ქართული საბრძოლო ხელოვნება
ავტორი: რევაზ ტომარაძე 19:00 13.04

მსოფლიოში ფარიკაობის მრავალი სკოლა და სახეობა არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხევსურული ფარიკაობა გამორჩეულია ზუსტი, დახვეწილი მოძრაობებით და მაჯიდან „ძალის დაბერტყვით“.
ხევსურული ფარიკაობა გახლავთ მრავალმხრივ უნიკალური სახეობა, როცა შემტევი ხელი ფარს უკან არის, თავდამცველს ურთულებს შეტევაზე საპასუხო ქმედების დროულ შერჩევას.
ხევსურული ფარიკაობა, თავისი ცხრა ძირითადი დგომის გამო, ძალზე მომჭირნეა დაცვაში და სხარტია შეტევისას, რაც საშუალებას იძლევა ძალის უმცირესი დანახარჯით მიაღწიო შედეგს (ადვილი მისახვედრია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს მებრძოლისთვის, ვისაც ნიადაგ ჭარბრიცხოვან მომხდურთან უწევდა შერკინება).
ხევსურულ ფარიკაობაში, როგორც წესი, პროცესის უმეტესი ნაწილი ძირითადად, მაჯების მოძრაობით მიმდინარეობდა და მხოლოდ რამოდენიმეჯერ ხორციელდებოდა მჩეხავი დარტყმა. ამით დაბალანსებული იყო ენერგიის დაზოგვის მომენტი - საქართველოს საბრძოლო ისტორიიდან გამომდინარე, ქართველ მებრძოლს უმეტეს შემთხვევაში უწევდა ორ, სამ და ზოგ შემთხვევაში ოთხ მოწინააღმდეგესთან შებრძოლება. ფარიკაობის ძირითადი პროცესის მაჯაში გადატანით ისვენებდა მკლავი და როდესაც შენიშნავდნენ მოწინააღმდეგის შეცდომას ან სუსტ ადგილს, მაშინ აყენებდნენ მთელი მკლავის მოქნევით გადამწყვეტ დარტყმას. დიდოსტატ მოფარიკავეებს კი გახურებულ შერკინებაში, მეტოქის მკლავიდან ხმლით ბალნის აპარსვაც შეეძლოთ.
ხევსურულ საბრძოლო ხელოვნებაში არ აღიქმებოდა უკან ნაბიჯი ბრძოლისას. შესაძლებელი იყო გვერდით ნაბიჯი მანევრის მიზნით, მაგრამ არა უკან. ეს სირცხვილად ითვლებოდა, რასაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან