საზოგადოება

როგორ აღიარეს ახალგაზრდა აპოლონ ჯინჭარაძის აღმოჩენა მოლეკულური ბიოლოგიის უმნიშვნელოვანეს მიღწევად და რატომ ვერ შეძლო მან საკუთარი ფენომენის სრულად გამოყენება

№51

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 28.12, 2021 წელი

აპოლონ ჯინჭარაძე
დაკოპირებულია

ბიოლოგი და გენეტიკოსი აპოლონ ჯინჭარაძე დაიბადა 1961 წლის 6 იანვარს თბილისში. მამა, გიზო ჯინჭარაძე, პროფესიით ეკონომისტი გახლდათ, დედა, ტერეზა ჩხატარაშვილი კი – ინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი. მან ორი უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ ხანმოკლე სამუშაო სტაჟი ჰქონდა და მთელი თავისი ცოდნა და ენერგია შვილების აღზრდას მოახმარა.

აპოლონის ბაბუა – აპოლონ ჯინჭარაძე, რუსული ენისა და ლიტერატურის ცნობილი პედაგოგი, უგანათლებულესი კაცი იყო.

აპოლონი სკოლაში კარგად სწავლობდა. ყველა საგანში მაღალი ნიშნები ჰქონდა, თუმცა სკოლა მედალზე არ დაუმთავრებია და არც არავის უთქვამს მისი მშობლებისთვის, თქვენი შვილი დიდი მეცნიერ-მკვლევარი დადგებაო.

აპოლონ ჯინჭარაძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, 1983 წელს კი – ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი, სპეციალობით – ბიოლოგია-გენეტიკა. მისი განსაკუთრებული ნიჭი გენეტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ლეჟავამ შეამჩნია და მიავლინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის, მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის, ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპოლონ ჯინჭარაძე, როგორც მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჩაირიცხა მიზნობრივ ასპირანტურაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, ვ. ენგელჰარდტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1988 წლის 24 თებერვალს აქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“. სწორედ, საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი“ (ეგრეთ წოდებული, „დნმ-ის ტესტი“).

ძალიან ახალგაზრდა, 27 წლის ბიოლოგის საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერების უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად აღიარეს.

გენომური დიქტოლოსკოპიის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრიზი. 1985 წელს მან, თანაავტორებთან ერთად, აღმოაჩინა სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომლის საშუალებითაც დგინდება ინდივიდუალური განსხვავება, მაგრამ მხოლოდ ადამიანებში.

დისერტაციაზე მუშაობისას, ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის (M13) საფუძველზე, ჯინჭარაძემ ახალი ზონდი აღმოაჩინა, რომელიც უნივერსალურია ცოცხალი სამყაროს მიმართ. ამ ზონდის საშუალებით შესაძლებელია ცალკეული ინდივიდუმების იდენტიფიცირება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში. აგრეთვე, განსხვავებების დადგენა მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის.

გენომის დაქტილოსკოპიის მეთოდის შექმნა-დამუშავებაში შეტანილი წვლილის გამო აპოლონ ჯინჭარაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის პირველი პრემია, პირველი ადგილი და მედალი საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე.

1988 წელს აპოლონ ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო თბილისის სერგი დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მის მიერ მიგნებული მეთოდით დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს მაშინდელი უფროსი დორიან როსტიაშვილი და საქართველოში ეს მეთოდი დაინერგა.

1989 წლის 4 მარტს ახალგაზრდა მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა.

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა კოლეგამ პავლე ივანოვმა ჯინჭარაძის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოახდინა რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის, ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

1996 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბორის ელცინის, 18 ივნისის ბრძანებულებით, ქართველ მეცნიერს, აპოლონ გიზოს ძე ჯინჭარაძეს, რამდენიმე რუს კოლეგასთან ერთად, მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში გენეტიკური დიქტოლოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის. დიდი ივანე ბერიტაშვილის შემდეგ იგი მეორეა ქართველ ბიოლოგთაგან, ვინც ამგვარი ჯილდო დაიმსახურა, თუმცა მაშინ ქართველი მეცნიერი უკვე გარდაცვლილი იყო.

თუმცა, ფაქტი ერთია და ის არასდროს შეიცვლება – ასპირანტობის წლები ახალგაზრდა მეცნიერისთვის ახალ-ახალი აღმოჩენების პერიოდი იყო. მისი კვლევის საგანი, რომელზეც მან საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, საბჭოთა მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერების უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად აღიარეს. ახალგაზრდა მეცნიერმა თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდში მეტად სერიოზულ შედეგებს მიაღწია. მის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერებანი დღეს მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, საფუძვლიანად შეისწავლონ მოლეკულური ევოლუციის პროცესი.

აპოლონ ჯინჭარაძის შრომები შეფასებულია არა მარტო, როგორც მნიშვნელოვნად ღირებული, არამედ პრაქტიკული დანიშნულებების მქონეც, რადგან ამჟამად ფართოდ გამოიყენება სასამართლო მედიცინასა და მეცხოველეობაში.

აპოლონ ჯინჭარაძეს დიდად პერსპექტიულ მკვლევრად მიაჩნდათ უფროსი თაობის მეცნიერებსაც.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ჯინჭარაძე ბადრი. აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენის ისტორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი