ხათუნა სამნიძე: ურთულესი ღამე იყო, ტირილში დამათენდა და მეორე დღეს ვთქვი, რომ ვიბრძოლებდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 29.07, 2024 წელი

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე სამშობლოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა – მან შეძლო, სიმსივნე დაემარცხებინა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმასა და საქმიანობასაც უბრუნდება.
ხათუნა სამნიძე: ძალიან დიდხანს ვიყავი წასული სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში და ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ მცირე ხნით ჩამოვედი საქართველოში. ქიმიოთერაპიის ბოლო რამდენიმე გადასხმა საქართველოში გავიკეთე და მერე ისევ წავედი.
მაშინ სულ რამდენიმე კვირით ვიყავი აქ და რა თქმა უნდა, საქმიანობას აქტიურად ვერ დავუბრუნდი, თან, ჯერ კიდევ ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, თუმცა ბევრი ჩემი საყვარელი და მონატრებული ადამიანი ვნახე.
ახლა უკვე საბოლოოდ დავბრუნდი. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას დავარქვი „მშვიდობა მკაცრი კონტროლის ქვეშ“, იმიტომ, რომ მკურნალობა გრძელდება და კონტროლი, რა თქმა უნდა, საჭიროა. რაც მთავარია, უკვე კარგად ვარ და შემიძლია, დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, რისი საშუალებაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მქონდა. როცა ამ დიაგნოზის შესახებ გავიგე, თითქოს, დრო გაჩერდა. როგორც წესი, აქტიური ადამიანი ვიყავი, ძალიან გადატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, არაერთ საქმიანობაში ვიყავი ჩართული, მაგრამ უცებ, თითქოს, მოქმედება შეწყდა და სურათი გაშეშდა. მთელი მკურნალობის პერიოდი ვუყურებდი ულამაზეს ხეს, რომლის აყვავებასაც ველოდი. როდესაც აეროპორტში გახარებული ახლობლები დამხვდნენ, როცა თვეების განმავლობაში უნახავი შვილი ვნახე, რომელიც სრულიად შეიცვალა, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ხე აყვავდა და ახლა შეგვიძლია, ერთად და მშვიდად ვიყოთ. გადავწყვიტე, პარლამენტშიც წავსულიყავი და ნელ-ნელა ჩვეულ საქმიანობას დავბრუნებოდი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, როცა იქ ჩემი ფეხით მისვლა და მუშაობა შევძელი. როგორც იცით, საბრიფინგე სივრცეშიც გამოვედი, სადაც ყველა ჟურნალისტი იკრიბება. ვცდილობ, არ დავმალო, რომ ავად ვიყავი, ამიტომ თავზეც არაფერი მეფარა. ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე ჟურნალისტებისგან და მინდა, გითხრათ, რომ ჩემნაირი პაციენტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით ემოციებსა და რწმენას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, უამრავი ადამიანი მარწმუნებდა, რომ აუცილებლად გამოვჯანმრთელდებოდი. ჩემს საჯაროდ გამოჩენას არცერთი უარყოფითი მესიჯი არ მოჰყოლია და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დამეხმარა.
დასაწყისში ბევრი ვიფიქრე, საჯაროდ მეთქვა თუ არა ამის თაობაზე. თავიდან შოკი მქონდა და ახლობლებისთვის გაზიარებაც კი მიჭირდა, მაგრამ ძალიან მალე, როცა საჯაროდ გამოვჩნდი და ჩემს მდგომარეობაზე ღიად ვილაპარაკე, ძალიან დიდი სიყვარული, გამხნევება და მხარდაჭერა მივიღე. არავის შევცოდებივარ, ყველა ჩემი ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და მეუბნებოდნენ, თუ იბრძოლებ, აუცილებლად გაიმარჯვებო. ამან დიდი ძალა მომცა და როდესაც პარლამენტში დავბრუნდი და ჟურნალისტებს შევხვდი, ეს ემოციები და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამახსენდა. ნელ-ნელა დაიწყო ეთერები, პოლიტიკოსებთან შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ მიჭირს, არც ემოციურად ვარ ისეთი მდგრადი, როგორიც უნდა ვიყო, მაინც ვცდილობ, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.
– სად მკურნალობდით?
– ოპერაცია საქართველოში გავიკეთე და ყველა ხაზს უსვამდა, რომ ოპერაცია კარგად იყო გაკეთებული. აქ დავიწყე რეაბილიტაცია ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება გერმანიაში მომიწია. მე გერმანიაში მაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი ენა და ეს ყველაფერი დიდი პლუსი იყო. იქ ჩემი ნათესავის მხარდაჭერით ვცხოვრობდი, მის სახლში.
– მკურნალობის პროცესი პოლიტიკურად ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. არ ვიცი, გქონდათ თუ არა იმის საშუალება, რომ თვალყური გედევნებინათ მიმდინარე პროცესებისთვის, მაგრამ თუ ასე იყო, ორმაგად რთული იქნებოდა...
– თებერვალში წავედი და მაშინ ასეთი აქტიურობა ჯერ არ იყო. მერე დაიწყო და დიახ, ურთულესია, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში არ ხარ სახლში, რომ შენ გვერდით არ არიან შენი საყვარელი ადამიანები. მე, სამწუხაროდ, მშობლები ადრე დავკარგე. ძალიან ძნელია, როცა შვილი და მეგობრები არ გყავს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებში, მაშინ, როცა იტანჯები, ძალიან მძიმეა, მაგრამ მასპინძელი, ვის სახლშიც მე ვცხოვრობდი, ისე დამიდგა გვერდით, როგორც საკუთარი დედა. ამან ძალიან შემიწყო ხელი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში და ხშირად ვამბობ ხოლმე, იქ იმდენად დიდი სითბო მივიღე, იმ სახლის კედლებიც კი მეხმარებოდნენ გამოჯანმრთელებაში-მეთქი. მე იქ ძმა მახლდა – მან გადადო თავი, ოჯახი დატოვა, სამსახური და მთელი ეს დრო ჩემ გვერდით იყო. მივლიდა, მარტო არ დავუტოვებივარ. სხვანაირად მე ამას ვერ გავუმკლავდებოდი.
ამ რთულმა პერიოდმა მასწავლა, რომ ყველა დილა უნდა დავაფასოთ და ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ვისწავლე, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ. ეს სიტყვები სხვისგანაც მომისმენია, წამიკითხავს კიდეც, მაგრამ სულ სხვა ყოფილა, როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი.
მძიმე პერიოდში ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მათ შორის პოლიტიკისგან დასვენებაზეც და ამასობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირება. თუ ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას მაძლევდა, არცერთი დღე არ გამიტარებია ისე, რომ თვალი არ მედევნებინა საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის. სიმართლე გითხრათ, ამდენ სტრესს მიკრძალავდნენ, ეს არ იყო კარგი ჩემი ჯანმრთელობისთვის, შორიდან ყურება კიდევ უფრო რთული ყოფილა, ვიდრე როცა პროცესებში ხარ ჩართული და შენს როლს ასრულებ. ამიტომ, ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე, საჯაროდ გამოვსულიყავი და ჩემი აზრი რუსული კანონის წინააღმდეგ ეთერში დამეფიქსირებინა. ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. გადავწყვიტე, საჯაროდ მესაუბრა ჩემს მდგომარეობაზეც. მაშინ იმხელა მხარდაჭერა მივიღე, რომ გადავწყვიტე, კი არ გავექცე ამ მდგომარეობას, კი არ წავიდე პოლიტიკიდან, პირიქით, ეს თემა შემოვიტანო პოლიტიკაში, ეს თემა გახდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი.
ონკოპაციენტების მხარდაჭერა, ჩემი გამოცდილების გამოყენება და ჯანდაცვის პოლიტიკაზე მუშაობა – აი, რა მაქვს გასაკეთებელი, როგორც კი გამოვჯანმრთელდები. ვაპირებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში სწორედ ამ თემებზე ვიმუშაო.
– მარტივი ცხოვრება არ გაქვთ გამოვლილი, თუნდაც პოლიტიკური კარიერის გამო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე რამდენად ძლიერი აღმოჩნდით?
– რაღაც პერიოდი, ეჭვი იყო ამ დიაგნოზზე. მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი არაფერი მექნებოდა, ამ ეჭვს ახლოსაც არ ვიკარებდი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ძლიერი ვიყავი ფიზიკურად, ვვარჯიშობდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩიოდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო. დაიწყო კვლევები და დაადგინეს, რომ ნამდვილად ის იყო, რაზეც ეჭვი ჰქონდათ. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, როცა ექიმმა მითხრა, ის არის რაზეც ეჭვი გვქონდაო, მახსოვს, რომ თავისით მოდიოდა ცრემლები. შეშინებული ვეკითხებოდი, ანუ, ქიმია, ანუ ყველაფერი, რაც ამას თან ახლავს?.. ახლაც მიჭირს ამ მომენტის გახსენება. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი უნდა გამომევლო. ექიმმა ძალიან დამინდო – ოპერაცია არაჩვეულებრივმა პროფესიონალმა გამიკეთა, რომელსაც პაციენტთან კომუნიკაციის უნარებიც ძალიან კარგი აქვს, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. მან დამამშვიდა. მთხოვა, დედასთან არ გამევლო პარალელი. მე დედაც ამ დაავადებით დავკარგე და მან ეს იცოდა. ამიხსნა, რომ ეს სხვა ვითარება იყო, რომ ეს პირველი სტადია იყო და ძალიან ადვილად გადავიტანდი, რადგან ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვიყავი. დამინდო, მიხვდა, რომ სერიოზული შოკი მივიღე. სინამდვილეში არ იყო პირველი სტადია, საკმაოდ შორს წასული პროცესი იყო, მაგრამ მერე ნელ-ნელა, როცა უკვე შევეჩვიე ამ აზრს, ყველაფერი ამიხსნა. რეალურად, ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავი, რთული ნაბიჯები იყო გადასადგმელი. წინ ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი მძიმე პერიოდი მელოდა. გამაფრთხილეს, რომ ფსიქოლოგიურადაც უნდა მოვმზადებულიყავი. ეს სრული შოკი იყო, სიკვდილს თვალებში უყურებ – ზუსტად ასე ჰქვია ამ მომენტს. ოპერაციის წინ პალატაში სრულიად მარტო ვიყავი და მთელი ღამე ვტიროდი. მინდა, რომ ეს ხმამაღლა ვთქვა: ურთულესი ღამე იყო, თავზე დამათენდა, მაგრამ მეორე დღეს მე ვთქვი, რომ ვიბრძოლებდი. მეორე დღიდანვე მოვემზადე ოპერაციისთვისაც, შემდეგი პროცესებისთვისაც, მაგრამ წინასწარ ამისთვის სრულიად მზად ვერავინ იქნება. გზადაგზა ვხვდებოდი, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავი და ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირდა. კიდევ კარგი, რომ დავუჯერე ყველას და ამაზე უარი არ ვთქვი, რადგან ასეთ დროს მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამ პროცესის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ვაპირებ, ონკოპაციენტებს შევხვდე, ერთად გადავწყვიტოთ, რისი გაკეთებაა საჭირო ამ მიმართულებით. მაქსიმალურად ვეცდები, ეს თემა პოლიტიკაში აქტიური გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან