საზოგადოება

ინა ნაცვლიშვილის უნიკალური ხელწერა საიუველირო დიზაინში და გამორჩეულად დახვეწილი ოქროს სამკაულები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 01:12

ინა ნაცვლიშვილი
დაკოპირებულია

წარმატებული იუველირი ინა ნაცვლიშვილი ოქრომჭედლობით წლების წინ ცხოვრებისეული გარემოებიდან გამომდინარე დაინტერესდა. ეს საქმე იმდენად შეუყვარდა, რომ დღეს მისთვის მთავარი იდეა გამორჩეული, დახვეწილი და უნიკალური ნაკეთობების შექმნაა, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ. თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული პროფესიულ წარმატებაში დაეხმარა და წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას დღეს ის დამწყებებს უზიარებს. იმ ქალებისთვის, ვინც ახლა ცხოვრების არც თუ ისე მარტივ გზას გადიან, ინა ნაცვლიშვილის ისტორია კარგი მაგალითია სტიმულისთვის. ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ ინა წარადგინა ნომინაციაზე – „უნიკალური ხელწერა საიუველირო დიზაინში“.

ინა ნაცვლიშვილი: პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, გარემოებებიდან გამომდინარე, ოქროს ექპსპერტად ვმუშაობდი,ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალბატონი, რომელმაც ოქრომჭედლობის შესწავლა შემომთავაზა. სწორედ მისგან ვისწავლე ეს ხელობა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. უკვე 16 წელია, ამ საქმეში ვარ. ეს გზა მარტივი არ იყო,b მაგრამ როდესაც რაღაცას მთელი გულით მოინდომებ და ამ მიზნისკენ მისაღწევად თამამ და ინტენსიურ ნაბიჯებს გადადგამ, შედეგი აუცილებლად დადგება.როდესაც ამ მიმართულებით ვიწყებდი მუშაობას, მომხმარებლების მხრიდან თავიდანვე იმხელა ინტერესი და მოთხოვნა გაჩნდა, რომ მეც უფრო მეტი სტიმული მომეცა, საბოლოოდ დამემკვიდრებინა თავი ამ მიმართულებით.

– ძირითადად, რა ტიპის ნაკეთობებს ამზადებთ?

– ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ნივთებს, გარდა ჯაჭვებისა, რასაც ქსოვა სჭირდება. თითოეული შეკვეთა ინდივიდუალურია, ერთი და განუმეორებელი, განსაკუთრებით ხელნაკეთი ნივთების შემთხვევაში.

– სამკაულებს, ძირითადად, დამკვეთის იდეით ქმნით?

– არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთები მოდიან და ზუსტად იციან, რისი დამზადება უნდათ, თუმცა უფრო ხშირად იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ნაკეთობას ერთობლივი დიზაინით ვქმნით. ექსკლუზიური შეკვეთის დროს 3D განზომილებაში ვაკეთებ მოდელირებას.

– რა დროს ანდომებთ თითოეული ნივთის დამზადებას?

– შეკვეთის დამზადების დრო დამოკიდებულია ნივთის სირთულეზე. ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ბევრად დიდ დროს ვანდომებ.

– სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების დათვალიერება?

– ინტერნეტსივრცეში აქტიური გვერდი არ მქონდა და პანდემიის დროს შევქმენი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს ვაზიარებდი, ამ გზით ბევრი მპოულობს და ნივთებს ონლაინ მიკვეთავენ.

– მნიშვნელოვანია, რომ კარგმა პროფესიონალმა შეძლოს მოსწავლეებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თქვენ თუ ახერხებთ ამას?

– დიახ, მყავს მოსწავლეები, ვისაც ჩემს ხელობას ვასწავლი. ქალები მეტად არიან დაინტერესებული, თუმცა ჩემს მოსწავლეებს შორის მამაკაცებიც არიან. პირველი მოსწავლე, რომელიც 12 წლის წინ მყავდა, ბიჭია. დღეს ის საკმაოდ კარგი ოქრომჭედელია და ბევრი შეკვეთის დროს ვთანამშრომლობ ხოლმე მასთან. სულ, დაახლოებით, 20 მოსწავლე მყავდა. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუ დაინტერესდები, ბოლომდე გაჰყვები და ამ საქმეს შემოსავლის წყაროდ აქცევ. ონლაინ სწავლების გამოცდილებაც მაქვს, მაგალითად, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ პროფესორ ქალბატონს ვასწავლე დისტანციურად.

– ხშირად ასეთი ხელობა თაობებს გადაეცემათ, თქვენი შვილების შემთხვევაში როგორ მოხდა?

– 23 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა მყავს. ბიჭს სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული და ახლა საერთაშორისო მენეჯმენტს ამთავრებს. გოგონა ჯერ სკოლის მოსწავლეა, ძალიან კარგად ხატავს და დიზაინერობას აპირებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა