ჯაბა ხუხია: 20 წელია, დაუღალავად ვმუშაობთ, ვვითარდებით და ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს
ავტორი: „თბილისელები“ 15:00 18.11
ჯაბა ხუხიას სახელი ქართულ საავტომობილო მომსახურების ბრენდს „ჯუბას“ უკავშირდება, რომელიც მრავალი წელია, მაქსიმალური კომფორტის შექმნას ცდილობს ადამიანებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. „ავტო დახმარება ჯუბა“ განაგრძობს განვითარებას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და არსებულის სრულყოფით ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.
ჯაბა ხუხია: ქალაქ სენაკში დავიბადე და თბილისში გავიზარდე. უფლის მადლობელი ვარ განვლილი 51 წლისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ქართული ფესვები და ჩვენი ტრადიციები ჩემთვის ძალიან ძვირფასია – ასე ცხოვრობდა მამაჩემი, მისი წინაპრები და მეც ამ ტრადიციებით გავიზარდე. ვეცდები, იმავე გზით გავზარდო ჩემი შვილიც და თაობებს გადავცე ჩვენი ოჯახის ტრადიციები.
უფლის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რადგან მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. მადლიერი ვარ ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის. 60 ნათლული მყავს – ეს უდიდესი მადლია ჩემთვის.
– „ჯუბას“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
– წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესით ვიყავი დაკავებული. მახსოვს, 2005 წელი იყო. მანქანა გამიფუჭდა და ევაკუატორი ვერ ვიშოვე. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ამ სფეროში დამეწყო საქმიანობა. გადავწყვიტე, ყველა სხვა წამოწყება გვერდზე გადამედო და მთელი ენერგია ამ საქმისკენ მიმემართა. ასე შეიქმნა „ჯუბა“. უკვე 20 წელია, დაუღალავად ვმუშაობთ, ვვითარდებით და ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს. ჩვენი მომსახურება ბევრისთვის საჭირო და დროულია. საჭირო სიტუაციებში, პირველ რიგში, ჩვენ ვახსენდებით, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.
– დღეს რა მასშტაბებს მოიცავს კომპანია?
– „ჯუბას“ ფილიალები, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში გვაქვს – ყველა დიდ ქალაქს მოვიცავთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ოპერატიულად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა ავტოპარკის განახლება, რაც უკვე დაწყებულია. ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად მორგებულია ადამიანების საჭიროებებზე – ვთავაზობთ ყველა სახის დახმარებას, რაც ავტოსფეროს უკავშირდება. გვყავს 100-მდე სხვადასხვა ტიპის ტექნიკა – ავტომობილები, ტრაილერები, ამწეები, ავტოამწეები, სპეცტექნიკა. გვაქვს სამშენებლო და ინდუსტრიული გადაზიდვების სერვისიც.
– წლების განმავლობაში სასურველი სასიძო იყავით, თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმენით და ახალი სასწაულის მოლოდინში ხართ, მოგვიყევით ეს ისტორია...
– დიდი სამეგობრო მყავს და ჩემი პირადი ცხოვრება, ძირითადად, მეგობრებთან ურთიერთობა, ტრადიციული სუფრები და შეკრებები იყო. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, სუფრასთან გავიცანი ქალბატონი ვერიკო გავაშელიშვილი – ჩემი დღევანდელი მეუღლე. უფლის წყალობით, გადავდგი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შევქმენი ოჯახი.
გარკვეული პერიოდი შვილი არ გვყავდა. გულითა და რწმენით ვთხოვე მამა გაბრიელს, ეს სასწაული მოევლინა ჩვენი ოჯახისთვის. დავპირდი, რომ თუ ვაჟი დაიბადებოდა, მის სახელს დავარქმევდი – ხოლო გოგონას შემთხვევაში – გაბრიელას. მამა გაბრიელმა შეისმინა ჩემი ვედრება და თებერვალში გაბრიელის მამა გავხდები. ჩვენი ვაჟი ჩვენი ოჯახის ტრადიციებს ღირსეულად გააგრძელებს.
– უძველესი ტაძრის აღდგენა სენაკში...
– სენაკში, მამაჩემის სასაფლაოზე, აღვადგინეთ მეჩვიდმეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის აღდგენაც მამას უდიდესი სურვილი იყო. როგორც მეუფემ ბრძანა, ეს ყველას წილხვედრი არ არის და მადლობას ვწირავ უფალს, რომ ეს შევძელი. 15-კაციანი ბრიგადა დღე და ღამე მუშაობდა და ტაძრის სრულ აღდგენას 8 თვე მოვანდომეთ.
– სტუმართმოყვარეობამ რესტორნის გახსნაც გადაგაწყვეტინათ...
– მამაჩემი ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანი იყო და ეს თვისება, მგონია, გენეტიკურად გადმომეცა. მუდამ მასწავლიდა: გიყვარდეს სამშობლო, მეგობარი, სტუმარი... ამ რესტორანში არსებული თითოეული ნივთი განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია – გვაქვს საუკუნის ორღანი, ძველი სასმისები, ოჯახური რელიკვიები… ყველაზე მეტად მიყვარს ის სასმისი, რომლითაც ჩემი წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამ. ამ ტრადიციულ ქართულ რესტორანში ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე გადაწყვეტილა, თავადაც აქ გადავწყვიტე ოჯახის შექმნა, აქ ვთხოვე მეუღლეს ხელი… ხშირად ვამბობ, რომ ეს ადგილი მადლიანია – აქ ანგელოზები ბუდობენ.
– ქალაქში შევნიშნეთ ულამაზესი ფაეტონი, ცხენებით. საიდან გაჩნდა ეს იდეა?
– როცა ფაეტონი პირველად გამოვიყვანე ქალაქში, უცხოელების აღფრთოვანება გამოიწვია, მთავრობის აპარატიდან მადლობის წერილიც მივიღე. დღეს ამ ფაეტონით ტრადიციულ ქართულ ქორწილებს ვემსახურებით – გვყავს ექვსი ჯიშის ცხენი და ორი განსხვავებული რანგის ფაეტონი.
– როგორ დაახასიათებთ თქვენი ცხოვრების სტილს?
– ვცდილობ, ვიცხოვრო ღვთის შიშით. ვარ აღმსარებელი, ვეზიარები და არ მინდა ამ გზიდან გადახვევა. ყოველ ახალ დღეს ისე ვიწყებ, რომ უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ. შეცდომებზე ვსწავლობ და თავმდაბლობა ჩემი მთავარი ღირსება მგონია...
– რამდენ ადამიანს ასაქმებთ კომპანიაში?
– დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 100 ადამიანს ვასაქმებთ. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის – მათ შრომასა და ერთგულებაზე დგას კომპანია „ჯუბა“.
– თქვენი დაბადების დღე ახლოვდება, ჟურნალის სახელით გილოცავთ და მაინტერესებს თქვენი სურვილები...
– პირველ რიგში, ვისურვებდი საქართველოს გამთლიანებასა და მშვიდობას – ეს ჩემთვის ფასდაუდებელია. მადლობელი ვარ, რომ ბიზნესი თავისუფალია, ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას და გვაქვს საშუალება, შევქმნათ და მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვაკეთოთ ღირებული საქმე.
როგორც მამაჩემმა გამზარდა, იმ ტრადიციებით მინდა, ჩემი შვილიც აღვზარდო – უფლის რწმენასა და შრომის სიყვარულზე დაფუძნებული გზით. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, მინდა, ღირსეულად გადაიბაროს და წარმატებით გააგრძელოს ჩემი დაწყებული გზა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





