ქეთი წიკლაური: დაშორების შემდეგაც შემყვარებია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ურთიერთობა ოჯახის შექმნამდე არ მივიდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.04, 2023 წელი

ოჯახისა თუ შემოქმედებითად აქტიური ცხოვრების დამსახურებით, ქეთი წიკლაურს ყველა იცნობს და განსაკუთრებულადაც აფასებენ. გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველისთვის მისი ცხოვრების შედარებით უცნობი მხარეები გვეჩვენებინა და საუბარი ქეთის ხასიათის თვისებებით დავიწყეთ.
ქეთი წიკლაური: ვფიქრობ, რომ ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, ისევე, როგორც მამა. ეს თვისება მისგან გამომყვა, თან, ძალიან დიდი დოზით. ასევე, ვარ რომანტიკოსი და ამ ცხოვრებისგან განსაკუთრებული იმედები და მოლოდინები მაქვს. საერთოდ, რომანტიკოსები გრძნობებითა და გულით ვცხოვრობთ, „რაციო“ ნაკლებად გვაქვს ჩართული.
– დღევანდელობაში ეს მტკივნეული და ზიანის მომტანი არ არის?
– რა თქმა უნდა, მტკივნეული და ზიანის მომტანი კი არა, მგონი, აბსურდულიც კია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას არ შეუძლია ამის გარეშე. ცხოვრებამ, ასაკმა და გამოცდილებამ ბევრი ილუზია გამიქარწყლა, ბევრი იმედი დამემსხვრა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ეს თვისება ჩემში ვერ შევინარჩუნე, ვერ ვიარსებებ, მე მე არ ვიქნები. ყველაფრის მიუხედავად, იდეალისტური დამოკიდებულება მაქვს სიყვარულის, მეგობრობის, რწმენისა და საერთოდ, ცნება – ადამიანისადმი. საერთოდ, დღევანდელი ცხოვრება საკმაოდ დრამატულია, მაგრამ გულში ოდნავ მაინც თუ შეინარჩუნე საამისო ნაპერწკალი და რაკურსის შეცვლა შეძელი, დაინახავ, რომ ყოველ დროში არსებობენ კეთილი ადამიანები და არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც შეგიძლია, ბედნიერი და გახარებული იყო. დაინახავ იმასაც, რომ შენ თვითონ შეგიძლია სხვების გაბედნიერება.
– სიყვარულს რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
– უდიდესი. მე ვფიქრობ, რომ სიყვარულის გარეშე, არცერთი ადამიანის ცხოვრებას არ აქვს აზრი. ეს გრძნობა აბსოლუტურად ყველაფერში მთავარია. სიყვარული მრავალწახნაგოვანი ცნებაა, ბევრ ქვეშრეებს შეიცავს. არსებობს დედმამიშვილური, მშობლისა და შვილის, მეგობრული, სამშობლოს, საკუთარი თავისა და საპირისპირო სქესისადმი სიყვარული და ასე შემდეგ, ყველგან და ყველაფერში ის არის არსებითი. თუ ეს გრძნობა არ გაგაჩნია, ცხოვრება არასწორი გამოდის, ყველაფერს უამრავი შეცდომა სდევს თან. უშეცდომო ამის გარეშეც არავინ ვართ, მაგრამ უსიყვარულოდ უფრო მეტი მწარე და მტკივნეული შეცდომა მოგვდის. სიყვარული გაძლევს საშუალებას, ყველაფერი ბოლომდე განიცადო, სრულად შეიგრძნო. თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც გეგონა ან შეცდომა დაუშვი, იმით მაინც იქნები კმაყოფილი, რომ გიყვარდა და ამ განცდით იყავი სავსე.
– გახსოვთ, პირველად როდის განიცადეთ ეს გრძნობა?
– მახსოვს და როგორც ყველა ბავშვური სიყვარული სასაცილო და აბსტრაქტული იყო. მსახიობი შემიყვარდა ეკრანიდან. კინოში ვიყავი დეიდაშვილთან ერთად და სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ბავშვური ცნობიერებით მეგონა, რომ ცუდად ვიყავი. წამოვწექი, თითქოს მუცელი მტკიოდა. მუცელში პეპლები მაშინ ჩემთვის შეუძლოდ ყოფნას ნიშნავდა (იცინის). მერე წლები რომ გავიდა და რეალური ამბები შემემთხვა, გამოვცადე პირველი სიყვარული სკოლაში, ცალმხრივი თუ ორმხრივი და დავიწყე ჩემი გრძნობების ანალიზი, მივხვდი, რომ ის სიყვარული იყო. მერე და მერე ხშირად ვიყავი გატაცებული.
– მერე როგორი იყავით შეყვარებული, როგორ აღიქვამდით ამ გრძნობას?
– ჩემი ურთიერთობები, ძირითადად, დრამატიზმით იყო დატენილი. შეიძლება, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს კითხვა და მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს ვკითხულობ. მოგეხსენებათ, ლიტერატურა როგორი სახეებითა და სიუჟეტებით არის სავსე, როგორი სიყვარული და როგორი დრამატიზმია ლიტერატურულ სახეებში. აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ განწყობას ვიზიდავდი, მინდოდა, ჩემი ცხოვრებისეული პიესა შემესრულებინა. ზოგჯერ სხვას ვუყვარდი ცალმხრივად, ზოგჯერ მე მიყვარდა და მას – არა. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ორმხრივი სიყვარული, გაგება, მეგობრობა, პატივისცემა, ვნება, რომანტიზმი და სტიქიური გატაცებებია. ეს ჰარმონია ძალიან დიდ ბედნიერებას ქმნის ქალისა და კაცის სიყვარულში. ვისაც ეს არ განუცდია, ძალიან უბედურია. სხვათა შორის, არსებობენ ადამიანები, ვისაც არ ჰყვარებიათ. მათ „რაციო“ ისეთი აქტიური აქვთ, თავს გატაცების უფლებას ვერ აძლევენ და ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ცოდოა.
იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვანის ნატურა მაქვს, მე ყოველთვის ვახდენდი ჩემი განცდების სუბლიმაციას. ეს დიდ იმპულსს მაძლევდა, შემოქმედებაში გამომეხატა ჩემი გრძნობები. დრო რომ გადიოდა, გადატანილი მტკივნეული და დრამით სავსე მოვლენების მადლიერიც კი ვიყავი. იმ მომენტში ტრაგედია მეგონა, მაგრამ ხომ იცით, დროსთან ერთად ეს განცდა ნელდება, მაგრამ პერიოდი, რომელიც ამ განცდებს მოსდევს, ძალიან დატენილია შემოქმედებითი თვალსაზრისით და ეს ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– როდესაც ოჯახის დანგრევაზე მიდგა საქმე, რაც თავისთავად მტკივნეულია, მოგიხდათ იმის გათვალისწინებაც, რომ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყავით, რომ პასუხისმგებლობა გქონდათ მშობლების წინაშე და ასე შემდეგ, რადგან ეს კიდევ ის პერიოდი იყო, როცა ძალიან მკაცრად უყურებდნენ განქორწინებას?
– როდესაც მეუღლეს გავშორდი 2000-იანი წლების დასაწყისი იყო. ნამდვილად, მაშინ საზოგადოებაში სხვა მენტალობა იყო. საზოგადოებას ძალიან მძიმე დამოკიდებულება ჰქონდა განქორწინებასთან დაკავშირებით. ჩემი მშობლებისა და მათი მშობლების თაობას მიაჩნდა, რომ ერთხელ თხოვდები და ამ ადამიანებთან ერთად უნდა მოკვდე. დაშორება სიკვდილის ტოლფასი იყო. ახლა ამას იმდენად მსუბუქად უყურებენ, რომ აბსურდად მიაჩნიათ, რატომ უნდა ითმინო. ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც, რადგან ოჯახისადმი ცოტა ფუქსავატურ დამოკიდებულებას ქმნის. ოჯახის ინსტიტუტი ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ქრება. თუმცა ნამდვილად არ უნდა იყოს ტრადიცია ისეთი მძიმე, რომ თუ ადამიანი ოჯახში ძალიან წვალობს, თავს კარგავს, ტერორშია და ასე შემდეგ, იქიდან წამოსვლის ნაბიჯს ვერ დგამდეს. მე რომ მეუღლეს დავშორდი, მაშინ, ვერ გეტყვით, რომ ძალიან მძიმე დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი ნამდვილად არ იყო. მეტსაც გეტყვით, მე თვითონ არ ვიყავი ამის მიმართ მსუბუქად განწყობილი. ამას ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე არ ვუყურებდი მარტივად. აქედან გამომდინარე, რაღაც პერიოდი ძალიან განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ აბსოლუტური სიმშვიდე მოვიპოვე. რაც შეეხება საზოგადოებას, არ შემხვედრია არასასიამოვნო დამოკიდებულება, არ მინახავს, რომ ვინმეს ცუდად განვეკითხე.
– ოჯახიც გვერდით დაგიდგათ, არა?
– ჩემი ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე. ჩემი მშობლები ძალიან ტრადიციულები იყვნენ. მამა ნამდვილი მამაკაცი და ჩვენი ტრადიციების მიმდევარი იყო, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ მათთვის ეს მარტივი იქნებოდა. ამის მიუხედავად, გვერდით დამიდგნენ და რომ არა ჩემი ოჯახი, არც კი ვიცი, რა იქნებოდა. ჩემი შვილი პატარა იყო, როდესაც მე მეუღლეს გავშორდი და მას მამაჩემმა მამობა გაუწია. ანდრია მან და დედაჩემმა გაზარდეს. მე ძალიან ავტორიტარული დედა ვიყავი, არავის ვაძლევდი უფლებას, ჩემი ფუნქციები შეეთავსებინა, მთავარი მე ვიყავი, მაგრამ ნამდვილად ვხედავ ჩემი მშობლების უდიდეს წვლილს ჩემი შვილის აღზრდაში, მატერიალური, ფიზიკური, მორალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მისთვის სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ.
მგონია, რომ აქაც სიყვარულია მთავარი. როდესაც ადამიანებს შორის სიყვარულია, ყველაფრის გადაწყვეტა მინიმალური დანაკლისებით შეიძლება. ჩვენ ცხოვრებაში დაზღვეული არაფრისგან ვართ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჰუმანიზმი და ადამიანობა შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერს უფრო ლამაზს ხდის.
– მერე აღარ გიფიქრიათ ოჯახის შექმნაზე, მალევე განიცადეთ სიყვარული?
– რა თქმა უნდა. როდესაც მეუღლეს გავშორდი საკმაოდ ახალგაზრდა და იმედებით აღსავსე ვიყავი. ახლაც ასე მგონია (იცინის). ყველაფერი ხდება, ვიცით ცხოვრებისეული ისტორიები, როცა ნებისმიერ ასაკში ჩნდება გრძნობა და ეწყობა ურთიერთობები. კი, დაშორების შემდეგაც შემყვარებია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ურთიერთობა ოჯახის შექმნამდე არ მივიდა. მე ვფიქრობ, ჩემი და ჩემი ოჯახის სტატუსი იმდენად დიდი პირობითობაა, რომ ჩემთვის ცოტა რთული იყო და არის ისეთი პიროვნების ნახვა, რომელთანაც, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გრძნობა და ურთიერთგაგება მექნებოდა, იარსებებდა ყველა პარამეტრი საჭირო ჰარმონიული ოჯახის შესაქმნელად. ადამიანი ასაკთან ერთად კარგავს ფუქსავატობას. რაც ოცი წლისას შეგეძლო, ვნებებითა და სიყვარულით სავსეს გაგეკეთებინა, იმავე ნაბიჯებს 40 წლის ასაკში ვეღარ გადადგამ, რადგან ასაკთან ერთად, გამბედაობა იკლებს. რაც უფრო იზრდები, არც თუ ისე ცოტას ითხოვ საკუთარი თავის თუ სხვა ადამიანისგან. მერე მე უკვე შვილი მყავდა და ასე შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი პირობითობა შემოვიდა და აქედან გამომდინარე, ეს ჯერ არ მოხდა. ახლა ჩემი შვილი ისეთ ასაკშია, თუ თავის ოჯახს შექმნის დროულად, მერე მეც ვიფიქრებ (იცინის).
– არ აქვს ეგოისტური დამოკიდებულება?
– საერთოდ არა, არ არის ასეთი ადამიანი. პირიქით, მხოლოდ ბედნიერი იქნება, მე თუ ჩემს ოჯახს შევქმნი. ძალიან პროგრესული და თანამედროვე შვილი მყავს. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვერც ვერავის მივცემ ამ საკითხში ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ადეკვატური ადამიანი ვარ და ყველას რჩევას გავითვალისწინებ, მაგრამ როცა საქმე მე მეხება, ისე იქნება, როგორც მე გადავწყვეტ. ანუ მე არ მომნდომებია ისე, რომ ეს მომხდარიყო.
– თქვენი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოჯახიდანაა, დამოუკიდებლად მიდის საკუთარი გზით და ძალიან წარმატებულადაც. მისი ნამუშევარი კოსმოსშიც კი გაიგზავნა. როგორი შვილია და როგორი დედა ხართ თქვენ?
– საოცარი შვილია, ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ მის გამო. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ტრადიცია – შვილებს არ აქებდნენ და ეს საშინელება იყო. მე დავამსხვრიე ეს ტრადიცია და დიდი სიამოვნებით ვაქებ ჩემს შვილს, თან, უსაფუძვლოდ არა, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. უკეთილშობილესი ადამიანია, ძალიან საინტერესო პიროვნება და შემოქმედი, თბილი და ტკბილი. მოღვაწეობს ელექტრონული მუსიკის მიმართულებით, აქვს გაკეთებული უამრავი ალბომი, მისი დისკები გამოდის სხვადასხვა ქვეყანაში, ეწევა საკონცერტო საქმიანობას, როგორც დიჯეი, გამოდის სხვადასხვა კლუბში, ფესტივალებზე და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს როგორც ხელოვანს და ძალიან კარგი ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვამაყობ ჩემი შვილით, საკუთარი თავითა და მთელი ჩემი ოჯახით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან