ჯუგაანელი „ჰერკულესი“
ავტორი: „თბილისელები“ 11:53
ვანო აბულაძე, იგივე კამბეჩუა, იგივე ქიზიყელი, უცხოელმა მაყურებელმა საერთაშორისო საფალავნო მეტსახელი „ჰერკულესი“ შეარქვა.
ივანე დიმიტრის ძე
ვანო აბულაძე დაიბადა სოფელ ჯუგაანში, ღატაკი, მრავალშვილიანი, გლეხის ოჯახში. 10 წლისას დედ-მამა დაეხოცა, დაობლდა, ჭიდაობა მისი მთავარი გასართობი და შეიძლება ითქვას, ობოლი ბავშვისთვის ერთგვარ თავშესაფრად, თვითგამოჩენის, გადარჩენის, საშუალებად იქცა. ჭიდაობა კი საოცრად მოხდენილად, თვალსასეიროდ გამოსდიოდა. მაყურებლებში ეს, რა თქმა უნდა, სიმპათიას იწვევდა, რაც უფრო ასაკი ემატებოდა, მით უფრო შორ-შორ სოფლებში, დაბებში, რაიონულ ცენტრებში, გადიოდა საჭიდაოდ. მეგობარს, მეგზურს, თუ ვერ ნახავდა ახლო-მახლო სადაც კი კარგი ჭიდაობა ტარდებოდა უფულო, მშიერი, ფეხშიშველი, მარტო მიეშურებოდა, თან განუყრელად დაჰქონდა ჩონგური, ამითიც აცნობდა, აყვარებდა, ჭიდაობის დაწყებამდე ხალხს თავს. შეჯიბრებაში საჭიდაოდ მოსულ მონაწილე ფალავნებს მუსიკის დაკვრით აცეკვებდა და ამით ტურნირისთვის ამზადებდა, ასე მუსიკის თანხლებით ახურებდნენ სხეულს იმ დროს მოჭიდავეები. ფანდურზე დაკვრაც, ჭიდაობისა არ იყოს, დიდებულად გამოსდიოდა. პარალელურად ლუკმა, პურის საშოვნელად ბალღობიდან სად არ მოუწია მუშაობა: ღამის მეხრედ, მეძროხედ, დღიურ შავ მუშად, მეცხვარედ. ცოტა რომ წამოიზარდა, ბევრი აღარ უფიქრია, დაავლო თავის ჩონგურს ხელი და დედაქალაქში გასწია, ღვინის სარდაფში დადგა მოჯამაგირედ. იმ დროის თბილისში უქმე დღეებში ჭიდაობა ყველა უბანში იმართებოდა და მდაბიო ხალხის ნომერ პირველ გასართობად ითვლებოდა, ვანოც არ აკლდებოდა ჭიდაობებს.
ერთი ასეთი ჭიდაობისას მეგობრებთან ერთად წასულ ქიზიყელს ამხანაგებმა სარბიელზე გადასვლა, ჭიდაობა სთხოვეს, ვანომ წაუქცეველი არავინ გაუშვა და იყო ასეთი წოდება „სახალხო ფალავნი“, რომლის სახელითაც შერაცხეს.
1 900 წელს მეგობრებთან ერთად ნიკიტინის ცირკს ესტუმრა, ეს ცირკი ქალაქში საუკეთესო შერკინებებს მართავდა. იმ დღეს ცირკში მთელი ამიერ და იმიერ კავკასიიდან იყვნენ ეგრეთ წოდებული „გასტროლიორი“ ფალავნები ჩამოსული. ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ზედიზედ, ეფექტურად, წააქცია ხმამაღლა, საჯაროდ, განუცხადა ყველას, ჩამოსულ გასტროლიორს, თუ მაყურებელს, ვისაც გული გერჩით, გამოდით დამეჭიდეთო. ვანო ძმაკაცებმა წააქეზეს, გადადი ჭკუა ასწავლე, იცოდე, არ შეგვარცხვინოო. ბაქია გასტროლიორს ისეთები ჩაუტარა კამბეჩუამ, რომ ტრაბახა მებრძოლი სირცხვილით თავჩაქინდრული გაიძურწა.
ამის მერე გაოცებულმა ორგანიზატორებმა კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფალავანი დააჭიდეს, უკლებლივ ყველა ცირკის წრეზე ლავაშივით გააკრა ქიზიყელმა.
ცირკის მმართველი ნიკიტინი გაოგნებული დარჩა, ეს რა ბრილიანტი ჩაგვივარდა ხელშიო და სასწრაფოდ პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმეს. აქედან დაიწყო ვანო აბულაძის თავბრუდამხვევი კარიერა, ცირკთან ერთად ჭიდაობა-ჭიდაობით შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, იმარჯვებდა ყველგან, მისი მარცხი ისტორიას არ ახსოვს. ყველგან გამოდიოდა ქართული სამოსით, ჩოხა ახალუხით და აუცილებლად ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას. გთავაზობთ ქიზიყელის რამდენიმე ჭიდაობის მოკლე ისტორიას, ამონარიდებს გაზეთებიდან და გამაოგნებელ სტატისტიკას.
„მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული უძლეველი მოჭიდავე, ჩემპიონი კავკასიისა, ქიზიყელი, რომელმაც გაიმარჯვა რუსეთის პირველხარისხოვან 12 - ჩემპიონატში, რისთვისაც პრიზად მიიღო: ოქროს დიდი მედლები და ვარსკვლავები, იწვევს ადგილობრივ მოჭიდავეს მილენს, ფრანგულ ჭიდაობაში, 1 000 მანეთ სანაძლეოზე.“ - წერდა ერთერთი გაზეთი. მსგავსი ამონარიდი მინსკის გაზეთიდან: „საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა ჩემპიონმა კოლოტინმა, მინსკის ცირკში მონაწილე მთელი ფალავნები დაამწკრივა, თითოზე 500 მანეთი სანაძლეო გამოაცხადა, ვინც დაეჭიდებოდა, ყველა დაფრთხა, მხოლოდ ვანო ქიზიყელი გადავიდა, მოწინააღმდეგე ისე მითეთქვ-მოთეთქვა, კოლოტინმა ხელი ასწია მთელი ხალხის წინაშე - ჭიდაობა აღარ შემიძლიაო. შორეულ აღმოსავლეთში, ერთ-ერთი სოლიდური საპრიზო ფონდის მქონე შერკინებისას დაამარცხა ჩემპიონატის უძლეველი მოჭიდავე უნგრელი ფრანც ბლანდეტი, რომლის დამარცხებისთვის როგორც მოჭიდავემ: „გამოჩენილი ჩემპიონის“, „მსოფლიოს ჩემპიონის“, „ჰერკულესის“ სახელი დაარქვა ხალხმა. ასპარეზობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავღანეთში, ირანში, ამერიკაში. წაქცეული ჰყავს იმჟამინდელი ყველა მსოფლიო დონის გამოჩენილი, სახელგანთქმული ფალავანი: ამერიკელი - ჟაკ ლევისი, ნიდერლანდელი ლურიხ მე-2, მსოფლიოს უძლიერესის ჩემპიონის სახელის დამჩემებელი გეორგ ლუნდი, ევროპის ჩემპიონი იან იააგო, ბუხარის სასახლის ფალავანი - კალინკინი (ამ მოგებისთვის ბუხარის ემირმა, დიდი ოქროს ჯაჭვიანი მედალი დაჰკიდა), წაქცეული ჰყავს იმიერკავკასიის პირველი ფალავანი ებრაელი დიკელმანი, რუსეთის აბსოლუტური ჩემპიონი ჩერნიშევი, ტანად გოლიათი, დევკაცი, იაპონელი საცურა, სპარსეთის აბსოლუტური ფალავანი - ყარაალი, საბერძნეთის ჩემპიონი - აპოსტოლუს აპოსტოლუ, სომხეთის პირველი ფალავანი - შაბლოიანი, (სომეხმა შესტირა, რაც ვჭიდაობ ჯერ არ წავქცეულვარ, როგორ გამაფუჭეო). დაამარცხა ჩემპიონები: გახტუროვი, ბოგატირიოვი და სხვა უძლეველი, მძლეთა-მძლის სახელის მქონე, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბის ფალავნები. 1922-1923 წლებში თბილისში პირველმა დააარსა ფიზკულტურის სკოლა, ასევე, დააფუძნა ერთ-ერთი პირველი სპორტსაზოგადოება „ატლეტიკი“, რომელიც 1923 წელს ხელოვნების მუშაკთა სამმართველოს (რაბისს.) გადასცა. ქიზიყელი, რაინდულ ქართულ ჭიდაობაში ფეხადგმული, სახალხო ფალავანი, ფიზკულტურის პირველი სკოლის დამაარსებელი, ბეჭდაუდებელი წავიდა მსოფლიო საჭიდაო სარბიელიდან.
ფოტო და საგაზეთო მასალა ლადო გოგიბედაშვილის არქივიდან. ზემოთ მოყვანილი ცნობები აღებულია 1923 წელს ერთ-ერთ გაზეთში
გამოქვეყნებული სტატიიდან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან