ირინა ბაირამაშვილი: შემეძლო, 20 ათასი ლარი ერთ დღეში დამეხარჯა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:08
ფულთან ურთიერთობა და ფინანსების მართვა – როგორ გამოდის ეს საკითხი მომღერალ ირინა ბაირამაშვილს, რა ასაკიდან აქვს მას საკუთარი შემოსავალი და რის შემდეგ დაიწყო ფინანსების პრაგმატულად ხარჯვა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირინა ბაირამაშვილი: მეცხრე კლასში ვიყავი, სკოლაში ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც დღეს ჩემს შვილს ასწავლის და რომელიც ძალიან მიყვარს, ზეიმს მართავდა. მანაც და საერთოდ, ყველამ იცოდა, რომ კარგად ვმღეროდი და მთხოვა, მისი მოსწავლეები მომემზადებინა. მართლა ძალიან კარგი ბავშვები ჰყავდა და მოვამზადე. ყველას ისე მოეწონა, რომ მშობლებმა მითხრეს, მოდი, ჩვენი შვილები მოამზადეო. სახლში არაფერი მითქვამს, ჩუმად დავიწყე ბავშვების მომზადება. მათთან სახლში მივდიოდი და ერთ ბავშვს ხუთ ლარად ვამზადებდი, სულ ხუთი მოსწავლე მყავდა (იცინის).
პირველი ხელფასით დედაჩემს თვალის ფანქარი ვუყიდე, ბებიას – კოლგოტი, ბიძაშვილს – დეოდორანტი და ასე შემდეგ (იცინის).
მერე ყველაფერი გაირკვა და დედაჩემი გადაირია (იცინის).
ამ ყველაფრის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი ამ მიმართულებით მუშაობაზე. მერე უკვე სკოლაში მიმიწვიეს მასწავლებლად, მაშინ უკვე დამთავრებული მქონდა სწავლა. ამასობაში გადავწყვიტე, საკუთარი სტუდია გამეხსნა, სადაც 60 მოსწავლე მყავდა. ამ პერიოდიდან უკვე კარგშემოსავლიანი გოგო ვიყავი (იცინის). 21-22 წლიდან უკვე კარგი შემოსავალი მქონდა.
„ჯეოსტარის“ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შემოსავალიც გაიზარდა, რადგან ბევრი შემოთავაზება გაჩნდა, კონცერტები მქონდა და ასე შემდეგ.
– როცა პირველად გამოიმუშავე მაღალი შემოსავალი, ასაკით არც ისე დიდი იყავი და როგორ ანაწილებდი?
– მე ძალიან მფლანგველი ვარ. ცხოვრებაში ყულაბა არ მქონია და ფული არ შემიგროვებია. დღემდე არ ვიცი ფულის ყადრი. ახლა ოჯახი მაქვს და უფრო მეტად ვაკვირდები ამ საკითხს, მაგრამ ჩემთვის ფული დღესაც ხელის ჭუჭყია. მე ფული არ მაბედნიერებს. სულ ვჩხუბობ ხოლმე ამაზე. მეუბნებიან, ფული როგორ არ გაბედნიერებსო?! ფული მჭირდება, თორემ საერთოდ არ მაბედნიერებს. ზოგადად, ერთი სული მაქვს, ფული დავხარჯო.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც თანხა დაგიბანდებია?
– ერთ-ერთ ახალ წელს, ძალიან დიდი ჰონორარი გადამიხადეს და ამ თანხით მანქანა ვიყიდე. ძალიან ბევრს დავდიოდი და მჭირდებოდა, თორემ დიდი სურვილი არ მქონია. ეს მანქანა ძალიან მალე ჩემს დას ვაჩუქე, მე დღემდე არ მაქვს მართვის მოწმობა. მივხვდი, რომ არ ვიყავი კარგი მძღოლი, მანქანა ჩემთვის არ არის შექმნილი. საერთოდ, ხან ჩემი მეუღლე მატარებს, ხან და, ხან ბიძაშვილი – აწყობილი მაქვს ცხოვრება (იცინის). რომ ვუფიქრდები, თანხის დაგროვება არ შემიძლია, მაშინაც დიდი ჰონორარი ავიღე და ამ საქმისთვის გამოვიყენე, თორემ რამისთვის ფულის შეგროვება ჩემთვის არარსებული ამბავია.
– რაში არ გენანება ფული?
– ტანსაცმელში ფული არ მენანება. პრინციპში, არაფერში არ მენანება, თუმცა ძვირიან ნივთებს არ ვყიდულობ. ვფიქრობ, ბევრი ფულიც რომ მქონდეს, ძვირის გადახდა მაინც არ მეყვარებოდა. მე არ ვარ სნობი, ბრენდებზე არ მაქვს გართულება. შემიძლია, ას ლარად ძალიან მაგარი ლუქი ავაწყო. ისე მაგრად ჩავიცვამ, რომ ვიღაცამ შეიძლება, ასე 20 000 ლარად ვერ ჩაიცვას. შეიძლება, ლუქისთვის მეორადებშიც შევიძინო სამოსი გაცილებით ნაკლებ ფასად. როცა მჭირდება და რამდენიც, იმდენს ვხარჯავ. არ მაქვს მოთხოვნილება, რომ რამე ძვირიანი უნდა შევიძინო. ფული და ძვირად ღირებული ნივთები არ მანიჭებს ძალაუფლებასა და სიამოვნებას. ჩემი ქმარი მახსენებს ხოლმე, რომ სამი თვის წინ, ზუსტად 12 „მეშოკი“ ტანსაცმელი გავიტანე და გავაჩუქე. ზოგჯერ არც მახსოვს ხოლმე, რა ვიყიდე. ოჯახმა ბევრი რამ მასწავლა. ჩემი ქმარი არ არის მფლანგველი. უზომოდ გულკეთილია, ფული საერთოდ რომ არ გვქონდეს და მეგობარმა ასი ლარი სთხოვოს, სხვას გამოართმევს და მეგობარს დაეხმარება. მერე, ხომ იცით, წყვილი ერთმანეთს ემსაგავსება და ეტყობა, მისი დამსახურებაა, რომ ამ ამბავში ცოტა „დავატორმუზე“ და ძველებურად მფლანგველი აღარ ვარ. თორემ, შემეძლო 6 ათასი ლარი, მეტიც 20 ათასი ლარი ერთ დღეში დამეხარჯა. წავსულიყავი დასასვენებლად, ათასი რაღაც მეყიდა, ჩამოვსულიყავი, კიდევ წავსულიყავი. მე უსაზღვროდ მიყვარს ფულის გაჩუქება. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ, როცა ოჯახს ქმნი და შვილების წინაშე პასუხისმგებლობებს იღებ, მერე უფრო პრაგმატული ხდები და მეც ნელ-ნელა ასეთი გავხდი.
– შვილების მომავალზე როგორ ზრუნავ მატერიალური თვალსაზრისით?
– შვილების დაბადების შემდეგ მივხვდი, რომ ამაზე ზრუნვა აუცილებელია. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ, იმდენი საშუალება მქონდეს, რომ ჩემი შვილების საჭიროებები უზრუნველვყო, რომ მათში სწორად დავაბანდო ფული. მაგალითად, ჩემი შვილი რაგბიზე დადის, თებერვალში სხვა ქვეყანაში აქვს თამაში და ღმერთს ვთხოვ, ასეთ დროს ყოველთვის მქონდეს იმის საშუალება, რომ შვილის განვითარებას ხელი შევუწყო, რომ უფულობის გამო უარის თქმა არ მომიწიოს. ჩემს მეორე შვილს უნდა სუხიშვილების მოცეკვავე იყოს, მისთვისაც მინდა, ყველაფრის გაკეთება შევძლო, რაც მშობლის ვალია, რომ მიზანს ბოლომდე მიაღწიოს. აი, დღეს ჩემთვის ეს არის ფულის დანიშნულება – ჩემი შვილების მომავალი, მათი ხელშეწყობა. არ მინდა, დრო გავიდეს და შვილებმა მითხრან, რომ ფინანსების ნაკლებობის გამო მათ განვითარებაში ხელი ვერ შევუწყვე. აი, ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ.
ჯერ შორეული ამბავია, მაგრამ საშუალება რომ მქონდეს, სახლებსაც სიამოვნებით ვუყიდდი, თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ფული რით გაქვს ნაშოვი. რა ფულით ქმნი შვილების მომავალს. ჩემი და ჩემი მეუღლის პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულს სიამოვნებით ჩავდებ შვილების მომავალში.
– შენი დაკვირვებით, ფული ცვლის ადამიანებს?
– ძალიან ცვლის. 99 პროცენტით ცვლის, სულ სხვანაირს ხდის. ვიზუალურადაც ცვლის და შინაგანადაც. თუმცა, საბედნიეროდ, მყავს გვერდით ადამიანები, რომლებსაც დღეს დიდი ფული აქვთ, მაგრამ ისევ ისეთები არიან, როგორებიც მანამდე იყვნენ. სამწუხაროდ, ცოტა რჩება უცვლელი.
ფულის სიყვარულს ბევრი ცუდი მოაქვს, ვალები, სუიციდი და ასე შემდეგ, ამიტომ მე ცოტა მეშინია ბევრი ფულის. ერთხელ ჩემმა დაქალმა მითხრა, ვგიჟები, შენ და შენი ქმრის სიყვარულზე, საერთოდ თქვენს წყვილზე და შვილებზეო. თქვენი ყველაფერი მომწონს, მაგრამ ერთადერთი, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრად მოგიხდებოდათ „ლაქშერული“ ცხოვრებაო. ეს ვის არ მოუხდება, რა სჯობია, მე და ჩემი ქმარი, რომ ხვალ ბალიზე მივდიოდეთ; რომ საშუალება მქონდეს, ყველა შვილს საკუთარი ძიძა ავუყვანო, მაგრამ მე მეშინია, მერე რაღაცები არ გაფუჭდეს. როგორ არა, კარგი ცხოვრებით ბედნიერი ვიქნებით, მაგრამ წამიერი მგონია ეს ყველაფერი. მერე რა ხდება? ვთქვათ, მილიონერი ვარ, მერე რა ხდება, როცა ყველაფერი ვნახე, „ჰერმესის“ ორიგინალი ჩანთა მაქვს, „შანელის“ ვიაიპ კლიენტი ვარ, მერე? მე არ მაქვს ამის ინტერესი, არ მიზიდავს, პირიქით, შიში მაქვს. ჩემთვის მთავარი ჯანმრთელობაა, რომელსაც ფულით ვერ იყიდი. მე მხოლოდ იმდენი მინდა, რამდენიც მე და ჩემს ოჯახს გვჭირდება ნორმალური ცხოვრებისთვის. მინდა, შვილებს სწორი განათლება მივცე, რომ სწორ გზაზე დავაყენო და მერე რაც დასჭირდებათ, ყველაფერი დამოუკიდებლად მოიპოვონ. ერთხელ ბავშვი მეუბნება, თვითმფრინავი მინდა, რატომ არ გვყავს, მგონი, ჩვენ ღარიბები ვართო (იცინის). ვუთხარი, რომ გაიზრდები და წარმატებული იქნები შენს საქმეში, ძალიან კარგი განათლება რომ გექნება, მერე იყიდე თვითმფრინავი, შენი შემოსავლით-მეთქი. იყვნენ ისეთები, რომ თვითონ აისრულონ თავიანთი სურვილები. ჩემთვის მთავარია, მე კარგი განათლება მივცე და გზა გავუკვალო მომავლისკენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





