საზოგადოება

ხატმწერობიდან – ფერწერაში: ირმა ქვლივიძის შემოქმედებითი ცხოვრება ამერიკაში

№23

ავტორი: ნათია უტიაშვილი 11:27 16.06

ირმა ქვლივიძე
დაკოპირებულია

ჟურნალი „თბილისელები“ აგრძელებს ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ადამიანების გაცნობას, რომლებმაც შეძლეს და ქართული კულტურა, ხელოვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანეს და ძალიან ბევრ ადამიანს გააცნეს. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, მხატვარი-ხატმწერი ირმა ქვლივიძეა, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ იყო ჩვენი ჟურნალის სტუმარი. ქალბატონი ირმა გარკვეული პერიოდი საბერძნეთში ცხოვრობდა, ხატებს წერდა და ტაძრებს ხატავდა. უკვე ორი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და არაერთ ჯგუფურ გამოფენაში წარმატებით მიიღო მონაწილეობა.

– ქალბატონო ირმა, მომიყევით თქვენი, როგორც ხატმწერის გამოცდილების შესახებ.

ირმა ქვლივიძე: თბილისის სამხატვრო აკადემიიის ფერწერის, რესტავრაციისა და ხატწერის ფაკულტეტი დავამთავრე. მოგვიანებით, აკადემიის დამთავრების შემდეგ საბერძნეთში მოვხვდი, როგორც ტურისტი და სწორედ მოგზაურობისას შევიტყვე, რომ იმ დროს იქ ძალიან ბევრი ტაძარი იხატებოდა. ამან ძალიან დამაინტერესა, რადგან ჩემი სპეციალობა რესტავრაცია და ხატწერაა, ამიტომ გადავწყვიტე, კარიერა საბერძნეთში გამეგრძელებინა, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. მახსოვს, საბერძნეთში ყოფნისას რამდენიმე დღეში ვიპოვე სამუშაო: თესალონიკის კათედრალურ ტაძარში ხატმწერის თანაშემწე გავხდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა საბერძნეთში.პარალელურად, შევხვდი და გავიცანი ცნობილი ხატმწერები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს ვხატავდი. ვიმუშავე ათენში, სალონიკში. სანტორინზე დიდხანს ვმუშაობდი სხვადასხვა ტაძარში, კიდევ საბერძნეთის სხვა ქალაქებში და ასევე, ციურიხისა და ნეაპოლის ბერძნულ ტაძრებში. ანუ, არა მხოლოდ საბერძნეთში, იტალიასა და შვეიცარიაშიც არის ჩემი მოხატული ტაძრები. ჩემთვის მაინც გამორჩეული იყო კუნძულ სანტორინზე კათედრალურ ტაძარში მუშაობა. ჩემი დაწერილი ხატები კი იმდენ ქვეყანაშია, ჩამოთვლა გამიჭირდება. საქართველოშიც მაქვს გამოგზავნილი, მათ შორის, საპატრიარქოშიც. რამდენიმე წელი საერთოდ არ მქონია ხატვასთან შეხება და ბოლო წლებია, ფერწერას დავუბრუნდები,რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– ახლა ამერიკაში ცხოვრობთ და უკვე არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა, როგორც ფერმწერმა, თანაც, საკმაოდ წარმატებულად. მომიყევით ამის შესახებ.

– დიახ, ამერიკაში ორი წელია, რაც ჩამოვედი. პროფესიული თვალსაზრისით, აქ ბევრად მეტად გავიზარდე. ამერიკაში გადმოსვლა ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების ახალ ფაზას ნიშნავს. მხატვრობა დავაყენე პირველ ადგილზე. დიდი ხნის განმავლობაში ხატმწერი ვიყავი და ვმუშაობდი ბიზანტიური ხატწერის ფარგლებში. ახლა კი თავისუფალ შემოქმედებას მივყვები. გადასვლა, რა თქმა უნდა, რთული პროცესი იყო, მაგრამ საინტერესო. ბევრი რამე ახლიდან აღმოვაჩინე. ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში და ვამზადებ სოლო გამოფენას. ბევრი ადგილობრივი შემოქმედი გავიცანი.

– ნიუ-იორკში ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა, ალბათ, ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვიცი, თქვენმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

– დიახ, ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა მართლაც ძალიან საინტერესო იყო, დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემმა ნახატებმაც მოწონება დაიმსახურა და ამან კიდევ უფრო მეტად მიბიძგა, რომ ახლო მომავალში პერსონალური გამოფენა გავაკეთო, თემა იქნება თავისუფალი. ძალიან საინტერესოა ნიუ-იორკის შემოქმედებითი სცენა, მრავალფეროვანი და შთაგონების მომგვრელი. მიხარია, რომ აქ ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა