საზოგადოება

ირაკლი წერეთელი: თუ ქალი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერს, ის ქალურობას კარგავს და დედაკაცად ყალიბდება

№12

ავტორი: ეთო ხურციძე 21:00 01.04, 2021 წელი

ირაკლი წერეთელი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ირაკლი წერეთელთან 👇

სახელი: ირაკლი.

გვარი: წერეთელი.

პროფესია: პოლიტიკოსი.

– ბავშვობა...

– შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, რადგან ძალიან კარგი მშობლების ოჯახში ვიზრდებოდი. ზაფხულობით სოფელში მივდიდი ხოლმე და მახსოვს, იქ უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე თბილისში. არ მიყვარდა შემოდგომა, რადგან სკოლა იწყებოდა. გარდა იმისა, რომ სკოლა დაკავშირებული იყო სწავლასთან, ასევე, რეჟიმთან და დისციპლინასთან ასოცირდებოდა, რაც არ მხიბლავდა – ბავშვობიდან თავისუფლება მიყვარს. სკოლაში ხშირად ვიყავი შატალოების ორგანიზატორი. ერთხელ მე-7 კლასში მოვაწყვე ორგანიზებული შატალო, მთელი ჯგუფი წავედით. გავარღვიეთ სკოლის კარი და გავიქეცით. ჩავიარეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც დედას დაწესებულება იყო. დედამ, თურმე, ქურთუკით მიცნო, გამოვიდა და ბავშვებს წინ გადაგვიდგა, თუმცა სკოლაში მაინც ვერ მიგვაბრუნა.

– მშობლების როლი...

– საქართველოს, პოეზიის, ლიტერატურისა და კლასიკური ხელოვნების სიყვარული მშობლებმა ჩამინერგეს. დედა იყო გეოფიზიკოსი, ამ მიმართულებით საქართველოში პირველი დოქტორი ქალი. მამა – ფილოლოგი, ჟურნალისტი. მისი ახლო მეგობრები იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი. ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან და მე ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი მათ საუბარს. მათგან წამოსულ ინფორმაციას, როგორც მშიერი ადამიანი ლუკმას, ისე ვყლაპავდი. როცა პოლიტიკაში გავაქტიურდი და ჩემს თავისუფლებას საფრთხე შეექმნა, კარგი გაგებით, ყველა ამბობდა, ნეტავ ირაკლისთვის თავისუფლების ასეთი სიყვარული არ ჩაგვენერგაო. ეროვნული მოძრაობის დროს კი ამაყობდნენ: ჩვენ რასაც ვეუბნებოდით, გაგვიმართლაო.

– პირველი წარმატება...

– პირველ დიდ წარმატებად მიმაჩნია, როცა რამდენიმე მეგობართან ერთად შევქმენი ფარული, კონსპირაციული ორგანიზაცია „გორგასლიან-დავითიანი“, სადაც 1981-82-83 წლებში შევიმუშავეთ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური თეორია საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ჩვენი ხელმოწერით შეიქმნა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც მერე საფუძვლად დაედო დიდი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიან კონცეფციას დამოუკიდებლობის შესახებ. დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ვიყავი პოლიტპატიმარი, ვერ გამტეხეს, მუხლი ვერ მომადრეკინეს და მერაბ კოსტავას მსგავსად, ღირსეულად ვატარე ეს სტატუსი. ჩემი გათავისუფლება უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, პრინციპულ და კატეგორიულ მოთხოვნას.

– ადამიანში ვაფასებ...

– ადამიანი იყოფა ორ ძირითად მოცემულობად: კაცი და ქალი. ეს ორი სხვადასხვა, საწინააღმდეგო სქესია და ბუნებრივია, ის, რაც უხდება ქალს, არ მოუხდება კაცს. უფრო კონკრეტულად, კაცში, უპირველეს ყოვლისა, ვაფასებ გამბედაობას და სიმამაცეს, მერე – საბრძოლო შემართებას და იდეებისადმი ერთგულებას. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საბრძოლო შეიარაღებას და ფორმას. კაცი შეიძლება, იყოს მწერალი, მასწავლებელი, სპორტსმენი, მაგრამ ღირსეულად იბრძოდეს წარმატებისთვის, აი, ამ შემართებას ვაფასებ. მამაკაცი არ უნდა იყოს ბოროტი, კაცს უხდება კეთილშობილება. თუ ის მორწმუნეა, ეს ხომ საერთოდ გვირგვინს ადგამს მის ღირსებას. რაც მთავარია, მამაკაცს ამშვენებს გვერდით მეუღლე, შესაბამისად, კაცი არ უნდა დარჩეს უცოლო. რაც შეეხება ქალს, უპირველეს ყოვლისა, ვაფასებ მშვენებას და სილამაზეს. კარგია, თუ ხორციელ სილამაზეს სულიერი სილამაზეც ახლავს, რადგან მძიმე ხასიათის ქალთან ცოტა რთულია ურთიერთობა. ქალს არ ვთხოვ დიდ გამბედაობას. მიყვარს ისეთი ქალები, რომლებიც, კარგი გაგებით, დამოკიდებულები არიან მამაკაცზე. თუ ქალი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერს, ის კარგავს ქალურობას და დედაკაცად ყალიბდება.

– მწამს...

– ღმერთისა და ყველა იმ სათნოების, რომელიც ღმერთიდან მოდის: თავისუფელბა, სიყვარული, იმედი...

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი არის უზენაესი, უმაღლესი, უდიადესი, უპირველესი და უმთავრესი ღვთაებრივი ძალა. ოღონდ ის არის აუცილებლად ცოცხალი სუბიექტი და პიროვნება, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს ჰგავს ფიზიკურად. ის ცოცხალი, მოაზროვნე ზეპიროვნება და ზესუბიქტია.

– ვრისკავ...

– ისეთ საკითხებში, რაც მიყვარს და მიზიდავს. რაც არ მაინტერესებს, იქ რისკი არ მიყვარს. სიყვარული არ არსებობს მსხვერპლშეწირვის გარეშე. გიყვარს, ის ვისთვისაც და რისთვისაც თავი უნდა გაწირო, გარისკო. უგუნურებად მიმაჩნია იმისთვის თავგანწირვა, ვინც არ გიყვარს.

– ვერიდები...

– ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობას. ცოლი მოვიყვანე და მის განაწყენებას განსაკუთრებით ვერიდები ხოლმე.

– ბედისწერა...

– როცა ადამიანი თავისი ცხოვრებით სცილდება ღმერთს და ჭეშმარიტებას, მერე ის ბედისწერის კლანჭებში ვარდება და საკუთარი ბედისწერის მსხვერპლი ხდება. ზოგს ბედისწერა ესმის ისე, თითქოს ადამიანს დაბადებიდან წინასწარ აქვს განსაზღვრული, რა უნდა გააკეთოს, ეს ტყუილია. ადამიანი თავისი ყოველდდღიური მოქმედებით განსაზღვრავს თავის მომავალს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხოვრება ღვთის გადმოსახედიდან არის ღირსეული, მართალი და სწორი, მაშინ ბედისწერის კლანჭებს ასცდება.

– სიყვარული...

– მაქსიმალური სიახლოვე და ტკბობაა, ვინც და რაც გიყვარს. სიყვარული არის ის, რაც ადამიანს განაცდევინებს სიხარულს, სილამაზეს და ყველა ჯანსაღ ემოციას, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს თავისუფლებით გადმოცემული. სადაც ძალადობაა, იქ არ არის სიყვარული. სიყვარული დიდი ნიჭი და დიდი სათნოებაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და არსებობას უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ეს ყველაფერი – პოზიტიური გაგებით, მაგრამ არსებობს სიყვარული, რომელიც სიგიჟეში გადასდით. როცა იმ ადამიანში, ვინც უყვართ ცუდს ვერ ხედავენ, ამ შემთხვევაში ადამიანის „დაბრმავება“ ხდება. აჩემებას საერთო არ აქვს სიყვარულთან, ასეთი გრძნობა ძალიან საბედისწეროა.

– დრო და სიყვარული...

– ჭეშმარიტი სიყვარული დროს არ ექვემდებარება. თუ შენ ადამიანი ან რაღაც იდეა შეგიყვარდა და მერე მოგბეზრდა, ესე იგი, არ გყვარებია. სიყვარული მარადიულია.

– ის, რაც უპატიებელია...

– პირდაპირი მნიშვნელობით – სამშობლოს ღალატი, რომელიც მიმართულია საქართველოს თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისაკენ. ასევე უპატიებელია საქართველოს მიწა-წყლის ნებაყოფლობით დათმობა. ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს სიბოროტის გარდა. შეიძლება, შეგეშალოს და დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას მუდმივი სახე არ უნდა ჰქონდეს. როცა ადამიანი კაცთმოძულეა, ჩემთვის ეს უკვე უპატიებელია.

– მეშინია...

– სირცხვილის და უღირსობის. ისეთი საქციელის, რომელიც გამოიწვევს ჩემს გამასხარავებას. ვცდილობ, არ ვთქვა ისეთი რამ, რაც სამარცხვინო იქნება.

– სამაგიერო გადამიხდია...

– ყოველთვის კეთილად. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და სამაგიეროს გადახდა მორიელის ერთ-ერთი თვისებაა.

– ბოდიშის მოხდა...

– ადრე მიჭირდა, ბავშვობაში, როცა ნაკლებად გონიერი ვიყავი. როცა არ ხარ მართალი, ბოდიში აუცილებლად უნდა მოიხადო. უბრალოდ, ბოდიშის მოხდა მიადვილდება ჩემზე სუსტის წინაშე. მას, ვისაც ჩემზე მაგარი ჰგონია თავი და ვინც ბოდიშის მოხდას შიშში და ლაჩრობაში ჩამითვლის, ქვეყანაც რომ დაინგრეს, ბოდიშს არ მოვუხდი.

– ვნანობ...

– იმას, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც ადრე ეროვნულ მოძრაობაში ვნახე, მაშინვე არ შევიყვარე და შევირთე. ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებას... ასევე, რომ ჩემი ენერგია და პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვიყენე იმისთვის, ბევრად წარმატებული და ძლიერი, რომ ვყოფილიყავი.

– რთული პერიოდი...

– მთელი ჩემი ცხოვრება არის რთული პერიოდი. ეროვნული მოძრაობის დრო ჩემთვის იყო ოქროს ხანა, რადგან მაშინ საქართველო იყო ძლიერი და სახელოვანი, შესაბამისად, მეც ძლიერი და სახელოვანი ვიყავი. ისე მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია: ეკონომიკურ, ფინანსურ, სოცალურ გასაჭირთან და სიდუხჭირესთან. ბევრი საყვარელი ადამიანი გარდამეცვალა და კიდევ ბევრი სხვადასხვა ტრავმა ყოფილა. როცა პოლიტპატიმარი ვიყავი, ის პერიოდი ჩემთვის ფიზიკურად იყო რთული, თორემ ისე საქართველოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისთვის ვიყავი დევნილი და პატიმარი, რაც ნამდვილად საამაყო იყო.

– არასოდეს დამავიწყდება...

– 9 აპრილი, ის დღე, როცა გავიცანი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია. დაუვიწყარია ჩემი ქალიშვილის დაბადება და პირველი ქორწინება. არც ის მავიწყდება, ჩემი ახლანდელი ცოლი პირველად რომ ვნახე ეროვნულ მოძრაობაში.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ყველა ამბობს, რაც მეორე ცოლი მოიყვანე, გამომეტყველება უფრო ხალისიანი გაგიხდა და ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებიო. უკეთესობისკენ შემცვალა 9 აპრილმა, ჩემმა პოლიტპატიმრობამ და ღირსეულ ადამიანებთან მეგობრობამ.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– რამდენიმე რჩევა დამამახსოვრდა. პირველი ჩემი ბიძაშვილის: ცხოვრებაში მთავარია, არ დაიბნეო. მეორე – მამამ მითხრა, ყოველთვის შეეცადე, დაფარო და არ გამოამჟღავნო შიში და სილაჩრეო. მესამე: ურთიერთობაში არავის არასოდეს ჩამოეკიდო კისერზე, ყოველთვის დამოუკიდებლად იდექიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი