საზოგადოება

ირინა ტორონჯაძე: რჩევაზე უკეთესი რამაა რწმენა, რომ შენი სჯერათ

№17

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 04.05

ირინა ტორონჯაძე
დაკოპირებულია

ბლიც ინტერვიუ ირინა ტორონჯაძესთან 👇

სახელი: ირინა.

გვარი: ტორონჯაძე.

პროფესია: უფლებადამცველი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– დღეს უკრაინაშია საომარი მოქმედებები და ჩვენი 90-იანი წლები გამახსენდა: დედა რომ კატლეტებს წვავდა და ქილაში დებდა, თუ გაქცევა მოგვიწევდა, საჭმელი გვქონოდა... სამოქალაქო ომის პერიოდი მახსოვს, ფანჯრების დაცხრილვები შუა პეკინზე და ჭავჭავაძეზე. მაშინ 9-10 წლის ვიყავი და გარდამტეხ ასაკში მყოფი ბავშვისთვის ეს სიტუაცია ყველაზე სტრესული იყო.

– მშობლების როლი...

– გადამეტებულიც კი არის მათი როლი ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ეს ქართული კულტურის ნაწილია და არა ჩემი უნიკალური შემთხვევა – იმაზე მეტად არიან ჩართული ჩემს ცხოვრებაში და იმაზე მეტად მჭირდება მათი ყოფნა, ვიდრე საჭიროა. ერთი მხრივ, უზომოდ მადლობელი ვარ მათი ამ ყველაფრისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ვფიქრობ, ასეთმა დამოკიდებულებამ გამაზარმაცა და პასუხისმგებლობებს ჩამომაშორა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ვოცნებობდი ბალერინობაზე, მქონდა ძალიან კარგი პლასტიკა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– განათლებით ექიმი ვარ, სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ამ მიმართულებით რომ გამეგრძელებინა, არ ვიქნებოდი ურიგო ექიმი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი არჩევანი – დედას სურდა ექიმი ვყოფილიყავი. ბავშვობიდან საკუთარ თავს საჯაროობაში, ჟურნალისტიკაში, დებატებში, აქტივობაში ვხედავდი. მაშინაც კი, როცა ეს სიტყვები საერთოდ არ ვიცოდი, სულ გამოვირჩეოდი იმით, რომ არსებულ ნორმას ვეწინააღმდეგებოდი და სტერეოტიპების მიმართ პროტესტი მიჩნდებოდა.

– ჩემი მეტსახელი...

– „წუწუს“ მეძახდა მამა, წრუწუნადან მოდიოდა, თხელი ბავშვი ვიყავი და ამიტომ.

– ადამიანში ვაფასებ...

– რაც წლები გადის, უფრო ვხვდები, რომ ყველაზე ძვირფასია, როცა ადამიანს სხვისი პატივისცემა შეუძლია, ამაში ვგულისხმობ შემდეგს: განსხვავებული აზრის შემთხვევაში შენი მორალური, შინაგანი სტანდარტი არ მოგცემს საშუალებას; ზღვარს გადახვიდე და გალანძღო ან შეურაცხყოფა მიაყენო მას. არ შეიძლება, ადამიანს პიროვნულად აყენებდე შეურაცხყოფას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, რომ შენსავით არ ფიქრობს. ადამიანს პატივისცემის განცდა ჯერ საკუთარი თავის, ხოლო მერე სხვების მიმართ უნდა ჰქონდეს. მგონია, ასეთები არიან ყველაზე ზრდასრულები და კეთილშობილები, ასევე მიმზიდველებიც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ქმარში ამ თვისებამ მომხიბლა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ალბათ, ბედნიერი. შეიძლება, გქონდეს შემოსავალი, სამსახური, ოჯახი, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდე ბოლომდე შეირგო ეს ყველაფერი, რაღაც ნეგატივს ეჯაჭვებოდე, უკმაყოფილო იყო. სხვისთვის წარმატებული ჩანდე, მაგრამ ვერ პოულობდე შენი ბედნიერების წერტილს. ვიცი ადამიანები, რომლებიც გარეშე თვალისთვის წარმატებულები არიან, მაგრამ ჩემთვის წარმატება ბედნიერების შეგრძნება უფროა. ცალკე წარმატება იმდენად ფასეულად არ მიმაჩნია, რამდენადაც ბედნიერებასთან ერთად დაწყვილებული. ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის აუცილებელია საყვარელი საქმე, ოჯახი, დაბალანსებული მოცემულობა, სადაც ნამდვილად არის წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა.

– მწამს...

– იმის, რომ რაღაც ჩვენზე უფრო მაღალი ძალა არსებობს, რომელსაც ეგზისტენციალები, ალბათ, სამყაროს ეძახიან, მორწმუნეები – ღმერთს, ყოველი შემთხვევისთვის ნამდვილად არსებობს რაღაც ჩემზე მეტი და დიდი, რომელიც ჩემშიც არის და ჩემს მიღმაც. თუ ამ ძალასთან თანხვედრაშია ჩემი ნება, სწორად თუ გამოვიცანი ჩემი დანიშნულება და ჩემი შინაგანი ნება დაემთხვა სამყაროს ზრახვებს, მაშინ ეს იქნება ბედნიერება, ანუ მდგომარეობა, როცა ბედთან თანხვედრაში ხარ.

– მეშინია...

– შიშები ყოველთვის არის, შესაძლოა, ამ შიშმა ეჭვის ფორმა მიიღოს ან კონკრეტული ფორმის – სიკვდილის, ავადმყოფობის და ასე შემდეგ, მთავარია, მე, ვისიც უნდა მეშინოდეს, ვახერხებდე ბალანსს. იქ სადაც შიშია, მეორე მხარეს აუცილებლად იქნება ძალა, რწმენა, სიყვარული, რომელიც დაკავშირებულია უშიშროებასთან. შეიძლება, იმ წუთას რაღაცის შემეშიდნეს, მაგრამ დისტანცირება უნდა მოვახერხო, არ უნდა დავაფიქსირო, რომ მეშინია, რადგან მე თავისუფლად შემიძლია გარეთ გასვლა და ამ შიშზე გარედან შეხედვა. ამიტომ შიშის ფიქსირებულ ფორმულირებას ვერიდები ხოლმე.

– მაკვირვებს...

– უსამართლობის ხარისხი ადამიანებში. ჩემთვის ბავშვობიდან მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობის განცდა. თუ ვიღაც დაიჩაგრებოდა ან თავად ვიგრძნობდი თავს ასეთად, ეს ჩემში დიდ პროტესტს იწვევდა. ამიტომ ყოველთვის ვებრძოდი სტერეოტიპებს, ჯერ შენაგანად და მერე საჯაროდ, როგორც შევძელი. მაკვირვებს, როგორ ცვლიან ადამიანები სტანდარტებს მათი სასურველი მდგომარეობის მიხედვით, რასაც ერთ მომენტში ცუდს არქმევენ, მეორე მომენტში უცებ კარგი ხდება.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– სამართლიანობისა და მიმტევებლობის, სხვისი პატივისცემის.

– ბედისწერა...

– ბედისწერა ჩემთვის ბედთან თანხვედრაა და არა ის, რომ წინასწარ არის რაღაც განსაზღვრული. მჯერა, ადამიანს თავისი კოსმიური დანიშნულება აქვს, თუ მე მივხვდი, ჩემი უნიკალურობა რაშია და რა მოლოდნი აქვს სამყაროს ჩემგან, ეს თუ ამოვიცანი და მისკენ ნაბიჯები გადავდგი, მაშინ მთელი სამყარო დამეხმარება. როცა მიიღებ შენს ბედს, ამას ვეძახი ბედისწერას. კარმა მუშაობს. რაღაც მომენტში შესაძლოა, ისეთი წინააღმდეგობები შეგხვდეს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ გადაუხვიე შენს გზას. მოკლედ რომ ვთქვათ: როცა დაემთხვევი საკუთარ ბედს, ბედნიერი ხარ, როცა გადაუხვევ – დისონანსია სამაყაროსა და შენს თავში.

– სიყვარული არის...

– ისევ პატივისცემა. როცა შენი საზღვრები გაქვს და სხვისას პატივს სცემ. ჩემთვის ეს ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.

– უპატიებელია...

– ალბათ, ის, როცა მეორე ადამიანი მიზანმიმართულად დაგიშავებს, თან, არც ამის აღიარება უნდა, არც ბოდიშის მოხდა. ადამიანი, რომელიც არ ითხოვს პატიებას, მას რა უნდა ვაპატიო? რომც ვაპატიო, მაინც არ აინტერესებს. სხვა მხრივ, ალბათ, ადამიანურობის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება, აპატიო.

– შემშურებია...

– ალბათ, უეცარი გრძნობა გამჩენია: მეც რომ ასე მექნა, ასე რომ გამეკეთებინა... მაგრამ ეს არ გადამსვლია გრძელვადიან მდგომარეობაში. უცებ მიგრძნია, თუმცა მივმხდარვარ ამ ყველაფრის მაბალანსებელია; შენს ოცნებებს მისდიო. ამ არაჯანსაღ ემოციას შეიძლება, სწორი კალაპოტი მისცე, რაც შური კი აღარ არის, არამედ საუკეთესო მოტივაციად გადაქცევა. ნამდვილად ვერ დავაბრალებ ჩემს თავს, რომ ვინმესი რამე შემშურებია, საკუთარ თავთან მქონია ბევრი მოთხოვნა და ახლაც მაქვს – ბევრი შრომით ყველაფერს შეგიძლია მიაღწიო.

– სამაგიეროს გადახდა...

– ერთხელ მქონდა მსგავსი შემთხვევა, საჯაროდ ვამხილე ერთი ადამიანი და ეს ფაქტი მისთვის არ იყო სასიამოვნო. სამაგიეროს გადახდა არ მახასიათებს, ბავშვურად დამუქრება ვიცი: ა, ასე იქცევი, მაშინ მე ასე ვიზამ. არ ვთვლი, რომ სამაგიეროს გადახდა სწორია, რადგან ცხოვრება ისედაც მშვენივრად აბალანსებს რაღაცებს – ვინც დაგჩაგრა, აუცილებლად გაეცემა პასუხი.

– ვნანობ...

– იმ დეპრესიულ პერიოდში, როცა პროფესიის ცვლილება გადავწყვიტე, ყველაფერს ვნანობდი, თავიდან მინდოდა გაჩენა და ამ ყველაფრის მერე ფსიქოლოგიურად მართლაც თავიდან დავიბადე. იმდენად ბევრი რამეა, რაც დასაფასებელი მაქვს, სისულელეა სინანული.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, რაღაც ასაკიდან მივხვდი, რომ ბოდიშის მოხდა შენ გათავისუფლებს. ბევრად კომფორტულია, ბოდიში მოიხადო და განაგრძო ურთიერთობა, ვიდრე ორივე მხარე დაიბოღიმოს.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ყველაზე ახლო წარსულიდან – ზუსტად 3 წლის წინ მე და ჩემი ქმარი „დედა ენის“ დღეზე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია და ალბათ, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემი ბიძაშვილი, დაახლოებით, 40 წელია, რაც ინგლისში ცხოვრობს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვისი აზრის პატივისცემა, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული რამ. რჩევაზე უფრო მეტად მისგან ჩემ მიმართ რწმენა მახსოვს, ნებისმიერ მომენტში, ხშირად მეუბნებოდა: მე ვხედავ, შენ კარგად იქნები, მე შენთვის ვლოცულობ. არ მიყვარს რელიგიური პათეტიკა, მაგრამ იმდენად გულწრფელად მეუბნებოდა ამას, რომ მისი რწმენის დავიჯერე. დღესაც, როცა რაღაც კრიზისული მომენტი მაქვს, თითქოს მისი ხმა ჩამესმის. რჩევაზე უკეთესი რამაა რწმენა, როცა შენი სჯერათ. შეიძლება, რჩევა ბევრმა მოგცეს, მაგრამ ის, რომ შენი სჯეროდეს – იშვიათი ნიჭია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი