ინგა ბერაძე: ჩემი გადამეტებული ემოციები ხელს მიშლის ცხოვრებაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00
ინგა ბერაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ინგა ბერაძე?
ინგა ბერაძე: მე ვარ მართმადიდებელი ქალბატონი, რომელიც აღზრდილია ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ უნდა ვაკეთო სიკეთე, უნდა მიყვარდეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, კეთილია ის, ბოროტი, მტერი თუ მოყვარე და ვიყო ერთგული. ვფიქრობ, ასეთი ვარ.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– კარგად ვგრძნობ თავს მაშინ, როდესაც ჩემი ახლობელი ადამიანები კარგად არიან. ღმერთს ვევედრები მათ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, დღეგრძელობას.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური ვარ. ხანდახან ჩემი გადამეტებული ემოციები ხელს მიშლის ცხოვრებაში. ყველაფერი გულთან მიმაქვს, ყველას დარდი მტკივა, ყველას წუხილი მაწუხებს. ჩვენი ოჯახების, ქვეყნის პრობლემები თავს ძალიან ცუდად მაგრძნობინებს.
– რის გამო გიტირიათ ბედნიერების თუ ტკივილიანი ცრემლით, რაც განსაკუთრებით გახსოვთ?
– სევდიანი ამბით დავიწყებ. ვიტირე, როცა დედის გარდაცვალების შესახებ გავიგე. თითქოს შეგუებულები ვიყავით, დიდხანს ავადმყოფობდა. ბოლოს უკვე საავადმყოფოში იყო. მიუხედავად ამისა, როცა შეგვატყობინეს, რომ გარდაიცვალა, ვეღარ გავუძელი, ძალიან ბევრი ვიტირე.
ძალიან დიდ სიხარულთან დაკავშირებული ცრემლები ჩემი შვილის დაბადებას მოჰყვა. მე და ჩემს მეუღლეს შვილი დიდხანს არ გვყავდა. გიგი ჩვენი ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ მოევლინა ამქვეყანას. როდესაც პირველად შემოიყვანეს ჩემთან პალატაში და დავინახე, სხვანაირად აღვიქვი. სხვათა შორის, ლამაზი ბავშვი არ იყო, მაგრამ თვალები რომ გაახილა, ძალიან ლამაზი ჰქონდა, ცრემლიანი, ძალიან გრძელი წამწამებით. იმ მომენტში, ჩემდაუნებურად წამომივიდა ცრემლები. ეს ძალიან, ძალიან დიდი სიხარულით გამოწვეული ცრემლები იყო.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?
– თითქმის არა. ყოველთვის იმ საქმეს ვემსახურებოდი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ანუ მუსიკას. ბავშვობიდან ვმღერი, შემდეგ მუსიკოსი გავხდი.
ჩემი მეუღლე ყოველთვის კარგ პოსტებზე მუშაობდა, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ისე მოხდა, რომ სამსახური აღარ ჰქონდა. მაშინ მე დამეკისრა პასუხისმგებლობა, ოჯახს უნდა დავხმარებოდი. ისევ ჩემმა პროფესიამ მიშველა. დავიწყე მუშაობა სკოლებში სიმღერისა და მუსიკის მასწავლებლად. მქონდა საბავშვო მუსიკალური სტუდია და იქაც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. არ ყოფილა მომენტი, რამე იძულებით გამეკეთებინა.
– რას უთვლით საკუთარ თავს მცდარ ნაბიჯად?
– ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაღად მომყვება, არ ყოფილა. ბავშვობიდან მოყოლებული, მე ყოველთვის ვეკითხებოდი ჭკუას ოჯახის წევრებს და საყვარელი ადამიანები სწორ გზაზე მაყენებდნენ. ასეთი იყო დედა, რომელიც ბევრ კარგს მასწავლიდა, ჭკუას მარიგებდა და შემდეგ – ჩემი მეუღლე. მათ ყველანაირად ვენდობოდი, ძალიან კარგ რჩევებს მაძლევდნენ. შემდეგ უკვე ჩემი შვილი, ისიც ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– სახალისო შეიძლება, არ არის, მაგრამ რომანტიკული და ცოტა სევდიანი – კი... მე ვმღერი ასეთ სიმღერას, სახელწოდებით – „წვიმს“, რომელიც ჩემმა მეუღლემ, დავით გეგელაშვილმა დამიწერა, როდესაც შეყვარებულები ვიყავით. ამ სიმღერას თავის ისტორია აქვს – პაემანზე უნდა შევხვედროდით, მაგრამ საშინელი წვიმა წამოვიდა. არ ვიცი, დამეზარა თუ თავი დავიფასე, მაგრამ შეხვედრაზე არ წავედი. თურმე, ის იდგა გაჩერებასთან და მელოდა იებით ხელში. სულ მთლიანად დასველებულა, მაგრამ მე არ მივედი. ამ ისტორიამ შვა ეს ულამაზესი სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვასრულებ. ამ ისტორიასაც ვყვები ხოლმე და ბევრსაც მოსწონს. ეს მართლა ჩვენი პაემნის სიმღერაა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– რთული კითხვაა, დაფიქრება სჭირდება. მე ეკლესიაში ვგალობ. ალბათ, ეს ჩემი მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯია და მიხარია, რომ თავის დროზე მგალობელი გავხდი. ძალიან მიყვარს გალობა, ესტრადაზე მეტად. სცენაზე დგომას ეკლესიაში გალობა მირჩევნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, შეიძლება, ითქვას, ეს მიმაჩნია ჩემს გამარჯვებად – საყვარელ საქმეს მივაგენი.
მარცხი თითქმის არ მქონია. ძალიან დაგეგმილად მივყვები ჩემს ცხოვრებას ზომიერების ფარგლებში. არც ზედმეტი მინდა რამე და ვცდილობ, რაც მნიშვნელოვანია, ის არ დააკლდეს ჩემს ცხოვრებას. ძალიან მიყვარს ადამიანები და ვზრუნავ მათზე; ძალიან მიყვარს სიმღერა, გალობა, ბავშვებთან მუშაობა და ამით ვარ დაკავებული. ძალდატანებით არაფერს ვაკეთებ, ეს არის ჩემი გამარჯვება.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და უსიამოვნო, რამაც გული გატკინათ?
– კარგს ძალიან ბევრს ამბობენ ჩემზე და ხანდახან უხერხულობაშიც ვვარდები ხოლმე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, დაბადების დღეზე ისეთი დიდი სიყვარული იფრქვეოდა სოციალურ ქსელში, ისე მეფერებოდნენ, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, ნაცნობმა თუ უცნობმა, რომ მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩემი სტუდიის მოსწავლეებმაც ისეთი ვიდეო ჩამიწერეს, მისი ნახვისას, ემოციებისგან თავისთავად ამეტირა. ზღვა სიყვარული მივიღე.
შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად უვრცელებენ ისეთ ამბებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ზოგჯერ ძალიან უსიამოვნოსაც, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ასეთი რამ არც ჩემზე და არც ჩემს შვილზე არ მსმენია და ეს ძალიან მიხარია.
ბავშვობის წლებს თუ გავიხსენებთ, იყო რაღაც, პატარა წყენები, შური, კონკურენცია, შოუ-ბიზნესს ესეც ახასიათებს. მაშინ დედა მედგა ფარად. კედელი ჰქონდა აღმართული და ნეგატიურ მითქმა-მოთქმას ჩემამდე არ უშვებდა. რომ წამოვიზარდე, ეს ამბები უშუალოდ ჩემს თავზეც ვიწვნიე და გიგიზეც, რადგან ჩემი შვილიც ბავშვობიდან მღერის. ისიც ძალიან პოპულარული ბავშვი იყო, ვარსკვლავური გზა გაიარა და სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ როგორც მე თავის დროზე დედა მედგა ფარად, მეც ასე მყარად დავდექი, ჩემი შვილის წინ მტკიცე კედელი აღვმართე და ისე გავიარეთ ეს პატარ-პატარა წყენები, მას არაფერი გაუგია. მერე კი დროსთან ერთად მივიწყებას მიეცა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





