ის ურჩევნია მამულსა...
ავტორი: „თბილისელები“ 02:07

მედიცინა და მით უფრო ქირურგია მხოლოდ პროფესია არ არის, ეს შინაგანი მოწოდებაა, რაც ფოლადივით მტკიცე ნერვებს და სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დიდი სიზუსტით სიარულის უნარს მოითხოვს. ამ მიმართულებით რიგითი ვერ იქნები, ეს პროფესია წარმატებისთვის ითხოვს ყველაფერს – საკუთარი ცხოვრების გაღებას და შეუძლებლის შეძლებას, რაც ალბათ, ერთეულებს გამოსდით.
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ოჯახი, რომელსაც წადგენა არ სჭირდება, მათი გვარი ერთგვარი „ბრენდია“ ქართულ სამედიცინო სივრცეში, რაც ინოვაციურ ქირურგიულ მიღწევებსა და განსაკუთრებული სამედიცინო კულტურის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
საუბარი გვაქვს წარმატებულ ქირურგზე, ბადრი ალფაიძესა და მისი ოჯახის არანაკლებ გამორჩეულ პროფესიონალებზე.
ახალგაზრდა ქირურგის, ილია ალფაიძის სახელი დღეის მდგომარეობით არაფრით ჩამოუვარდება მამის ცნობადობასა და აღიარებას, რაც ბადრი ალფაიძის სიამაყის მიზეზია.
„ექიმობა არ ისწავლება, ექიმად უნდა დაიბადო“ – ეს ბადრი ალფაიძის სიტყვებია, რომელსაც საკუთარი მეხსიერების ათვლის წერტილად ექიმობაზე ოცნება მიაჩნია. მედიცინის დოქტორი და ქირურგი, ასოცირებული პროფესორი, მრავალი თაობის მასწავლებელი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი პირველია, ვინც ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით დანერგა.
ალფაიძეებში ექიმის პროფესია ოჯახური ტრადიციაა, რასაც ღირსეულად აგრძელებენ ბადრი ალფაიძის შვილები, ზოგადი და ონკოქირურგი – ილია ალფაიძე, მისი ტყუპისცალი – რევაზ ალფაიძე, რადიოლოგი, უფროსი ვაჟი – ნოე, თერაპევტი, რომელიც პოლონეთში მოღვაწეობს, ხოლო მამის მოსახელე – ბადრი, ფინანსისტი გახლავთ.
ბადრი ალფაიძე ყველა ზემოჩამოთვლილ მიღწევაზე მეტად, მთვარ სიამაყედ შვილის – ილია ალფაიძის წარმატებებს მიიჩნევს, რომლისთვისაც გამოცდილების გაზიარებას არასდროს იშურებს და ილიაც თავის მხრივ მამის კვალს დიდი წარმატებით მიჰყვება.
ილია ალფაიძისთვის მამა მთავარი მასწავლებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელია, რომელიც მუდმივად კრიტიკული თვალით უყურებს ყველა მის ნაბიჯს, მათთვის კლინიკური შემთხვევების განხილვა ყოველდღიური საუბრების მთავარი თემაა.
ილია თანაბარი წარმატებით აკეთებს ბარიატრიულ, მეტაბოლურ და ენდოკრინულ ოპერაციებს თანამედროვე ლაპაროსკოპიული მეთოდებით, რაც პაციენტისთვის ნაკლებინვაზიურობასა და სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
ილია დასავლეთ საქართველოში გახდა პირველი, ვინც განახორციელა:
- ლაპაროსკოპიული ტოტალური კოლპროქტექტომია ოჯახური პოლიპოზისა და მალიგნიზაციის გამო;
- რთული რეკონსტრუქციული ჩარევა განვითარებული ბარიატრიული ოპერაციის გართულების შედეგად;
- პანკრეატოდუოდენური რეზექცია პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნისას – კვლავ ლაპაროსკოპიულად;
- ლაპაროსკოპიული ბიპარციალური შუნტირება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
ეს ოპერაციები არ არის მხოლოდ კლინიკური მიღწევები – აღნიშნული პრეცედენტები ადასტურებენ, რომ რეგიონში არსებობს მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული ქირურგიული სამსახური.
ილიას, როგორც ქირურგის, გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ძნელად გადმოსაცემია მისი პიროვნული ღირსებების ის ნაწილი, რასაც ის პაციენტებთან ამჟღავნებს. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითს მისგან აიღებთ – ეს ერთ-ერთი ღირსებაა, რაც მამის შეგონებით ჩამოუყალიბდა. ბადრი ალფაიძის პაციენტები დაადასტურებენ, მის გამორჩეულ გულისმიერებას, თითოეული მათგანის მიმართ.
ილია 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში – სივრცეში, რომელიც მისთვის ყოველდღიური გამოწვევების, წარმატებისა და ადამიანურობის გამოვლენის მთავარი ადგილია. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, ილიასთვის მთავარი პროფესიული წარმატება უკავშირდება ქალაქს, სადაც დაიბადა და აღიზარდა, ქალაქს, სადაც უყვართ, ენდობიან, და სადაც მის კლინიკურ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ილია ალფაიძე დღეს ქმნის იმ სინთეზს, რაც მომავალ ქართულ მედიცინას სჭირდება – ტექნიკური სიზუსტე, ფართო კლინიკური ხედვა და ღირებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური პრაქტიკა. ის არ კმაყოფილდება მიღწეულით – მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებასა და განვითარებშია, რასაც მის პროფესიულ ოსტატობასთან ერთად, პრაქტიკაში უამრავი მადლიერი პაციენტი მოწმობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან