონკოლოგიაში ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, საიდანაც გამოსავლის პოვნა შეუძლებელია, მაგრამ ამ იშვიათი შემთხვევების დროსაც ვცდილობთ, ეს მდგომარეობა მთელი სიმძიმით პაციენტის ახლობლებს მივაწოდოთ და თავად პაციენტს შედარებით მსუბუქად ავუხსნათ სიტუაცია.

– როგორ ახერხებთ ემოციების მართვას?

– სახლში, სადაც სამი შვილი მყავს, მომენტალურად ვხდები ჩვეულებრივი დედა და დიასახლისი, რომელსაც ოჯახში სხვა ვალდებულებები აქვს. ზღურბლს აქეთ ვარ ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, პაციენტებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს და მიეხმაროს რთული გზის გავლაში. პაციენტს ხელი უნდა ჩასჭიდო და ერთად უნდა გადადგათ ნაბიჯი წარმატებისკენ. ძალიან ბევრ შემთხვევაში დაგვიმარცხებია სიკვდილი, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ რაღაც ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც გვიწევს პაციენტებთან დამშვიდობება, რაც ემოციურად ძალიან რთულია.

თქვენს პრაქტიკაში თუ იყო შემთხვევა, როდესაც სიტუაცია პაციენტის რწმენამ შემოატრიალა?

– იყო გოგონა ძალიან ბევრი მეტასტაზით ღვიძლსა და ძვლებში და ეკლესიისა და საკუთარი რწმენის დახმარებით შეძლო ამ დაავადების დამარცხება, ეს იყო ნამდვილი სასწაული. ჩაიტარა მსუბუქი ქიმიოთერაპია, რისი ეფექტურობის იმედი მე ნაკლებად მქონდა, მაგრამ მან ეს დაავადება დიდი რწმენით დაამარცხა.

– პრევენციისთვის რა საშუალებები არსებობს?

– მნიშვნელოვანია სკრინინგული პროგრამების როლი, რადგან ადრეულად აღმოჩენილი დაავადებები ძალიან კარგად ემორჩილება სამედიცინო მანიპულაციებს და შესაძლებელია, ამ დაავადების მთლიანად დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ მცირე ქირურგიული ინვაზიური ჩარევით მოხდეს და ასეთი ძალიან ბევრი პაციენტი გვყოლია.

– რა არის საჭირო თქვენს პროფესიაში წარმატებისთვის?

– ჩემი დაკვირვებით, ქართველებს ძალიან გვაკლია სიყვარული. თუ შენ გიყვარს ადამიანი, შენი საქმე და ცხოვრება, აუცილებლად შეძლებ, რომ უმაღლესი პროფესიონალიზმით შეასრულო შენი საქმე და სხვებსაც გადასდო ეს სიყვარული. ვისურვებდი, რომ სტრესული გარემო სიყვარულით შეიცვალოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი